1. ხერხემლის კომპრესიული (ჩაჭედილი) მოტეხილობა
  2. მოტეხილობები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ხერხემლის კომპრესიული (ჩაჭედილი) მოტეხილობა

  • ჩაჭედილი მოტეხილობის განვითარება ოსტეოპოროზის მქონე ხანდაზმულებს შორის მსუბუქი ტრავმითაც კი შესაძლებელია;

  • მოტეხილობის ირგვლივი მიდამო მტკივნეულია; ტკივილი უარესდება სიარულის, დგომის და ხანგრძლივად ჯდომისას;

  • ხერხემლის მოტეხილობის დიაგნოზი რენტგენოგრაფიის მონაცემებს ეფუძნება;

  • მკურნალობა მოიცავს კორსეტის ტარებას, შემამსუბუქებელ ღონისძიებებს და ზოგჯერ ძვლის ცემენტის შეყვანას მოტეხილ ძვალში.

ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობის დროს ხერხემლის ძვლის ცილინდრული ფორმის ნაწილი (მალა), რომელიც ხერხემლის სვეტს ქმნის და რომელზეც სხეულის მასით ძირითადი დატვირთვა მოდის, სოლისებურად ჩაიჭედება ხოლმე. ამგვარი მოტეხილობა ძირითადად ოსტეოპოროზის მქონე ხანდაზმულ პირებს უვითარდება.ზოგჯერ ხერხემალში ლიკალიზებული სიმსივნე მის დასუსტებას და ჩაჭედილ მოტეხილობას იწვევს. ჩაჭედილი მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ტრავმების, კიბეებზე ასვლის, წინ დახრის ან ფეხის დაცდენის დროს. ზოგჯერ პაციენტს შეიძლება არც კი ახსოვდეს ის ინციდენტი, რომელმაც მოტეხილობა გამოიწვია.

ხერხემლის სხვა მოტეხილობები სხვა თავშია განხილული.

სიმპტომები

ჩაჭედილი მოტეხილობა მუდმივ, ყრუ ტკივილს იწვევს ზურგში. ტკივილი შეიძლება გაუარესდეს დგომის, სიარულის ან ხანგრძლივი ჯდომისას. ზურგზე მსუბუქად დარტყმისას პაციენტს დისკომფორტის შეგრძნება აქვს. იმის გამო, რომ ხერხემალი ზურგის ტვინსა და ნერვებს მოიცავს, იშვიათად მათი დაზიანებაც შესაძლებელია, რაც დამბლის განვითარებას და მგრძნობელობის დაკარგვას იწვევს. ნერვის დაზიანების სხვა სიმპტომებია ტკივილის გადაცემა ფეხში, ფეხის კუნთების სისუსტე და უნებლიე შარდვა და ნაწლავების მოქმედება (შეუკავებლობა).

თუ ჩაჭედილი მოტეხილობა დროთა განმავლობაში რამდენიმე მალაში განვითარდა, აღინიშნება სიმაღლის რამდენიმე სანტიმეტრით შემცირება, კუზის განვითარება და გამართულად დგომის შეუძლებლობა.

დიაგნოზი

დიაგნოზის დასადასტურებლად, ხერხემლის სტაბილურობის შესაფასებლად და სიმსივნის გამოსარიცხად რენტგენოგრაფია გამოიყენება.

მკურნალობა

კორსეტი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ხერხემლის ქვედა ნაწილში არსებული მოტეხილობის დროს, ამცირებს ტკივილს და პაციენტს საშუალება ეძლევა, სწრაფად დაუბრუნდეს ყოველდღიურ აქტივობებს. დასაწყისში, რამდენიმე დღით, შესაძლებელია საჭირო გახდეს წოლითი რეჟიმი, თუმცა, შეძლებისდაგვარად მალე წამოდგომა და ხანმოკლე გასეირნებები იცავს ადამიანს ფუნქციის შეზღუდვისა და ძვლის სიმკვრივის შემდგომი გაუარესებისგან.

ხანდაზმულებს შორის ხერხემლის ჩაჭედილი მოტეხილობა, რომელიც არ არის გართულებული არასტაბილურობით, ნერვების დაზიანებით ან სიმსივნური პროცესით, ნელა, მაგრამ ჩარევის გარეშე ხორცდება. მკურნალობა ხშირად მხოლოდ დამშვიდებით და მხარდაჭერით შემოიფარგლება.

ზოგჯერ ტკივილის შესამსუბუქებლად, სიმაღლის აღსადგენად და გარეგნობის გასაუმჯობესებლად მინიმალურად ინვაზიური ორი პროცედურა ტარდება:

  • ვერტებროპლასტიკა: აკრილის ძვლის ცემენტი, სახელად – პოლიმეთილმეთაკრილატი ინექციით შეჰყავთ მოტეხილ მალაში. აღნიშნულ პროცედურას ერთ მალაზე დაახლოებით საათი სჭირდება;

  • კიფოპლასტიკა: მსგავსი პროცედურაა – მალაში ბუშტი იდგმება და იბერება, რაც აღადგენს მალის ნორმალურ ფორმას. ამის შემდეგ ძვლის ცემენტი შეჰყავთ.

ჩამოთვლილი პროცედურებიდან არც ერთი არ ამცირებს მიმდებარე მალების ან ნეკნების მოტეხილობის რისკს, უფრო მეტიც, რისკი შეიძლება გაიზარდოს; სხვა რისკებია ცემენტის გაჟონვა და გულისა და ფილტვების შესაძლო პრობლემები.