შფოთვითი აშლილობა ხასიათდება შფოთვით და შიშით, რომელიც არღვევს ნორმალური ფუნქციონირების უნარს და შეუსაბამობაშია გარემოებებთან.
გარკვეულწილად შფოთვის შეგრძნება ყველა ბავშვს შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, 3 და 4 წლის ასაკის ბავშვებს ხშირად ეშინიათ სიბნელის ან მონსტრების. მოზრდილ ბავშვებს ან მოზარდებს შფოთვა ხშირად აღენიშნებათ თანაკლასელების წინაშე გაკვეთილის მოყოლისას. ამგვარი შიშები და შფოთვა დაავადებაზე არ მიუთითებს. თუმცა, თუ ბავშვი იმდენად შფოთავს, რომ ეს გავლენას ახდენს მის ყოველდღიურ აქტივობებზე ან ძალზე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, მას შფოთვითი აშლილობა შეიძლება ჰქონდეს. ბავშვობაში 10-15%-ს აღენიშნება შფოთვითი აშლილობა.
შფოთვისადმი მიდრეკილება შესაძლებელია მემკვიდრეობით გადაეცეს. შფოთვითი აშლილობის მქონე მშობლებს შესაძლებელია შფოთვითი აშლილობის მქონე შვილები ჰყავდეთ.
შფოთვითი აშლილობა მოიცავს მწვავე სტრესულ აშლილობას, გენერალიზებულ შფოთვას, ობსესიურ-კომპულსურ, პანიკურ, პოსტტრავმულ სტრესულ და განშორების შფოთვით აშლილობას, სოციოფობიას და აგორაფობიას. მწვავე სტრესული აშლილობა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მსგავსია. მისგან განსხვავებით, სიმპტომები ტრავმული შემთხვევიდან 1 თვეზე ნაკლები დროის შემდეგ ვლინდება. აგორაფობია ისეთ ადგილზე მოხვედრის შიშია, საიდანაც თავის დაღწევა ადვილი არაა – იგი ხშირად თან ახლავს პანიკურ აშლილობას ან მისი შედეგია.
შფოთვითი აშლილობის მქონე მრავალი ბავშვი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე. შესაძლოა ჰქონდეთ პაროქსიზმული შფოთვა, სოციოფობია, პანიკური აშლილობა ან მათი კომბინაცია.
ზოგი ბავშვი სპეციფიკურად საუბრობს საკუთარი შფოთვის თაობაზე. მაგალითად, შეიძლება ამბობდნენ: "მეშინია, რომ ვეღარასდროს გნახავ" (განშორების შფოთვა) ან "მეშინია, რომ ბავშვები დამცინებენ" (სოციოფობია). თუმცა, ბავშვების უმრავლესობა აღნიშნავს ფიზიკურ სიმპტომებს, როგორიცაა კუჭის ტკივილი. ბავშვები ხშირად სიმართლეს ამბობენ, რადგან შფოთვა ხშირად იწვევს ბავშვებს შორის კუჭის გაღიზიანებას, გულისრევას და თავის ტკივილს.
შფოთვითი აშლილობის მქონე მრავალ ბავშვს შფოთვა მოზარდობის პერიოდშიც აღენიშნება. თუმცა, დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში, ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ აკონტროლონ შფოთვის სიმპტომები.
ექიმები დაავადების დიაგნოზს ბავშვის ან მშობლების მიერ მოყოლილი ტიპური სიმპტომების მიხედვით სვამენ. თუმცა, ექიმი ზოგჯერ შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს შფოთვითი აშლილობით გამოწვეულმა ფიზიკურმა სიმპტომებმა და დაიგეგმოს კვლევები ფიზიკური დაავადებების გამოსავლენად.
თუ შფოთვა მსუბუქადაა გამოხატული, სავსებით საკმარისია მხოლოდ ქცევითი თერაპია. თერაპევტი ბავშვს ისეთ გარემოში ამყოფებს, რომელიც შფოთვის პროვოცირებას იწვევს, და ეხმარება ბავშვს, დარჩეს აღნიშნულ გარემოში. ამგვარად, ბავშვი თანდათან ეჩვევა მდგომარეობას და ნაკლებად შფოთავს. საჭიროების მიხედვით, ხშირად ეფექტიანია ბავშვთან ერთად მშობლებს შორის შფოთვის მკურნალობა.
მძიმედ გამოხატული შფოთვითი აშლილობის დროს, შესაძლებელია საჭირო გახდეს მედიკამენტების დანიშვნა. პირველი რიგის მედიკამენტია ფლუოქსეტინი – ანტიდეპრესანტი, რომელიც სელექციური სეროტონინის უკუტაცების ინჰიბიტორების (სსუი) ჯგუფს მიეკუთვნება.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა მოიცავს გადაჭარბებულ, მუდმივ ნევროზულობას, შფოთვას და შიშს მრავალი აქტივობისა და შემთხვევისადმი.
ბავშვებში შფოთვა ზოგადია და მრავალ ფაქტსა და აქტივობას მოიცავს. სტრესი აძლიერებს შფოთვას. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ყურადღების კონცენტრირებასთან დაკავშირებული სირთულეები და შესაძლოა ჰიპერაქტიური და მოუსვენრები იყვნენ. ასევე, შესაძლებელია ცუდად ეძინოთ, ჰქონდეთ ჭარბად გამოხატული ოფლიანობა, დაღლილობა და აღნიშნავდნენ ფიზიკური სიმპტომების არსებობას, როგორიცაა კუჭის, კუნთებისა და თავის ტკივილი.
დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება: გადაჭარბებული წუხილი, რომელიც რაიმე კონკრეტულთან არაა დაკავშირებული და მრავალ აქტივობასა და სიტუაციას მოიცავს. დიაგნოზი ისმება, როდესაც სიმპტომები 6 თვეზე მეტხანს ხანგრძლივდება.
თუ შფოთვა მსუბუქადაა გამოხატული, საკმარისია რელაქსაციური ვარჯიშები ან სხვა სახის კონსულტირება.
თუ შფოთვა მძიმეა ან კონსულტირება საკმარისი არაა, შესაძლებელია საჭირო გახდეს წამლები, რომლებიც შფოთვას შეამცირებენ. ჩვეულებრივ, ესაა სეროტონინის უკუტაცების ინჰიბიტორები ან ზოგჯერ ბუსპირონი.
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ხასიათდება განმეორებადი, უნებლიე, აკვიატებული იდეებით, წარმოდგენებითა (ობსესია) და რაიმე ქმედების დაუოკებელი სურვილით (კომპულსია). ობსესია და კომპულსია მნიშვნელოვან წუხილს იწვევს და გავლენას ახდენს სკოლაში სწავლასა და ურთიერთობებზე.
ცნობილი არაა, რა იწვევს ობსესიურ-კომპულსურ აშლილობას (ოკა). თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მნიშვნელობა ჰქონდეს სტრეპტოკოკური ინფექციის არსებობას. ასეთ შემთხვევაში აშლილობას სტრეპტოკოკთან ასოცირებული პედიატრიული ავტოიმუნური ნეიროფსიქიატრიული აშლილობა ეწოდება (PANDAS).
ტიპურ შემთხვევაში სიმპტომები თანდათან ვითარდება. დასაწყისში ბავშვები მალავენ სიმპტომებს.
ბავშვს ხშირად აკვიატებული აქვს შფოთვა და შიში, რომ შესაძლოა რაიმე ზიანი მიადგეს. მაგალითად, აიკვიატებს, რომ მომაკვდინებელი დაავადება ან ტრავმა დაემართება მას ან სხვებს და წუხილისა და შიშის გასანეიტრალებლად რაიმე ქმედების განხორციელების დაუოკებელი სურვილი უჩნდება. მაგალითად, შესაძლებელია შემდეგი ქმედებების გამეორება:
ზოგჯერ კომპულსიასა და ობსესიას ლოგიკური კავშირი აქვთ, მაგალითად, ბავშვი შეიძლება ხელებს იბანდეს დაავადებების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ზოგჯერ მათ შორის არანაირი ლოგიკური კავშირი არაა. მაგალითად, ბავშვი შეიძლება კვლავ და კვლავ ითვლიდეს 50-მდე, იმისათვის, რომ ბაბუას გულის შეტევა არ დაემართოს. თუ წინააღმდეგობას უწევენ კომპულსიებს ან ხელს უშლიან ქმედებების განხორციელებაში, ეს ბავშვის ძალზე გაღიზიანებასა ან შეშფოთებას იწვევს.
ზოგი ბავშვი ხვდება, რომ ობსესია და კომპულსია ნორმალური არაა, რცხვენია ამის და ცდილობს დამალოს. შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადებას ქრონიკული ხასიათი აქვს.
დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება.
თუ ხელმისაწვდომია და ბავშვი მოტივირებულია, სავსებით საკმარისი შეიძლება იყოს ქცევითი თერაპია. საჭიროების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ეფექტიანია ქცევითი თერაპიისა და სსუი-ის (სეროტონინის სელექციური უკუტაცების ინჰიბიტორები) კომბინაცია, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს ნორმალურად იცხოვროს. მკურნალობის გაგრძელება განუსაზღვრელი დროითაა საჭირო. ბავშვების მცირე ნაწილს შორის მკურნალობა უშედეგოა.
სტრეპტოკოკური ინფექციის თანაარსებობის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები.
პანიკური აშლილობა ხასიათდება პანიკური შეტევებით, რომელთა სიხშირე კვირაში, სულ მცირე, ერთია. პანიკური შეტევა ინტენსიური შფოთვის ხანმოკლე (5-დან 20 წუთამდე) ეპიზოდია, რომელსაც, ჩვეულებრივ, თან ახლავს ფიზიკური სიმპტომები, როგორებიცააა გულის ცემის აჩქარება, ოფლიანობა, ტკივილი გულმკერდში და გულისრევა.
პანიკური აშლილობა გაცილებით ხშირია მოზარდებს შორის, ვიდრე უფრო მცირე ასაკის ბავშვებში. ზოგჯერ ბავშვებს, მცირე ასაკში, განშორებასთან დაკავშირებული ან გენერალიზებული შფოთვა აქვთ, ხოლო სქესობრივი მომწიფების პერიოდის მიღწევისას პანიკური აშლილობა უვითარდებათ.
პანიკური შეტევა შეიძლება ნებისმიერი შფოთვითი აშლილობის დროს განვითარდეს, როგორც დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება. მაგალითად, განშორების შფოთვითი აშლილობის დროს, პანიკური შეტევა შეიძლება მშობლებთან განშორების დროს განვითარდეს. ბავშვებს, რომელთაც აგორაფობია (ღია სივრცის შიში) აქვთ, შესაძლებელია პანიკური შეტევა სავსე აუდიტორიაში ყოფნისას განუვითარდეთ. პანიკური შეტევის მქონე მრავალ ბავშვს აგორაფობიაც აქვს. ფიზიკურმა დაავადებებმა, მაგალითად, ასთმამ, შესაძლებელია პანიკური შეტევის პროვოცირება გამოიწვიოს.
შეტევის დროს ბავშვები გამოხატულ შფოთვას გრძნობენ, რომელიც ფიზიკურ სიმპტომებსაც იწვევს. ბავშვს პროფუზული ოფლიანობა და ჰაერის უკმარისობა აქვს. შესაძლებელია გულმკერდში ტკივილი ან თავბრუ, გულისრევა ან დაბუჟება განვითარდეს. ბავშვს შეგრძნება აქვს, თითქოს კვდება ან ჭკუიდან გადადის. შეიძლება საგნები არარეალურად ეჩვენებოდეს. ბავშვი შეწუხებულიასხვა შეტევის მოლოდინით. პანიკური შეტევა და მასთან ასოცირებული შიშები გავლენას ახდენს ურთიერთობებსა და სასკოლო აკადემიურ მოსწრებაზე.
პანიკური აშლილობის დროს, პანიკური შეტევა, ჩვეულებრივ, თავისთავად, სპეციფიკური მაპროვოცირებელი ფაქტორის გარეშე ვითარდება. თუმცა, დროთა განმავლობაში, ბავშვები თავს არიდებენ ისეთ სიტუაციას, რომელიც შეტევის დაწყებასთან ასოცირდება. ასეთ ქცევას აგორაფობიამდე მიჰყავს ბავშვი და იგი იძულებულია თავი აარიდოს სკოლაში წასვლას, სავაჭრო ცენტრებში სიარულს ან სხვა აქტივობებს.
პანიკური აშლილობა ხშირად უარესდება ან გაივლის რაიმე გამოკვეთილი მიზეზის გარეშე. სიმპტომები შესაძლოა თავისთავად გაქრეს და რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ იჩინოს თავი. ზოგჯერ, პანიკური შეტევის მქონე მოზარდმა შეიძლება შეწყვიტოს სკოლაში სიარული, გამოეყოს სოციუმს, გახდეს კარჩაკეტილი და სუიციდისადმი მიდრეკილება განუვითარდეს.
ექიმი, ჩვეულებრივ, ფიზიკურ გასინჯვას ატარებს, იკვლევს ფიზიკურ დაავადებებს, რომლებიც სიმპტომების გამომწვევი შეიძლება იყოს. ექიმი, ასევე, განიხილავს სხვა შფოთვითი აშლილობის არსებობას, რომელმაც, ასევე, შეიძლება პანიკური შეტევა გამოიწვიოს.
ჩვეულებრივ, ეფექტიანია მედიკამენტური და ქცევითი თერაპიის კომბინაცია. ბავშვებს შორის მედიკამენტები, ჩვეულებრივ, საჭიროა ქცევითი თერაპიის დაწყებამდე, პანიკური შეტევების სამართავად. ყველაზე მეტად შედეგიანია ბენზოდიაზეპინები, თუმცა ხშირად უპირატესობა სსუი-ებს ენიჭება, რადგან ბენზოდიაზეპინები ძილიანობას (სედაციას) იწვევს და შესაძლებელია გავლენა იქონიოს დასწავლასა და მეხსიერებაზე. ქცევითი თერაპია განსაკუთრებით სასარგებლოა აგორაფობიის სიმპტომების დროს. თუმცა, მედიკამენტები იშვიათადაა ეფექტიანი აგორაფობიის დროს, რადგან,შეტევების კონტროლის მიღწევიდან დიდი ხნის შემდეგაც კი, კვლავ უგრძელდებათ ბავშვებს პანიკური შეტევის განვითარებისშიში.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ხასიათდება ტრავმული მოვლენის მუდმივად განმეორებადი განცდით, შემაწუხებელი მოგონებებით, ემოციური სიჩლუნგით, მომატებული დაძაბულობითა და აღგზნებით (მომატებული სიფხიზლე).
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) შეიძლება განვითარდეს, როდესაც ბავშვი ისეთი ძალადობრივი ქმედების შემსწრე ან მსხვერპლი ხდება, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. შემთხვევის დროს, ტიპურია ინტენსიური შიშის ან უმწეობის განცდა. აღნიშნული შემთხვევა მოიცავს ძალადობრივ ქმედებას, როგორიცაა ძალადობა ბავშვზე, სროლები სკოლაში, ავტოსაგზაო შემთხვევა, ძაღლის თავდასხმა, ხანძარი, ომი, ბუნებრივი კატასტროფები (როგორიცაა ქარიშხალი, ტორნადო ან მიწისძვრები) და სიკვდილი. ბავშვებს შორის ყველაზე ხშირი მიზეზია საყოფაცხოვრებო ძალადობა. თუმცა, სტრესული აშლილობა ტრავმული შემთხვევის გადატანის შემდეგ ყველა ბავშვს როდი უვითარდება.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს სიმპტომები შესაძლოა თვეების ან წლების შემდეგ განვითარდეს და თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. თუ სიმპტომები სტრესული შემთხვევიდან ერთი თვის განმავლობაში ვლინდება და თვეზე მეტხანს გრძელდება, მას მწვავე სტრესული აშლილობა ეწოდება. მწვავე სტრესული აშლილობის მქონე ბავშვები თავს, ჩვეულებრივ, უფრო უკეთ გრძნობენ, ვიდრე პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს, თუმცა, დროულად დაწყებული მკურნალობა საკმაოდ ეფექტიანია.
ბავშვებს მუდმივად აქვთ შფოთვის შეგრძნება. ვერ ახერხებენ სტრესული შემთხვევის დავიწყებას. შესაძლებელია განმეორებით გაუჩნდეთ ტრავმული შემთხვევის განცდა როგორც სიფხიზლის (მოგონებები), ასევე ძილის (ღამის კოშმარები) დროს. მოგონებები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ისეთ ფაქტთან, რომელიც ტრავმულ შემთხვევასთან ასოცირდება. მაგალითად, ძაღლის დანახვა შესაძლებელია მაპროვოცირებელი იყოს ბავშვისათვის, რომელსაც წარსულში თავს დაესხა ძაღლი. მოგონებების დროს ბავშვი შეშინებულია და ვერ ცნობს გარშემო მყოფებს. შესაძლებელია, სასოწარკვეთილების გამო სცადოს დამალვა ან გაქცევა და იქცეოდეს ისე, თითქოს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა. ნაკლებად დრამატულად ბავშვმა შეიძლება განიცადოს შემთხვევა მასზე ფიქრის, წარმოსახვის ან გახსენების დროს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი სტრესის გამომწვევია. ხშირია ემოციური სიჩლუნგე. ბავშვმა შესაძლოა დაკარგოსინტერესი ჩვეული აქტივობებისადმი, ცდილობდეს იზოლაციას და ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შიში აწუხებდეს. შესაძლოა, გრძნობდეს უკიდურეს დაძაბულობას (ეწოდება მომატებული სიფხიზლე), რაც მას ნევროტულს ხდის და შეუძლებელია მოდუნება, ასევე, გაძნელებულია ჩაძინების პროცესი.
ბავშვს შესაძლებელია ჰქონდეს დანაშაულის შეგრძნება, მაგალითად, როდესაც იგი გადარჩა და სხვები – ვერა, ან რადგან ვერ შეძლო შემთხვევის შეჩერება.
დიაგნოზი ემყარება წარსულში მომხდარ შემაძრწუნებელ მოვლენას, რომლის შემდეგაც დამახასიათებელი სიმპტომები განვითარდა.
შესაძლებელია შედეგიანი იყოს მხარდამჭერი ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპევტი არწმუნებს ბავშვს, რომ მისი საპასუხო რეაქცია საფუძვლიანია და ეხმარება, რომ შეძლოს მოგონებებთან გამკლავება (ექსპოზიციური თერაპიის სახეობა). ქცევითი თერაპიის გამოყენება ბავშვებში შეიძლება იმ სიტუაციისადმი მგრძნობელობის შესამცირებლად (სისტემური დესენსიტიზაციისათვის), რომელიც შემთხვევის თავიდან განცდის პროვოცირებას იწვევს.
ცალკეული სიმპტომების შემსუბუქებისათვის ეფექტიანია სსუი-ები (ანტიდეპრესანტების სახეობა).
განშორების შფოთვითი აშლილობა მოიცავს მუდმივ, ინტენსიურ შფოთვას სახლიდან წასვლასა ან იმ პირთან განშორების გამო, რომელთანაც ბავშვი მჭიდრო ემოციურ კავშირშია. ჩვეულებრივ, ესაა დედა.
განშორებასთან დაკავშირებული შფოთვა, გარკვეული ხარისხით ნორმალურია და თითქმის ყველა ბავშვს აღენიშნება, განსაკუთრებით მცირე ასაკში. ბავშვებს შფოთვის შეგრძნება უჩნდებათ მიჯაჭვულობის ობიექტთან განშორების დროს. ეს პირი, როგორ წესი, დედაა, თუმცა შეიძლება იყოს სხვა მშობელი ან მომვლელი. შფოთვა ჩვეულებრივ წყდება, როდესაც ბავშვი იგებს, რომ მშობელი (ან სხვა პირი) კვლავ დაბრუნდება. განშორების შფოთვითი აშლილობის დროს, შფოთვა მნიშვნელოვნად ინტენსიურია და სცილდება ბავშვის ასაკისა და განვითარების დონის შესაბამის ქცევას. განშორების შფოთვითი აშლილობა ხშირია მცირე ასაკის ბავშვებში და იშვიათია სქესობრივი მომწიფების შემდეგ.
დაავადების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს საყოფაცხოვრებო სტრესმა, როგორიცაა ნათესავის, მეგობრის, ცხოველის გარდაცვალება, ან საცხოვრებელი ადგილის ან სკოლის შეცვლამ. ასევე, შესაძლებელია შფოთვისადმი მიდრეკილების გენეტიკური წინასწარგანწყობა.
ბავშვები მნიშვნელოვან სტრესს განიცდიან სახლთან ან ფსიქოლოგიურად მჭიდრო კავშირში მყოფ ადამიანთან განშორებისას. დრამატული სცენები, ძირითადად, დამშვიდობების დროს ვლინდება. დამშვიდობება მტკივნეულია, როგორც მშობლის, ასევე, ბავშვისთვის. ბავშვები ხშირად ტირიან და სასოწარკვეთილნი ხდებიან, რაც ახანგრძლივებს დამშვიდობების სცენას და კიდევ უფრო აძნელებს განშორებას. თუ შფოთვა მშობელსაც აღენიშნება, ბავშვი კიდევ უფრო მეტად მშფოთვარე ხდება და ერთგვარი მანკიერი წრე ყალიბდება.
მშობელთან განშორების შემდეგ, ბავშვები მისი დაბრუნების მუდმივ მოლოდინში არიან. ხშირად, უნდათ იცოდნენ, თუ სადაა მშობელი და ზოგჯერ შიში იპყრობთ, რომ რაიმე სახიფათო შეიძლება შეემთხვეთ მათ ან მათ მშობლებს.
ასეთი ბავშვებისათვის არაკომფორტულია სადმე გამგზავრება და შესაძლოა, უარს ამბობდნენ სკოლაში ან ბანაკში წასვლაზე, მეგობართან სტუმრობასა ან მასთან დარჩენაზე. ზოგ ბავშვს ოთახში მარტო დარჩენა არ შეუძლია და მშობელს ეკვრის ან დაჰყვება სახლის გარეთ.
ხშირია დაძინებასთან დაკავშირებული სირთულეები. განშორების შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვი შესაძლოა ითხოვდეს, რომ მშობელი ან მომვლელი მასთან ერთად დარჩეს ოთახში დაძინებამდე. ბავშვის შიშის მიზეზი შესაძლოა ღამის კოშმარები იყოს, მაგალითად, როგორიცაა ხანძრით სახლის დანგრევა ან სხვა კატასტროფა. ბავშვებს ხშირად ფიზიკური სიმპტომებიც აღენიშნებათ.
ბავშვები ჩვეულებრივად იქცევიან, როდესაც მშობელი მათთანაა. ამიტომ, პრობლემა უფრო ნაკლებად მძიმე შეიძლება ჩანდეს, ვიდრე იგი რეალურადაა. რაც უფრო დიდხანს გრძელდება დაავადება, მით უფრო მძიმეა იგი.
ექიმები დიაგნოზს ბავშვის ქცევის აღწერილობისა და ზოგჯერ დამშვიდობების სცენაზე დაკვირვების მიხედვით სვამენ. აშლილობის დიაგნოზი მხოლოდ მაშინ ისმება, თუ სიმპტომები სულ მცირე თვის განმავლობაში გრძელდება, იწვევს მნიშვნელოვან სტრესს და ხელს უშლის ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას.
გამოიყენება ქცევითი თერაპია. იგი მოიცავს პაციენტისა და მომვლელისთვის სწავლებას, რომ დამშვიდობების სცენა რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს და ბავშვის მიერ გამოთქმულ პროტესტს მტკიცედ შეხვდნენ. ასევე სასარგებლოა ინდივიდუალური და ოჯახური ფსიქოთერაპია.
უპირველესი მიზანია, ბავშვი შეძლებისდაგვარად მალე დაუბრუნდეს სკოლას. ზოგჯერ საჭიროა ექიმების, მშობლებისა და სკოლის პერსონალის გუნდური მუშაობა.
როდესაც აშლილობა მძიმეა, შესაძლოა შედეგიანი იყოს მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს შფოთვას, მაგალითად, სსუი.
ბავშვებს რეციდივი ხშირად აღენიშნებათ არდადაგების ან სკოლის გაცდენის შემდეგ. ამიტომ მშობლებს ურჩევენ, რეგულარულად დაგეგმონ განშორება ამ პერიოდში, რაც ბავშვს დაეხმარება, შეეჩვიოს მათ გარეშე ყოფნას.
სოციოფობია (სოციალური შფოთვითი აშლილობა) გულისხმობს სხვადასხვა სოციალური აქტივობის დროს შერცხვენის, დაცინვის ობიექტად ყოფნის ან შეურაცხყოფის მიყენების მუდმივ შიშს.
ზოგჯერ სოციოფობია საჩოთირო შემთხვევის შედეგად ვითარდება.
აშლილობა პირველად შეინიშნება, როდესაც ბავშვი ან მოზარდი უარს აცხადებს სკოლაში წასვლაზე. მიზეზად კი ხშირად ფიზიკურ სიმპტომებს ასახელებს, როგორიცაა კუჭის ან თავის ტკივილი.
ბავშვები ხშირად შეშინებული არიან, რომ შერცხვებიან თანატოლების წინაშე არასწორი პასუხის გაცემით, რაიმეს არასათანადოდ თქმით ან თუნდაც ღებინებით. როდესაც შიში გადაჭარბებულია, ბავშვმა შესაძლოა უარი თქვას ტელეფონზე საუბარზე ან დატოვოს სახლი.
დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება.
ყველაზე ხშირად ქცევითი თერაპია გამოიყენება. ბავშვს არ უნდა მიეცეს უფლება, გააცდინოს სკოლა. სკოლის გაცდენა მას კიდევ უფრო მეტად უკარგავს იქ დაბრუნების სურვილს.
თუ ქცევითი თერაპია უშედეგოა ან ბავშვი არ იღებს მასში მონაწილეობას, შესაძლებელია შედეგიანი აღმოჩნდეს მედიკამენტები, რომლებიც შფოთვას ამცირებს. ასეთია სეროტონინის სელექციური უკუტაცების ინჰიბიტორები. წამლებმა შეიძლება შეამციროს შფოთვა და ბავშვმა შეძლოს ქცევით თერაპიაში მონაწილეობის მიიღება.