სარტყლისებური ლიქენი | მკურნალი.გე
  1. სარტყლისებური ლიქენი
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
სარტყლისებური ლიქენი

ჰერპეს ზოსტერი ანუ სარტყლისებური ლიქენი არის ინფექცია, რომელიც varicella-zoster ვირუსის რეაქტივაციის შედეგად ვითარდება. ეს, არის ვირუსი, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას.

  • დღეისათვის არ არის ცნობილი, რა იწვევს ვირუსის რეაქტივაციას, თუმცა ცნობილია, რომ ზოგჯერ ეს უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნიტეტის დარღვევები ან მედიკამენტების ზეგავლენით იმუნიტეტის დაქვეითება;

  • სარტყლისებური ლიქენი იწვევს სითხით სავსე, მტკივნეული ბუშტუკების განვითარებას კანზე. ზოგჯერ დაზიანებულ მიდამოში ტკივილი ქრონიკულ ხასიათს იღებს;

  • ექიმი დიაგნოზს სვამს მაშინ, როდესაც კანზე ზოლისებურად ჩნდება ტიპური ბუშტუკები;

  • ჩუტყვავილას ვაქცინის და აგრეთვე სარტყლისებური ლიქენის ვაქცინის გამოყენება 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს ლიქენის განვითარებისაგან იცავს;

  • ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება, თუ იგი დაწყებულია ბუშტუკების განვითარებამდე, ამცირებს სიმპტომებს და ხელს უწყობს მათ სწრაფად ალაგებას. ამავე დროს საჭიროა ტკივილგამაყუჩებლების – ოპიოიდების ჩათვლით – გამოყენება.

ჩუტყვავილას და სარტყლისებურ ლიქენს იწვევს varicella zoster-ის ვირუსი (ჰერპეს ვირუსების ჯგუფის ერთ-ერთი ვირუსი). ჩუტყვავილა პირველადი ინფექციაა, ხოლო სარტყლისებური ლიქენი ვითარდება ვირუსის რეაქტივაციის შედეგად ჩუტყვავილას გადატანიდან წლების შემდეგ. ჩუტყვავილას დროს ვირუსი ვრცელდება სისხლის ნაკადით და აინფიცირებს ზურგის და თავის ნერვულ უჯრედებს, განგლიებს. ვირუსი რჩება ნერვულ უჯრედებში მთვლემარე მდგომარეობაში. მან შეიძლება არასოდეს გამოიწვიოს სიმპტომები განმეორებით ან შეიძლება მოხდეს მისი რეაქტივაცია მრავალი წლის შემდეგ. როდესაც ვირუსის რეაქტივაცია ხდება, იგი მიემართება ნერვული ბოჭკოების გავლით კანისკენ, სადაც წარმოშობს მტკივნეულ, ჩუტყვავილას მსგავს გამონაყარს. გამონაყარის მოულოდნელად გაჩენა თითქმის ყოველთვის ხდება დაინფიცირებული ნერვის, ბოჭკოების გასწვრივ ზოლზე სხეულის ერთ მხარეს. კანის ასეთ ზოლს ანუ მიდამოს, რომელშიც არის ერთი სპინალური ნერვისგან წამოსული ბოჭკოები, უწოდებენ დერმატომას. მომიჯნავე დერმატომები შესაძლოა ასევე დაინფიცირდეს.

მჰვ ინფექციებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება ბევრჯერ გამწვავდეს, სარტყლისებური ლიქენი ვლინდება ერთჯერადად მთელი სიცოცხლის მანძილზე. თუმცა იმ ადამიანებში, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, ლიქენის რეციდივი რამდენიმეჯერ შეიძლება მოხდეს; აგრეთვე განვითარდეს უჩვეულო გამონაყარი, ზოგჯერ დერმატომებზე ან სხეულის ორივე მხარეს. სარტყლისებური ლიქენი შეიძლება ყველა ასაკში განვითარდეს, თუმცა იგი უფრო ხშირია 50 წლის ასაკის შემდგომ პერიოდში. ვირუსის რეაქტივაციის მიზეზი ხშირად უცნობია, თუმცა ზოგჯერ რეაქტივაცია ხდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი ქვეითდება სხვადასხვა პათოლოგიის არსებობის გამო, როგორიცაა შიდსი ან ჰოჯკინის ლიმფომა ან ისეთი მედიკამენტების გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ იმუნიტეტის სუპრესიას (მაგალითად, მედიკამენტები, რომლებსაც იყენებენ ტრანსპლანტირებული ორგანოს მოცილების პრევენციის მიზნით). სარტყლისებური ლიქენის არსებობა არ მიუთითებს სხვა სერიოზული დაავადების არსებობაზე.

სიმპტომები და გართულებები

სარტყლისებური ლიქენის განვითარებამდე 2-3 დღის განმავლობაში ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს და აღენიშნება შემცივნება, გულისრევა, დიარეა და შარდვის განელება. სხვებს უვითარდებათ ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება ან ქავილი სხეულის ერთ მხარეს. კანზე ზოლისებურად ჩნდება პატარა სითხით სავსე ბუშტუკების ჯგუფები, შემოსაზღვრული წითელი მიდამოთი. ბუშტუკები ვითარდება კანის შემოფარგლულ იმ ადგილას, სადაც შედის ინფიცირებული ნერვული ბოჭკოები. უფრო ხშირად ბუშტუკები ჩნდება სხეულის ერთ მხარეს, თუმცა მცირე რაოდენობით ბუშტუკები შეიძლება ყველგან გაჩნდეს. დაზიანებული ადგილები მგრძნობიარეა მსუბუქი შეხებისას და შეიძლება მტკივნეულიც გახდეს. ბავშვებში სიმპტომები უფრო მსუბუქია, ვიდრე მოზრდილებში. მომდევნო ეტაპზე ბუშტუკები იწყებენ გამოშრობას და მათი გამოჩენიდან 5 დღეში წარმოიქმნება ფუფხი. ფუფხის გაჩენამდე ბუშტუკები შეიცავენ varicella zoster-ის ვირუსებს და მათი სხვა ადამიანებზე გავრცელების შემთხვევაში შეუძლიათ გამოიწვიონ ჩუტყვავილა. თუ ბუშტუკები ფარავენ კანის დიდ ფართობს ან პერსისტირებენ 2 კვირაზე მეტხანს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის იმუნური სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებს.

დაზიანებული კანი, განსაკუთრებით მოზრდილ ადამიანებში და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში, შეიძლება დაინფიცირდეს ბაქტერიით. ბუშტუკების გაკაწვრა ზრდის ამ რისკს. ბაქტერიული ინფექცია კი ზრდის კანის დანაწიბურების რისკს.

სარტყლისებური ლიქენის ერთი ეპიზოდი ტოვებს იმუნიტეტს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც შემდგომი გამწვავებისაგან იცავს ადამიანს. 4%-ზე ნაკლებ ადამიანებში შეიძლება ერთზე მეტი ეპიზოდი განვითარდეს. კანის დანაწიბურება ან ჰიპერპიგმენტაცია შეიძლება დარჩეს, თუმცა ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება ყოველგვარი გართულებების გარეშე. მხოლოდ მცირე რაოდენობაში, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში, შეიძლება დარჩეს ტკივილი შესაბამის მიდამოებში (ჰერპესის შემდგომი ნევრალგია).

პროცესში სახის ნერვის იმ ნაწილის ჩართვა, რომელიც თვალთანაა კავშირში, მეტად სერიოზული და მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და თუ არ ჩატარდა ადეკვატური მკურნალობა, შეიძლება მხედველობის დაზიანება მოხდეს. სახის ნერვის იმ ნაწილის დაზიანებამ, რომელიც ყურთანაა დაკავშირებული, შეიძლება გამოიწვიოს ყურისმხრივი გართულებები, რომელიც ზოგჯერ გამოიხატება ტკივილით, ნაწილობრივი დამბლით და სმენის დაკარგვით.

დიაგნოზი

ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეიძლება ჰქონდეთ სარტყლისებური ლიქენი, უნდა მიმართონ ექიმს, ვინაიდან დროულად დაწყებული მკურნალობა უფრო ეფექტურია. ექიმი სთხოვს მათ, ზუსტად აღწერონ ტკივილის ადგილი. გაურკვეველი ტკივილის არსებობა სხეულის ერთ მხარეს ეჭვს ბადებს სარტყლისებური ლიქენის არსებობაზე. დამახასიათებელი ბუშტუკების გაჩენა ტიპურ ადგილებში ადასტურებს ლიქენის არსებობას. იშვიათად, ექიმები იღებენ ნიმუშს ბუშტუკებიდან ანალიზებისათვის ან აკეთებენ ბიოფსიას დიაგნოზის დასადასტურებლად.

პრევენცია და მკურნალობა

რეკომენდებულია ჩუტყვავილას ვაქცინის გაკეთება ბავშვებში ჩუტყვავილას პრევენციის მიზნით. მოზრდილებს, თუ ისინი არ არიან იმუნიზირებულნი, ასევე უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოზრდილი პირების ვაქცინაცია, რომლებსაც ხშირი კონტაქტი აქვთ ბავშვებთან ან ცხოვრობენ ან მუშაობენ ისეთ ადგილებში, სადაც ინფექცია ადვილად შეიძლება გავრცელდეს (როგორიცაა: საერთო საცხოვრებლები, ბარაკები და სხვა ინსტიტუციები, ასევე ციხეები და ბავშვთა სახლები). ადამიანები ითვლებიან იმუნიზირებულად და მათ არ ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, თუ გადატანილი აქვთ ჩუტყვავილა ან სარტყლისებური ლიქენი, ან სისხლის ანალიზები აჩვენებენ, რომ მათ აქვთ ძლიერი იმუნიტეტი, ან თუ ისინი 1980 წლამდე არიან დაბადებულები (გარდა ჯანდაცვის მუშაკებისა და იმ ქალებისა, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ). ვაქცინა ზოგჯერ იწვევს მცირე რაოდენობით გვერდით მოვლენებს. იშვიათად ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს სარტყლისებური ლიქენის მსუბუქი ფორმა. ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში ან დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში (მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ლეიკემია).

სხვა ვაქცინა, რომელიც სარტყლისებური ლიქენის პრევენციის მიზნით გამოიყენება, შეიძლება გაუკეთდეს ჯანმრთელ, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, დამოუკიდებლად იმისა, ჰქონდათ თუ არა მათ ოდესმე სარტყლისებური ლიქენი. ვაქცინა ერთნახევარჯერ ამცირებს სარტყლისებური ლიქენით დაავადების რისკს და აგრეთვე 2/3-ით ამცირებს პოსტჰერპესული ნევრალგიის განვითარების რისკს. თუ დაავადება განვითარდა ვაქცინირებულ პირებში, იგი უფრო ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს, ვიდრე არავაქცინირებულებში.

ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი ეფექტურია შემოსარტყლული ლიქენის სამკურნალოდ. ორალური ანტივირუსული მედიკამენტები, როგორიცაა ფამციკლოვირი, ვალაციკლოვირი და აციკლოვირი, ხშირად გამოიყენება განსაკუთრებით მოზრდილ ადამიანებში და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში. ამ მედიკამენტებით მკურნალობა მაშინვე უნდა დაიწყოს, როგორც კი ეჭვი ჩნდება სარტყლისებური ლიქენის არსებობაზე და თუ შესაძლებელია – ბუშტუკების გაჩენამდე. მედიკამენტები ნაკლებ ეფექტურია, თუ მათი გამოყენება დაიწყება ბუშტუკების გამოჩენიდან სამი დღის შემდეგ. ეს მედიკამენტები დაავადებას არ კურნავენ, მაგრამ ისინი ამსუბუქებენ სიმპტომების სიმწვავეს და ამცირებენ მათ ხანგრძლივობას. ზოგიერთი ექიმი ურჩევს პაციენტს დამატებით კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, თუმცა არ არის დადგენილი რამდენად ეფექტურია ამგვარი მიდგომა. თუ პროცესში ჩართულია თვალი და ყური შესაბამის სპეციალისტთან (ოფთალმოლოგი ან ოტორინოლარინგოლოგი) კონსულტაცია უნდა ჩატარდეს.

სველი კომპრესები ტკივილს აწყნარებს, თუმცა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები უფრო ეფექტურია. შეიძლება არასტეროიდული, ანტიანთებითი პრეპარატების ან აცეტამინოფენის გამოყენება, მაგრამ ხშირად აუცილებელია ორალური ოპიოიდური ანალგეტიკების მიცემაც. ბაქტერიული ინფექციების განვითარების პრევენციის მიზნით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა დაიცვან დაზიანებული ადგილების სისუფთავე, სიმშრალე და ბუშტუკები არ უნდა გაკაწრონ.