ქსოვილების ნაკვეთი, ნაკაწრი და ნაჩხვლეტი ჭრილობა კბენის ან სხვა სახის ტრავმის შედეგია. თუ ნაკბენი ჭრილობა ძალიან დიდი არ არის, ის, ჩვეულებრივ, სწრაფად ხორცდება. ამავე დროს, ზოგიერთი სახის ჭრილობიდან დიდი რაოდენობით სისხლი შეიძლება დაიკარგოს, ზოგის დროს ღრმად მდებარე სტრუქტურები – ნერვები, მყესები ან სისხლძარღვები – ზიანდება. ზოგჯერ ჭრილობა შეიძლება დაინფიცირდეს ან მასში უცხო სხეულის ნაწილი (როგორიცაა ხიჭვი, მინა ან ტანსაცმლის ფრაგმენტი) ჩარჩეს.
ზედაპირული ტრავმები სხეულის უმეტეს არეებში იშვიათად არის ძალიან სისხლმდენი და სისხლდენაც თავისით ჩერდება. ხელისა და თავის, ისევე, როგორც არტერიისა და მსხვილი ვენების ჭრილობები ძლიერი სისხლდენის წყაროა.
თუ ჭრილობა ჭუჭყით ან ბაქტერიებითაა დაბინძურებული, ინფექციის განვითარებაა მოსალოდნელი. მართალია, ნებისმიერი ჭრილობის დაინფიცირებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს უფრო მეტად ღრმა ნაკაწრი და ნაჩხვლეტი ჭრილობის შემთხვევაშია მოსალოდნელია, როდესაც ჭუჭყი კანქვეშ ღრმად შეაღწევს. თითქმის ყოველთვის ინფიცირდება ჭრილობები, რომლებშიც უცხო სხეულია ჩარჩენილი. რაც უფრო დიდხანს რჩება ჭრილობა დაბინძურებული, მით უფრო მაღალია ინფექციის განვითარების ალბათობა.
დასაწყისში ჭრილობა მტკივნეულია, თუმცა, მომდევნო დღეებში ტკივილი იკლებს. თუ ნერვები ან მყესებია დაზიანებული, დაზარალებულს შესაძლოა სხეულის გარკვეული ნაწილების მოძრაობა შეეზღუდოს. ნერვის დაზიანება სისუსტეს ან დამბლის განვითარებას, მგრძნობელობის დაკარგვას ან დაბუჟებას იწვევს. თუ ნაჩხვლეტ ჭრილობაში უცხო სხეულია ჩარჩენილი, ჩვეულებრივ, შეხებისას მტკივნეულობა აღინიშნება.
ტკივილის გაძლიერება ჭრილობის მიღებიდან მომდევნო დღეების განმავლობაში ხშირად ინფექციის პირველი ნიშანია. მოგვიანებით ინფიცირებული ჭრილობა წითელი ფერის ხდება, შუპდება, ჭრილობიდან ჩირქდენა იწყება. შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის მომატება.
ჭრილობის მკურნალობის პირველი საფეხური სისხლდენის შეჩერებაა. ხილული სისხლდენის შეჩერება თითქმის ყოველთვის არის შესაძლებელი სისხლდენის კერაზე თითებით ან ხელით ხუთიოდე წუთის განმავლობაში ზეწოლით. თუ შესაძლებელია, სისხლმდენი უბანი გულის დონეზე მაღლა უნდა განთავსდეს, მაგალითად – კიდური მაღლა აიწიოს. ლახტის დადებისას წყდება სხეულის გარკვეული ნაწილის სისხლით მომარაგება და, შესაბამისად, ჟანგბადით უზრუნველყოფა, ამიტომ ის მხოლოდ მძიმე დაზიანების დროს გამოიყენება (მაგალითად, ბრძოლის ველზე).
ინფექციის თავიდან ასაცილებლად ჭუჭყი უნდა მოსცილდეს და ჭრილობა ჩამოირეცხოს. ჭუჭყის დიდი ზომის ხილული ნაწილები ხელით სცილდება, ხოლო მცირე ზომისა – საპნით და სუფთა წყლით ჩამოიბანება. თუ ამის მიუხედავად ჭუჭყის ნაწილაკები კვლავ რჩება ჭრილობაში, თბილი წყლის ძლიერი ჭავლით ჩამორეცხვაა სასურველი. არ არის რეკომენდებული ისეთი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ალკოჰოლი (სპირტი), იოდი და წყალბადის ზეჟანგი. ყველა ჩამოთვლილი დამატებით აზიანებს ქსოვილებს და აფერხებს შეხორცების პროცესს. თუ ჭრილობა ღრმაა, მისი გულდასმით გაწმენდაა საჭირო. მცირე ზომის ჭრილობა შეიძლება დაიფაროს საფენებით, ღრმა ან დიდი ზომის ჭრილობას ნაკერების დადება სჭირდება. ჭრილობის გასუფთავების და, თუ საჭირო გახდა, დახურვის შემდეგ, ანტიბიოტიკის შემცველი მალამო და სახვევი გამოიყენება.
სამედიცინო დახმარება საჭირო ხდება შემდეგი გარემოებების დროს:
ნებისმიერი ჭრილობის მკურნალობისას, ოჯახის წევრმა თუ სამედიცინო პერსონალმა მკურნალობის პირველ დღეებში გულდასმით უნდა ადევნოს თვალი და დროულად დააფიქსიროს ინფექცის ნიშნები. მათი გამოვლენიდან რამდენიმე საათში აუცილებელია სამედიცინო დახმარება. მცირე ზომის ჭრილობების უმეტესობა რამდენიმე დღეში ხორცდება.