დეკომპრესიული დაავადება | მკურნალი.გე
  1. დეკომპრესიული დაავადება
  2. ყვინთვითა და ჰაერის შეკუმშვით გამოწვეული დაზიანებები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
დეკომპრესიული დაავადება

დეკომპრესიული დაავადება (კესონური დაავადება) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გარემოს მაღალი წნევის პირობებში სისხლსა და ქსოვილებში გახსნილი აზოტი წნევის დაქვეითებისას ბუშტუკებს წარმოქმნის.

  • სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს საერთო სისუსტეს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს;

  • უფრო მძიმე შემთხვევაში სიმპტომები ინსულტის მსგავსია ან შეიძლება ვლინდებოდეს სუნთქვის უკმარისობით და ტკივილით გულმკერდის არეში;

  • მკურნალობა ტარდება ჟანგბადით და რეკომპრესიული (მაღალი წნევის ან ჰიპერბარიული ჟანგბადი) თერაპიით;

  • პრევენცია შესაძლებელია ყვინთვის ხანგრძლივობის, სიღრმისა და ზედაპირზე ამოსვლის სიჩქარის შეზღუდვით.

ჰაერი ძირითადად შედგება აზოტისა და ჟანგბადისგან. ვინაიდან ჰაერი მაღალი წნევის პირობებში იკუმშება, სიღრმეზე თითოეული ჩასუნთქვა შეიცავს გაცილებით მეტ მოლეკულას, ვიდრე ზედაპირზე ჩასუნთქული ჰაერი. იმის გამო, რომ ორგანიზმი მუდმივად მოიხმარს ჟანგბადს, მაღალი წნევის პირობებში ჩასუნთქული ჟანგბადის ზედმეტი მოლეკულების აკუმულირება არ ხდება. თუმცა, სისხლსა და ქსოვილებში გროვდება ჭარბად ჩასუნთქული აზოტის მოლეკულები. ვინაიდან წყლის ზედაპირზე ასვლის ან კესონის დატოვებისას ქვეითდება გარემოს წნევა, დაგროვილი აზოტი, რომლის ამოსუნთქვაც შეუძლებელია, მყისიერად წარმოქმნის ბუშტუკებს სისხლსა და ქსოვილებში. ეს ბუშტუკები შეიძლება გაფართოვდეს და დააზიანოს ქსოვილები ან დაახშოს სხვადასხვა ორგანოს სისხლძარღვის სანათური. სანათურის დახშობა შესაძლებელია თავად ბუშტუკის გაჭედვით ან მცირე ზომის სისხლის კოლტების წარმოქმნით იყოს განპირობებული. სისხლძარღვების დახშობა იწვევს ქსოვილების სისხლით მომარაგების შეწყვეტას, რასაც თან ახლავს ტკივილი და სხვა მრავალი სიმპტომი (მაგ. ინსულტის მსგავსად სხეულის ერთ მხარეს უეცარი სისუსტის შეგრძნება, მეტყველების გაძნელება, თავბრუხვევა და გრიპისმაგვარი სიმპტომები). აზოტის ბუშტუკები ასევე იწვევს ანთებას, რომელიც, თავის მხრივ, კუნთების, სახსრებისა და მყესების შესივებასა და ტკივილს განაპირობებს.

დეკომპრესიული დაავადების განვითარების რისკს მრავალი ფაქტორი ზრდის, მათ შორის:

  • გულის გარკვეული მანკების არსებობა

  • ცივი წყალი

  • დეჰიდრატაცია

  • ყვინთვის შემდეგ ფრენა

  • ფიზიკური დატვირთვა

  • გადაღლა

  • გარემოს მზარდი წნევა (მაგ. ყვინთვის სიღრმე)

  • მაღალი წნევის პირობებში გატარებული დროის ხანგრძლივობა

  • სიმსუქნე

  • ასაკი (ხანდაზმულობა)

  • სწრაფი ამოსვლა წყლის ზედაპირზე

ვინაიდან თითოეული ყვინთვის შემდეგ ქსოვილებსა და სისხლში აზოტი ჭარბად განზავებული რჩება დაახლოებით 12 საათის განმავლობაში, 24 საათში განმეორებითი ყვინთვა ზრდის დეკომპრესიული დაავადების განვითარების ალბათობას. ფრენა ყვინთვის დამთავრებისთანავე (მაგალითად, შვებულების ბოლოს) ადამიანს ამყოფებს კიდევ უფრო დაბალი ატმოსფერული წნევის პირობებში და სუსტად ზრდის დეკომპრესიული დაავადების რისკს.

აზოტის ბუშტუკები შეიძლება წარმოიქმნას წვრილ სისხლძარღვებში ან ქსოვილებში. დაზიანების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არის ცხიმის მაღალი შემცველობის ქსოვილები, მაგალითად, თავის ან ზურგის ტვინი, ვინაიდან აზოტი ძალიან ადვილად იხსნება ცხიმში. დეკომპრესიულმა დაავადებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მრავალ ორგანოზე. მისი ფორმები ცვალებადობს მსუბუქიდან მძიმე დაზიანებამდე.

სიმპტომები

დეკომპრესიული დაავადების სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება უფრო ნელა, ვიდრე აიროვანი ემბოლიის და ფილტვის ბაროტრავმის დროს. დეკომპრესიული დაავადების მქონე ადამიანთა მხოლოდ ნახევარს აღენიშნება სიმპტომები ზედაპირზე ამოსვლიდან 1 საათში, პაციენტთა 90%-ს ჩივილები და ნიშნები 6 საათის შემდეგ უვითარდება. დაავადება იწყება თანდათანობით და გარკვეულ პერიოდში აღწევს მაქსიმალურ ეფექტს. თავდაპირველად ვლინდება საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი და ავადობის გაურკვეველი შეგრძნება.

I ტიპი (ნაკლებად მძიმე): დეკომპრესიული დაავადების მსუბუქი ფორმა (ან ჩონჩხ-კუნთოვანი ფორმა), როგორც წესი, იწვევს ტკივილს. ტკივილი ჩნდება მხრების ან ქვედა კიდურების სახსრებში, ზურგსა და კუნთებში. ზოგჯერ რთულია ზუსტი ლოკალიზაციის მითითება. ტკივილი თავდაპირველად შეიძლება მსუბუქი ან ხანგამოშვებითი იყოს, თუმცა, თანდათან მისი ინტენსიურობა მატულობს და ძალიან ძლიერი ხდება. პაციენტი აღწერს, როგორც ღრმა, ძვლის გაბურღვისმაგვარ ძლიერ ტკივილს. ის მწვავდება მოძრაობისას. ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომებია ქავილი, კანის აჭრელება, ლიმფური კვანძების შესივება, გამონაყარი და ძლიერი სისუსტე. აღნიშნული მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა, შეიძლება წინ უძღოდეს უფრო საშიშ დარღვევებს.

II ტიპი (უფრო მძიმე): დეკომპრესიული დაავადების მძიმე ფორმა ყველაზე ხშირად ნევროლოგიური სიმპტომატიკით ვლინდება, რაც მერყეობს მსუბუქი დაბუჟებიდან დამბლასა და პაციენტის დაღუპვამდეც კი. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ზურგის ტვინი. მისი დაზიანებისას გამოხატულია მგრძნობელობის გაუკუღმართება – დაბუჟება, ჩხვლეტა, სისუსტე ან მათი კომბინაცია ზედა და ქვედა კიდურებში. მსუბუქი სისუსტე ან ჩხვლეტის შეგრძნება რამდენიმე საათში შესაძლოა შეუქცევად დამბლამდე პროგრესირდეს. ასევე, შეიძლება აღინიშნოს მოშარდვის შეუძლებლობა ან შარდვისა და დეფეკაციის კონტროლის უნარის დაკარგვა. ხშირია ტკივილი მუცლისა და ზურგის არეში. თავის ტვინის დაზიანებისას სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, გონების დაბინდვას, მეტყველების გაძნელებას და მხედველობის გაორებას. იშვიათია გონების დაკარგვა.

შეიძლება დაზიანდეს შიგნითა ყურის ნერვები, რაც, თავის მხრივ, იწვევს თავბრუხვევას, ხმაურს ყურებში და სმენის დაკარგვას. აირის ბუშტუკები, რომლებიც ვენების მეშვეობით ფილტვებისკენ გადაადგილდება, იწვევს ხველას, ტკივილს გულმკერდის არეში და სუნთქვის მზარდ უკმარისობას (სულის ხუთვა). მწვავე შემთხვევები, რომლებიც საკმაოდ იშვიათია, შესაძლოა გახდეს შოკის ან სიკვდილის მიზეზი.

გვიანი ეფექტები: დეკომპრესიული დაავადების გვიანი ზეგავლენა მოიცავს ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციას (დეკომპრესიული ოსტეონეკროზი, ძვლის ავასკულური ნეკროზი), განსაკუთრებით მხრის და ბარძაყის სახსრებში, რაც იწვევს მუდმივ ტკივილს და შესაძლებლობის მძიმე შეზღუდვას. ეს დაზიანებები არ ვლინდება მოყვარულ მყვინთავებში. მისი განვითარება იმ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც მუშაობენ შეკუმშული ჰაერის პირობებში ან წყალქვეშა ზონებში. ისინი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განიცდიან მაღალი წნევის ზემოქმედებას და შესაძლოა ჰქონდეთ დეკომპრესიული დაავადების უსიმპტომო ფორმა. ტექნიკური მყვინთავები, რომლებიც გაცილებით დიდ სიღრმეებზე ჩადიან, შეიძლება უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ. ძვალ-სახსროვანი აპარატის მძიმე ფორმის დაზიანებები შეიძლება ეტაპობრივად, თვეებისა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდეს. სახსრების მძიმე დაზიანების სტადიაზე მკურნალობის ერთადერთი გზა შესაძლოა სახსრის პროთეზირება იყოს.

პერმანენტული ნევროლოგიური პრობლემები, როგორიცაა არასრული დამბლა, ხშირად ზურგის ტვინის დაზიანების სიმპტომების შეუსაბამო ან დაგვიანებული მკურნალობის შედეგია. თუმცა, დაზიანების გამოსწორება ზოგჯერ მეტისმეტად ძნელია, თუნდაც სათანადო მკურნალობის ფონზე. ჰიპერბარიულ პალატაში ჟანგბადით განმეორებითი თერაპია ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანთა ნაწილს გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

დიაგნოზი

ექიმები დეკომპრესიული დაავადების დიაგნოზს ადგენენ სიმპტომების ხასიათისა და უახლოეს წარსულში წყალში ყვინთვის ფაქტის გათვალისწინებით. გამოკვლევები, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), ხანდახან ავლენს თავის ან ზურგის ტვინის ანომალიებს, თუმცა, არ არის სარწმუნო. მნიშვნელოვანია, რომ დეკომპრესიული თერაპია დაიწყოს მანამ, სანამ CT ან MRI იქნება ხელმისაწვდომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დიაგნოზი საეჭვოა ან მყვინთავის მდგომარეობა სტაბილურია. დეკომპრესიული ოსტეონეკროზის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა რენტგენოგრაფიული გამოკვლევა.

პრევენცია

მყვინთავებს შეუძლიათ დეკომპრესიული დაავადების პრევენცია სხეულის მიერ აბსორბირებული აირის რაოდენობის შეზღუდვის გზით. აირების შეზღუდვა შესაძლებელია ყვინთვის ხანგრძლივობისა და სიღრმის შეზღუდვით იმ ფარგლებში, რომლებიც არ საჭიროებს დეკომპრესიულ პაუზებს ზედაპირზე ასვლისას (ე.წ. no-stop საზღვრები) ან დეკომპრესიული პაუზების გამოყენებით, სარწმუნო რეკომენდაციებში მოცემული მითითებების შესაბამისად, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის ყვინთვის სახელმძღვანელოში არსებული დეკომპრესიული ცხრილი. ცხრილი გვთავაზობს ზედაპირზე ასვლის სქემას, რაც, როგორც წესი, იძლევა ჭარბი აზოტის გამოთავისუფლების შესაძლებლობას ზიანის მიყენების გარეშე. ბევრი მყვინთავი ატარებს პორტატულ კომპიუტერს, რომელიც უწყვეტად აკონტროლებს ყვინთვის სიღრმეს და ხანგრძლივობას. კომპიუტერი მისდევს დეკომპრესიულ სქემას ზედაპირზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად და აჩვენებს მყვინთავს, თუ როდის არის საჭირო დეკომპრესიული პაუზები.

გარდა ცხრილის ან კომპიუტერული გაიდლაინების გათვალისწინებისა, წყლის სიღრმიდან ამოსვლისას ბევრი მყვინთავი აკეთებს ე.წ. "უსაფრთხოების პაუზას" რამდენიმე წუთის განმავლობაში წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 4.5 მეტრის სიღრმეზე.

ამ პროცედურების დაცვის მიუხედავად, დეკომპრესიული დაავადების განვითარების რისკი არ ქრება. შემთხვევათა მცირე ნაწილში დაავადება ვითარდება უსაფრთხო სიღრმეზე (ე.წ. no-stop საზღვრებში) ყვინთვის შემდეგაც. ამასთან, კომპიუტერის ფართო გამოყენების მიუხედავად, ამ დაავადების სიხშირე არ მცირდება. დეკომპრესიული დაავადების თავიდან აცილების შეუძლებლობა აიხსნება იმით, რომ შესაძლოა გამოქვეყნებულ ცხრილებსა და კომპიუტერულ პროგრამებში სრულყოფილად არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა მყვინთავის ინდივიდუალური მახასიათებლებით განპირობებული რისკფაქტორები ან ადამიანები სწორად ვერ ასრულებენ ცხრილებისა და კომპიუტერის მეშვეობით მოწოდებულ რეკომენდაციებს.

ასევე, მნიშვნელოვანია სიფრთხილის შემდეგი ზომები:

  • ყვინთვის შემდეგ ფრენამდე ან დიდ სიმაღლეზე ასვლამდე, რეკომენდებულია, 12-დან 24 საათამდე შუალედის დაცვა;

  • პირებმა, რომლებიც სრულიად გამოჯანმრთელდნენ მსუბუქი დეკომპრესიული დაავადების შემდეგ, თავი უნდა შეიკავონ ყვინთვისგან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში;

  • პაციენტები, რომელთაც დეკომპრესიული დაავადება განუვითარდათ შესაბამისი ცხრილების თუ კომპიუტერული რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად, ყვინთვას შეიძლება დაუბრუნდნენ მხოლოდ რისკფაქტორების გამოვლენის (მაგ., გულის მანკის) და სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ.

აშშ-ში არსებობს მყვინთავების დახმარების ქსელი (ვებგვერდი: www.diversalertnetwork.org), რომელიც ყვინთვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ კონსულტაციას 24 საათის განმავლობაში იძლევა.

მკურნალობა

პაციენტთა დაახლოებით 80% სრულად გამოჯანმრთელდება. მყვინთავები, რომლებსაც აღენიშნებათ მხოლოდ ქავილი, კანის სიჭრელე და საერთო სისუსტე, როგორც წესი, არ საჭიროებენ რეკომპრესიულ ჩარევას. ამასთან, აუცილებელია მათი ამბულატორიული მეთვალყურეობა, ვინაიდან მოგვიანებით შესაძლებელია უფრო სერიოზული პრობლემები განვითარდეს. სახეზე მჭიდროდ მორგებული ნიღბის მეშვეობით 100% ჟანგბადის სუნთქვამ შესაძლოა შეამსუბუქოს პაციენტის მდგომარეობა.

რეკომპრესიული თერაპია: დეკომპრესიული დაავადების ნებისმიერი სხვა სიმპტომის არსებობა მაღალი წნევის (ჰიპერბარიული ჟანგბადის ან რეკომპრესიის) პალატაში თერაპიის საჭიროებაზე მიუთითებს. რეკომპრესია აღადგენს სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის ნორმალურ მიწოდებას დაზიანებულ ქსოვილებში. რეკომპრესიის შემდეგ წნევა თანდათანობით ქვეითდება, განსაზღვრული პაუზებით, რაც ჭარბ აირებს საშუალებას აძლევს, დატოვონ ორგანიზმი ქსოვილთა დაზიანების გარეშე. ვინაიდან პირველი 24 საათის განმავლობაში სიმპტომები შეიძლება ხელახლა გამოვლინდეს ან გაუარესდეს, მკურნალობა უტარდებათ იმ პაციენტებსაც, რომლებსაც მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, როგორიც არის გარდამავალი ტკივილი ან ნევროლოგიური გამოვლინებები.

რეკომპრესიული თერაპია ეფექტურია ყვინთვიდან 48 საათის განმავლობაში და უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევებშიც, როცა უახლოეს პალატამდე მისვლა ხანგრძლივ მგზავრობასთან არის დაკავშირებული. ტრანსპორტის მოლოდინში, ისევე, როგორც უშუალოდ მგზავრობის დროს, პაციენტს ჟანგბადი უნდა მიეწოდებოდეს მჭიდროდ მორგებული ნიღბით. ასევე აუცილებელია სითხეების მიცემა დასალევად ან ინტრავენური გადასხმის სახით. მკურნალობის ხანგრძლივად გადადება ზრდის დამატებითი დაზიანებების რისკს.