ძლიერი შინაგანი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს მუცლის, გულმკერდის ღრუში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ან მოტეხილი დიდი ძვლების, როგორიცაა ბარძაყის ძვალი და მენჯი, ირგვლივ.
დასაწყისში შინაგანი სისხლდენა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, დაზიანებული ორგანო, საიდანაც სისხლდენაა, ხშირად მტკივნეულია. ზოგჯერ ძლიერი ტკივილის გამო ყურადღება სხვა დაზიანებაზეა გადატანილი ან დაზიანებული პირი ვერ შეიგრძნობს ან გადმოსცემს მას ცნობიერების დაბინდვის, ძილად მივარდნის ან უგონო მდგომარეობის გამო. საბოლოოდ შინაგანი სისხლდენა აუცილებლად თვალსაჩინო გახდება. მაგალითად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჩაღვრილი სისხლი ღებინების ან სწორი ნაწლავის გზით გამოიყოფა. ძლიერი სისხლდენა წნევის დაქვეითებას, სისუსტისა და თავბრუხვევის შეგრძნებას იწვევს. შესაძლებელია გულის წასვლა ფეხზე დამდგარ ან მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნისას და, თუ სისხლის წნევა ძალიან დაბალია, გონების დაკარგვა.
ადამიანის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანით შინაგანი სიხლდენის შეჩერება შეუძლებელია. თუ ძლიერი სისხლდენა სისუსტეს ან შოკის სიმპტომებს იწვევს, დაზარალებული უნდა დაწვეს, ფეხები ზემოთ უნდა ჰქონდეს აწეული; სამედიცინო დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს გამოძახებული.