ცვლილებები ორგანიზმში | მკურნალი.გე
  1. ცვლილებები ორგანიზმში
  2. ორგანიზმის დაბერება
  3. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
ცვლილებები ორგანიზმში

ორგანიზმი ასაკის მატებასთან იცვლება, როგორც ცალკე უჯრედების ასევე მთელი ორგანოების დონეზე. ეს გამოწვეულია ცვლილებებით მათ ფუნქციონირებაში, აგებულებასა და შესახედაობაში.

უჯრედების დაბერება: უჯრედების დაბერებასთან ერთად მათი ფუნქციონირებაც ქვეითდება. საბოლოოდ, კი უჯრედი აუცილებლად კვდება, რაც ნორმალური პროცესია ორგანიზმში.

დაბერებული უჯრედები ზოგჯერ იმიტომ კვდებიან, რომ ასე არიან დაპროგრამებულნი. მათ გენებში კოდირებულია სპეციალური პროცესი, რომელიც გააქტიურების შემთხვევაში უჯრედის სიკვდილს იწვევს. პროგრამირებულ სიკვდილს აპოპტოზი ეწოდება და იგი უჯრედთა თვითმკვლელობასაც კი შეიძლება შევადაროთ. აპოპტოზის ერთ-ერთი ჩამრთავი სიგნალი დაბერებაა. "მოხუცი" უჯრედები უნდა დაიღუპონ, რათა ადგილი გაუთავისუფლონ ახლებს. სხვა სიგნალებიდან აღსანიშნავია უჯრედების სიჭარბე და სავარაუდოდ მათი დაზიანებაც.

დაბერებული უჯრედები იმის გამოც კვდებიან, რომ მათი შესაძლო გაყოფის რაოდენობა შეზღუდულია, რაც ასევე გენებითაა განსაზღვრული. თუკი უჯრედს გაყოფა აღარ შეუძლია, იგი ზომაში იზრდება, რაღაც დროის განმავლობაში ცოცხლობს და შემდეგ იღუპება. შესაძლო გაყოფის რიცხვს სპეციალური სტრუქტურები, ტელომერები ზღუდავს. ისინი გამოიყენება უჯრედის გენეტიკური მასალის გადასატანად გაყოფისთვის მომზადების პროცესში. ყოველი ახალი გაყოფის შედეგად ტელომერები სიგრძეში მოკლდება. საბოლოოდ ისინი იმდენად პატარავდება, რომ უჯრედი გაყოფის უნარს კარგავს.

ზოგჯერ უჯრედის დაზიანება პირდაპირ იწვევს მის სიკვდილს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მავნე ნივთიერებები, გამოსხივება, მზის სხივები და ქიმიოთერაპიული საშუალებები. უჯრედებს აზიანებს მათი ნორმალური ნივთიერებათა ცვლის ზოგი შუალედური პროდუქტიც, ე.წ. თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ენერგიის წარმოქმნის პროცესში გამოიყოფა.

ორგანოების დაბერება: ორგანოების სათანადო მუშაობა მათში უჯრედების ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული, რაც, თავის მხრივ, ქვეითდება დაბერებასთან ერთად. ამასთანავე, ზოგ ორგანოში უჯრედები კვდება და ახლით არ ჩანაცვლდება, შესაბამისად, მათი რიცხვი თანდათან მცირდება. უჯრედთა რაოდენობა სათესლე ჯირკვლებში, საკვერცხეებში, ღვიძლსა და თირკმლებში მკვეთრად იკლებს ორგანიზმის დაბერებასთან ერთად. როცა მათი რიცხვი ძალიან პატარაა, ორგანოს სათანადოდ მუშაობა აღარ შეუძლია. შესაბამისად, ორგანოთა უმრავლესობის ფუნქციონირება უარესდება ასაკის მატებასთან ერთად. თუმცაღა, ყველა მათგანი არ კარგავს დიდი რაოდენობით უჯრედებს. ერთ-ერთი გამონაკლისი თავის ტვინია, რომლის უჯრედთა რიცხვი მკვეთრად არ მცირდება ჯანმრთელ მოხუცებში. ეს დანაკარგი მნიშვნელოვნად დიდია ინსულტის გადატანის შემდეგ, ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადების დროს.

ერთი ორგანოს ფუნქციონირების დაქვეითებამ, იქნება ეს დაავადების თუ თავად დაბერების ბრალი, შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვების მუშაობაზეც. მაგალითად, თუკი ათეროსკლეროზის გამო თირკმლების სისხლძარღვები შევიწროვდა, ამ ორგანოთა ფუნქციონირება ირღვევა, რადგან მათ ნაკლები სისხლი მიეწოდება.

ხშირად დაბერების პირველი ნიშნები ძვალკუნთოვან სისტემას მოიცავს. ადრეულად, შუახნის ასაკიდანვე ვითარდება ცვლილებები თვალებში და შემდეგ ყურებში. ორგანიზმის შინაგანი პროცესების უმრავლესობაც ქვეითდება ასაკის მატებასთან ერთად. მათი დიდი ნაწილი უმაღლეს დონეს 30 წლის ასაკამდე აღწევს და შემდეგ იწყება თანდათანობითი, მაგრამ უწყვეტი დაქვეითება. თუმცა, მიუხედავად ამისა, პროცესების უმრავლესობა მაინც სათანადოდ სრულდება, რადგან მრავალ ორგანოს თავიდანვე ბევრად უფრო დიდი ფუნქციური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება (ე.წ. ფუნქციური რეზერვი). მაგალითად, თუკი ღვიძლის ნახევარი დაკარგა ადამიანმა, დარჩენილი ქსოვილი საკმარისზე მეტია ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, მოხუცებში მოშლილი ფუნქციების მიზეზი ძირითადად დაავადებებია, და არა თავად ასაკის მატება.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესების უმრავლესობა მაინც სათანადოდ სრულდება, ორგანოთა ფუნქციონირების დაქვეითება ნიშნავს იმას, რომ დაბერებულ ორგანიზმს ნაკლებად შეუძლია სხვადასხვა სტრესულ მდგომარეობასთან გამკლავება, მათ შორის მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან, გარემოს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებთან და დაავადებებთან. ფუნქციონირების დაქვეითების შედეგი ისიცაა, რომ მოხუცებში უფრო დიდია წამლების გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

ძვლები და სახსრები

ასაკის მატებასთან ერთად ძვლების სიმკვრივე მცირდება. შესაბამისად, ისინი სუსტდება და უფრო ადვილად ტყდება. ქალებში ეს პროცესი ჩქარდება მენოპაუზის შემდეგ, რადგანაც მათ სხეულში ნაკლები ესტროგენი გამომუშავდება. ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მოიცავს ძვლების ჩამოყალიბებას, დაშლასა და ხელახლა ფორმირებას. ესტროგენი იმისთვისაა საჭირო, რომ ძვლოვანი ქსოვილი ჭარბად არ დაიშალოს.

ძვლების სიმკვრივე მცირდება ნაწილობრივ იმიტომაც, რომ მათში იკლებს სიმაგრის მიმნიჭებელი ნივთიერების, კალციუმის შემცველობა. ამ ელემენტის რაოდენობა მცირდება, რადგან ორგანიზმი ნაკლებ კალციუმს შეიწოვს საკვებიდან. ასევე, ცოტათი იკლებს ვიტამინის დონეც, რაც კალციუმის გამოყენებისთვისაა საჭირო. ზოგიერთი ძვალი უფრო მეტად სუსტდება, ვიდრე სხვები. ყველაზე უფრო ეს ცვლილებები ეხება ბარძაყის ძვლის ყელს, წინამხრის ძვლების (მცირე და დიდი ძვლების) მაჯასთან მდებარე ნაწილს და ხერხემლის ძვლებს (მალებს).

ხერხემლის ზედა მალების დასუსტება თავის წინ გადახრასა და ხახაზე ზეწოლას იწვევს. შედეგად, ყლაპვა ძნელდება და საკვების გადაცდენა ადვილდება. მალების სიმკვრივე მცირდება, მათ შორის მდებარე ქსოვილი (მალთაშუა დისკები) კი კარგავს წყალს და თხელდება, რაც ამოკლებს ხერხემალს. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად მრავალი მოხუცი ადამიანის სიმაღლეც მცირდება.

ხრტილი, რომელიც სახსრებს ფარავს, ასევე თხელდება, ნაწილობრივ წლების მანძილზე ცვეთის გამო. შესაბამისად, ძვლების სასახსრე ზედაპირები ისე ადვილად აღარ მოძრაობს ერთმანეთზე, როგორც ადრე და სახსრის ტრავმის რისკიც მცირედ იმატებს. სახსრების მთელი ცხოვრების მანძილზე დატვირთვის ან განმეორებითი ტრავმების გამო ხრტილის დაზიანება ხშირად ოსტეოართრიტს იწვევს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა უფროს ასაკში.

იოგები, რომლებიც სახსრებს ამაგრებს და მყესები, რომელთა ფუნქციაც კუნთების ძვლებთან დაკავშირებაა, ელასტიკურობას კარგავს, რის გამოც მოძრაობა იზღუდება, სახსრები თითქოს გაშეშებული ხდება. ძვლების გარდა იოგები და მყესებიც სუსტდება. შესაბამისად, ადამიანთა უმრავლესობაში მოქნილობა მცირდება. იოგები ბევრად უფრო ადვილად ზიანდება და შემდეგ მათი შეხორცებაც უფრო ნელა მიმდინარეობს. ეს ცვლილებები იმიტომ ხდება, რომ მყესებისა და იოგების აღმდგენი უჯრედების აქტიურობა ქვეითდება.

კუნთები და ცხიმოვანი ქსოვილი

კუნთოვანი ქსოვილის რაოდენობა (კუნთოვანი მასა) და ძალა ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ამ პროცესს სარკოპენია ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით ხორცის დაკარგვას ნიშნავს. კუნთოვანი ქსოვილის შემცირება დაახლოებით 30 წლის ასაკიდან იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. 75 წლისთვის კუნთების მასა, პროცენტულად, როგორც წესი, იმის ნახევარია, რაც ახალგაზრდობაში იყო. მისი შემცირების მიზეზი სავარაუდოდ ნაკლები დატვირთვაა, რაც კუნთების განლევას უწყობს ხელს. ასევე იკლებს ზრდის ჰორმონისა და ტესტოსტერონის რაოდენობაც, რომლებიც კუნთების განვითარებას ასტიმულირებენ. აღსანიშნავია, რომ სწრაფად კუმშვადი კუნთოვანი ბოჭკოები უფრო მეტად იკარგება, ვიდრე ნელა კუმშვადი, რის გამოც კუნთების სწრაფი შეკუმშვის უნარიც იკარგება.

მოხუცების უმრავლესობა მაინც ინარჩუნებს კუნთოვან მასასა და ძალას იმდენად, რომ შეძლოს ყველა საჭირო საქმიანობის შესრულება. მრავალი მათგანი კარგ სპორტსმენადაც კი რჩება, მონაწილეობებს იღებს შეჯიბრებებში და მძიმე ფიზიკური დატვირთვის ატანაც თავისუფლად შეუძლია. თუმცა, ყველაზე კარგ ფორმაში მყოფებიც კი ამჩნევენ ასაკის მატებასთან ერთად ფუნქციების დაქვეითებას.

რეგულარული, კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშით შესაძლებელია ნაწილობრივ ანაზღაურდეს ან მნიშვნელოვნად შენელდეს მათი მასისა და ძალის შემცირება. ასეთი სახის სავარჯიშოების შესრულებისას კუნთები სიმძიმის ძალის, წონის ან სპეციალური რეზინების საწინააღმდეგოდ იკუმშება (მაგ., წამოჯდომები ან აწევები). ასეთი ვარჯიშით კუნთოვანი მასა და ძალა შეიძლება იმ ადამიანებშიც კი გაიზარდოს, რომელთაც მანამდე არასოდეს უვარჯიშიათ. ამის საპირისპიროდ, უმოძრაობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააჩქაროს კუნთების განლევა, რაც ბევრად უფრო სწრაფია მოხუცებში, ვიდრე ახალგაზრდებში. მაგალითად, მკაცრი წოლითი რეჟიმის გამო, თითოეული დღის განმავლობაში დაკარგული კუნთოვანი მასის აღსადგენად ხანში შესულ ადამიანებს შესაძლოა 2 კვირამდე ვარჯიშიც კი დასჭირდეთ.

75 წლის ასაკისთვის სხეულის ცხიმოვანი ქსოვილი პროცენტულად ორჯერ მეტია ახალგაზრდობაში არსებულთან შედარებით. ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბემ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების რისკი გაზარდოს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტისა. ცხიმის გადანაწილებაც იცვლება, რაც ტანის ფორმას ცვლის. ჯანსაღი საკვები და რეგულარული ვარჯიში ეხმარება მოხუცებს, თავიდან აირიდონ ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე.

თვალები

ასაკის მატებასთან ერთად შემდეგი ცვლილებები ვითარდება:

  • ბროლი მყარდება, რაც აძნელებს ახლოს მდებარე საგნებზე ფოკუსირებას;

  • ბროლი შეიმღვრევა, რაც აქვეითებს მხედველობას ცუდი განათების პირობებში;

  • გუგა უფრო ნელა პასუხობს სინათლის ცვლილებას;

  • ბროლი მოყვითალო ხდება, რაც ცვლის ფერების აღქმას;

  • ნერვული უჯრედების რაოდენობა მცირდება, რაც აქვეითებს სიღრმის აღქმას;

  • თვალში ნაკლები რაოდენობით სითხე წარმოიქმნება, რაც სიმშრალის შეგრძნებას იწვევს.

მხედველობის ცვლილებები ხშირად დაბერების ის პირველი ნიშანია, რომელსაც უკვე ვეღარ უარვყოფთ.

თვალის ბროლის ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს შემდეგ დარღვევებს:

  • შორსმხედველობა: 40 წლის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობა ამჩნევს, რომ 60 სანტიმეტრზე ახლოს მდებარე საგნების კარგად დანახვა უჭირს. მხედველობის ასეთ ცვლილებას პრესბიოპია ეწოდება და იმიტომ ვითარდება, რომ თვალის ბროლი მყარდება. ნორმაში იგი საგნებზე ფოკუსირებისას ფორმას იცვლის. უფრო მყარი ბროლის შემთხვევაში კი ფორმის ცვლილებაცა და ახლოს მდებარე ობიექტებზე ფოკუსირებაც რთულდება. შესაბამისად, პრესბიოპიის მქონე თითქმის ყველა ადამიანს საკითხავი სათვალის ტარება უწევს. დაშორებული საგნების დასანახად სათვალის საჭიროების შემთხვევაში ბიფოკალური ან სხვადასხვა ფოკუსის მქონე სათვალეები გამოიყენება.

  • უფრო კაშკაშა სინათლის საჭიროება: ასაკის კიდევ უფრო მატებასთან ერთად ცუდი განათების პირობებში ხედვაც ძნელდება, რადგან ბროლის გამჭვირვალობა ქვეითდება. შემღვრეულ ბროლში უფრო ნაკლები სინათლე აღწევს და შესაბამისად, უფრო ნაკლები სხივი ეცემა თვალის ფსკერზე არსებულ ბადურას. ამასთანავე, ქვეითდება ბადურას მგრძნობელობა, რომელიც შეიცავს სინათლის შემგრძნები უჯრედების შრეს. შესაბამისად, კარგად დასანახად უფრო მკვეთრი განათება ხდება საჭირო. 60 წლის ადამიანს საკითხავად საშუალოდ სამჯერ უფრო მეტი სინათლე ესაჭიროება, ვიდრე 20 წლისას.

  • ფერების აღქმის ცვლილება: ფერები განსხვავებულად აღიქმება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბროლი მოყვითალო ხდება. ფერთა სიხასხასე იკლებს და მათ შორის განსხვავების დანახვა უფრო ძნელია. ცისფერი უფრო ნაცრისფრად ჩანს და ლურჯი ნაბეჭდი ან ფონი გაცრეცილივით შეიძლება გამოიყურებოდეს. ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს ცვლილებები უმნიშვნელოა. თუმცაღა, მოხუცებს შესაძლოა გაუჭირდეთ ლურჯი ასოების ან ლურჯ ფონზე დაბეჭდილი შავი ასოების წაკითხვა.

თვალის გუგა უფრო ნელა პასუხობს სინათლის ცვლილებას. მისი ფუნქცია გარემოს განათებულობის შესაბამისად გაფართოება ან შევიწროვებაა, რათა უფრო მეტმა ან ნაკლებმა სინათლემ შეაღწიოს თვალში. გუგების რეაქციის შენელების გამო მოხუცებმა შესაძლოა თავიდან ვერაფერი დაინახონ ბნელ ოთახში შესვლისას ან პირიქით, დროებით "დაბრმავდნენ" მკვეთრად განათებულ ადგილას მოხვედრის დროს. მოხუცები ასევე უფრო მგრძნობიარენი არიან კაშკაშა, თვალის მომჭრელი სინათლის მიმართ. თუმცაღა, ეს ხშირად ბროლში მუქი ადგილების გაჩენით ან კატარაქტითაა გამოწვეული.

წვრილი დეტალები, მათ შორის განსხვავება ელფერებსა და ტონებში უფრო ძნელი შესამჩნევი ხდება. ამის მიზეზი ალბათ იმ ნერვული უჯრედების რიცხვის შემცირებაა, რომლებიც მხედველობით ინფორმაციას თვალიდან ტვინს გადასცემენ. ეს ცვლილება სიღრმის აღქმაზეც ახდენს გავლენას, შესაბამისად, რთულდება მანძილის განსაზღვრა საგნამდე.

მოხუცები უფრო მეტ პატარა, შავ წერტილებს ხედავენ თვალწინ. მათ "მცურავი ლაქები" ეწოდებათ და თვალში არსებული სითხის გამკვრივებულ ნაწილაკებს წარმოადგენენ. შავი წერტილები მნიშვნელოვნად არ აღვევს მხედველობას და მათი არსებობა საშიში არ არის, თუ მათი რაოდენობა მკვეთრად არ გაიზარდა.

თვალები ასაკის მატებასთან ერთად სიმშრალისკენ მიდრეკილი ხდება. ეს იმიტომაა, რომ დამანოტივებელი სითხის წარმომქმნელი უჯრედების რიცხვი მცირდება. შესაძლოა ცრემლის წარმოქმნაც დაქვეითდეს.

თვალები გარეგნულად შემდეგნაირად იცვლება:

  • თეთრი გარსი (სკლერა) შესაძლოა მოყვითალოდ ან მოყავისფროდ შეიფეროს. ეს ულტრაიისფერი სხივების, ქარისა და მტვრის მრავალწლიანი ზემოქმედებითაა გამოწვეული;

  • სკლერებზე შესაძლოა აქა-იქ გაბნეული ფერადი ლაქები გაჩნდეს, განსაკუთრებით კი მუქკანიან ადამიანებში;

  • თვალის ზედაპირზე შეიძლება გაჩნდეს მონაცრისფრო-თეთრი რგოლი (მოხუცებულობითი რკალი). მას კალციუმისა და ქოლესტერინის მარილები ქმნის, თუმცა რგოლი მხედველობას ხელს არ უშლის;

  • ქვედა ქუთუთო შესაძლოა გარეთ გადმოეკიდოს, რადგან თვალის გარშემო კუნთები სუსტდება და მყესები იჭიმება. ამ მდგომარეობას ექტროპიონი ეწოდება და შესაძლოა თვალის კაკლის დანოტივებას შეუშალოს ხელი, რაც სიმშრალეს გამოიწვევს;

  • თვალები შესაძლოა ჩავარდნილივით გამოიყურებოდეს, რადგანაც მათ გარშემო არსებული ცხიმოვანი ქსოვილი მცირდება.

ყურები

სმენის ცვლილებების უმრავლესობა სავარაუდოდ ისევეა ხმაურის ბრალი, როგორც თავად დაბერების. ხმამაღალი ბგერების ზემოქმედება დროთა განმავლობაში სმენას აქვეითებს. თუმცა, ეს ცვლილებები ასაკის მატებასთან ერთად ისედაც ვითარდება, იმის მიუხედავად, ახალგაზრდობაში ხმაურის ზემოქმედება იყო თუ არა.

დაბერებისას მაღალი სიხშირის ბგერების აღქმა ძნელდება. ეს სმენის ასაკობრივ დაქვეითებად (პრესბიაკუზია) ითვლება. მაგალითად, ვიოლინოს ხმიანობა ადამიანს შეიძლება ნაკლებად ჟღერადი მოეჩვენოს.

პრესბიაკუზიის ყველაზე გამაღიზიანებელი შედეგი ისაა, რომ სიტყვების გაგება ძნელდება. შედეგად, მოხუცებულს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სხვები მასთან ლაპარაკისას ბუტბუტებენ. მაშინაც კი, როცა ხმამაღლა ელაპარაკებიან, ხანში შესულებს უჭირთ სიტყვების გარჩევა. ამის მიზეზი ისაა, რომ თანხმოვნების უმრავლესობა (კ, ტ, ს, პ და ჩ) მაღალი სიხშირის ბგერებია, სიტყვებს კი ადამიანები სწორედ თანხმოვნების საშუალებით არჩევენ. ხმოვნები უფრო დაბალი სიხშირისაა, შესაბამისად, მათი გაგებაც ადვილია. ასე მაგალითად, მოხუცებულებმა "მითხარი რისი შენახვა გინდა"-ს მაგივრად შეიძლება გაიგონ "მიაი იი ეახვა იდა". ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა არა უბრალოდ ხმამაღალი საუბარი, არამედ თანხმოვნების უფრო მკვეთრად, მკაფიოდ წარმოთქმა. ხმის მაღალი სიხშირის გამო ქალებისა და ბავშვების საუბრის გარჩევა შეიძლება უფრო ძნელი იყოს ხანში შესულთათვის, ვიდრე მამაკაცებისა. თანდათან შესაძლოა დაბალი სიხშირის ბგერების აღქმაც გართულდეს.

ბევრ მოხუცებულს უფრო მეტად უჭირს ლაპარაკის გაგება ხმაურიან ადგილებში ან ჯგუფში საუბრისას, რადგან მათ ამაში ხელს ხმაურიანი ფონი უშლის. ამასთანავე, ყურში ცვილი უფრო დიდი რაოდენობით გროვდება, რაც აქვეითებს სმენას.

პირი და ცხვირი

50 წლის შემდეგ, ზოგადად, გემოსა და ყნოსვის შეგრძნება ნელ-ნელა მცირდება. ეს ორივე გრძნობა საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა საკვები სრულყოფილად დააგემოვნოს. ენით მხოლოდ 5 ძირითადი გემოს გარჩევაა შესაძლებელი: ტკბილის, მჟავეს, მწარეს, მარილიანის და შედარებით ახლად აღმოჩენილის – უმამის (გემრიელის შეგრძნება). სურნელის შეგრძნება უფრო ძნელად შესამჩნევი და რთული გემოს გასარჩევადაა საჭირო (მაგ., ჟოლოსი).

ასაკის მატებასთან ერთად ენაზე გემოვნების რეცეპტორების რიცხვი და მგრძნობიარობა მცირდება. ეს უფრო მეტად ახდენს გავლენას ტკბილისა და მარილიანის, ვიდრე მწარესა და მჟავეს შეგრძნებაზე. ყნოსვა ქვეითდება, რადგან ცხვირის ამომფენი გარსი თხელდება, შრება და მასში არსებული ნერვული დაბოლოებები ზიანდება. თუმცაღა, ეს ცვლილება მსუბუქია და მხოლოდ ძნელად შესაგრძნობი სურნელების აღქმას ართულებს. ამ ყველაფრის გამო ბევრ საკვებს მომწარო გემო ეძლევა და სუსტი სურნელის მქონე საჭმელი შესაძლოა უგემურად მოეჩვენოს ადამიანს. პირის სიმშრალეც უფრო მეტად აწუხებთ მოხუცებს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნერწყვის გამოყოფა მცირდება. ეს კიდევ უფრო აქვეითებს გემოს შეგრძნებას.

ასაკის მატებასთან ერთად ღრძილები იჭმუხნება. შესაბამისად, კბილების ქვედა ნაწილებზე საკვების ნაწილაკები და ბაქტერიები ხვდება. ამასთანავე, მათი მინანქარიც ცვდება. ეს ცვლილებები, პირის სიმშრალესთან ერთად, ზრდის კბილების დაზიანებისა და კარიესის რისკს და შესაბამისად, მათი დაკარგვის ალბათობასაც.

ასაკის მატებასთან ერთად ცხვირი თხელდება და გრძელდება, მისი წვერი კი ქვემოთ ეშვება.

კანი

კანი უფრო თხელი, ნაკლებად ელასტიკური, მშრალი ხდება და მასზე წვრილი ნაოჭები ჩნდება. წლების მანძილზე მზის სხივების მოქმედება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნაოჭების გაჩენას, უფრო უხეშს ხდის კანს და ლაქებს აჩენს. ის ადამიანები, რომლებიც მზის სინათლეს ერიდებოდნენ, ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

კანი ნაწილობრივ იმიტომაც იცვლება, რომ დაბერებისას ორგანიზმი ნაკლებ კოლაგენს (მაგარი, ბოჭკოვანი ქსოვილი, რომელიც აძლიერებს კანს) და ელასტინს (ქსოვილი, რომელიც დრეკადობას ანიჭებს მას) გამოიმუშავებს. შედეგად, კანის მთლიანობა უფრო ადვილად ირღვევა.

თხელდება მის ქვეშ არსებული ცხიმოვანი ქსოვილიც, რომლის ფუნქცია კანისთვის რბილი ფენისა და საყრდენის შექმნა და დაცვაა. ცხიმოვანი ქსოვილი მნიშვნელოვანია სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებისთვისაც. მისი გათხელების შედეგად ნაოჭები უფრო ადვილად ვითარდება და სიცივის ამტანობაც ქვეითდება.

კანში ნერვული დაბოლოებების რიცხვი მცირდება. შედეგად, მგრძნობელობა ტკივილის, ტემპერატურის და ზეწოლისადმი იკლებს, ამიტომ დაზიანებებიც უფრო ადვილად ვითარდება.

კანის ღრმა ფენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან ერთად მცირდება საოფლე ჯირკვლებისა და სისხლძარღვების რაოდენობაც. შესაბამისად, ორგანიზმის უნარი, სხეულის შიგნით წარმოქმნილი სითბო სისხლძარღვების გზით ზედაპირისკენ გადაიტანოს, ქვეითდება. ამის გამო ნაკლები სითბო გაიცემა და ორგანიზმის გაგრილება რთულდება, რაც ზრდის ჭარბ ტემპერატურასთან დაკავშირებული დარღვევების, მაგალითად, სითბური დაკვრის რისკს. ამასთანავე, სისხლის მიმოქცევის დაქვეითებასთან ერთად, კანში შეხორცებითი პროცესებიც ნელდება.

პიგმენტების წარმომქმნელი უჯრედების, მელანოციტების რიცხვი მცირდება. შედეგად, ირღვევა კანის უნარი, თავი დაიცვას ულტრაიისფერი სხივებისგან, რომლებიც, მაგალითად, მზის გამოსხივების ნაწილია. მზის ზემოქმედებით კანზე ფართო, ყავისფერი ლაქები (ასაკობრივი) ლაქები ვითარდება, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისგან ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამოდევნა გაძნელებულია.

მზის სინათლის მოქმედებისას კანში უფრო მცირე რაოდენობით D ვიტამინი წარმოიქმნება, შესაბამისად, იზრდება ამ ნივთიერების ნაკლებობის განვითარების რისკი.

თავის ტვინი და ნერვული სისტემა

ნერვული უჯრედების რაოდენობა თავის ტვინში მცირდება. თუმცა, ამ ორგანოს დანაკარგის ნაწილობრივ ანაზღაურება რამდენიმე გზით შეუძლია:

  • უჯრედების რაოდენობის დაკლებასთან ერთად ახალ-ახალი კავშირები წარმოიქმნება დარჩენილ ნეირონებს შორის;

  • თავის ტვინის ზოგ ნაწილში შეიძლება ახალი ნერვული უჯრედები წარმოიქმნას, მოხუცებულობაშიც კი;

  • თავის ტვინს იმაზე მეტი უჯრედი აქვს, რაც თავისი ფუნქციების შესასრულებად ესაჭიროება – ამ თვისებას სიჭარბე ეწოდება.

სიგნალების გადამცემი ქიმიური ნივთიერებების დონე თავის ტვინში იცვლება – უმრავლესობის რაოდენობა მცირდება, ნაწილისა კი – იზრდება. ნერვულმა უჯრედებმა შეიძლება იმპულსების მიმღები რეცეპტორების ნაწილიც დაკარგონ. მცირდება სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში. ასეთი ასაკობრივი ცვლილებების გამო ამ ორგანოს ფუნქციონირება შესაძლოა მცირედ გაუარესდეს. მოხუცებში რეაქციები და მოქმედება ნელდება, თუმცა, საკმარისი დროის მიცემის შემთხვევაში, ისინი სწორად აკეთებენ ამ ყველაფერს. ზოგი გონებრივი ფუნქცია, მაგ., ლექსიკა, ხანმოკლე მეხსიერება, ახალი მასალის დასწავლისა და სიტყვების გახსენების უნარი 70 წლის ასაკის შემდეგ შესაძლოა მსუბუქად დაქვეითდეს.

60 წლის შემდეგ ზურგის ტვინის ნერვული უჯრედების რაოდენობაც მცირდება. თუმცა, ხშირად ეს ცვლილება არ ახდენს გავლენას ძალაზე ან მგრძნობელობაზე.

ასაკის მატებასთან ერთად ნერვებში იმპულსების გატარების სიჩქარე შესაძლოა დაქვეითდეს. ხშირად ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ ადამიანები ვერც კი ამჩნევენ. ასევე, ნერვების აღდგენაც უფრო ნელა და არასრულად მიმდინარეობს. შესაბამისად, მოხუცებში მათი დაზიანების გამო შესაძლოა მგრძნობელობა და ძალა შემცირდეს.

გული და სისხლძარღვები

გული და სისხლძარღვები მყარდება, გული სისხლით უფრო ნელა ივსება. გამაგრებულ არტერიებს ნაკლებად შეუძლიათ გაფართოება, როცა მათში სისხლი იტუმბება. შესაბამისად, არტერიული წნევა მოხუცებში გაზრდილია ხოლმე. ამ ცვლილებების მიუხედავად, ნორმაში ასაკოვანი ადამიანის გული კარგად მუშაობს. განსხვავება ახალგაზრდა და მოხუც გულებს შორის მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა ამ ორგანოს უფრო მეტი დატვირთვით მუშაობა და მეტი სისხლის გადატუმბვა უწევს – მაგ., ვარჯიშის ან ავადმყოფობის დროს. ასაკში გულს ისე მალე არ შეუძლია აჩქარდეს ან იმდენი სისხლი გადატუმბოს იმ სისწრაფით, როგორც ახალგაზრდობაში. შესაბამისად, მოხუცი სპორტსმენები ისეთ კარგ ფორმაში ვეღარ არიან, როგორც მცირე ასაკისანი. თუმცა, რეგულარული აერობული ვარჯიშით სპორტული მაჩვენებლების გაუმჯობესება ხანში შესულებშიც შეიძლება.

სასუნთქი კუნთები და ფილტვები

სასუნთქი კუნთები, მაგ., დიაფრაგმა, სუსტდება. ფილტვებში იკლებს ჰაერის შემცველი ბუშტუკების (ალვოლების) და კაპილარების რიცხვი. შესაბამისად, ჩასუნთქული ჰაერიდან სისხლში უფრო მცირე რაოდენობით ჟანგბადი გადადის. ფილტვები ნაკლებად ელასტიკური ხდება. ადამიანებში, რომლებიც არ ეწევიან და რომელთაც ამ ორგანოების დაავადება არ აქვთ, ეს ცვლილებები ჩვეულ, ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შემშლელი არ არის, მაგრამ მათ შესაძლოა ვარჯიში გაუჭირდეთ. ასევე შეიძლება გაძნელდეს სუნთქვა ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე (სადაც ჟანგბადი ნაკლებია).

ფილტვების მიერ ინფექციებთან ბრძოლის უნარიც მცირდება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მიკრობების შემცველი ნარჩენების სასუნთქი გზებიდან გამომტანი უჯრედების ფუნქციონირება ქვეითდება. ხველა, რაც ასევე საჭიროა ფილტვების გასუფთავებისთვის, უფრო სუსტი ხდება.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ზოგადად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე დაბერება უფრო ნაკლებად ახდენს გავლენას, ვიდრე ორგანიზმის სისტემების უმრავლესობაზე. საყლაპავის კუნთები უფრო სუსტად იკუმშება, მაგრამ მასში საკვების გადაადგილება არ ირღვევა. კუჭის დაცლაც ცოტა უფრო შენელებულია და ამ ორგანოს შედარებით ნაკლები საკვების დატევა შეუძლია ელასტიკურობის დაქვეითების გამო. თუმცა, ადამიანების უმრავლესობაში ეს ცვლილებები იმდენად მსუბუქია, რომ არც კი შეიმჩნევა.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზოგიერთი ცვლილება მოხუცებულთა ნაწილში პრობლემებს იწვევს. მაგალითად, ნაკლები რაოდენობით გამომუშავდება რძის გადამამუშავებელი ფერმენტი ლაქტაზა. შესაბამისად, ხანში შესულებში იზრდება რძის პროდუქტების აუტანლობის რისკი (ლაქტოზას აუტანლობა). ამ დარღვევის განვითარების შემთხვევაში რძის პროდუქტების მიღების შემდეგ შებერილობა, მეტეორიზმი ან ფაღარათი ვითარდება.

მსხვილ ნაწლავში საკვების მონელებული მასები უფრო ნელა გადაადგილდება. ზოგ ადამიანში ეს შეკრულობას უწყობს ხელს.

ღვიძლი პატარავდება, რადგან მისი უჯრედების რიცხვი მცირდება. მასში ნაკლები სისხლი გაივლის და ფერმენტები, რომლებსაც ეს ორგანო წარმოქმნის წამლებისა და სხვა ნივთიერებების გადასამუშავებლად, ისე ეფექტურად აღარ მუშაობს. შედეგად, ღვიძლის უნარი, გამოდევნოს ორგანიზმიდან მედიკამენტები და სხვა ნაერთები, მცირდება. შესაბამისად, სამკურნალო საშუალებების მოქმედების შედეგები – სასურველიც და არასასურველიც, უფრო ხანგრძლივდება.

თირკმლები და საშარდე გზები

თირკმლები პატარავდება მათში უჯრედების რაოდენობის შემცირების გამო. ამ ორგანოებში ნაკლები სისხლი გაივლის და 30 წლის ასაკისთვის სისხლის გაფილტრვის პროცესიც დაქვეითებას იწყებს. წლების მატებასთან ერთად, სისხლიდან ნარჩენი ნივთიერებების მოშორების უნარი უფრო და უფრო მცირდება. შესაძლოა თირკმლებმა დიდი რაოდენობით სითხე და ძალიან მცირე მარილი გამოყონ, რაც გაუწყლოვნების რისკს ზრდის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ორგანოები თითქმის ყოველთვის საკმაოდ კარგად ფუნქციონირებენ, რათა ორგანიზმის მოთხოვნილებები უზრუნველყონ. საშარდე გზებში განვითარებული ზოგი ცვლილება ართულებს მოშარდვის კონტროლსაც:

  • მცირდება შარდის ის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის დატევაც შარდის ბუშტს შეუძლია;

  • შარდის ბუშტი შესაძლოა მოულოდნელად შეიკუმშოს (ზედმეტად აქტიური გახდეს) იმის მიუხედავად, ეშარდება თუ არა ადამიანს;

  • შარდის ბუშტის კუნთები სუსტდება; შედეგად, მათი მეშვეობით ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება და მოშარდვის შემდეგ მასში უფრო მეტი შარდი რჩება;

  • კუნთი, რომელიც შარდის სხეულიდან გარეთ გამოყოფას აკონტროლებს (საშარდე სფინქტერი) ბოლომდე, მჭიდროდ ვერ იხურება და შესაძლოა უნებლიედ შარდმა გამოიჟონოს. შესაბამისად, მოხუცებში მოშარდვამდე მოთმენა უფრო რთულია.

ეს ცვლილებები შარდის შეუკავებლობის ანუ უნებლიე შარდვის ერთ-ერთი მიზეზია, რაც უფრო და უფრო ხშირდება ასაკის მატებასთან ერთად.

ქალებში შარდსადენი (მილი, რომლითაც შარდი სხეულიდან გარეთ გამოდის) მოკლდება და მისი ამომფენი გარსი თხელდება. ესტროგენის დონის დაქვეითებამ, რაც მენოპაუზას ახლავს თან, შესაძლოა ხელი შეუწყოს საშარდე გზებში ამ და სხვა ცვლილებების განვითარებას.

მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვალი ზომაში იმატებს. ბევრ მათგანში ის იმდენად იზრდება, რომ შარდის დინებასა და შარდის ბუშტის სრულიად დაცლას ხელს უშლის. შედეგად, მოხუცი მამაკაცები უფრო ხშირად და ნაკლები ნაკადით შარდავენ, მეტი დრო სჭირდებათ მოშარდვის დასაწყებად და დამთავრების მერე შარდი წვეთებად გამოიყოფა. ხანში შესულ კაცებში ასევე უფრო დიდია რისკი შარდის შეკავების ანუ შეხუთვისა, როცა მოშარდვა ვერ ხერხდება შარდის ბუშტის სისავსის მიუხედავად.

რეპროდუქციული ორგანოები

ქალები: ასაკის მატების გავლენა სასქესო ჰორმონების დონეზე ქალებში უფრო შესამჩნევია, ვიდრე მამაკაცებში. მანდილოსნებში ამ ეფექტების უმრავლესობა მენოპაუზასთანაა დაკავშირებული, როცა ქალთა ჰორმონების (განსაკუთრებით ესტროგენის) შემცველობა მცირდება, მენსტრუალური ციკლი სამუდამოდ წყდება და დაორსულება შეუძლებელი ხდება. ჰორმონების დაკლება საკვერცხეებისა და საშვილოსნოს დაპატარავებას იწვევს. საშოს ქსოვილები თხელდება, მშრალი და ნაკლებად ელასტიკური ხდება (რასაც ატროფიული ვაგინიტი ეწოდება).

სარძევე ჯირკვლები სიმკვრივეს კარგავს, უფრო ფიბროზული ხდება და დაბლა ეშვება. ეს ცვლილებები მათში კვანძების აღმოჩენას ართულებს.

ზოგი პროცესი, რაც მენოპაუზის დროს იწყება (მაგ., ჰორმონების დაბალი შემცველობა და საშოს სიმშრალე) შესაძლოა ხელის შემშლელი იყოს სქესობრივ ცხოვრებაში. თუმცა, ქალების უმრავლესობისთვის დაბერება მნიშვნელოვნად არ ახდენს გავლენას სქესობრივი კავშირით სიამოვნების მიღებაზე.

მამაკაცები: მამაკაცებში სქესობრივი ჰორმონების დონის ცვლილება ასეთი უეცარი არ არის. მამრობითი ჰორმონის, ტესტოსტერონის შემცველობა თანდათან მცირდება, რაც ნაკლები სპერმის გამომუშავებასა და სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) შემცირებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ იკლებს სისხლის მიწოდება სასქესო ასოსთვის, მამაკაცების უმრავლესობას ერექცია და ორგაზმი მთელი სიცოცხლის მანძილზე აქვს, თუმცა, ერექციები უფრო ხანმოკლეა, უფრო რბილი და შენარჩუნებისთვის მეტი სტიმულაცია ესაჭიროება. განმეორებითი ერექციის მიღწევასაც შესაძლოა უფრო დიდი დრო დასჭირდეს. ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) ასაკის მატებასთან ერთად უფრო ხშირი ხდება.

ენდოკრინული სისტემა

ენდოკრინული ჯირკვლების მიერ წარმოქმნილი ჰორმონების შემცველობა და აქტიურობა მცირდება.

  • ზრდის ჰორმონის დონე ქვეითდება, რაც კუნთოვანი მასის დაკლებას იწვევს;

  • ალდოსტერონის დონეც მცირდება, რაც ზრდის გაუწყლოვნების რისკს. ეს ჰორმონი ანიშნებს ორგანიზმს, რომ საჭიროა მარილის და შესაბამისად, წყლის შეკავება;

  • ინსულინი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს, ნაკლებად ეფექტურად მოქმედებს და შეიძლება მცირე რაოდენობითაც გამოიყოფოდეს. მისი მეშვეობით შაქარი სისხლიდან უჯრედებში გადადის, სადაც მისგან ენერგია წარმოიქმნება. ამ ჰორმონის ცვლილებები იწვევს ჭამის მერე სისხლში შაქრის დონის უფრო მეტად ზრდას და ნორმამდე უფრო გვიან დაქვეითებას.

ადამიანთა უმრავლესობაში ენდოკრინული სისტემის ცვლილებებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე უმნიშვნელო გავლენა აქვს. მაგრამ ზოგჯერ ისინი დარღვევების რისკს ზრდის. მაგალითად, ინსულინის მხრივ ცვლილებების გამო იმატებს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა.

სისხლწარმოქმნა

სისხლის უჯრედების წარმომქმნელი, აქტიური ძვლის ტვინის ქსოვილის რაოდენობა მცირდება. შესაბამისად, ეს პროცესიც ქვეითდება. ამის მიუხედავად, ძვლის ტვინს, როგორც წესი, შეუძლია საკმარისი რაოდენობით წარმოქმნას სისხლის უჯრედები მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სირთულეები შესაძლოა მაშინ წარმოიშვას, თუკი ორგანიზმს ბევრად მეტი უჯრედი დასჭირდა – მაგ., ანემიის, ინფექციის ან სისხლდენის დროს. ასეთ შემთხვევაში ძვლის ტვინს არ შეუძლია, სხეულის მოთხოვნილებების შესაბამისად გაზარდოს უჯრედების წარმოქმნის სიჩქარე.

იმუნური სისტემა

იმუნური სისტემის უჯრედების ფუნქციონირება ნელდება. მათ ევალებათ ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერებების, ბაქტერიების, ინფექციის გამომწვევი სხვა მიკრობების, სავარაუდოდ სიმსივნური უჯრედების ამოცნობა და განადგურება. იმუნიტეტის დაქვეითებით ნაწილობრივ აიხსნება ის რამდენიმე თავისებურება რაც დაბერებას უკავშირდება:

  • ავთვისებიანი სიმსივნეები უფრო ხშირია მოხუცებში;

  • ვაქცინები ნაკლებად იცავს ორგანიზმს ხანში შესულ ასაკში;

  • ზოგი ინფექცია, მაგალითად, ფილტვების ანთება და გრიპი უფრო ხშირია მოხუცებში და უფრო მეტია სიკვდილიანობაც;

  • ალერგიის სიმპტომები შესაძლოა ასაკის მატებასთან ერთად შემსუბუქდეს.

იმუნიტეტის დაქვეითების მიუხედავად, ავტოიმუნური დაავადებები უფრო ხშირდება. სიბერეში ირღვევა იმუნური სისტემის უნარი, გაარჩიოს სხეულის საკუთარი უჯრედები უცხოსგან, რომლებიც მასში შეიჭრნენ. შესაბამისად, იზრდება რისკი იმუნიტეტის თავდასხმისა ორგანიზმის თავისივე ქსოვილებზე – რასაც ავტოიმუნური რეაქცია ეწოდება.