წვივის მოტეხილობა: დიდი წვივის ძვლის სხეულის (მდებარეობს მუხლსა და კოჭს შორის) მოტეხილობა, ჩვეულებრივ დიდი ძალის ზემოქმედების შედეგად ვითარდება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, შეჯახება, თხილამურებით სრიალის დროს დაცემა, ქვეითად სიარულის დროს ავტომობილის დაჯახება. მოტეხილობის აღნიშნული სახეობა ძალზე სერიოზული შეიძლება იყოს, განსაკუთრებით კანის, კუნთების, ნერვების ან სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. დაზიანებამ ზეწოლის სინდრომიც შეიძლება გამოიწვიოს.
წვივის დახურული მოტეხილობის დროს საჭიროა თაბაშირის ნახვევი მუხლის ზემოთ მდებარე მიდამოს ჩათვლით; მოგვიანებით ის იცვლება თაბაშირის ნახვევით მუხლს ქვემოთ მდებარე მიდამოდან მოყოლებული. თაბაშირის ნახვევი, ჩვეულებრივ 3 თვით იდება, თუმცა შეხორცების პროცესი გაცილებით ხანგრძლივია. დახურული მოტეხილობების მკურნალობა უხშირესად ქირურგიული მეთოდით ტარდება – მეტალის ღეროს ან ფირფიტების გამოყენებით. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, თაბაშირის ნახვევი საჭირო არ არის და რეაბილიტაციის დაწყება მალევე შეიძლება. თუ კანი მძიმედაა დაზიანებული და ძვალი გაშიშვლებულია, გარეგანი ფიქსატორი (უჟანგავი ფოლადის ღეროებისა და მეტალის სამაგრებისგან შემდგარი აპარატი, რომელიც კანის გავლით ძვალში მაგრდება) გამოიყენება.
ბარძაყის ძვლის მოტეხილობა: ბარძაყის ძვლის სხეულის (მუხლს ზემოთ მდებარე დიდი ძვალი) მოტეხილობა მძიმე ტრავმაა, რომელიც ძირითადად სიმაღლიდან გადმოვარდნის ან მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილით საგზაო შემთხვევის შედეგად ვითარდება. პაციენტის კლინიკაში გადასაყვანად სპეციალური დამჭიმავი აღჭურვილობის გამოყენებაა საჭირო. მოზრდილებს შორის ამგვარი მოტეხილობის მკურნალობა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევით ხორციელდება და მოტეხილი ფრაგმენტების ჩასწორება მეტალის ღეროებით ან ფირფიტებით ტარდება (პროცედურა ცნობილია, როგორც ღია ჩასწორება და შინაგანი ფიქსაცია – ORIF). ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტების უმრავლესობა ყავარჯნების გამოყენებით სიარულს მალევე იწყებს.