შვილად აყვანა | მკურნალი.გე
  1. შვილად აყვანა
  2. სოციალური საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
შვილად აყვანა

შვილად აყვანა კანონიერი პროცესია, რომელიც გულისხმობს არსებულ ოჯახში ახალი წევრის/შვილის დამატებას. განსხვავებით მინდობით აღზრდისგან, შვილად აყვანა უზრუნველყოფს ხანგრძლივ მზრუნველობას და მისი მიზანია ბავშვისა და ახალი ოჯახის წევრების სამუდამო, უსაფრთხო თანაცხოვრება.

გაშვილების ძირითადი კანდიდატები არიან უდედმამოდ დარჩენილი ბავშვები. ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილად აყვანა შესაძლებელია, როდესაც მშობლები თავისი ნებით უარს ამბობენ ბავშვზე ან ბავშვი თავისუფლდება მშობლების მეურვეობისგან სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც სხვაგვარად მშობლის უფლების ჩამორთმევით არის ცნობილი. ასევე, შესაძლებელია საერთაშორისო გაშვილება (ბავშვების გაშვილება სხვა ქვეყანაში, მაგ., რომელიმე ქვეყნის ბავშვთა სახლიდან).

შვილად აყვანის პროცესის ტიპიდან გამომდინარე, შვილის ყოლის მსურველ მშობლებს ეს პროცედურა, შესაძლოა რამდენიმე ათეული ათასი დოლარი დაუჯდეთ. აქ იგულისხმება იურიდიული წარმომადგენლის – ადვოკატის მომსახურება, როცა მიმღებ ოჯახს არ შეუძლია დამოუკიდებლად საქმის წარმოება.

არის შემთხვევები, როდესაც შვილად აყვანის პროცესის დროს მიმღებ მშობლებს აქვთ ურთიერთობა ბავშვის ბიოლოგიურ მშობელთან. მაგალითად, მამინაცვალს შეუძლია იშვილოს მეუღლის ბიოლოგიური შვილი (გერი) ან ბებიას და ბაბუას შეუძლიათ იშვილონ მათივე ბიოლოგიური შვილიშვილი. სხვა შემთხვევებში მშობლების შვილად აყვანამდე კომუნიკაცია შესაძლოა მოხდეს მასმედიის საშუალებებით.

გარკვეულ შემთხვევებში ბიოლოგიურმა მშობლებმა შესაძლოა კეთილგანწყობით მოიპოვონ ბავშვის მონახულების შესაძლებლობა. პოზიტიურმა ურთიერთობამ ბიოლოგიურ და მიმღებ მშობლებს შორის, მოსალოდნელია გაუქარწყლოს მიმღებ დედ-მამას ბავშვის წართმევის შიში. ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნება პირველ რიგში სასარგებლოა ბავშვისთვის. პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათი მოგვარება უმჯობესია ექსპერტებთან (ფსიქოლოგები და იურისტები) გასაუბრების გზით, მანამ, სანამ მიიღება შვილად აყვანის გადაწყვეტილება.

ნაშვილები ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც იზრდებოდნენ მინდობით ოჯახებში ან სხვა ქვეყნის ბავშვთა სახლებში, ადვილად ეგუებიან ახალ ოჯახს და არ ქმნიან ბევრ პრობლემას. ამასთანავე, ასაკის შესაბამისად, მათ გარკვეულ ნაწილს შესაძლოა, ჰქონდეს არასასურველობის შეგრძნება, რადგან მასზე უარი თქვეს ბიოლოგიურმა მშობლებმა. მოზარდობისა და თინეიჯერობის ასაკში მაღალია ნაშვილები ბავშვის ინტერესი ბიოლოგიური მშობლების მიმართ, მიუხედავად იმისა, საუბრობს თუ არა ის ამ თემაზე. ასეთ შემთხვევაში ბავშვების გარკვეული ნაწილი იწყებს ბიოლოგიური მშობლების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ან თავად ეძებს მათ, ასევე, გამშვილებელი მშობლები იწყებენ უკვე გაზრდილი ბიოლოგიური შვილების ძებნას.

შვილად აყვანის დამალვა მოგვიანებით, შესაძლოა, მოზარდისთვის სერიოზული ტკივილის მიზეზი გახდეს. ბავშვები ამ ფაქტს ყველაზე უკეთესად ეგუებიან, როდესაც მათ ინფორმაციას აწვდიან 7 წლის ასაკში ან ცოტა ადრე. თუ ბავშვი სვამს კითხვებს მისი ბიოლოგიური მშობლების თაობაზე, სასურველია გაეცეს პასუხი მანუგეშებელი და მშვიდი ტონით. მაგალითად, თუ არასათანადოდ ეპყრობოდნენ ან მიატოვეს, სასურველია, მიმღებმა მშობლებმა მოუძებნონ ახსნა ამ საქციელს (ბავშვს განემარტოს, რომ ის შვილად აიყვანეს, რადგან მის ბიოლოგიურ ოჯახს ჰქონდა პრობლემები, მშობლები ავადობდნენ და ა. შ., არ შეეძლოთ ბავშვის აღზრდა). ზოგჯერ ბავშვს განუმარტავენ, რომ მის ბიოლოგიურ მშობლებს არ ჰქონდათ მასზე ზრუნვის შესაძლებლობა და, რადგან ძალიან უყვარდათ, გადაწყვიტეს სასიამოვნო გარემოში მისი გაზრდა, რაც მიმღებ ოჯახში ბავშვის მოხვედრის მიზეზი გახდა. ბავშვებს სჭირდებათ დარწმუნება, რომ ისინი მშობლებს ძალიან უყვართ, იზრუნებენ მათზე და ეყვარებათ სიცოცხლის ბოლომდე. თუ ბავშვს აქვს კონტაქტი ბიოლოგიურ მშობლებთან, მას განუმარტავენ, რომ არსებობს ორი ოჯახი, რომელიც ზრუნავს მასზე და უყვარს იგი.

თუ ბიოლოგიური მშობლები ითხოვენ ანონიმურობას, საკამათოა, რამდენად სასარგებლოა ბავშვმა დაიწყოს მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ზაგიერთ ქვეყანაში არსებობს სპეციალური ინტერნეტგვერდები, სადაც ბიოლოგიურ მშობლებსა და შვილებს სურვილისამებრ შეჰყავთ საკუთარი მონაცემები და ხდება მათი იდენტიფიცირება. კომუნიკაციის დაწყება დაუშვებელია, თუ ორივე მხარე თანახმა არ არის.