ელექტროტრავმა (ელექტროტრავმა და ელვით გამოწვეული დაზიანებები) | მკურნალი.გე
  1. ელექტროტრავმა (ელექტროტრავმა და ელვით გამოწვეული დაზიანებები)
  2. ელექტროტრავმა და ელვით გამოწვეული დაზიანებები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ელექტროტრავმა (ელექტროტრავმა და ელვით გამოწვეული დაზიანებები)

ელექტროტრავმა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმში მოხვედრილი ელექტრული ძაბვა იწვევს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის დარღვევას ან ქსოვილების დამწვრობას.

  • ხშირად ძირითადი სიმპტომია კანის დამწვრობა, რომელიც შეიძლება ვიზუალურად არ ჩანდეს;

  • სამედიცინო შეფასება გულისხმობს, გულის რიტმის შესაძლო დარღვევის, მოტეხილობების, სახსრების ღრძობის, ზურგის ტვინის დაზიანების ან სხვა პათოლოგიების გამოვლენას;

  • აუცილებელია დარღვეული გულის რიტმის მონიტორინგი, დამწვრობების სათანადოდ დამუშავება და იმ შემთხვევაში თუ დამწვრობა იწვევს გავრცელებულ შინაგან დაზიანებებს, სათანადო მკურნალობა სითხის ინტრავენური გადასხმით.

ელექტრულ დაზიანებას უფრო ხშირად იწვევს დაზიანებულ ელექტროგაყვანილობასთან ან მწყობრიდან გამოსულ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან შეხება. სახლის პირობებში მიღებული ელექტროშოკი, რომელიც შედარებით მცირე ძაბვის ზემოქმედებითაა განპირობებული, იშვიათად იწვევს სერიოზულ დაზიანებებს. ამასთან, მაღალი ძაბვის დენთან შემთხვევითი შეხების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწიურად 400 გარდაცვალება ფიქსირდება. ელექტროტრავმის სიმძიმე შეიძლება განსხვავებული იყოს – მსუბუქიდან სასიკვდილო დაზიანებამდე და დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • ელექტროდენის სიდიდეზე;

  • ელექტროდენის ტიპზე;

  • ადამიანის სხეულში ელექტროდენის გავლის გზაზე;

  • ელექტროდენის ზემოქმედების ხანგრძლივობაზე;

  • ელექტროდენის მიმართ წინააღმდეგობაზე.

დენის სიდიდე: ელექტროდენის სიდიდე იზომება ვოლტებსა და ამპერებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში საყოფაცხოვრებო დენის ძაბვა 110-დან 220 ვოლტამდეა. 500-ზე მაღლი ვოლტაჟი განისაზღვრება მაღალ ძაბვად. მაღალ ვოლტაჟს შეუძლია, ელექტრული რკალის ჰაერის გავლით შეკვრა რამდენიმე სანტიმეტრიდან რამდენიმე მეტრის მანძილზე, რაც ძაბვის სიდიდეზეა დამოკიდებულია. ამიტომ ადამიანმა შეიძლება ელექტროტრავმა მაღალი ძაბვის ხაზთან მიახლოებითაც მიიღოს. მაღალი ძაბვის დენი უფრო მძიმე დაზიანებებს იწვევს, ვიდრე დაბალი ძაბვის დენი და უფრო მეტად აზიანებს შინაგან ორგანოებს.

ელექტროდენის ტიპები: განასხვავებენ ელექტროდენის ორ სახეობას – მუდმივ დენს (DC) და ცვლად დენს (AC). მუდმივი დენის მაგალითად შესაძლოა მოვიყვანოთ ელემენტის (ე.წ. "ბატარეის") მიერ წარმოქმნილი ერთი მიმართულებით გავრცელებული მუდმივი ელექტრული ნაკადი, რომელიც მიეწოდება რაიმე მოწყობილობას. ცვლადი დენი კი, რომელიც სახლებში გაყვანილი დენის ქსელშია, მიმართულებას ყოველი წამის განმავლობაში 50-60-ჯერ იცვლის. ეს უკანასკნელი სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ვიდრე მუდმივი დენი. ორგანიზმზე მუდმივი დენის ნაკადის ზემოქმედებისას ვლინდება კუნთების მსუბუქი, ხანმოკლე შეკუმშვა, რაც საკმარისი გაფრთხილებაა იმისთვის, რომ მოვერიდოთ დენის წყაროს. ცვალებადი ნაკადის შემთხვევაში კი, კუნთების შეკუმშვა ხანგრძლივია და საშუალებას არ აძლევს ადამიანს, განთავისუფლდეს დენის წყაროსაგან, შესაბამისად ორგანიზმზე ელექტრული დენის დამაზიანებელი ზემოქმედება ხანგრძლივდება. ცვლადი დენის, თუნდაც მცირე დოზით ზემოქმედებაც საკმარისია, რომ პაციენტმა იგრძნოს დარტყმა, რასაც თან ახლავს კუნთების შეკუმშვა და გაშეშება. საშუალო სიდიდის ზემოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელია გულმკერდის კუნთების შეკუმშვა, სუნთქვის გაძნელება, გულის რიტმის დარღვევა და ზოგჯერ სასიკვდილო არითმიის განვითარებაც კი.

ელექტროდენის გავრცელება: ორგანიზმში ელექტროდენის გავრცელების გზის მიხედვით შესაძლებელია დაზიანებული ქსოვილების განსაზღვრა. იმის გამო, რომ ცვლადი დენი მუდმივად იცვლის მიმართულებას, ტერმინები "შესასვლელი" და "გამოსასვლელი" არ ითვლება შესაფერისად. უფრო სწორია ტერმინების "წყარო" და "დამიწება" გამოყენება. "წყარო" შეესაბამება ელექტრული დენის ზემოქმედების საწყის წერტილს, რომელიც უფრო ხშირად ხელები და შემდეგ თავია, ხოლო "დამიწება" არის სხეულის ნაწილი, საიდანაც ელექტროდენი ტოვებს ორგანიზმს. დამიწება უმეტესად ფეხებიდან ხდება. ერთი ხელიდან მეორე ხელში ან ხელიდან ფეხში დენის გავრცელება გულის გავლით სახიფათოა, რადგან არსებობს არითმიის განვითარების რისკი. ნაკლებად ზიანის მომტანია ფეხიდან მიწაზე ელექტროდენის გადასვლა. დენის თავის არეში გავრცელების შემთხვევები, შესაძლოა ტვინის დაზიანებით დასრულდეს.

ზემოქმედების ხანგრძლივობა: რაც უფრო ხანგრძლივი დროით რჩება ელექტროდენი ორგანიზმში, მით უფრო სერიოზული დაზიანებებია მოსალოდნელი.

ელექტროდენის მიმართ წინააღმდეგობა წინაღობა: წინაღობა ელექტრული ნაკადის შეფერხების უნარია. ელექტროდენის მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ძირითადად კანშია კონცენტრირებული. რაც უფრო სქელია კანი, მით მაღალია მისი წინაღობა. სქელი კოჟრიანი ხელის ან ფეხისგული დენისადმი უფრო რეზისტენტულია, ვიდრე კანის თხელი საფარველით დაფარული ადგილები. კანის რეზისტენტობა იკლებს, როდესაც საფარველი დაზიანებული (მაგ. ნაკაწრი ან პატარა ჭრილობა) ან დასველებულია. კანის მაღალი რეზისტენტობის შემთხვევაში, დაზიანება ლოკალურია და მხოლოდ კანის საფარვლის დამწვრობით შემოიფარგლება. დაბალი წინაღობის დროს მოსალოდნელია შინაგანი ორგანოების დაზიანებაც. თუ დენთან შეხების დროს პიროვნება სველია, მაღალია შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკი, მაგალითად, თმის საშრობის წყლიან აბაზანაში ჩავარდნისას ან წყლის გუბეში ფეხის ჩადგმისას, რომლის ფსკერზეც დაზიანებული დენის სადენია.

სიმპტომები

ელექტროდენთან კონტაქტის დრო ყველაზე ხშირად გამოვლენილი დაზიანება დამწვრობაა. ელექტროტრავმა ყოველთვის არ იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას. თუმცა, მაღალი ძაბვით გამოწვეული ზემოქმედების დროს მოსალოდნელია შინაგანი დამწვრობები. კუნთების გამოხატული დაზიანებისას ვითარდება კიდურების შეშუპება, რაც არტერიებზე ზეწოლას იწვევს (ხანგრძლივი ზეწოლის, "კომპარტმენტ-სინდრომი") და კიდურს აღარ მიეწოდება სათანადო რაოდენობით სისხლი. თუ აღნიშნული პროცესი თვალის სისხლის მიმოქცევის შეწყვეტას იწვევს, ვითარდება კატარაქტა. დაავადება რამდენიმე დღეში ან მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. კუნთების დიდი მასშტაბის დაზიანებისას (დაავადებას ჰქვია რაბდომიოლიზი) სისხლის ნაკადში გადადის ქიმიური ნივთიერება მიოგლობინი, რაც თირკმლის დაზიანებას იწვევს.

პატარა ბავშვებს დაზიანებული სადენის ჩაკბეჩვის ან პირში ჩადების შემთხვევებში უვითარდებათ პირი ღრუს ან ტუჩების დამწვრობა. აღნიშნული დაზიანებისას მოსალოდნელია სახის დეფორმაცია, კბილების, ყბის და სახის ძვლების ზრდის შეფერხება. დამატებით საშიშროებას წარმოადგენს ძლიერი არტერიული სისხლდენა, რომელიც ტუჩიდან ფუფხის მოძრობითაა განპირობებული და მოსალოდნელია დაზიანებიდან 7-10 დღის შემდეგ.

მცირე ინტენსიურობის დენის დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ტკივილი და კუნთების სუსტი შეკუმშვები, ასევე, შიშისაგან გვერდზე გადახტომა და დაცემა. ძლიერი დენის დარტყმის დროს მოსალოდნელია გულის რიტმის დარღვევა, გულის არათანაბარი მუშაობით დაწყებული და სასიკვდილო არითმიით დამთავრებული. მაღალი ძაბვის დენის ზემოქმედებით ვითარდება კუნთების ძლიერი შეკუმშვები და პაციენტი დიდი ძალით ეცემა მიწაზე, მოსალოდნელია მოტეხილობების, ამოვარდნილობების და სხვა ძლიერი დაზიანებების განვითარება.

თავის ტვინის და ნერვების დაზიანება სხვადასხვაგვარია და შესაძლოა თან ახლდეს გენერალიზებული კრუნჩხვები, თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ჰემორაგია), პიროვნული მახასიათებლების ცვლილება, ხანმოკლე მეხსიერების დარღვევები, აგზნებადობა და ძილის პრობლემები. ზურგის ტვინის და მისგან გამომავალი ნერვების დაზიანებისას მოსალოდნელია სისუსტე, დამბლა, დაბუჟება, ყურებში ხმაური, ქრონიკული ტკივილის სინდრომი, ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია).

დიაგნოზი

ელექტროტრავმის შემდეგ ექიმი სრულყოფილად აფასებს პაციენტს, რაც დამწვრობების, მოტეხილობების და ამოვარდნილობების, ზურგის ტვინის ან სხვა სახის დაზიანებების გამოვლენას გულისხმობს. სიმპტომების ან ჩივილების არარსებობის შემთხვევაში, პაციენტი არ საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას და შემდგომ მეთვალყურეობას. დარღვევების გამოვლენისას ტარდება შესაბამისი კვლევები, რაც შესაძლოა მოიცავდეს ელექტროკარდიოგრაფიულ გამოკვლევას (ECG) გულის რიტმის მონიტორირების მიზნით, შარდის და სისხლის ანალიზების ჩატარებას ან უგონო მდგომარეობაში არსებული პაციენტის შემთხვევაში მაღალტექნოლოგიურ გამოსახულებით კვლევებს, როგორიც არის კომპიუტერული (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) ტომოგრაფია.

პრევენცია

აუცილებელია პაციენტის ინფორმირება ელექტროტრავმის საფრთხეებისა და მათგან თავის დაცვის შესახებ. სახლში და სამსახურში ელექტრომოწყობილობების გამართულობა და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა ამცირებს ელექტრული დაზიანებების ალბათობას. სადენები უნდა დამონტაჟდეს პროფესიონალების მიერ. შტეფსელების სპეციალური დამცავის გამოყენება ამცირებს მცირეწლოვან ბავშვებში ელექტრული დაზიანებების რისკს. ნებისმიერი დენის მოწყობილობა, რომელსაც ეხება ადამიანი, სათანადოდ იზოლირებული უნდა იყოს. სამფაზიანი კედლის ჩამრთველი შედარებით უსაფრთხოა. სამფაზიანი ჩამრთველის თვითნებურად ორფაზიანად გადაკეთება ზრდის ელექტრული დაზიანების რისკს. აბაზანასა და სამზარეულოში, სადაც მაღალია ცვლადი დენის ჩამრთველის დასველების რისკი, სასურველია სპეციალური წრედის გამომრთველი სქემის მქონე მექანიზმის გამოყენება.

ძლიერი ელექტრული დაზიანების თავიდან ასაცილებლად (როგორიც არის ელექტრული რკალი), სასურველია მოვერიდოთ მაღალი ძაბვის ბოძებთან რაიმე სახით შეხებას.

მკურნალობა

პირველ რიგში დაზარალებული უნდა მოვაშოროთ დენის წყაროს. ყველაზე უსაფრთხო გზა არის დენის გამორთვა – მაგალითად, წრედის გათიშვა ან მოწყობილობის დენის წყაროდან გამოერთება. პაციენტთან შეხება დაუშვებელია, სანამ დენის წყარო არ გამოირთვება, მით უმეტეს, თუ ტრავმა მაღალი ძაბვით არის გამოწვეული.

მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების ერთმანეთისგან განსხვავება ძნელია, განსაკუთრებით შენობების გარეთ. მაღალი სიხშირის ძაბვის გამორთვას ჩვეულებრივი პირი ვერ მოახერხებს. ეს ადგილობრივმა ელექტრომომარაგების კომპანიამ უნდა გააკეთოს. მრავალი მაშველი დაშავებულა მაღალი ძაბვის ზემოქმედებით, როდესაც ისინი ელექტროსადენებისაგან ადამიანის გათავისუფლებას ცდილობდნენ.

როგორც კი დაშავებული ხდება უსაფრთხო და შეხება შესაძლებელია, მაშველმა უნდა შეამოწმოს სუნთქვა და პულსი. თუ ვლინდება სუნთქვის და გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ იწყება გულ-ფილტვის რეანიმაცია (გფრ). ყველა შემთხვევაში, გარდა მსუბუქი დაზიანებისა, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რადგან ელექტრული დამწვრობა შეიძლება ექიმის გარეშე სათანადოდ ვერ შეფასდეს. ელექტრული დამწვრობა შესაძლოა არ იყოს შესამჩნევი, ამიტომ სპეციალური სამედიცინო შეფასება და დროული დახმარების აღმოჩენა აუცილებელია ყველა საეჭვო შემთხვევაში.

რაბდომიოლიზის განვითარებისას დაზარალებულს უტარდება დიდი რაოდენობით სითხის ინტრავენური გადასხმა – ე.წ. ინფუზიური თერაპია. საჭიროების შემთხვევაში კეთდება ტეტანუსის ვაქცინა.

კანის დამწვრობის სამკურნალოდ მოწოდებულია სპეციალური კრემები (ვერცხლის სულფადიაზინი, ბაციტრაცინი ან სტერილური ალოეს ხსნარი) და სტერილური სახვევები. მსუბუქი კანის დამწვრობის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში. საშუალო სიმძიმის და მძიმე დამწვრობის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის დამწვრობის ცენტრში გადაყვანა. დაშავებული რჩება კლინიკაში 6-24 საათის განმავლობაში, თუ ვლინდება ჩამოთვლილი სიმპტომები:

  • ეკს-ის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა;

  • გონების დაკარგვა;

  • აღინიშნება გამოვლინებები გულის მხრივ, მაგალითად, გულმკერდის არეში ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის შეგრძნება (გულის ფრიალი);

  • გამოვლენილია სხვა სახის მძიმე დაზიანებები;

  • დაშავებული ორსულადაა (უხშირესად საჭიროებს ჰოსპიტალურ დახმარებას, თუმცა, არა ყოველთვის);

  • პაციენტს აქვს გულის თანმხლები დაავადება (უხშირესად საჭიროებს ჰოსპიტალურ დახმარებას, თუმცა, არა ყოველთვის).

პატარა ბავშვები, რომლებიც ძაბვის ქვეშ მყოფ სადენს ან დამაგრძელებელს ჩაიდებენ პირში და/ან ჩაკბეჩენ მას, საჭიროებენ გამოცდილი ბავშვთა ორთოდონტის, ყბა-სახის ქირურგის ან სხვა სპეციალობის ქირურგის დახმარებას, რომელსაც მსგავსი დაზიანებების მკურნალობის გამოცდილება აქვს.