რეკომპრესიული თერაპია | მკურნალი.გე
  1. რეკომპრესიული თერაპია
რეკომპრესიული თერაპია

რეკომპრესიული თერაპია (ჰიპერბარიული ოქსიგენოთერაპია) გულისხმობს პაციენტის მოთავსებას დალუქულ პალატაში, მაღალი წნევის ზემოქმედების ქვეშ (>1 ატმოსფეროზე) და 100% ჟანგბადის მიცემას რამდენიმე საათის განმავლობაში.

ჰიპერბარიული ოქსიგენოთერაპია დადებით გავლენას ახდენს ყვინთვის დროს მიღებული დაზიანებების მქონე პაციენტის სისხლზე შემდეგი მექანიზმებით:

  • ზრდის ჟანგბადის კონცენტრაციას

  • ამცირებს აზოტის კონცენტრაციას

  • ამცირებს მხუთავი აირის კონცენტრაციას

  • ამცირებს სისხლში აიროვანი ბუშტუკების ზომას

ჰიპერბარიული ოქსიგენოთერაპია უპირატესად დეკომპრესიული დაავადების და სისხლძარღვებში აიროვანი ემბოლიზაციის სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა, თერაპია წარმატებულია მხუთავი აირით მოწამვლის დროსაც. რეკომპრესიული თერაპია გაიგივებულია ჰიპერბარიული ოქსიგენოთერაპიასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკურნალობის მიზანს წარმოადგენს სისხლის ჟანგბადით გამდიდრება და არა აიროვანი ემბოლიზაციის ლიკვიდაცია. ჰიპერბარიულ ოქსიგენოთერაპია გამოიყენება არაერთი პათოლოგიის სამკურნალოდ, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ წყალქვეშა დაზიანებებთან. თერაპიის დადებითი ეფექტები ასეთი დაავადებების მკურნალობაში ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. რაც უფრო ადრე იწყება მკურნალობა, დადებითი დინამიკა მეტად სავარაუდოა. კლინიკებში სპეციალური იზოლირებული დალუქული პალატები გათვლილია ერთი ან მეტი პაციენტისთვის, პროცედურა ტარდება დღეში ერთხელ ან ორჯერ 45-დან 300 წუთამდე ხანგრძლივობით. უფრო ხშირად 100%-იანი ჟანგბადი პაციენტს ეძლევა 2,5-დან 3 ატმოსფერომდე წნევით. ზოგადად რეკომპრესიული თერაპია უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა, ექიმები თავს იკავებენ აღნიშნული მკურნალობისგან პაციენტებთან, რომელთაც გამოვლენილი აქვთ:

  • ფილტვების ქრონიკული დაავადებები

  • წიაღების (სინუსების) პრობლემები ან გაციება

  • ეპილეფსია

  • კლაუსტროფობია

  • ახალჩატარებული გულმკერდის ქირურგია

  • ფილტვების ჩაფუშვა (პნევმოთორაქსი)

  • უახლოეს წარსულში ყურის ტრავმა ან მასზე ქირურგიული ჩარევა

  • ცხელება

რეკომპრესიული თერაპია არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, თუ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებული ჩვენებების მნიშვნელობა არ აღემატება ნაყოფის დაზიანების რისკს. თერაპიის გვერდით მოვლენებში მოისაზრება ბაროტრავმის მსგავსი დაზიანებების გამოვლენა. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს გარდამავალი მიოპია, სისხლში შაქრის კონცენტრაციის დაკლება, ფილტვების ინტოქსიკაციის ნიშნები ან კრუნჩხვა.

ინფორმაციას უახლოეს კლინიკაზე, სადაც ხელმისაწვდომია რეკომპრესიული თერაპიის პალატები, იქ მოხვედრის უმოკლესი გზა და საკონტაქტო ინფორმაციას სპეციალისტთან გადაუდებელი სატელეფონო კონსულტაციისთვის უნდა ფლობდეს ყველა მყვინთავი. მსგავსი ინფორმაციის მოპოვება აშშ-ში შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში (www.divers.alertnetwork.org). ინფორმაციის ალტერნატიული წყაროა წყალქვეშა მედიცინისა და ჰიპერბარიული თერაპიის საზოგადოება ( www.uhms.org).