1. ვილმსის სიმსივნე
  2. ბავშვთა ასაკის სიმსივნეები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ვილმსის სიმსივნე

ვილმსის სიმსივნე (ნეფრობლასტომა) თირკმლის სიმსივნის განსაკუთრებული სპეციფიკური ფორმაა.

  • ვილმსის სიმსივნის მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგ ბავშვს გენეტიკური დარღვევები შეიძლება ჰქონდეს;

  • ბავშვებს წარმონაქმნი აღენიშნებათ მუცელში, შესაძლოა უჩიოდნენ მუცლის ტკივილს, სხეულის ტემპერატურის მატებას, მადის გაუარესებას, გულისრევასა და ღებინებას;

  • სიმსივნის ბუნებისა და ზომის დასადგენად გამოსახულებითი კვლევები ტარდება;

  • მკურნალობა ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიას და ზოგჯერ სხივურ თერაპიას მოიცავს.

ვილმსის სიმსივნე, ძირითადად, 5 წელზე მცირე ასაკის ბავშვებს შორის ვითარდება, თუმცა, შესაძლებელია შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებში ან იშვიათად, მოზრდილებშიც განვითარდეს. ძალზე იშვიათად, იგი დაბადებამდე წარმოიქმნება და ახალშობილებში იჩენს თავს. შემთხვევათა 4%-ში იგი ორივე თირკმელში ერთდროულად ვითარდება.

მიზეზი უცნობია, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში გენეტიკური დარღვევები შეიძლება მონაწილეობდეს. ვილმსის სიმსივნის განვითარება მოსალოდნელია მრავლობითი თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვებს შორის, მაგალითად, ორივე მხარეზე ფერადი გარსის არარსებობის ან სხეულის ცალი ნახევრის არაპროპორციული, გამოხატული ზრდის დროს. ზემოაღნიშნული ორივე დეფექტი გენეტიკური დარღვევებითაა გამოწვეული. თუმცა, ვილმსის სიმსივნის მქონე ბავშვების უმრავლესობას ამგვარი ამოსაცნობი დეფექტები არ აქვს.

სიმპტომები

ხშირად პირველადი სიმპტომია უმტკივნეულო წარმონაქმნის არსებობა მუცელში. მუცელი ზომაში შეიძლება გადიდდეს, რასაც მშობლები შენიშნავენ, როდესაც ბავშვს უეცრად დიდი ზომის საფენი დასჭირდება. ბავშვს, ასევე, შეიძლება მუცლის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება, მადის გაუარესება, გულისრევა ან ღებინება ჰქონდეს. ბავშვების 15-20%-ს შარდში სისხლი აღენიშნება. ვინაიდან თირკმლები სისხლის წნევის რეგულირებაში მონაწილეობენ, ვილმსის სიმსივნის მქონე ბავშვს სისხლის წნევა მომატებული შეიძლება ჰქონდეს.

სიმსივნე სხეულის სხვა ნაწილებზე, განსაკუთრებით ფილტვებზე, შეიძლება გავრცელდეს. პროცესში ფილტვების ჩართვისას ხველა და სუნთქვის უკმარისობა ვითარდება.

დიაგნოზი

ვილმსის სიმსივნის დიაგნოზი ისმება, როდესაც მშობლები ბავშვის მუცელში წარმონაქმნს შენიშნავენ და ამის გამო ექიმს მიმართავენ, ან წარმონაქმნს ექიმი რუტინული გასინჯვისას აღმოაჩენს. როდესაც ექიმი ვილმსის სიმსივნის არსებობას ეჭვობს, წარმონაქმნის ბუნებისა და ზომის შეფასების მიზნით, ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება.

პროგნოზი

ზოგადად, ვილმსის სიმსივნე განკურნებად სიმსივნედ ითვლება. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად გავრცელებულია სიმსივნური პროცესი, ბავშვების 60-95% გადარჩება. გამოსავალი შედარებით უკეთესია, როდესაც:

  • ბავშვის ასაკი მცირეა;

  • სიმსივნე მცირე ზომისაა;

  • სიმსივნე გავრცელებული არაა.

თუმცა მოზრდილი ბავშვების ან გავრცელებული სიმსივნის დროსაც კი პროგნოზი ძალიან კარგია. არსებობს ვილმსის სიმსივნის ფორმა (რომელზეც შემთხვევათა 5% მოდის), რომელიც მკურნალობისადმი შედარებით რეზისტენტულია. ასეთი სახეობის (დგინდება ქსოვილის ნიმუშის მიკროსკოპული შესწავლით) სიმსივნის მქონე ბავშვებს შედარებით ცუდი პროგნოზი აქვთ.

მკურნალობა

ვილმსის სიმსივნის მკურნალობა დაავადებული თირკმლის ამოკვეთას გულისხმობს. ოპერაციის დროს ტარდება მეორე თირკმლის გამოკვლევაც – ხომ არაა სიმსივნით დაზიანებული. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ექიმები ქიმიოთრაპიას ნიშნავენ, ყველაზე ხშირად – აქტინომიცინ D და ვინკრისტინით. ზოგჯერ სხვა საშუალებებიც გამოიყენება, როგორიცაა დოქსორუბიცინი, ციკლოფოსფამიდი და ეტოპოზიდი. უფრო დიდი ზომის ან გავრცელებული სიმსივნის დროს სხივური თერაპიაც ტარდება.

ზოგჯერ, დასაწყისში სიმსივნის ამოკვეთა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში, ბავშვებს თავიდან ქიმიო და სხივური თერაპია უტარდებათ, რომელიც სიმსივნის ზომას ამცირებს. ქირურგიულ ჩარევას ამის შემდეგ მიმართავენ.