ბიპოლარული დარღვევები | მკურნალი.გე
  1. ბიპოლარული დარღვევები
  2. ფსიქიკური სფეროს დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ბიპოლარული დარღვევები

ბიპოლარული დარღვევის (ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც მანიაკალური დეპრესია) დროს, გამოხატული ეიფორიისა და აღგზნების ეპიზოდებს (მანია) ცვლის დეპრესიისა და უიმედობის ეპიზოდები. აღნიშნულ ეპიზოდებს შორის ხასიათი შესაძლოა ნორმალური იყოს.

  • ბავშვები სწრაფად იცვლებიან აღგზნებული, ბედნიერი და აქტიური მდგომარეობიდან დეპრესიულ, იზოლირებულ ან შენელებულ, გაშმაგებულ ან მრისხანე მდგომარეობამდე;

  • ექიმები დიაგნოზს სიმპტომებისა და ფსიქიატრიული ტესტების შედეგების მიხედვით სვამენ;

  • პატარა ბავშვებს შორის ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი ძალზედ საკამათოა;

  • ეფექტიანია ხასიათის მასტაბილიზებელი საშუალებები – მანიის, ხოლო ანტიდეპრესანტები – დეპრესიის სამკურნალოდ, ასევე, ფსიქოთერაპია.

ბავშვებს, ჩვეულებრივად, ხშირად აქვთ ხასიათის ცვალებადობა, ბედნიერი და აქტიური მდგომარეობიდან – უხალისობასა და ჩაკეტილობამდე. ამგვარი მერყეობა იშვიათად მიუთითებს ფსიქიკური დაავადების არსებობაზე. ბიპოლარული აშლილობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ზემოხსნებული ხასიათობრივი ცვლილებები, და

იგი გაცილებით დიდხანს, ხშირად კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. ბიპოლარული აშლილობა იშვიათია ბავშვებს შორის, თუმცა უფრო ხშირია, ვიდრე ძველად ითვლებოდა. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, პატარა ბავშვებს (4-11 წლის ასაკის), რომელთაც დღის განმავლობაში ხასიათის ინტენსიური ცვალებადობა აღენიშნებათ, ბიპოლარული დარღვევის სახესხვაობა შეიძლება ჰქონდეთ. აღნიშნული მოსაზრება საკამათოა და ჯერჯერობით კვლევის საგანია. ბიპოლარული დარღვევები, ტიპურ შემთხვევაში, მოზარდობის ან ადრეული ბავშვობის პერიოდიდან იწყება. ბავშვთა ბიპოლარული აშლილობა მოზრდილების ბიპოლარული დარღვევების მსგავსია.

მიზეზი უცნობია, თუმცა ბიპოლარული აშლილობისადმი მიდრეკილება გენეტიკურად შეიძლება იყოს განპირობებული. შესაძლოა, პროცესში თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური დარღვევებიც მონაწილეობდეს. აშლილობა შესაძლოა განვითარდეს სტრესული ცხოვრებისეული შემთხვევის შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, ინცესტი, თუმცა, თვითონ შემთხვევა, თავისთავად, დაავადების გამომწვევი არაა. დაავადების მქონე ბავშვებში ამგვარმა შემთხვევამ შეიძლება დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს. იშვიათად, ბიპოლარული დარღვევების მსგავს სიმპტომებს იწვევს მასტიმულირებელი მოქმედების საშუალებები, როგორიცაა ამფეტამინები, რომლებიც ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის (ADHD) სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება. მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს, ასევე, ზოგიერთმა დაავადებამ, როგორებიცაა ADHD და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია.

სიმპტომები

ძირითადი სიმპტომებია გამოხატული ეიფორიისა და აღგზნების ეპიზოდები (მანია). ზოგჯერ თან ახლავს დეპრესიის ეპიზოდებიც. მანია გამოხატული ეიფორიის, აღგზნების, აჩქარებული აზროვნების, გაღიზიანებისა და განდიდების (რომლის დროსაც ბავშვს აქვს შეგრძნება, რომ აქვს რაიმე ტალანტი ან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა) მდგომარეობაა. მანიის ეპიზოდის დროს ძილი დარღვეულია და ბავშვი შესაძლოა აგრესიული იყოს. სკოლაში აკადემიური მოსწრება ხშირად დაბალია.

ბიპოლარული აშლილობის დეპრესიის ეპიზოდის შემთხვევაში ისეთივე გამოვლინებებია, როგორიც ჩვეულებრივი დეპრესიის დროს, გამოხატულია უკიდურესი მოწყენა და ინტერესების შეზღუდვა ჩვეული აქტივობებისადმი. აზროვნება და მოძრაობა შენელებულია, სძინავთ ჩვეულებრივზე დიდხანს. უკიდურესადაა გამოხატული უიმედობისა და დანაშაულის განცდა.

ბიპოლარული აშლილობის ეპიზოდებს შორის ბავშვი ნორმალურადაა, ADHD მქონე ბავშვებისაგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად მომატებული აქტივობის მდგომარეობაში იმყოფებიან.

დიაგნოზი

ექიმები დიაგნოზს ბავშვის ან მშობლის მიერ ეპიზოდების აღწერის მიხედვით სვამენ. ვინაიდან მსგავსი სიმპტომები ADHD ახასიათებს, მნიშვნელოვანია ამ ორ მდგომარეობას შორის დიფერენცირება. ექიმი იკვლევს, ხომ არ იღებს ბავშვი რაიმე სამკურნალო საშუალებას, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს სიმპტომების გამოვლინებას. ექიმი ასევე აფასებს სხვა დაავადებების ნიშნების არსებობასაც, რომელთაც შეიძლება ხელი შეუწყონ ან გამოიწვიონ დაავადების სიმპტომები. მაგალითად, ტარდება ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი ფუნქციის გამოსავლენად.

მკურნალობა

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა ტარდება ხასიათის მასტაბილიზებელი საშუალებებით, როგორიცაა ლითიუმი და ზოგიერთი ანტიკონვულსანტი, მაგალითად, კარბამაზეპინი და ვალპროატი. შემთხვევათა უმრავლესობაში, ასევე, გამოიყენება ანტიფსიქოზური საშუალებები.

დაავადებასა და მის შედეგებთან გამკლავებაში, როგორც ბავშვს, ასევე ოჯახის წევრებს, ეხმარება ინდივიდუალური და ოჯახური ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპია ეფექტიანია იმ მოზარდებს შორისაც, რომლებიც მედიკამენტურ რეჟიმს ცუდად იცავენ.