ფსიქიკური სფეროს დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ფსიქიკური სფეროს დაავადებები
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
ფსიქიკური სფეროს დაავადებები

ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში ხშირად ვითარდება ფსიქიკური სფეროს რამდენიმე ისეთი საყურადღებო დაავადება, როგორებიცაა დეპრესია და კვების ქცევითი დარღვევები.

მცირედი გამონაკლისების გარდა, ფსიქიკური სფეროს დაავადებების სიმპტომები იმ შეგრძნებების მსგავსია, რომელთაც ყველა ბავშვი განიცდის. ეს არის: მწუხარება, გაბრაზება, ეჭვიანობა, მღელვარება, იზოლირება, მარტოობა. ნორმალურ და პათოლოგიურ შეგრძნებებს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად გამოხატულია ისინი, ახდენს თუ არა გავლენას ცხოვრებისეულ აქტივობებზე ან იწვევს თუ არა ბავშვის ტანჯვას. ამიტომ ექიმმა, გადაწყვეტილების მიღებამდე, კარგად უნდა გააანალიზოს, სად მთავრდება ზღვარი ნორმალურ ფიქრებსა და ემოციებს შორის და იწყება დაავადება.

ზოგიერთი დაავადება, ვლინდება, ძირითადად, ქცევითი დარღვევების სახით, რომლებიც ირგვლივ მყოფების – მასწავლებლების, თანატოლებისა და ოჯახის წევრების შეშფოთებას იწვევს. აღნიშნულ დაავადებებს იმპულსური ქცევითი დარღვევები ეწოდება და მოიცავს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს (ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმა), ქცევით აშლილობასა და ოპოზიციურ-გამომწვევ ქცევით აშლილობებს.

ბავშვებს შორის ზოგიერთი დაავადება გავლენას ახდენს როგორც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ზოგად განვითარებაზე. აღნიშნული სახის დაავადებებს აუტისტური სპექტრის მოშლილობანი ეწოდება. მათ შორისაა აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი, განვითარების ზოგადი დარღვევა, რომელიც სხვაგვარად არაა დაზუსტებული, რეტის სინდრომი და ბავშვთა ასაკის დეზინტეგრაციული აშლილობა. განვითარების ზოგადი დარღვევები მსგავსი დაავადებების ჯგუფია, რომელთაგან ყველა მოიცავს სოციალური ურთიერთობების დარღვევების კომბინაციას, ინტერესების სფეროს შევიწროებას, მეტყველებისა და ზოგჯერ ინტელექტუალურ დარღვევებს.