მოხუცებში ისეთმა ფაქტორებმაც კი შეიძლება იმოქმედოს ჯანმრთელობაზე, რომელთაც, ერთი შეხედვით, სრულიად არავითარი კავშირი არ აქვს მასთან.
ურთიერთობა სხვებთან: მოხუცებს, რომელთაც ურთიერთობა აქვთ სხვა ადამიანებთან, იქნება ეს მეუღლე, მეგობრები თუ საერთო ინტერესების მქონე ნაცნობები, შედარებით ნაკლები პრობლემები აწუხებთ ჯანმრთელობის მხრივ. მაგალითად, ხანში შესულები, რომლებიც დაქორწინებულნი არიან ან ვინმესთან ერთად ცხოვრობენ, უფრო ჯანმრთელად გრძნობენ თავს, ვიდრე მარტო მცხოვრებნი, მათი ჰოსპიტალიზაციის ან მოხუცებულთა სახლში მოხვედრის სიხშირეც ნაკლებია.
როცა ასაკოვანი ადამიანები მარტო ცხოვრობენ, ჯანმრთელობის ახალი პრობლემების ან სიმპტომების შესახებ შესაძლოა ექიმმა ვერც გაიგოს, რადგან მათ განვითარებას ვერავინ შეამჩნევს. ამ ადამიანებს არავინ ჰყავთ, ვინც წამლების დანიშნულებისამებრ მიღებაში დაეხმარებოდა. მათ შესაძლოა ვერ მოახერხონ ნოყიერი საკვების მომზადება და მირთმევა, მარტოსულობის ან იმის გამო, რომ არ შეუძლიათ მაღაზიაში წასვლა ფეხით, მანქანით. ამასთანავე, მარტო მცხოვრებ მოხუცებში უფრო დიდია მარტოსულობისა და დეპრესიის განვითარების რისკი.
ზოგჯერ ნათესავთან ან სხვა ადამიანთან ერთად ცხოვრებაც პრობლემებს იწვევს. ხანში შესულებმა შესაძლოა დამალონ ან შეამსუბუქონ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან არ უნდათ შეაწუხონ ნათესავი. თუკი ოჯახის რომელიმე წევრი მაინცაა უკმაყოფილო მოხუცებულის მათთან ცხოვრებით, შესაძლოა ხანში შესული ადამიანი ამის გამო უგულებელყოფილი იყოს ან მას არასათანადოდაც კი მოეპყრონ (ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობა).
განათლება: რაც უფრო განათლებულია ადამიანი, დაავადებების აღმოჩენა უფრო ადრეა შესაძლებელი და გამოსავალიც უკეთესია, თუნდაც დროულად ვერ დადგინდეს დიაგნოზი.
ფინანსური მდგომარეობა: ზოგადად მოსახლეობაში სიღარიბე მოხუცებში უფრო ხშირია, მიუხედავად იმ დახმარებისა, რასაც მათ ამერიკაში პროგრამები: მედიქეარი, სოციალური უსაფრთხოება და მედიქეიდი უწევს. მედიქეარის ნაწილი (რეცეპტით გაცემული წამლების პროგრამა) იდეალური არ არის, მაგრამ მისი მეშვეობით მედიკამენტების საფასური უფრო ხელმისაწვდომია დაბალი შემოსავლის მქონე ბევრი მოხუცისთვის. თუმცაღა, ამ პროგრამების მიუხედავად ზოგ ხანში შესულს მაინც არ აქვს ჯანმრთელობის კარგი დაზღვევა და უჭირს გადაიხადოს იმ მომსახურებების საფასური, რაც არ ფინანსდება, მათ შორის მედიკამენტებისა. თუკი წამლის ყიდვა ძნელია ადამიანისთვის, დაავადებები, რომელთა მკურნალობაც ზოგადად შესაძლებელია, მკურნალობის გარეშე რჩება ან ეს გვიან სტადიაზე იწყება.
პასუხი ასაკობრივ ცვლილებებზე: მოხუცებს შესაძლოა გაუჭირდეთ ასაკის მატებასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან შეგუება, მაგ., პენსიაზე გასვლასთან, საყვარელი ადამიანების გარდაცვალებასთან და დაავადებების განვითარებასთან. ამის გამო ისინი თავს შეიძლება მარტოსულად, უსარგებლოდ, უმწეოდ ან უგუნებოდ გრძნობდნენ, დაკარგონ თვითრწმენა, წუხდნენ იმაზე, რომ ტვირთად აწვებიან ოჯახს. შესაძლოა განვითარდეს დეპრესია, განსაკუთრებით თუ ისეთი დააავადება აქვს მოხუცს, რაც დროებით ან მუდმივად იწვევს სხვაზე დამოკიდებულებას, როცა მას მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარდაცვალების გადატანა უწევს. ამ გრძნობების გამო ხანში შესულმა ადამიანმა შესაძლოა არ მიმართოს ექიმს, რაც ზრდის რისკს რაიმე მძიმე დაავადების დიაგნოსტიკის დაგვიანებისა.
ასაკობრივი ცვლილებები და მათზე მოხუცების პასუხი ართულებს დარღვევების მკურნალობას. შესაბამისად, ხანში შესულებზე სამედიცინო ზრუნვაში შესაძლოა უმჯობესი იყოს სხვადასხვა სპეციალისტისგან შემდგარი ანუ მრავალდარგობრივი (ინტერდისციპლინური) გუნდის ჩართვა. მასში შედიან ექიმები, ექთნები, სოციალური მუშაკები, ფსიქოთერაპევტები, ფარმაცევტები და ფსიქოლოგები. პაციენტის ოჯახის ექიმის ხელმძღვანელობით ეს გუნდი აფასებს ადამიანის საჭიროებებსა და გეგმებს, უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების კოორდინაციასა და შესრულებას – მათ შორის სოციალური მომსახურების. გუნდის წევრები აქტიურად ცდილობენ, გამოავლინონ პრობლემები და გამოასწორონ ან თავიდან აიცილონ ისინი.