მოწამვლები | მკურნალი.გე
  1. მოწამვლები
  2. დაზიანებები და მოწამვლები
მოწამვლები

მოწამვლა ტოქსიკური ნივთიერებების გადაყლაპვით, შესუნთქვით ან კანთან, თვალებსა და ლორწოვან გარსებთან (პირის ღრუს ან ცხვირის) კონტაქტის შედეგად განვითარებული დამაზიანებელი მოქმედებაა.

  • მომწამვლელი ნივთიერებები შეიძლება იყოს რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი წამლები, აკრძალული ფარმაკოლოგიური საშუალებები, აირები, ქიმიური ნაერთები, ვიტამინები და საკვები;

  • ზოგიერთი შხამი დაზიანებას საერთოდ არ იწვევს, მაშინ, როცა სხვებმა შესაძლოა მძიმე დაზიანება ან სიკვდილიც კი გამოიწვიონ;

  • დიაგნოზი სიმპტომების, მოწამლული პირის ან თვითმხილველისაგან შეკრებილი ინფორმაციის და ზოგჯერ სისხლისა და შარდის ანალიზების საფუძველზე ისმება;

  • მედიკამენტები, ყოველთვის ქარხნული წარმოების, ბავშვისათვის ძნელად გასახსნელ კონტეინერში უნდა იყოს მოთავსებული და მიუწვდომელ ადგილას ინახებოდეს;

  • მკურნალობა მოიცავს დაზარალებულისათვის დახმარების აღმოჩენას, შხამის დამატებით შეწოვის პრევენციას და ზოგჯერ, ორგანიზმიდან მისი გამოყოფის გაძლიერებას.

მოწამვლა სახლის პირობებში განვითარებული არაფატალური უბედური შემთხვევების ყველაზე ხშირი მიზეზია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად 2 მილიონ ადამიანზე მეტი ზიანდება სხვადასხვა სახის მოწამვლით. მედიკამენტები – რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი წამლები თუ აკრძალული საშუალებები, მძიმე მოწამვლების და მოწამვლებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. სხვა ხშირი მომწამლავი ნივთიერებებია: აირები, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საშუალებები, მცენარეები, საწარმოო ქიმიური ნივთიერებები, ვიტამინები და საკვები (განსაკუთრებით, სოკოს გარკვეული სახეობები და თევზები). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერი ნივთიერება ტოქსიკური აღმოჩნდეს.

პატარა ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სახლის პირობებში განვითარებული შემთხვევითი მოწამვლებისაგან, ისევე, როგორც ხანდაზმული პირები არიან მიდრეკილნი სამკურნალო საშუალებების არევისა და არასწორი მიღებისადმი. შემთხვევითი მოწამვლა ასევე ხშირია ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში (შეცდომით მიღებული მედიკამენტით) და საწარმოს მუშები (ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთებთან კონტაქტის გამო). მოწამვლა წინასწარ განზრახულიც შეიძლება იყოს მკვლელობის ან თვითმკვლელობის მცდელობის გამო. მოზრდილების უმრავლესობა, რომლებიც თავის მოკვლას მოწამვლით ცდილობენ, ერთზე მეტ მედიკამენტს იღებენ და ხშირად ალკოჰოლსაც მოიხმარენ.

შხამით გამოწვეული დაზიანება მომწამლავ ნივთიერებაზე, მის რაოდენობაზე, დაზარალებულის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი შხამი ძალიან ძლიერი არ არის და პრობლემებს მხოლოდ გახანგრძლივებული ზემოქმედების ან დიდი რაოდენობის განმეორებით მიღების შემთხვევაში იწვევს. სხვა შხამები კი იმდენად ძლიერია, რომ კანზე წვეთის მოხვედრამაც კი შეიძლება მძიმე დაზიანება გამოიწვიოს.

ზოგი მომწამლავი ნივთიერება სიმპტომების გამოვლენას წამებში იწვევს, მაშინ, როცა სხვები – საათების ან ზოგჯერ დღეების შემდეგ. ზოგი შხამის მიღებას, სანამ სასიცოცხლო ორგანოების (როგორიცაა თირკმლები ან ღვიძლი) დაზიანებას გამოიწვევს (დაზიანება ხშირად მუდმივი ხასიათის არის), მცირე სიმპტომები ახასიათებს.

პირველადი დახმარება

მოწამლული პირისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის დროს პრიორიტეტულია, რომ შემსწრე პირიც არ მოიწამლოს. ტოქსიკური აირების ზემოქმედების დროს, ადამიანი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს გამოყვანილი კერიდან, სასურველია – სუფთა ჰაერზე. დაზარალებულს დახმარება პროფესიონალებმა უნდა გაუწიონ. იმისათვის, რომ მოწამლული პირის დახმარებისას მაშველი ტოქსიკური აირებით ან ქიმიური ნაერთებით თავად არ მოიწამლოს, სპეციალური მზადების კურსის გავლა და უსაფრთხოების ზომების დაცვაა აუცილებელი.

ქიმიური ნივთიერების შხეფების მოხვედრისას, დასვრილი ტანსაცმელი, მათ შორის წინდები და ფეხსაცმელები და სამკაულებიც, სასწრაფოდ უნდა მოსცილდეს. კანი კარგად უნდა დაიბანოს საპნითა და წყლით. თვალებზე მოხვედრის შემთხვევაში, სრულყოფილად უნდა ჩამოირეცხოს წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით. სიფრთხილე მართებს დამხმარე პირს, თვითონაც რომ არ დაზიანდეს.

თუ დაზიანებული პირი თავს ცუდად გრძნობს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახებაა აუცილებელი (ამერიკის შეერთებული შტატების უმეტეს ადგილებში – 911, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასა და საქართველოში – 112). საჭიროების შემთხვევაში, შემსწრე პირებმა გულ-ფილტვის რეანიმაცია (გფრ) უნდა ჩაატარონ. თუ დაზარალებული ძალიან მძიმე მდგომარეობაში არაა, რჩევის საკითხავად, შემსწრე პირებს შეუძლიათ უახლოეს მოწამვლების ცენტრთან დაკავშირება (აშშ-ში 800-222-1222). დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამერიკის მოწამვლების კონტროლის ცენტრების ასოციაციების ვებგვერდიდან (www.aapcc.org). თუ შემსწრე პირმა იცის მომწამლავი საშუალების სახეობა და მიღებული რაოდენობა, მკურნალობა სახლიდანვე უნდა დაიწყოს, თუ ეს უკანასკნელი მოწამვლების ცენტრის მიერაა რეკომენდებული.

მომწამვლელი ნივთიერების ან ყველა იმ მედიკამენტის კონტეინერი, რომელიც შეიძლება მოწამლულ პირს მიეღო (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი), უნდა შეინახოს და მიეწოდოს ექიმებს ან დახმარების გამწევ პირებს. მოწამვლების ცენტრის რეკომენდაციით, კლინიკაში მისვლამდე მოწამლულს შესაძლოა მიეცეს გააქტიურებული ნახშირი და იშვიათად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კლინიკამდე დიდი მანძილია გასავლელი, ღებინების გამოსაწვევი საშუალება იპეკაკუანის სიროფი. თუმცა, სპეციფიკური ინსტრუქციის გარეშე არ არის სასურველი დამხმარეების მიერ (როგორიცაა გადაუდებელი დახმარების ბრიგადის პერსონალი) სახლის პირობებში ნახშირისა და იპეკაკუანის სიროფის გამოყენება. იპეკაკუანის სიროფს არაპროგნოზირებადი ეფექტი აქვს, ხშირად გახანგრძლივებულ ღებინებას იწვევს და მომწამლავი ნივთიერების გარკვეული რაოდენობა, შესაძლოა კუჭიდან ვერ გამოიდევნოს.

დიაგნოზი

მკურნალობისათვის მნიშვნელოვანია მომწამლავი ნივთიერების ზუსტად დადგენა. ფლაკონზე არსებული ეტიკეტი და სხვა ინფორმაციის მოძიება დაზარალებულისგან, ოჯახის წევრების ან თანამშრომლებისაგან ყველაზე უკეთ ეხმარება ექიმს ან მოწამვლების ცენტრს მომწამლავი ნივთიერების დადგენაში. ნაკლებად არის მოსალოდნელი მომწამლავი ნივთიერების დადგენა ლაბორატორიული კვლევებით. მრავალი მედიკამენტისა და შხამის იდენტიფიკაცია კლინიკაშიც კი ვერ ხერხდება ხოლმე. ზოგჯერ, ნივთიერების დადგენაში ექიმს ეხმარება სისხლისა და შარდის ანალიზები. სისხლის ანალიზებით შეიძლება მოწამვლის სიმძიმის დადგენაც, თუმცა, გარკვეული სახეობის შხამებით მოწამვლის შემთხვევაში.

ზოგიერთი ნივთიერებით მოწამვლისას მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია მიღებული ნივთიერების არსებობას და მდებარეობას ადგენს. მომწამლავი ნივთიერებები, რომელიც რენტგენოგრაფიულად ხილვადია, მოიცავს რკინას, ტყვიას, დარიშხანს და კოკაინის ან სხვა აკრძალული საშუალების დიდი ზომის პაკეტებს, რომელსაც აკრძალული საშუალების გამსაღებლები სხეულში დამალვის მიზნით ყლაპავენ.

პრევენცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალური, ბავშვისთვის ძნელად გასახსნელი, დამცავი სახურავის მქონე კონტეინერების შემოღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის მოწამვლებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი. შემთხვევით მოწამვლებისაგან დასაცავად, წამალი საკუთარ, ორიგინალურ კონტეინერში უნდა ინახებოდეს. დაუშვებელია ტოქსიკური ნივთიერებების, როგორიცაა ინსექტიციდები და გამწმენდი საშუალებები, თუნდაც მცირე დროით, ჩვეულებრივ ბოთლებში ან ფინჯანში შენახვა. სხვა პრევენციული ღონისძიებები მოიცავს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების თვალსაჩინო მარკირებას, წამლებისა და ტოქსიკური ნივთიერებების შენახვას ბავშვებისაგან მიუწვდომელ, ჩაკეტილ ოთახში, ასევე ნახშირჟანგის დეტექტორების გამოყენებას. ვადაგასული წამლები უნდა გადაიყაროს ცხოველის ექსკრემენტებთან ან სხვა ბავშვისათვის არამიმზიდველ სუბსტანციებთან ერთად და უნდა მოთავსდეს ნაგვის ყუთში, რომელიც ბავშვისათვის მიუწვდომელია. ყოველთვის უნდა შემოწმდეს ეტიკეტი წამლის დალევამდე ან სხვისთვის მიცემამდე ან საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების გამოყენებამდე.

მოწამვლების სიმძიმეს ამცირებს ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტების მცირე რაოდენობით მოთავსება კონტეინერში, განსაკუთრებით აცეტამინოფენის, ასპირინის ან იბუპროფენის შემთხვევაში. მწარმოებლის მიერ აბებსა და კაფსულებზე მედიკამენტის დასახელების მითითება, შეამცირებს პაციენტების, ფარმაცევტებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ შეცდომის დაშვებას და წამლების შეცდომით მიღების ალბათობას.

მკურნალობა

მოწამვლის ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტი კლინიკაში უნდა მოთავსდეს. სათანადო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მათი უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდება.

მკურნალობის პრინციპი, ნებისმიერი მოწამვლის შემთხვევაში, ერთნაირია:

  • სუნთქვისა და სისხლის წნევის ხელშეწყობა;

  • ნივთიერების დამატებით შეწოვის პრევენცია;

  • შხამის ორგანიზმიდან გამოდევნის ხელშეწყობა;

  • თუ შესაძლებელია, სპეციფიკური ანტიდოტის დანიშვნა (ნივთიერება, რომელიც ახდენს შხამის გამოდევნას ორგანიზმიდან, მის ინაქტივაციას ან მისი ეფექტების განეიტრალებას);

  • ნივთიერების განმეორებით ზემოქმედების პრევენცია.

კლინიკაში მკურნალობის ძირითადი მიზანია ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნება შხამის ორგანიზმიდან გამოდევნამდე ან ინაქტივაციამდე. საბოლოოდ, შხამების უმრავლესობა ღვიძლის მიერ ინაქტივირდება ან შარდის გზით გამოიყოფა. მრავალ სერიოზულ შხამს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია.

კუჭის ამორეცხვა, რომელსაც ადრე ხშირად მიმართავდნენ, ამჟამად რეკომენდებული არაა, რადგან ორგანიზმიდან საწამლავის მხოლოდ მცირე რაოდენობას გამოდევნის და მძიმე გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. კუჭის ამორეცხვა იშვიათად აუმჯობესებს გამოსავალს. თუმცა, იგი შეიძლება ჩატარდეს მეტად საშიში შხამის ან პაციენტის მძიმე მდგომარეობაში ყოფნისას. აღნიშნული პროცედურის დროს, მცირე ზომის მილი პირის ან ცხვირის ღრუს გავლით კუჭში თავსდება. მილის გზით კუჭში შეჰყავთ წყალი და შემდეგ უკან ამოაქვთ (კუჭის ლავაჟი). პროცედურა რამდენჯერმე მეორდება. თუ მოწამვლის გამო ძილიანობა აღინიშნება, თავდაპირველად სასუნთქ გზებში, პირის გავლით, პლასტმასის მილი იდგმება (ენდოტრაქეული ინტუბაცია). ენდოტრაქეული ინტუბაცია კუჭის ამორეცხვის დროს სასუნთქ გზებს მასში სითხის მოხვედრისაგან იცავს. კლინიკაში კუჭის გასათავისუფლებლად ექიმები იპეკაკუანის სიროფს არ იყენებენ, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევის შედეგები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

მრავალი მსუბუქი მოწამვლის დროს, კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შეიძლება პაციენტს გააქტიურებული ნახშირი მისცენ. გააქტიურებული ნახშირი ბოჭავს შხამს, რომელიც ჯერ კიდევ საჭმლის მომნელებელ ტრაქტშია და აფერხებს მის სისხლში მოხვედრას. ნახშირი, ჩვეულებრივ, დასალევად ეძლევა. თუმცა, მისი კუჭში შეყვანა ცხვირიდან ჩადგმული მილის გავლითაც არის შესაძლებელი. ზოგჯერ, ექიმები ორგანიზმის ტოქსინებისაგან გასაწმენდად ნახშირს ყოველ 4-6 საათში ერთხელ ნიშნავენ. თუმცა, ყველა სახეობის მომწამლავი ნივთიერება როდი ინაქტივირდება ნახშირის საშუალებით. მაგალითად, იგი არ ბოჭავს ალკოჰოლს, რკინას ან სხვა მრავალ საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებას.

თუ მოწამვლა, ნახშირისა და ანტიდოტების გამოყენების მიუხედავად, კვლავ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას იწვევს, საჭირო ხდება უფრო კომპლექსური მკურნალობის ჩატარება. ყველაზე ხშირად, ასეთი მკურნალობა მოიცავს სისხლიდან შხამის პირდაპირი გზით მოცილება-გაფილტვრას. აღნიშნულ მეთოდს განეკუთვნება ჰემოდიალიზი (რომლის დროსაც შხამის გასაფილტრად ხელოვნური თირკმელი [სადიალიზო საშუალება] გამოიყენება) და ნახშირით ჰემოპერფუზია (რომლის დროსაც შხამის მოსაცილებლად ნახშირი გამოიყენება). ჩამოთვლილთაგან ორივე მეთოდის შემთხვევაში მცირე ზომის მილები (კათეტერები) იდგმება სისხლძარღვებში, ერთი – არტერიაში, აქედან სისხლის გამოსატანად და მეორე – ვენაში, მასში სისხლის უკან შესაშვებად. სისხლი სპეციალური ფილტრების გავლით იწმინდება ტოქსიკური ნაერთებისაგან და შემდეგ ბრუნდება სხეულში. ზოგჯერ, შარდის მეტად გატუტიანების მიზნით (მჟავიანობის საპირისპიროდ), ვენაში ნატრიუმის ბიკარბონატის შემცველი ხსნარი (სოდის ხსნარი) შეჰყავთ. ეს უკანასკნელი აძლიერებს შარდის გზით გარკვეული მედიკამენტების გამოყოფას (როგორიცაა ასპირინი და ბარბიტურატები).

მოწამვლის დროს ხშირად საჭიროა ე.წ. მხარდამჭერი მკურნალობა, რომლის მიზანი გულის მუშაობის, სისხლის წნევის და სუნთქვის სტაბილიზაციაა, სანამ ორგანიზმიდან შხამი გამოიდევნება ან ინაქტივირდება. მაგალითად, ძილიანობის ან კომური მდგომარეობის დროს, შესაძლებელია საჭირო გახდეს სასულეში სასუნთქი მილის ჩადგმა. მილი უერთდება სასუნთქ აპარატს, რომელიც მექანიკურად უზრუნველყოფს სუნთქვას. მილი სასუნთქ გზებს იცავს მასში პირნაღები მასების მოხვედრისაგან, ხოლო სუნთქვის აპარატი ფილტვების სუნთქვით მოძრაობას უზრუნველყოფს. შესაძლებელია საჭირო გახდეს კრუნჩხვების, ცხელების ან ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის დანიშვნაც.

იმ შემთხვევაში, თუ თირკმლები მუშაობას წყვეტს, საჭირო ხდება ჰემოდიალიზი, ხოლო ღვიძლის გავრცელებული დაზიანების შემთხვევაში – ღვიძლის უკმარისობის მკურნალობა. თუ თირკმელი ან ღვიძლის დაზიანება მძიმეა და მუდმივ სახეს იღებს, შესაძლოა ორგანოების გადანერგვა გახდეს საჭირო.

მოწამვლით თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, დაზარალებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება და სათანადო მკურნალობა სჭირდება.