სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის მოცილებით ხშირად სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი. მოზრდილებს შორის ხშირია საკვების გადაცდენა, მაგალითად, ხორცის დიდი ნაჭრისა. პატარებს კარგად არ აქვთ განვითარებული ყლაპვის რეფლექსი, ამიტომ შეიძლება მცირე ზომის, მომრგვალო ფორმის საკვები გადასცდეთ, მაგალითად, მიწის თხილი ან მკვრივი კანფეტი. ბავშვებში, განსაკუთრებით ჩვილებში, შესაძლებელია მცირე ზომის ბურთების, სათამაშოების, ლითონის მონეტების, სხვა საგნების მოხვედრა სასუნთქ გზებში, აგრეთვე საკვების (განსაკუთრებით, მომრგვალო, სრიალა საკვების გადაცდენა, როგორიცაა სოსისი, მრგვალი კანფეტი, თხილი და ყურძნის მარცვალი).
გადაცდენის პირველი სიმპტომი შეიძლება ხველა იყოს, ზოგჯერ იმდენად ძლიერი, რომ ადამიანმა საშველად დაძახებაც ვერ შეძლოს. ხელები შეიძლება ყელზე ჰქონდეს ჩავლებული, სუნთქვა და საუბარი სუსტი ან წყვეტილია. შესაძლოა ისმოდეს ემოციური ან ხრიალის მსგავსი ბგერები. დაზარალებული შეიძლება გალურჯდეს, დაეწყოს კრუნჩხვა ან გონება დაკარგოს.
გადაცდენის დროს დახმარების გაწევას ენიჭება უპირატესობა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოძიებასთან შედარებით.
ძლიერი ხველა ხშირად სასუნთქ გზებს თავად ათავისუფლებს უცხო სხეულისაგან. ხველის დროს დაზარალებულს ამოხველების საშუალება უნდა მიეცეს. თუ პირს ნორმალურად ლაპარაკი შეუძლია, ამ შემთხვევებში ხველაც ძლიერია. თუ ხველა შეუძლებელია, დამხმარემ მუცელზე ბიძგისებური ზეწოლა უნდა განახორციელოს (ჰეიმლიხის მანევრი). მუცელზე ზეწოლა ზრდის მუცელშიდა და გულმკერდშიდა წნევას, რაც ხელს უწყობს უცხო სხეულის სასუნთქი გზებიდან ამოვარდნას.
თუ ცნობიერება შენარჩუნებულია, დამხმარე დაზარალებულს უკნიდან მიუდგება, მუცელზე მკლავებს შემოხვევს, შეკრავს მუჭს ისე, რომ ცერი ზემოთ იყოს ამოწეული და მკერდის ძვალსა და ჭიპს შორის მოთავსებული. მეორე ხელი მჭიდროდ ეკვრის მუშტად შეკრულს და ხელებით ბიძგისებრი ზეწოლა ხორციელდება შიგნით და ზემო მიმართულებით, 5-ჯერ თანამიმდევრულად. თუ დაზარალებული ბავშვია, ზეწოლისათვის ნაკლები ძალა გამოიყენება. ბიძგისებრი ზეწოლების სერია უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ უცხო სხეული არ ამოვარდება სასუნთქი გზებიდან. თუ დაზარალებულმა გონება დაკარგა, დამხმარემ ბიძგისებრი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს.
გონების დაკარგვის შემთხვევაში სასუნთქი გზები უნდა გაიხსნას და ხელოვნური სუნთქვა ჩატარდეს. თუ ჩაბერვისას გულმკერდი ზემოთ არ ამოიწევა, ეს ნიშნავს, რომ სასუნთქი გზები კვლავ დახშულია. დახმარების გამწევმა უნდა გახსნას და დაათვალიეროს სასუნთქი გზები და, თუ შესაძლებელია, მოაცილოს უცხო სხეული. ამის შემდეგ ხელოვნური სუნთქვა უნდა განახლდეს.
ჩვილებში მუცელზე ბიძგისებრი ზეწოლა არ ტარდება. მის ნაცვლად ბავშვი პირქვე, სახით დაბლა ბრუნდება, ისე, რომ გულმკერდი დამხმარის მკლავს ებჯინებოდეს, თავი სხეულის დონეზე დაბლაა მოთავსებული. დამხმარე პირი, ბავშვის ზურგზე – ბეჭის ძვლებს შორის, მტევნის ფუძით დარტყმებს ახორციელებს 5-ჯერ (ზურგზე დარტყმა). დარტყმა ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ არც იმდენად, რომ დაზიანება გამოიწვიოს. ამის შემდეგ დამხმარე ათვალიერებს პირის ღრუს და აცილებს ხილულ უცხო სხეულს. თუ სასუნთქი გზები დახშული რჩება, დამხმარე პირი ბავშვს სახით ზემოთ გადმოაბრუნებს, თავი ქვემოთაა მიმართული და მეორე და მესამე თითების გამოყენებით ბიძგისებურად აწვება ბავშვის მკერდის ძვალს 5-ჯერ (გულმკერდის ბიძგები). ამის შემდეგ კვლავ მოწმდება პირის ღრუ.