მწვავე რესპირაციული სინდრომი | მკურნალი.გე
  1. მწვავე რესპირაციული სინდრომი
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
მწვავე რესპირაციული სინდრომი

მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი რესპირაციული დაავადებაა, რომელსაც იწვევს coronavirus.

მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი (მმრს) პირველად აღმოჩენილი იყო ჩინეთში 2002 წელს, შემდეგ 2003 წელს მსოფლიო მასშტაბით მოხდა დაავადების აფეთქება, რომლის დროს დაახლოებით 8500 ადამიანი დაინფიცირდა და მან 29 ქვეყანა, მათ შორის კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიცვა. 2004 წლიდან 2006 წლამდე ამ დაავადების არცერთი შემთხვევა არ არის აღწერილი.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები იწყება ვირუსთან კონტაქტიდან მე-2-მე-10 დღეს. პირველი სიმპტომები ისეთივეა, როგორც სხვა უფრო გავრცელებული ინფექციების დროს და მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს, შემცივნებას და სუნთქვის გაძნელებას. ცხვირიდან გამონადენი და ყელის ტკივილი არ არის დამახასიათებელი. დაახლოებით 3-7 დღის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება. ადამიანების უმრავლესობა 1-2 კვირაში გამოჯანმრთელდება. მაგრამ 10-20%-ს უვითარდება მძიმედ გამოხატული სუნთქვის გაძნელება, რომელიც გამოწვეულია სისხლში ჟანგბადის ნაკლებობით. ასეთი ადამიანების თითქმის ნახევარს ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება სუნთქვის უკმარისობის გამო. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი მძიმე მიმდინარეობა ადამიანების მხოლოდ მცირე რაოდენობას აღენიშნებოდა.

ინფიცირებული ადამიანების 20% კვდება. სიკვდილის მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობაა.

მმრს-ს დიაგნოზზე შეიძლება ეჭვის მიტანა, თუ ადამიანებს კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ პიროვნებასთან და აქვთ ცხელება, ხველა ან გაძნელებული სუნთქვა. თუ ექიმი იფიქრებს მმრს-ს დიაგნოზზე, ჩვეულებრივ კეთდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ვირუსის იდენტიფიცირების მიზნით ექიმმა შეიძლება აიღოს პაციენტის ცხვირისა და სხვადასხვა ორგანოს სეკრეტის ნაცხი გამოსაკვლევად. ასევე შეიძლება ნახველის ნიმუში იქნას გამოკვლეული.

პრევენცია და მკურნალობა

მოგზაურობის წინ მმრს-გან დაცვის მეთოდების შესახებ ადამიანმა ინფორმაცია უნდა მიიღოს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან. ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული. გამონაკლისს შეადგენენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ახლო კონტაქტი ჰქონდათ მმრს-ით ინფიცირებულ პირთან (როგორიცაა ოჯახის წევრები, თვითმფრინავის პერსონალი ან ჯანდაცვის მუშაკები). თუ მათ არ განუვითარდათ სიმპტომები, შეუძლიათ გააგრძელონ სიარული სამსახურში, სკოლაში და სხვა აქტივობებზე. თუ მათ გამოუვლინდათ ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთების ტკივილი, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, მათ თავი უნდა აარიდონ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს და მიმართონ ექიმს.

თუ ექიმი იფიქრებს, რომ პიროვნებას აქვს მმრს, იგი იზოლირებული უნდა იყოს ცალკე ოთახში, რომელსაც გააჩნია სავენტილაციო სისტემა, რათა შეიზღუდოს მიკროორგანიზმების გავრცელება ჰაერში.

ექიმს შეუძლია სცადოს მმრს-ს სინდრომის მკურნალობა ანტივირუსული პრეპარატებით, როგორიცაა ოსელტამივირი და რიბავირინი და ასევე კორტიკოსტეროიდები. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება ამ მედიკამენტებით ან სხვა პრეპარატებით მკურნალობის ეფექტურობის შესახებ. ვირუსი დროთა განმავლობაში ქრება. მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები არ საჭიროებენ მკურნალობას. მათ, ვისაც გამოხატული აქვს საშუალო სიმძიმის სუნთქვის გაძნელება, შეიძლება დასჭირდეთ ჟანგბადის მიწოდება პლასტიკური ნაზალური მილით ან სახის ნიღაბით. იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმედ გამოხატული სუნთქვის გაძნელება აქვთ, შეიძლება დასჭირდეთ მექანიკური ვენტილაცია.