აიროვანი ემბოლია | მკურნალი.გე
  1. აიროვანი ემბოლია
  2. ყვინთვითა და ჰაერის შეკუმშვით გამოწვეული დაზიანებები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
აიროვანი ემბოლია

აიროვანი ემბოლია ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების შეწყვეტაა, რომელიც გამოწვეულია არტერიაში ჰაერის ბუშტუკების არსებობით.

  • წყლის ზედაპირზე ამოსვლიდან რამდენიმე წუთში მყვინთავებს შესაძლოა ინსულტის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდეთ;

  • ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის მწოლიარე მდგომარეობაში მოთავსება, ჟანგბადის მიწოდება და დაუყოვნებლივ გადაყვანა უახლოეს კლინიკაში, სადაც შესაძლებელია რეკომპრესიულ პალატაში მოთავსება.

ფილტვის ბაროტრავმის ან დეკომპრესიული დაავადების დროს, ჰაერის ბუშტუკებმა შეიძლება შეაღწიოს სისხლის ნაკადში, გადაადგილდეს სხეულის ნებისმიერ ორგანოში და დაახშოს წვრილი სისხლძარღვები. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება თავის ტვინის, გულის, კანისა და თირკმლების სისხლძარღვები. ძალიან დიდმა აიროვანმა ემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ნაკადის შეჩერება გულის საკნებში ან მსხვილ არტერიებში.

სიმპტომები

აიროვანი ემბოლია მყვინთავებს შორის სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. მისი სიმპტომები ვლინდება წყლის ზედაპირზე ამოსვლიდან რამდენიმე წუთში. თავის ტვინის აიროვანი ემბოლია ჰგავს ინსულტს, იწვევს რა გონების დაბინდვას, ნაწილობრივ დამბლას ან მგრძნობელობის დაკარგვას. ზოგჯერ აღინიშნება გონების უეცარი დაკარგვა ან კრუნჩხვა. მძიმე აიროვანი ემბოლია შეიძლება გახდეს შოკის ან სიკვდილის მიზეზი.

დიაგნოზი

მყვინთავებს, რომლებიც კარგავენ გონებას ან უვითარდებათ ნევროლოგიური დეფიციტიწყლის ზედაპირზე ასვლისას, მიიჩნევა, რომ აქვთ აიროვანი ემბოლია. მათი მკურნალობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. შესაბამისად საჭიროა დროულად მოთავსდნენ უახლოეს კლინიკაში. დიაგნოზის დადგენის მიზნით ზოგჯერ კეთდება ვიზუალური კვლევები, თუმცა, ისინი ყოველთვის სარწმუნო არ არის.

მკურნალობა

მყვინთავები დაუყოვნებლივ გადაჰყავთ საავადმყოფოში მწოლიარე პოზიციაში და აწვდიან ჟანგბადს. ისინი მაშინვე უნდა მოთავსდნენ გარემოს მაღალი წნევის პირობებში, რომ მოხდეს ჰაერის ბუშტუკების კომპრესია და სისხლძარღვის გამავლობის აღდგენა. სწორედ ამ მიზნით ბევრ სამედიცინო ცენტრში არსებობს მაღალი წნევის (რეკომპრესიული ან ჰიპერბარიული) პალატები.

ფრენა, თუნდაც ზღვის დონიდან დაბალ სიმაღლეზე, ამცირებს ატმოსფერულ წნევას და ხელს უწყობს ჰაერის ბუშტუკების მეტად გაფართოებას, შედეგად მოსალოდნელია ახალი ემბოლიური კერების გაჩენა. თვითმფრინავით ტრანსპორტირება გამართლებულია მხოლოდ დროის დაზოგვის მიზნით. თვითმფრინავით ტრანსპორტირებისას სასურველია, სალონში არსებული წნევა ზღვის დონეზე არსებული ატმოსფერული წნევის დონეზე იყოს შენარჩუნებული ან თვითმფრინავი არ უნდა აფრინდეს 610 მეტრზე მაღლა.