ყვინთვა საკმაოდ პოპულარულ სამოყვარულო გართობას წარმოადგენს, რომელიც უსაფრთხოა ჯანმრთელი პირებისთვის სწორად მომზადებისა და ინფორმირების შემდეგ. უსაფრთხოების სასწავლო კურსები, რომელიც "დაივინგის" (მყვინთავთა) ნაციონალური ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული, ფართოდ არის ხელმისაწვდომი.
უსაფრთხოების ზომები: ყველა მყვინთავმა უნდა გაითვალისწინოს რეკომენდებული უსაფრთხოების წესები, რათა მინიმუმამდე შეამცირონ ბაროტრავმის და დეკომპრესიული დაავადების განვითარების რისკი.
ბაროტრავმის რისკის შემცირება შესაძლებელია ჰაერის შემცველ სხვადასხვა არეში წნევის გათანაბრებით, მყვინთავის ნიღბის (ცხვირიდან ნიღაბში ჰაერის ამოსუნთქვის გზით) და შუა ყურის (ყლაპვის ან დამთქნარების გზით) ჩათვლით. ყვინთვისას არ შეიძლება სუნთქვის შეკავება და ზედაპირზე ამოსვლისას აუცილებელია თანაბარი სიჩქარით სუნთქვა. ზედაპირზე ამოსვლა თანდათან უნდა მოხდეს და ვერტიკალურად აღმასვლის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0.15-0.30 მ/წმ-ს. აღმასვლის ასეთი სიჩქარე უზრუნველყოფს სასუნთქი გზებიდან აზოტის თანდათანობით გამოძევებას და შეკუმშული ჰაერით სავსე სივრცეებში (ფილტვები და ცხვირის წიაღები) წნევის ნელ-ნელა დაქვეითებას. ასევე რეკომენდებულია სიღრმიდან ამოსვლის დროს წყლის ზედაპირთან 4,6 მეტრით მიახლოებისას 3-5 წუთის განმავლობაში წყალში შეყოვნება. არ შეიძლება საფრენი ტრასპორტით მგზავრობა ღრმა ყვინთვის შემდეგ 15-18 საათის განმავლობაში.
მყვინთავმა უნდა გაითვალისწინოს და მოერიდოს არასახარბიელო პირობებში წყალქვეშ ჩასვლას, როგორიც არის გაუარესებული ხილვადობა, წყალქვეშა დინებები, რომელიც ცურვისას დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. განსაკუთრებით სახიფათოა წყლის დაბალი ტემპერატურა, რადგან ცივ წყალში ყვინთვისას ჰიპოთერმია შეიძლება ძალზე სწრაფად განვითარდეს, რაც აზროვნების შენელებას და რეაქციის დაქვეითებას განაპირობებს. გარკვეულ პირებში ჰიპოთერმიამ შესაძლებელია სიცოცხლისათვის საშიში გულის რიტმის დარღვევა გამოიწვიოს. მარტო ყვინთვა რეკომენდებული არ არის.
ალკოჰოლის, გასართობი ან დამამშვიდებელი წამლების ზემოქმედების ქვეშ ყვინთვას შეიძლება გაუთვალისწინებელი და მძიმე შედეგები მოჰყვეს. ამიტომ მათი გამოყენება ყვინთვისას დაუშვებელია. ექიმის მიერ დანიშნული არასედაციური წამლების (წამლები, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი არ აქვს) მიღება ყვინთვაზე ნაკლებად ახდენს გავლენას.
ყვინთვის დროს მაღალი რისკის შემცველი ფაქტორები: რადგან ყვინთვისას ადამიანი საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს, სიღრმეზე ჩასვლამდე ის სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს. უცილებელია სუნთქვასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების კარგად ფლობა და სუნთქვითი შესაძლებლობების შეფასება. მყვინთავს არ უნდა ჰქონდეს გულის ან ფილტვების დაავადება. ჩვეულებრივ, აკრძალულია ისეთი დაავადებების მქონე პირების ყვინთვა, რომლებიც გავლენას ახდენენ ცნობიერებაზე, რეაქციასა და აზროვნებაზე, მაგალითად, ეპილეფსია ან ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობის გამო). არსებობს დიაბეტის მქონე პირთა ყვინთვის სპეციალური პროგრამები. ყვინთვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის შესახებ ნებისმიერი კითხვის არსებობისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ჩვეულებრივ, 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყვინთვა რეკომენდებული არ არის. თუმცა, სპეციალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ბავშვების მზადება 8 წლის ასაკიდან იწყება, წარმატებული აღმოჩნდა. ყვინთვის ინსტრუქტორთა უმრავლესობა კარგად იცნობს რეკომენდაციებს ბავშვებისათვის ყვინთვის სწავლების შესახებ. მომავალი მყვინთავები უნდა შეფასდნენ ექიმის მიერ, რომელთაც აქვთ ყვინთვასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. შეფასების მიზანია ყვინთვისათვის ფიზიკური მომზადების დონის შეფასება და ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების აღმოჩენა, რომლებიც ყვინთვის დროს დაზიანების რისკს ზრდის.
პროფესიონალ მყვინთავებს პერიოდულად სამედიცინო შემოწმება უტარდებათ, რაც გულისხმობს გულის და ფილტვების ფუნქციის შეფასებას, სმენის და მხედველობის გამოკვლევას, ფიზიკური დატვირთვის ტესტს და ძვლების რენტგენოლოგიურ შესწავლას. აუცილებელია მყვინთავების სპეციალური მომზადება.