1. ქვედა კიდურის დაზიანებები
  2. სპორტული ტრავმები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ქვედა კიდურის დაზიანებები

ქვედა კიდურის ტიპურ დაზიანებებს მიეკუთვნება: წვივის წინა მიდამოს ტკივილი, კოჭ-წვივის სახსრის დაჭიმულობა, აქილევსის მყესის ანთება (ტენდინიტი), აქილევსის მყესის გაგლეჯა და ტერფის სტრესული მოტეხილობები.

წვივის ტკივილი

წვივის ტკივილი ეწოდება ტკივილს ქვედა კიდურში, რომელიც მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, თუმცა ტიპურია მისი აღმოცენება სირბილის ან ხანგრძლივი სიარულის შედეგად.

  • ტკივილი შეიძლება გამოვლინდეს მუხლს ქვემოთ, წინა ან უკანა ზედაპირზე;

  • ეფექტურია ყინულის დადება, ანალგეზიური საშუალებები, მოსვენება და დაჭიმვითი ვარჯიშები.

სირბილის ან ხანგრძლივი სიარულის (მაგალითად ლაშქრობის) დროს ქვედა კიდურებზე ზეწოლის განმეორებითმა ზემოქმედებამ შესაძლოა ქვედა კიდურების კუნთებისა და მყესების გადატვირთვა და წვივის არეში ტკივილი გამოიწვიოს. ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს ტერფის ზომაგადასულმა გარეთ მობრუნებამ (სუპინაცია).

სიმპტომები და დიაგნოზი

ტკივილი შესაძლოა იგრძნობოდეს წვივის წინა გარეთა ან უკანა შიგნითა ნაწილში. წვივის ტკივილი აქტივობის დაწყებასთან ერთად იწყება, თუმცა სიარულის გაგრძელებისას შეიძლება შემცირდეს. თავდაპირველად ტკივილი ჩნდება მხოლოდ ქუსლის მიწასთან შეხების შემდეგ, სიარულის ან სირბილის დაწყების დროს.

სირბილის გაგრძელების შემთხვევაში, ტკივილი თავს იჩენს თითოეულ ნაბიჯზე და საბოლოოდ მუდმივ ხასიათს იღებს. ტკივილი მოსვენებასთან ერთად გაივლის.

ექიმები წვივის ტკივილის დიაგნოზს სიმპტომების და ფიზიკური გასინჯვის მონაცემების საფუძველზე სვამენ.

მკურნალობა

სირბილი უნდა შეწყდეს მანამ, სანამ უმტკივნეულო არ გახდება. ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია ყინულის დადებით და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით. ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება შესაძლებელია ალტერნატიული სავარჯიშოებით, როგორიცაა ცურვა.

წვივის მიდამოს ტკივილის შემცირებასთან ერთად, შეიძლება კუნთების დამჭიმავი და გამამაგრებელი ვარჯიშების დაწყება, როგორიცაა ვარჯიში სათლის სახელურით. ვარჯიშების შესრულება მნიშვნელოვანია დაზიანების გამეორების პრევენციისთვის. წვივის ტკივილის ხელახლა განვითარების პრევენციისათვის აგრეთვე ეფექტურია ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება რიგიდული ქუსლის საყრდენითა და თაღის დამჭერით, ასევე დაქანებულ ან მკვრივ ზედაპირზე სირბილისთვის თავის არიდება.

აქილევსის ტენდინიტი

აქილევსის ტენდინიტი, აქილევსის მყესის – კანჭის კუნთებიდან ქუსლამდე გადაჭიმული დრეკადი და მოქნილი ქსოვილის – ანთებაა.

აქილევსის ტენდინიტი ხშირია მორბენლებს შორის. სირბილის დროს, კანჭის კუნთები მონაწილეობს აზიდვის (ტერფის სწორი მდგომარეობიდან ფეხის თითებზე აწევა) ფაზაში. ამ დროს განვითარებული ძალის განმეორებად ზემოქმედებას, ვარჯიშის შემდგომ არასაკმარის დასვენებასთან ერთად, შეუძლია აქილევსის მყესის ანთების გამოწვევა.

ტენდინიტის პირველი ნიშანია ტკივილი კანჭის ქვედა ნაწილსა და ქუსლის უკან. ექიმები აქილევსის მყესის ანთების დიაგნოზს სიმპტომების და ფიზიკური გასინჯვით მიღებული შედეგების მიხედვით სვამენ. ანთებასა და ტკივილს ამცირებს ყინულის დადება და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. მნიშვნელოვანია, ტკივილის დროს სირბილისგან და ველოსიპედის ტარებისგან თავშეკავება. წვივის უკანა ჯგუფის კუნთების დამჭიმავი და გამაძლიერებელი სავარჯიშოები შესაძლებელია მას შემდეგ, როცა მათ შესრულებას ტკივილი არ ახლავს.სხვა ღონისძიებები დამოკიდებულია ტენდინიტის გამომწვევ მიზეზებზე. ასეთი ღონისძიებები შესაძლოა გულისხმობდეს ელასტიკური ლანჩის მქონე ფეხსაცმლის ტარებას ან დაჭიმულობის შესამცირებლად და ქუსლის სტაბილიზაციისათვის – სირბილისთვის განკუთვნილ ფეხსაცმელში ქუსლის ასამაღლებელი საშუალებების ჩადგმას. პაციენტები სირბილს თანდათან უნდა დაუბრუნდნენ, სირბილის წინ საჭიროა მყესის დაჭიმვა, დასაწყისში – სირბილის შემდეგ ყინულის დადება.

აქილევსის მყესის გაგლეჯა

სპორტულმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს აქილევსის მყესის – კანჭის კუნთებიდან ქუსლამდე გადაჭიმული დრეკადი და მოქნილი ქსოვილის – სრული გაგლეჯა.

აქილევსის მყესის სრული გაგლეჯა, უფრო ხშირად საშუალო ასაკის სპორტსმენების ხვედრია, ვიდრე ახალგაზრდებისა. განსაკუთრებით ხშირია იმ პირებს შორის, ვინც ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას სათანადო ფიზიკური მომზადების, დაჭიმვის ან ორივეს გარეშე ეწევა. მყესის გაგლეჯა უეცარი, მკვეთრი მოძრაობის დროს ვითარდება.

დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი წვივის არეში და ნორმალურად სიარულის შეუძლებლობა. დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ფიზიკური გასინჯვის მონაცემებს ეფუძნება. ზოგჯერ საჭირო ხდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევაა რეკომენდებული.

კოჭ-წვივის დაჭიმულობა

კოჭ-წვივის დაჭიმულობა კოჭ-წვივის სახსრის არეში არსებული იოგების (მტკიცე ელასტიკური ქსოვილი, რომელიც ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებს) დაზიანებაა.

  • კოჭ-წვივის დაჭიმულობა, უხშირესად ვითარდება უსწორმასწორო ზედაპირზე სირბილის ან სიარულისას ტერფის შიგნით გადაბრუნებისას, რაც კოჭ-წვივის სახსრის იოგების ზედმეტად გადაჭიმვას იწვევს;

  • კოჭ-წვივის სახსრის მიდამო, ჩვეულებრივ, შეშუპებული და მტკივნეულია.

  • დიაგნოზი გასინჯვის მონაცემებს ეფუძნება, ზოგჯერ რენტგენოგრაფია ხდება საჭირო;

  • სამკურნალოდ რეკომენდებულია მოსვენება (rest), ყინულის დადება (ice), ნახვევით კომპრესია (compression) და კიდურის შემაღლება (elevation) – (RICE), ხშირად კოჭ-წვივის სახსრის დაცვას ფიქსატორით ან სპეციალური მოსახსნელი ჩექმით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად კოჭ-წვივის სახსრის დაჭიმვის 25000 შემთხვევა ფიქსირდება. დაჭიმულობები, ჩვეულებრივ, მაშინ ვითარდება, როდესაც ტერფი შიგნით ბრუნდება, რაც ფეხისგულის მეორე ტერფისკენ მიქცევას იწვევს. ამ ტიპის მოძრაობას ტერფის გადაბრუნებას უწოდებენ. აღნიშნული ტრავმა, ჩვეულებრივ, კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე არსებული იოგების დაზიანების მიზეზი ხდება (ასევე უწოდებენ ინვერსიულ დაჭიმულობას) და ის უსწორმასწორო ზედაპირზე სიარულის, განსაკუთრებით ქვაზე ან რაიმეს კიდეზე დაბიჯების დროს ვითარდება. კოჭის გარეთა მიმართულებით გადაბრუნების და, შესაბამისად, დაჭიმულობის რისკი იზრდება ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • ძველი დაჭიმულობის შედეგად მოდუნებულია კოჭ-წვივის სახსრის იოგოვანი აპარატი;

  • სახეზეა წვივის კუნთების სისუსტე ან ნერვების დაზიანება;

  • გარკვეული სახის ფეხსაცმლის ტარებისას (მაღალი და წვრილი ქუსლი);

ზოგჯერ ზიანდება კოჭ-წვივის სახსრის სხვა იოგები. ეს დაზიანება, ჩვეულებრივი ფეხის გადაბრუნების დროს განვითარებულ დაჭიმვასთან შედარებით, უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს. ასეთებია, მაგალითად, კოჭ-წვივის სახსრის შიგნით მდებარე დიდი, ძლიერი იოგის ან კოჭ-წვივის სახსრის ზემოთ მდებარე, წვივის ძვლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი იოგის დაჭიმვა (კოჭის მაღალი დაჭიმულობა).

სიმპტომები

დაჭიმულობის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაიჭიმა იოგები ან გაიგლიჯა.

  • მსუბუქი ხარისხის დაჭიმვა:იოგები შეიძლება დაიჭიმოს, მაგრამ არ გაიგლიჯა, თუ არ ჩავთლით მხოლოდ მიკროსკოპულ ცვლილებებს. კოჭის-წვივის სახსრის არეში ძლიერი ტკივილი ან შეშუპება, ჩვეულებრივ, არ აღინიშნება, თუმცა მსუბუქი ხარისხის დაჭიმულობის დროს იზრდება განმეორებითი დაზიანების რისკი. გამოჯანმრთელებას რამდენიმე საათი ან დღე სჭირდება;

  • საშუალო ხარისხის დაჭიმვა: იოგი ნაწილობრივ იგლიჯება. ხშირია ხილული შეშუპება და სისხლჩაქცევები, სიარული მტკივნეული და გაძნელებულია. შეხორცებას დღეები ან კვირები სჭირდება. საშუალო სიმძიმის და მძიმე დაჭიმულობის დროს, შესაძლებელია პროპრიოცეფციის დარღვევა (ტვინის მიერ ტერფის და კოჭ-წვივის მდებარეობის შეგრძნების დარღვევა მხედველობითი კონტროლის გარეშე);

  • მძიმე ხარისხის დაჭიმვა: ვითარდება იოგების სრული გაგლეჯა, რაც გამოხატულ შეშუპებას და სისხლჩაქცევებს იწვევს. კოჭ-წვივის სახსარი არასტაბილურია და მასზე სხეულის მასით დაყრდნობა შეუძლებელია. შეხორცებას, ჩვეულებრივ, 6-დან 8 კვირამდე სჭირდება. როდესაც სპორტსმენები შეუზღუდავ აქტივობას სრულყოფილ შეხორცებამდე უბრუნდებიან, იმატებს ახალი დაზიანების განვითარების და უსწორმასწორო ზედაპირზე სიარულის გაძნელების ალბათობა. გარდა ამისა, კოჭ-წვივის მძიმე დაჭიმულობის დროს კოჭ-წვივის სახსარში შემავალი ძვლების გლუვი ხრტილოვანი ზედაპირის (სასახსრე ხრტილი) დაზიანებამ ხანგრძლივი ტკივილი, შეშუპება, პერიოდულად სიარულის გაძნელება და ფეხის უნებლიედ გადაბრუნება, ახალგაზრდა ასაკში კი კოჭ-წვივის სახსრის ანთება გამოიწვიოს.

დიაგნოზი

კოჭ-წვივის მიდამოს ფიზიკურ გასინჯვას იოგების დაზიანების სიმძიმეზე გარკვეული ინფორმაციის მოწოდება შეუძლია. ხშირად რენტგენოგრაფიული გამოკვლევაც ტარდება ძვლების მოტეხილობის გამოვლენის მიზნით, თუმცა აღნიშნული კვლევა იოგების მდგომარეობის შეფასების საშუალებას არ იძლევა. კოჭ-წვივის რენტგენოგრაფია, ისეთ პოზიციაში, როდესაც იოგები იჭიმება (სტრეს-რენტგენოგრაფია), ისევე, როგორც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, წარმოდგენას იძლევა იოგების დაზიანების გავრცელებაზე, თუმცა აღნიშნული კვლევები კოჭ-წვივის დაჭიმულობის შემთხვევების უმრავლესობაში საჭირო არ არის. ართროსკოპიას (სახსრის დათვალიერება შიგნიდან, სპეციალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მილის გამოყენებით) იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც ექიმს წვივის ძვლების ხრტილოვანი დაბოლოების დაზიანებაზე აქვს ეჭვი ან თუ დაჭიმულობა მძიმე ხარისხისაა, ან არ ხორცდება.

მკურნალობა

ტკივილის შესამცირებლად არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და RICE (rest/მოსვენება,ice/ყინულის დადება,compression/კომპრესია და elevation/კიდურის შემაღლება)გამოიყენება. სხვა მკურნალობა დამოკიდებულია დაჭიმულობის სიმძიმეზე.

მსუბუქი დაჭიმულობისას რეკომენდებულია ყინულის დადება, კოჭ-წვივის სახსრის და ტერფის ელასტიკური სახვევით ან ლენტით შეხვევა, კიდურის შემაღლება და, დაჭიმულობის შეხორცების შემდეგ, სიარულის და ვარჯიშის მოცულობის თანდათანობით გაზრდა. მსუბუქი დაჭიმულობის მქონე პაციენტების უმრავლესობისთვის სიარული და ვარჯიში სპეციალური დამხმარე ფეხსაცმლის გამოყენებისთანავეა შესაძლებელი.

საშუალო სიმძიმის დაჭიმულობის დროს დასაწყისში ფიქსატორს ან სპეციალურ მოსახსნელ ჩექმას იყენებენ. ფიზიკური თერაპია მნიშვნელოვანია შეშუპების შემცირების, მოძრაობის სიფართოვისა და პროპრიოცეფციის შენარჩუნების, კოჭ-წვივის სახსრის ირგვლივ არსებული კუნთების ძალის თანდათანობით გაზრდის უზრუნველსაყოფად, რაც კოჭ-წვივის სახსრის არასტაბილურობის და განმეორებითი დაჭიმულობის თავიდან აცილებას უწყობს ხელს.

მძიმე ხარისხის დაჭიმულობას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. მკურნალობის გარეშე მოსალოდნელია კოჭ-წვივის სახსრის არასტაბილურობა და შეშუპება დიდი ხნის განმავლობაში. იმობილიზაცია კოჭ-წვივის ფიქსატორით ან სპეციალური მოსახსნელი ჩექმის გამოყენებით ტარდება. ზოგჯერ ყავარჯნები და სპეციალისტთან გაგზავნა ხდება საჭირო. ქირურგიული ჩარევის საკითხი საკამათოა. ექსპერტების უმრავლესობის აზრით გაგლეჯილი იოგის ქირურგიულ აღდგენას, არაქირურგიულ მკურნალობასთან შედარებით, უპირატესობა არ გააჩნია. ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომელთა მიზანია მოძრაობის და კუნთების ძალის აღდგენა, წონასწორობის გაუმჯობესება, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს. ამ ღონისძიებებმა შეიძლება დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი.

ტერფის ძვლების სტრესული მოტეხილობა

სტრესული მოტეხილობა ძვლების მცირე ზომის, არასრული მოტეხილობაა, რომელიც განმეორებადი დატვირთვის და არა ტრავმის შედეგია.

  • ტკივილი სხეულის მასით დატვირთვასთან ერთად იწყება და თანდათან უარესდება;

  • სადიაგნოზოდ რენტგენოგრაფია ან ძვლების სკანირება ტარდება;

  • არ შეიძლება მოტეხილი ნაწილის წონით დატვირთვა 6-დან 12 კვირამდე დროის განმავლობაში.

სტრესული მოტეხილობა ვითარდება, როდესაც წონით განმეორებადი დატვირთვა ტერფის კუნთოვანი და მყესოვანი აპარატის ამორტიზაციის უნარს აღემატება. სტრესული მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს ბარძაყის, მენჯის ან წვივის არეში. შემთხვევათა ნახევარზე მეტი ფეხის ქვედა ნაწილს მოიცავს – უხშირესად ტერფის შუა ნაწილს (მეტატარზულ ძვლებს).

სტრესული მოტეხილობა ტრავმის შედეგად (მაგალითად, დაცემა ან რაიმეს მოხვედრა) არ ვითარდება; მისი განვითარება მოსალოდნელია განმეორებადი დატვირთვის ან გადატვირთვის შემდეგ. მეტატარზული ძვლების სტრესული მოტეხილობა (მარშის მოტეხილობა) ძირითადად უვითარდებათ მორბენალებს, რომლებიც ძალიან სწრაფად ცვლიან დატვირთვის ინტენსივობას და ხანგრძლივობას, ახალწვეულებს ფიზიკური მომზადების გარეშე დიდ მანძილზე ტვირთით სიარულის შემთხვევაში. სხვა რისკის ფაქტორებია ტერფის მაღალი თაღი, ფეხსაცმელები, რომლებიც არასათანადოდ ანეიტრალებს რყევას სიარულის დროს და ძვლების გათხელება (ოსტეოპოროზი).

სტრესული მოტეხილობის რისკი უფრო მაღალი აქვთ ქალებს და გოგონებს, რომლებიც ზომაგადასულად ვარჯიშობენ და არასათანადოდ იკვებებიან (მაგალითად, გრძელ დისტანციაზე მორბენლები და ზოგიერთი სპორტის სახეობის წარმომადგენლები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ გარეგნობას). ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა (ამენორეა) და ოსტეოპოროზის განვითარება. აღნიშნული მდომარეობა ათლეტი ქალის ტრიადად იწოდება (ამენორეა, კვებითი ჩვევების ცვლილება და ოსტეოპოროზი).

სიმპტომები

ტერფის შუა ნაწილის (მეტატარზული) სტრესული მოტეხილობის დროს ხშირად, ხანგრძლივი ან ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, თავს იჩენს ტერფის წინა ნაწილის ტკივილი, რომელიც ფიზიკური აქტივობის შეწყვეტის შემდეგ მალევე გაივლის. შემდგომი ვარჯიშის დროს ტკივილი უფრო ადრე იწყება და იმდენად ძლიერი შეიძლება იყოს, რომ ვარჯიში შეუძლებელი გახადოს და მოსვენებულ მდგომარეობაშიც გაგრძელდეს.

დიაგნოზი

ტარდება სტანდარტული რენტგენოგრაფიული კვლევა, თუმცა სურათი ტრავმის მიღებიდან 2-3 კვირის განმავლობაში ნორმალური შეიძლება იყოს, სანამ რენტგენოლოგიურად მოტეხილობის შემდგომი ძვლოვანი კორძი არ გამოჩნდება. ადრეული დიაგნოზი შესაძლებელია ძვლების სკანირებით. სტრესული მოტეხილობის მქონე ქალები ექიმს უნდა გაესაუბრონ ოსტეოპოროზის დასადგენად კვლევის ჩატარების საჭიროების თაობაზე.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს დაზიანებულ ტერფზე დატვირთვის შემცირებას. გარკვეული ხნის განმავლობაში შესაძლებელია ყავარჯნების, სპეციალური ხის ან სხვა კომერციული დამხმარე ფეხსაცმლის ან ჩექმის გამოყენება. ზოგჯერ თაბაშირის ნახვევის დადებაა საჭირო. შეხორცებას შეიძლება 12 კვირამდე დრო დასჭირდეს. ისევე, როგორც სხვა დაზიანებების შემთხვევაში, სრულ გამოჯანმრთელებამდე შესაძლებელია აერობული ვარჯიშების გაგრძელება, რომლებიც სხეულის მასით დატვირთვას არ საჭიროებს (მაგალითად, ცურვა).