ტიკები სწრაფი, განმეორებადი, უნებლიე, მიზანს მოკლებული მოძრაობებია.
ოთხიდან ერთ ბავშვს, ბავშვობის პერიოდში, რომელიმე სახის ტიკი შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე თვით. ასეთი ტიკები უფრო ხშირად ვლინდება ვაჟებს შორის, ვიდრე გოგონებში. ყველაზე ხშირია განმეორებადი ხველის ან ყელის ჩაწმენდის, თვალების ხამხამის ან გრიმასის, მხრების აჩეჩვის, ტუჩების წკლაპუნის და ხელების სხვადასხვა ჟესტიკულაციის ტიკები.სტრესი და გადაღლა აუარესებს ტიკებს. ტიკები, ჩვეულებრივ, მხოლოდ ბავშვის სიფხიზლის პერიოდში აღინიშნება. შესაძლებელია მათი ნებაყოფლობითი კონტროლი, თუმცა – ხანმოკლე დროით.
ტიკები ზოგჯერ ვითარდება სხვა აშლილობებთან ერთად, როგორიცაა ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, ან – ზოგიერთი ინფექციის ან მედიკამენტის, განსაკუთრებით,ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის სამკურნალო საშუალებების, მეთილფენიდატის ან ამფეტამინი, მიღების შემდეგ.
საბოლოოდ, ტიკების უმრავლესობა მკურნალობის გარეშე გაივლის. თუმცა, ბავშვების 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში, იგი ხანგრძლივად რჩება. თუ ტიკები დიდი ხნით გრძელდება და პრობლემებს იწვევს (მაგალითად, დაბნეულობა), შესაძლოა ტიკური აშლილობის დიაგნოზი დაისვას. თუ ტიკები ხმოვანია (მაგ., ყელის ჩაწმენდა), ხმოვანი ტიკური აშლილობის დიაგნოზი ისმება. თუ ტიკები მოძრაობასთანაა დაკავშირებული (როგორიცაა თვალების ხამხამი) – მას მოტორული ტიკური აშლილობა ეწოდება. თუ ბავშვს ვოკალური და მოტორული ტიკების კომბინაცია აქვს, შეიძლება ტურეტის სინდრომის დიაგნოზი დაისვას.
შემთხვევათა უმრავლესობაში მკურნალობა არ ინიშნება, საჭიროა მხოლოდ დამშვიდება. თუ ტიკები ხანგრძლივად რჩება და შემაწუხებელია, შესაძლებელია მედიკამენტების გამოყენება (როგორიცაა ჰალოპერიდოლი ან რისპერიდონი), რომლებიც ძალზე შედეგიანად მართავს ტიკებს.