მოწამვლა პარაცეტამოლით | მკურნალი.გე
  1. მოწამვლა პარაცეტამოლით
  2. მოწამვლები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
მოწამვლა პარაცეტამოლით

  • ზოგჯერ, ადამიანები დიდი რაოდენობით აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) შემცველ პროდუქტებს მოიხმარენ და ამით შემთხვევით იწამლავენ თავს;

  • სისხლში პარაცეტამოლის რაოდენობის მიხედვით, სიმპტომები იცვლება უსიმპტომო მდგომარეობიდან ღებინება-მუცლის ტკივილამდე, შემდეგ კი ღვიძლის უკმარისობასა და სიკვდილამდე;

  • დიაგნოზი ეფუძნება სისხლში პარაცეტამოლის რაოდენობის განსაზღვრას და ღვიძლის ფუნქციური სინჯების ანალიზის შედეგებს;

  • პარაცეტამოლის ტოქსიკურობის შესამცირებლად, აცეტილცისტეინი ინიშნება.

ურეცეპტოდ გასაცემ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, პარაცეტამოლს 100-ზე მეტი პროდუქტი შეიცავს. პარაცეტამოლი ასევე მრავალი რეცეპტით გასაცემი კომბინირებული საშუალების შემადგენლობაშიც შედის. თუ დაუდევრობის გამო ერთდროულად აცეტამინოფენის შემცველი რამდენიმე მსგავსი ფარმაკოლოგიური პროდუქტი მიიღება, ადამიანი დიდი რაოდენობით პარაცეტამოლს იღებს. ბავშვთა ასაკში გამოსაყენებლად მრავალი პრეპარატია ხელმისაწვდომი სითხის, აბებისა და კაფსულების სახით. ხშირად, მაღალი ტემპერატურის ან ტკივილის გამო მშობლები ბავშვს რამდენიმე საათის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე პრეპარატს აძლევენ და ანგარიშს არ უწევენ იმას, რომ თითქმის ყველა მათგანი პარაცეტამოლის შემცველია.

პარაცეტამოლი, ჩვეულებრივ, ძალზე უსაფრთხო საშუალებაა, თუნდაც დიდი დოზებით გამოყენებისას, თუმცა, სრულად უვნებელიც არ არის. იმისათვის, რომ პარაცეტამოლმა მოწამვლა გამოიწვიოს, ადამიანმა ის რეკომენდებულ დოზაზე მრავალჯერ მეტი დოზით უნდა მიიღოს. მაგალითად, 70კგ-მდე წონის ადამიანისთვის ტოქსიკური ეფექტის გამოწვევა 30 ცალ 325 მგ-იანი აბის ერთჯერადად მიღებას შეუძლია. გარდაცვალება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ერთჯერადად 40 ცალი 325 მგ აბი მიიღება. ტოქსიკურობის განვითარება, ასევე შესაძლებელია, დროთა განმავლობაში, მცირე დოზების მრავალჯერადი მიღებისას. ტოქსიკური დოზებით, პარაცეტამოლმა შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს, რის შედეგად ღვიძლის უკმარისობა ვითარდება.

სიმპტომები და დიაგნოზი

ჩვეულებრივ, ჭარბი დოზირებისას სიმპტომები სწრაფად არ ვითარდება. მიღებიდან 2-4 საათში სისხლში პარაცეტამოლის დონის განსაზღვრა ექიმს ღვიძლის დაზიანების სიმძიმის ამოცნობაში ეხმარება. თუ დოზა ძალიან დიდია, სიმპტომები შეიძლება ოთხ ეტაპად განვითარდეს. პირველი ეტაპი რამდენიმე საათში ვითარდება და შესაძლებელია ღებინება განვითარდეს; თუმცა, დაზარალებული მძიმედ არაა. შემთხვევათა უმრავლესობაში, სიმპტომები მე-2 ეტაპამდე არ ვლინდება (24-72 საათის შემდეგ), რომლის დროსაც შეიძლება გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი განვითარდეს. აღნიშნულ სტადიაზე, სისხლის ანალიზებით ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ვლინდება. მე-3 სტადიაზე (3-4 დღის შემდეგ) ღებინება უარესდება. ლაბორატორიული ანალიზებით ღვიძლის ფუნქცია კიდევ უფრო გაუარესებულია და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება) და სისხლდენა ვითარდება. ზოგჯერ აღნიშნულს თან ერთვის თირკმლების უკმარისობა და პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). მე-4 სტადიაზე (5 დღის შემდეგ), ადამიანი ან გამოჯანმრთელდება ან ღვიძლის და ხშირად სხვა ორგანოების უკმარისობა ვითარდება, რომელიც ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს.

მკურნალობა

თუ პარაცეტამოლი რამდენიმე საათის წინაა მიღებული, შეიძლება გააქტიურებული ნახშირის მიწოდება.

თუ სისხლში პარაცეტამოლის დონე მაღალია, ჩვეულებრივ, მისი ტოქსიკურობის შესამცირებლად, პაციენტს დასალევად ან ინტრავენურად აცეტილცისტეინი ეძლევა. აღნიშნული ანტიდოტი ღვიძლის დაზიანების პრევენციას ახდენს, თუმცა, თუ ღვიძლი უკვე დაზიანებულია, მისი უკუგანვითარება ვერ მოხერხდება. ამიტომ, აცეტილცისტეინი ღვიძლის დაზიანებამდე უნდა დაინიშნოს. ასევე, შესაძლოა ღვიძლის უკმარისობის მკურნალობა ან ღვიძლის გადანერგვა გახდეს საჭირო.