ახალშობილთა ავადობა და სიკვდილიანობა | მკურნალი.გე
  1. ახალშობილთა ავადობა და სიკვდილიანობა
  2. სოციალური საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ახალშობილთა ავადობა და სიკვდილიანობა

დღენაკლული ან ჯანმრთელობის პრობლემებით დაბადებული ახალშობილები, სამედიცინო ჩვენებით, ხშირად საჭიროებენ დროებით იზოლირებას მშობლებისგან. მიუხედავად ამისა, ექიმს შეუძლია მისცეს ნება მშობლებს, ხანმოკლე დროით მოინახულონ და ხელშიც დაიჭირონ ახალშობილი. არის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში მკაცრად შეზღუდულია ასეთი ბავშვებისა და მშობლების კონტაქტი. საყურადღეობოა, რომ მშობლები იმყოფებიან ძლიერი ემოციური სტრესის ქვეშ ბავშვის მდგომარეობის გამო. ბავშვთან განცალკევება და ნახვის შეუძლებლობა ამძაფრებს მშობლებში თვითდანაშაულისა და არაადეკვატური მეთვალყურეობის შეგრძნებებს, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის ხანგრძლივად იმყოფება კლინიკაში. მშობლებისთვის აუცილებელია ნახონ, შეეხონ და იკონტაქტონ ახალშობილთან, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.

მიუხედავად ახალშობილის მძიმე ავადმყოფობისა, მშობლებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ სამედიცინო პერსონალს ბავშვის კვებისას, დაბანისას ან გამოცვლისას. შესაძლებელია ძუძუთი კვება. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ახალშობილი შესაძლოა იკვებებოდეს მილით, მაინც რეკომენდებულია დედის რძის მიწოდება. ბევრი ნეონატალური პალატა აღჭურვილია და ეხმარება მშობელს, შეინახოს და აჭამოს ბავშვს დედის რძე.

მშობლებს, რომელთა ახალშობილებიც იბადებიან თანდაყოლილი დეფექტებით, ხშირად უვითარდებათ მძიმე მწუხარების, შფოთვის, სიბრაზისა და ზოგჯერ ძლიერი შიშის შეგრძნებები. გარკვეულ შემთხვევებში ამ შეგრძნებების არსებობისას კიდევ უფრო უმძაფრდებათ თვითდანაშაულის გრძნობა, რომ მათ ჰყავთ ასეთი ბავშვი. ახალშობილთან ხშირად ყოფნა და შეხება ეხმარება მშობელს დაივიწყოს არსებული დეფექტი და დაინახოს ბავშვი, როგორც ერთი მთლიანი პიროვნება. ასეთი მიდგომები ამძაფრებს მშობლისა და ახლაშობილის სიყვარულს და შეჩვევას. ინფორმირება ბავშვის დაავადების შესახებ, მკურნალობის შესაძლებლობებისა და პროგნოზის გაცნობა ეხმარება მშობელს, ფსიქოლოგიურად შეეგუოს არსებულ პრობლემას და დაგეგმოს ბავშვისთვის საუკეთესო სამედიცინო მომსახურება.

ახალშობილის სიკვდილი ყოველთვის მძიმე ემოციური ტრავმაა მშობლებისთვის. საყურადღებოა, რომ თუ ახალშობილი გარდაიცვალა ისე, რომ მშობელს არ მიეცა მისი ნახვის ან მასთან შეხების საშუალება, ისინი ემოციურად შედარებით ნაკლებ განცდებში არიან და აქვთ შეგრძნება, თითქოს არც ჰყოლიათ შვილი. გარდაცვლილი ახალშობილის ნახვა და მასთან შეხება კი ამძიმებს ემოციურ სტრესს და ხელს უწყობს მშობლების დეპრესიისა და ჩაკეტილობის დაწყებას. არის შემთხვევები, როცა მშობლები შვებას პოულობენ გარდაცვლილი ბავშვის ჩაცმით ან სურათების გადაღებით. ამ ქმედებით ახალშობილს უფრო მეტად აძლევენ ადამიანის სახეს და ამყარებენ შეგრძნებას, რომ ის იყო მათი ოჯახის ნაწილი. სიცარიელემ, იმედის დაკარგვამ, დარდმა და შიშმა შესაძლოა ძლიერი ემოციური ზეგავლენა მოახდინოს მშობლებზე და გახდნენ დეპრესიული. ეწყებათ თვითდადანაშაულებისა და საკუთარი თავის მიმართ აგრესიის შეგრძნება, მაშინაც კი, როცა ბავშვის სიკვდილში მათი ბრალეულობა არ არსებობს. მწუხარებამ და დანაშაულის შეგრძნებამ შესაძლოა დაძაბოს წყვილს შორის ურთიერთობა. ძლიერი დარდისას მშობლებს არ შესწევთ უნარი, მოუარონ ოჯახის სხვა წევრებს, მაგ., დანარჩენ შვილებს ან მოხუცებს.

ისეთი წყვილისთვის, რომელსაც გარდაეცვალა ბავშვი ან მძიმედ ავად ჰყავთ, კარგია ფსიქოლოგთან ვიზიტი ან საეკლესიო პირთან საუბარი. ასევე მნიშვნელოვანია წყვილისთვის მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების, ახლობლების ჯგუფის მხარდაჭერა.