პირველი რიგის პრიორიტეტია ადამიანის სასუნთქი გზების, სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის შეფასება. ჩამოთვლილთა გამოუსწორებელი დაზიანებისას შედეგი ყოველთვის ფატალურია. სასუნთქი გზების დახშობა ფილტვებისკენ ჰაერის მოძრაობას აფერხებს. სხვადასხვა დაავადებამ და ტრავმებმა შეიძლება სუნთქვა დათრგუნონ. გულის გაჩერება – გულისცემის შეწყვეტა – სხეულში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტას მოასწავებს.
მეორე რიგის პრიორიტეტია სამედიცინო დახმარების მოძიება – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება (გამონაკლისია მოგუდვა და გულის გაჩერება; ამ დროს მკურნალობა გადაუდებელი დახმარების გამოძახებამდე უნდა დაიწყოს). ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად 911-ზე რეკავენ. პირმა, რომელიც დახმარებას იძახებს, სწრაფად უნდა მიაწოდოს დისპეჩერს სრული ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ, სახელდობრ, იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა დაზიანება ან როგორ განვითარდა დაავადება; არ უნდა შეწყვიტოს კავშირი მანამ, სანამ სრულად არ გადასცემს ზემოხსენებულ ინფორმაციას. თუ ტრავმის ან დაავადების მიმდინარეობის გაუარესების მომსწრე რამდენიმე ადამიანია, ერთმა დახმარება უნდა გამოიძახოს, ამასობაში სხვამ შეფასება და პირველადი დახმარება დაიწყოს.
სამედიცინო დახმარების გამოძახების შემდეგ, სხვა ზომების მიღებამდე, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება გულ-ფილტვის რეანიმაცია (გფრ).
რამდენიმე პირის ერთდროულად დაზიანებისას დახმარება, პირველ რიგში, ყველაზე მეტად დაზიანებულს უნდა გაეწიოს. ზოგჯერ რთულია განსაზღვრა, ვის უფრო სჭირდება დახმარება, ვინაიდან იმას, ვინც ტკივილის გამო კვნესის, შესაძლოა ნაკლებად მძიმე დაზიანება ჰქონდეს, ვიდრე იმას, ვინც ვერ სუნთქავს ან კომაშია და ამიტომ არის ჩუმად. დაზარალებულის შეფასებამ 1 წუთზე ნაკლები დრო უნდა დაიკავოს. ყველა შემთხვევაში, დახმარების გამწევმა უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა, სახელდობრ, უნდა განსაზღვროს ერთ-ერთის არსებობა შემდეგი ვარიანტებიდან: მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია; მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ მოითხოვს გადაუდებელ დახმარებას; მდგომარეობა არ მოითხოვს გადაუდებელ დახმარებას. მაგალითად, სუნთქვის გაძნელება და მასიური სისხლდენა სიცოცხლისათვის საშიშია, ხოლო ხელის მოტეხილობის მკურნალობის დაწყების დაყოვნება შესაძლებელია, მიუხედავად ტკივილის ინტენსიურობისა. როდესაც ბევრი ადამიანია მძიმედ დაზიანებული, ხოლო რესურსები შეზღუდულია, დახმარება მხოლოდ იმათ უნდა აღმოუჩინონ, რომელთა გადარჩენაც, დახმარების გამწევი პერსონალის აზრით, შესაძლებელია.
თუ თავად დაზიანებულ პირს არ შეუძლია სამედიცინო ინფორმაციის მოწოდება, მისი მოპოვება სხვა გზით არის საჭირო. მაგალითად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმს უნდა ეცნობოს უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სიახლოვეს ნანახი წამლის ცარიელი ფლაკონის შესახებ. თვითმხილველებისგან, ოჯახის წევრებისგან ან დახმარებაში ჩართული სხვა პირებისგან ტრავმის მიღების პროცესის თაობაზე მიღებული ინფორმაცია შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს პაციენტის მკურნალობისთვის. ზემოხსენებულთან ერთად პაციენტის დაწყნარება, ჩათბუნება და მისთვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფაა საჭირო.
მძიმე დაავადებები, მაგალითად, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექცია და B ჰეპატიტი, შეიძლება სისხლის გზით გადაეცეს. ამიტომაც დახმარების გამწევი პირი უნდა მოერიდოს ჭრილობიდან გადმოდენილ სისხლთან კონტაქტს, განსაკუთრებით თუ დაზიანებულის სამედიცინო ისტორია ცნობილი არ არის. საუკეთესო დაცვას უზრუნველყოფს ლატექსის სამედიცინო ხელთათმანები. თუ ხელთათმანი არ არის ხელმისაწვდომი, შეიძლება ცელოფანი იქნეს გამოყენებული – დახმარების გამწევი პირი ხელს ათავსებს საკვების შესანახ ცელოფანში ან ნებისმიერ წყალგაუმტარ პარკში. სისხლთან კონტაქტის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო ხელების, ფრჩხილქვეშა მიდამოების ჩათვლით, გულდასმით დაბანა საპნით და წყლით ან მათეთრებელი საშუალების სუსტი ხსნარით (მათეთრებელი საშუალების დაახლოებით 15 მლ 1 ლ წყალზე).
თუ მოხსენიებულთაგან არც ერთი არ არის ხელმისაწვდომი, შეიძლება სპირტიანი ხელსაწმენდის გამოყენება. სისხლთან შედარებით, ნერწყვთან და შარდთან კონტაქტით დაავადების გადაცემა უფრო ნაკლებადაა მოსალოდნელი.