ყვინთვითა და ჰაერის შეკუმშვით გამოწვეული დაზიანებები | მკურნალი.გე
  1. ყვინთვითა და ჰაერის შეკუმშვით გამოწვეული დაზიანებები
  2. დაზიანებები და მოწამვლები
ყვინთვითა და ჰაერის შეკუმშვით გამოწვეული დაზიანებები

ადამიანებს, რომლებიც ღრმა წყალში ყვინთვით, ანუ წყალქვეშ აკვალანგით ცურვით არიან გატაცებულნი, სხვადასხვა დაზიანების განვითარების მომატებული რისკი აღენიშნებათ. ცივ წყალში ყვინთვა სწრაფად იწვევს სახიფათო ჰიპოთერმიას (სხეულის დაბალი ტემპერატურა), რაც თავის მხრივ მოძრაობის შეზღუდვით, რეაქციისა და აზროვნების შენელებით ხასიათდება. პაციენტებს, რომელთაც კორონარული არტერიების დაავადება აქვთ დადგენილი, ცივ წყალში ყვინთვისას შესაძლოა ფატალური (სასიკვდილო) არითმია განუვითარდეთ. ყვინთვის სხვა პოტენციურ საშიშროებებს წარმოადგენს:

  • დახრჩობა

  • ზღვის ცხოველების ნაკბენები

  • მზის დამწვრობა და სიცხით გამოწვეული დაავადებები

  • ჭრილობები და დაჟეჟილობები

  • ზღვის დაავადება

წყალქვეშ ღრმად ცურვისას ზოგიერთ მედიკამენტს (როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გასაცემ, ასევე, გართობის მიზნით მისაღებ წამლებს) და ალკოჰოლს შესაძლოა არაპროგნოზირებადი და სახიფათო ზეგავლენა ჰქონდეს ადამიანის ორგანიზმზე.

გასათვალისწინებელია, რომ ყვინთვასთან დაკავშირებული დაზიანებების უმეტესობა წნევის ცვლილებით არის გამოწვეული. აღნიშნული დარღვევები გვხვდება იმ პირებშიც, რომლებიც მუშაობენ წყალქვეშა გვირაბებსა და კესონებში (წყალგაუმტარი კამერა, რომელიც გამოიყენება წყალქვეშა სამშენებლო სამუშაოებისათვის). ასეთ კამერებში ჰაერი მაღალი წნევით არის ჩატუმბული წყლის შემოსვლის თავიდან ასაცილებლად.

წყალქვეშ მაღალი წნევის არსებობა განპირობებულია მის ზემოთ არსებული წყლის წონით, ისევე, როგორც ატმოსფერული წნევა ხმელეთზე განპირობებულია მის ზემოთ არსებული ჰაერის წონით. ყვინთვისას წყალქვეშა წნევა ხშირად სიღრმის საზომი ერთეულით (ფუტი ან მეტრი) ან ატმოსფეროთი იზომება. დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე წყლის წონით განპირობებული წნევა 1 ატმოსფეროს ტოლია (72 კილოგრამი კვადრატულ მეტრზე), რასაც წყლის ზედაპირზე მოქმედი ატმოსფერული წნევა (1 ატმოსფერო) ემატება. ამგვარად, 10 მეტრის სიღრმეზე მყოფ მყვინთავზე მოქმედი წნევა 2 ატმოსფეროს ტოლია, ანუ მასზე მოქმედებს ორჯერ მეტი ატმოსფერული წნევა, ვიდრე წყლის ზედაპირზე. წყალში ყოველი 10 მეტრით ჩაღრმავებისას წნევა 1 ატმოსფეროთი იზრდება.

ყვინთვასთან დაკავშირებული დაავადებები შესაძლოა სხვადასხვა კატეგორიად დაიყოს. ზოგიერთი გამოწვეულია სხეულზე მაღალი წნევის ქვეშ მყოფი აირების ზემოქმედებით (ბაროტრავმა), ხოლო სხვები აზოტის სისხლსა და ქსოვილებში გამოთავისუფლებით (დეკომპრესიული დაავადება). თითოეულმა მათგანმა შეიძლება განაპირობოს არტერიებში აირის ბუშტუკების წარმოქმნა, სისხლის ნაკადის შეფერხება და ორგანოების სისხლით მომარაგების შეწყვეტა (არტერიების აიროვანი ემბოლია). ძალიან დიდ სიღრმეებში ყვინთვისას აირების, მაგალითად, ჟანგბადისა და აზოტის, მაღალი წნევის ქვეშ ჩასუნთქვამ შეიძლება სხვადასხვა დარღვევა გამოიწვიოს.

ყვინთვასთან ასოცირებული დაავადებები შეიძლება დახრჩობის მიზეზი გახდეს, თუ ისინი რომელიმე ქვევით ჩამოთვლილს იწვევს:

  • აზროვნების გაუარესება ან ძილიანობა

  • გონების დაკარგვა

  • პანიკა

  • წონასწორობის დარღვევა და დეზორიენტაცია