მტევნის მოტეხილობა | მკურნალი.გე
  1. მტევნის მოტეხილობა
  2. მოტეხილობები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
მტევნის მოტეხილობა

მტევნის მოტეხილობა მაჯის (კარპალური), ხელისგულის (მეტაკარპალური) ან თითების და ცერის (ფალანგების) ძვლების დაზიანებებს მოიცავს. ხელის ნორმალური ფუნქცია კუნთების, მყესების, იოგების, სახსრების და, რა თქმა უნდა, ძვლების რთული ურთიერთქმედების შედეგია. ამიტომაც ერთი შეხედვით მცირე მოტეხილობამ შეიძლება რბილი ქსოვილების სერიოზული დაზიანება და, არასწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში, უნარების შეზღუდვა, რიგიდობა, სისუსტე ან დეფორმაცია გამოიწვიოს.

მაჯის მოტეხილობა: მაჯის ძვლებიდან, ყველაზე ხშირი ნავისებური ძვლის მოტეხილობაა.ამ ძვლის მოტეხილობა გამართული ხელით დაცემისას ვითარდება. აღინიშნება ტკივილი მაჯის ტრიალის დროს და, განსაკუთრებით, მგრძნობელობის მომატება ცერის ფუძესთან არსებულ ჩაღრმავებაზე ზეწოლისას ან ტკივილი ცერის ხელისგულისკენ მოხრისას. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში საწყისი რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგი ნორმის ფარგლებშია, მოტეხილობაზე ეჭვის დროს საჭიროა ელასტიკური სახვევით იმობილიზაცია და განმეორებითი რენტგენოლოგიური გამოკვლევა 7-10 დღის შემდეგ ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც, რენტგენოგრაფიასთან შედარებით, უფრო მგრძნობიარეა. მოტეხილობის მკურნალობა ცერის თავთავისებრი არტაშანით იმობილიზაციით ტარდება. ნავისებური ძვლის მოტეხილობა ცუდად ხორცდება, რადგან მოტეხილობის დროს სისხლის მიწოდებაც ზიანდება. შემთხვევათა 5%-ში, მკურნალობის მიუხედავად, ძვალი საბოლოოდ კვდომას განიცდის (ნეკროზდება). ასეთ შემთხვევაში, ძვლის გადანერგვა შეიძლება გახდეს საჭირო.

ნების ძვლების (მეტაკარპალური) მოტეხილობა: ნების მე-4 და მე-5 ძვლების (უკავშირდებიან მე-4 და ნეკა თითს) ბოლოების მოტეხილობა ძირითადად შეკრული მუჭის მყარ საგანზე მოხვედრისას ვითარდება. აღნიშნულ მოტეხილობას ბოქსიორის მოტეხილობა ეწოდება. იწვევს ფალანგების შეშუპებას და ტკივილს. მკურნალობა არტაშანით ტარდება. ჩასწორებას მხოლოდ შეცილებული მოტეხილობის ან ძვლის შემობრუნების დროს იყენებენ. მკურნალობის შემდეგ თითის ფუნქცია ჩვეულებრივ კარგად აღდგება.

თითის მოტეხილობა: თითის მოტეხილობა ძირითადად მყესებისა და სასახსრე კაფსულის მიმაგრების ადგილზე ვითარდება. თითის ჩაქუჩისებრი დაზიანება ეწოდება ფალანგის დაბოლოების ჩამოვარდნას, რაც გამშლელი მყესის მიმაგრების ადგილიდან აგლეჯის შედეგია. ხშირი მიზეზია ბეისბოლის თამაში დროს თითის ტრავმირება (ბეისბოლის მოთამაშის თითი). თითის მსუბუქი ტრავმის დროს ეფექტურია არტაშანით იმობილიზაცია 6-10 კვირის განმავლობაში, მაგრამ თუ მოტეხილობა მნიშვნელოვნად ცვლის სახსრის ზედაპირს, ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო.

თითის ბოლოს მოტეხილობა ძირითადად დარტყმის, მაგალითად, ჩაქუჩის დარტყმის, შედეგად ვითარდება. ფრჩხილის საწოლის დაზიანების გამო შესაძლებელია სისხლის დაგროვება ფრჩხილს ქვემოთ (ფრჩხილქვეშა ჰემატომა) და ძლიერი მტკივნეულობა, მოშავო-მოლურჯო შეფერილობის აღმოცენება. ფალანგების მოტეხილობის მკურნალობა თითზე დამცავი საშუალების შემოხვევით ტარდება (როგორიცაა კომერციული ალუმინის და ღრუბლისებრი არტაშანი). ფრჩხილქვეშა ჰემატომის დრენირებას ექიმები ფრჩხილზე ნემსით ან ცხელი სადენით (ელექტროკაუტერი) პატარა ხვრელის გაკეთებით მარტივად ახერხებენ.

დიდი, შეცილებული მოტეხილობა ქირურგიული წესით აღდგება. მგრძნობელობის პათოლოგიური მომატება (ჰიპერესთეზია), ხშირად, მოტეხილობის შეხორცების შემდეგ კიდევ დიდხანს გრძელდება. შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის ჩატარება ჰიპერესთეზიის დასაქვეითებლად (დესენსიტიზაციური მკურნალობა).