ყურადღების დეფიციტი/ ჰიპერაქტიურობის სინდრომი | მკურნალი.გე
  1. ყურადღების დეფიციტი/ ჰიპერაქტიურობის სინდრომი
  2. სწავლისა და განვითარების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ყურადღების დეფიციტი/ ჰიპერაქტიურობის სინდრომი

ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) დროს ბავშვს ყურადღების კონცენტრირების უნარი არ აქვს ან კონცენტრირდება მხოლოდ ხანმოკლე დროის მონაკვეთში. მას ასაკთან შეუსაბამო იმპულსურობა ახასიათებს. ამასთან ერთად, ზოგიერთი ბავშვი ჰიპერაქტიურიცაა.

  • ADHD თავის ტვინის ფუნქციის დარღვევაა, რომელიც დაბადებისთანავე ან დაბადებიდან მალევე ვლინდება;

  • ასეთ ბავშვებს უჭირთ ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნება და დავალების დასრულება, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს ზედმეტად აქტიური და იმპულსური;

  • ექიმი დიაგნოზის დასასმელად მშობლებსა და მასწავლებლებს ავსებინებს კითხვარს და ბავშვზე დაკვირვებით აგროვებს მონაცემებს;

  • ფსიქოსიმულანტურ წამლებთან ერთად, ხშირად საჭირო ხდება სტრუქტურირებული გარემოს, სკოლაში შედგენილი გეგმისა და ბავშვის აღზრდის მორგებული ტექნიკის გამოყენება.

ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებია იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვია დარღვევებით. დაახლოებითი მონაცემებით, ეს რაოდენობა სკოლის ასაკის ბავშვების 5-15%-ს შეადგენს და ათჯერ უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. ADHD-ის ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშანი ხშირად 4 წლამდე ასაკშიც შეიმჩნევა და 7 წლამდე აუცილებლად გამოვლინდება. თუმცა, სკოლის შუა წლებამდე ის, შესაძლოა, მნიშვნელოვნად არ აისახებოდეს მათ აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურ ქცევაზე. ადრე ADHD-ს მხოლოდ ყურადღების დეფიციტის დარღვევას ეძახდნენ (ADD), თუმცა, ასეთ ბავშვებში ჰიპერაქტიურობის გამოვლენამ, რაც ნამდვილად ყურადღების დეფიციტის გაღრმავების შედეგია, შეცვალა დღევანდელი ტერმინოლოგია.

ADHD შესაძლოა იყოს მემკვიდრული. კვლევებით დგინდება, რომ ეს დარღვევა ნეიროტრანსმიტერების (ნივთიერება, რომელიც ტვინში ნერვულ იმპულსებს გადასცემს) პათოლოგიით არის გამოწვეული. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. ის შესაძლოა გამწვავდეს ან პრობლემად იქცეს გარკვეულ გარემოში, მაგალითად, სახლში ან სკოლაში. პრობლემური გახადა სკოლაში დაწესებულმა შეზღუდვებმა და ორგანიზებული ცხოვრების სტილმა, მაშინ, როდესაც წინა თაობებში სიმპტომები მნიშვნელოვნად არ აისახებოდა ბავშვების ფუნქციონირებაზე, რადგან ასეთი შეზღუდვები გაცილებით ნაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ADHD-ის ზოგიერთი სიმპტომი ჯანმრთელ ბავშვებშიც გვხვდება, ADHD-ის მქონე ბავშვებში სიმპტომები უფრო ხშირი და მძიმეა.

ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ ADHD შესაძლოა საკვები დანამატებისა და შაქრის მოხმარებით იყოს გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ბავშვი ჰიპერაქტიური და იმპულსური ხდება შაქრის შემცველი საკვების მიღების შემდეგ, კვლევებმა დაადასტურა, რომ ADHD დაბადებისთანავე ვლინდება და საკვები და გარემო ფაქტორები ამ დარღვევას არ განაპირობებს.

სიმპტომები

ADHD უპირველესად ყურადღების დაფიქსირების, კონცენტრირებისა და საკითხის გადაწყვეტის (საკითხის ბოლომდე შესრულების უნარი) პრობლემაა. ასეთი ბავშვები შეიძლება ჰიპერაქტიურები და იმპულსურებიც იყვნენ. ბევრი სკოლამდელი ასაკის ბავშვი აღგზნებულია, აქვს კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა, ცუდად იქცევა. ისინი არიან უყურადღებოები, მოუსვენრად იქცევიან და ცქმუტავენ. შეიძლება იყვნენ იმპულსურები და არ აცლიდნენ სხვას საუბარს. გვიანი ბავშვობის პერიოდში ასეთი ბავშვები გაუჩერებლად ამოძრავებენ ფეხებს, მოუსვენრად იქნევენ ხელებს, იმპულსურად ლაპარაკობენ, ადვილად ავიწყდებათ და შეიძლება იყვნენ არაორგანიზებულები. ისინი, როგორც წესი, აგრესიულები არ არიან.

ADHD-ის მქონე ბავშვების 20-დან 60%-ს სწავლის უნარის შეფერხება და დაახლოებით 80%-ს აკადემიური მოსწრების პრობლემა აქვს. ისინი სამუშაოს ასრულებენ უწესრიგოდ, დაუკვირვებელი შეცდომებით, ფიქრის გარეშე. ასეთი ბავშვები თითქოს თავიანთი ფიქრებით სხვაგან არიან და არ გისმენენ. ხშირად ისინი თხოვნას, სკოლის სამუშაოს, დავალებას და სხვა საქმეებს არ ასრულებენ, ასევე ხშირად გადაერთვებიან ერთი დაუსრულებელი საქმიდან მეორეზე.

მოზრდილობის ასაკში ასეთი ბავშვების 40%-ს თვითშეფასების, დეპრესიის, აღგზნებადობისა და ავტორიტეტებთან დაპირისპირების პრობლემები აქვს. პატარა ბავშვების დაახლოებით 60%-ს აქვს უეცარი განრისხებისგან თავის შეკავების პრობლემა, უფრო გვიან ასაკში კი პრობლემა იმედგაცრუების დაბალი ამტანობაა.

დიაგნოზი

დიაგნოზი ემყარება სიმპტომების რაოდენობას, სიხშირესა და სიმძიმეს. სიმპტომები სულ მცირე ორ სხვადასხვა გარემოში უნდა ვლინდებოდეს (როგორც წესი, სკოლასა და სახლში) – სიმპტომების არსებობა მხოლოდ სახლში ან მხოლოდ სკოლაში და სხვაგან არსად, არ ადასტურებს ADHD-ის დიაგნოზს. ამასთანავე, სიმპტომები უფრო მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული, ვიდრე ეს შეეფერება ბავშვის განვითარების დონეს. დიაგნოზის დასმა ხშირად რთულია, რადგან ეს დამკვირვებლის შეფასებაზეა დამოკიდებული. ასევე, უპირატესად უყურადღებო ბავშვები ყურადღების მიღმა რჩებათ მანამდე, ვიდრე ეს უარყოფითად არ აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე.

ADHD-ის დიაგნოსტიკური ლაბორატორიული ტესტი არ არსებობს. ექიმებს და ფსიქოლოგებს დიაგნოზის დასმაში ბავშვის ქცევის სხვადასხვა ასპექტის ამსახველი კითხვარი ეხმარება. ვინაიდან სწავლის უნარის შეზღუდვა ხშირია, ბევრი ბავშვი საჭიროებს ფსიქოლოგიურ ტესტირებას, რათა გაირკვეს, არის თუ არა ADHD და, ასევე, დადგინდეს სპეციფიკური სწავლის უნარის დარღვევები.

პროგნოზი და მკურნალობა

ასაკის მატებასთან ერთად, ADHD-ის მქონე ბავშვებში უყურადღებობა, როგორც წესი, რჩება, ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვები კი ნაკლებად იმპულსური და ჰიპერაქტიური ხდებიან. თუმცა, მოზრდილობაში და ზრდასრულ ასაკში მათი უმეტესობა ადაპტირდება უყურადღებობასთან. სხვა პრობლემები, რაც მოზარდობასა და მოზრდილობაში იჩენს თავს ან პერსისტირებს, არის სუსტი აკადემიური მიღწევები, დეზორგანიზაცია (ცნობილია, როგორც ცუდი აღმასრულებელი უნარები), დაბალი თვითშეფასება, აღგზნებადობა, დეპრესია და ადეკვატური სოციალური ქცევის დასწავლის უნარის შეზღუდვა. მნიშვნელოვანია, რომ ADHD-ის მქონე ბავშვების უმრავლესობა პროდუქტიული ზრდასრული ხდება. ADHD-ის მქონე პირები უკეთ ეგუებიან სამუშაოს, ვიდრე სკოლის სიტუაციას. იმ შემთხვევაში, თუ დაავადება არ იქნა ბავშვობაში ნამკურნალები, ასეთ პირებში შეიძლება გაიზარდოს ალკოჰოლისა და წამლის მოხმარების ან სუიციდის რისკი.

ADHD-ის ეფექტების მინიმუმამდე შესამცირებლად ხშირად აუცილებელია განსაკუთრებული სტრუქტურების, პროცედურების, სკოლაში საგანმანათლებლო გეგმისა და შეცვლილი აღმზრდელობითი ტექნიკის გამოყენება. ზოგიერთი ისეთი ბავშვისთვის, რომელიც არ არის აგრესიული და შინ სტაბილური და ხელშემწყობი გარემო აქვს, შესაძლებელია მხოლოდ წამლით მკურნალობა იყოს საკმარისი. წამლით მკურნალობასთან კომბინაციაში ზოგჯერ იყენებენ ქცევით თერაპიას, რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგის მიერ იმართება. ყველაზე ეფექტიანია ფსიქოსტიმულანტური წამლებით მკურნალობა.

ფსიქოსტიმულანტებიდან ყველაზე ხშირად იხმარება მეთილფენიდატი და სხვა ამფეტამინის მსგავსი წამლები. ისინი თანაბრად ეფექტიანია და მსგავსი გვერდითი მოვლენები აქვს. ჩვეულებრივ ფორმებთან ერთად ხელმისაწვდომია, ასევე, რამდენიმე პრეპარატი, რომელიც ორგანიზმიდან ნელა გამოიყოფა (ხანგრძლივი მოქმედების) და მათი მიღება შესაძლებელია ერთხელ დღეში. გვერდითი ეფექტებია:

  • ძილის დარღვევები (როგორიც არის უძილობა)

  • მადის დაქვეითება

  • დეპრესია ან უხასიათობა

  • თავის ტკივილი

  • მუცლის ტკივილი

  • სისხლის მაღალი წნევა

ბავშვების უმეტესობას, მადის დაქვეითების გარდა, სხვა გვერდითი ეფექტები არ აქვს. წამლის მიღების შეწყვეტისას ყველა გვერდითი ეფექტი ქრება. მაღალი დოზით სტიმულანტების ხანგრძლივად მიღებამ ზოგჯერ შეიძლება ბავშვის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს, ამიტომ ექიმების მიერ სიმაღლისა და წონის მონიტორინგი აუცილებელია.

არსებობს სხვა წამლებიც, რომელთა გამოყენებაც გონებაგაფანტულობისა და ქცევითი სიმპტომების დროს შეიძლება. ასეთი წამლებია კლონიდინი, ანტიდეპრესანტები და ანქსიოლიზური საშუალებები. ხანდახან ამ წამლების კომბინაცია გამოიყენება.