1. ასპირინით მოწამვლა
  2. დაზიანებები და მოწამვლები
ასპირინით მოწამვლა

  • ასპირინით მოწამვლა შეიძლება მწვავედ გამოვლინდეს მისი მაღალი დოზით მიღების დროს ან თანდათან განვითარდეს, დაბალი დოზების ხანგრძლივად, განმეორებით მიღებისას;

  • სიმპტომები მოიცავს ყურებში ზარების რეკვის ხმიანობას, გულისრევას, ღებინებას, ძილიანობას, გონების დაბინდვას და სწრაფად სუნთქვას;

  • დიაგნოზი სისხლის ანალიზების მიხედვით ისმება;

  • მკურნალობა მოიცავს დასალევად ან კუჭში ჩადგმული ზონდით გააქტიურებული ნახშირის, სითხეების და ინტრავენურად ბიკარბონატის მიწოდებას; მძიმე მოწამვლისას – ჰემოდიალიზს.

ასპირინის ან სხვა მსგავსი საშუალებების (სალიცილატები) ჭარბი დოზით მიღებამ, მოწამვლა სწრაფად შეიძლება გამოიწვიოს. დოზა, რომელიც მწვავე მოწამვლისათვისაა საჭირო, საკმაოდ დიდია. 70 კგ-მდე სხეულის მასის მქონე ადამიანმა, 30 ცალი 325 მგ-იანი აბი მაინც უნდა მიიღოს, თუნდაც მსუბუქი მოწამვლა რომ განვითარდეს. ამიტომ, მწვავედ განვითარებული ასპირინის ჭარბი დოზირება, იშვიათად არის შემთხვევითი.

ასპირინის დაბალი დოზებით თანდათან მოწამვლა წინასწარი განზრახვის გარეშე, ასპირინის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში ვითარდება. ჩვეულებრივ, ბავშვებს ასპირინი ცხელების დროს იშვიათად ენიშნებათ, რადგან მათში რეის სინდრომის განვითარების რისკი მაღალია. თუმცა, ბავშვებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში დანიშნულზე სულ ცოტათი მაღალი დოზით ასპირინის მიცემის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია მოწამვლა განვითარდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვისთვის განკუთვნილი ხველისა და გაცივების საწინააღმდეგო არც ერთი საშუალება არ შეიცავს ასპირინს. მათი უმრავლესობის შემადგენლობაში პარაცეტამოლი ან იბუპროფენი შედის. მოზრდილებს, მათ შორის მრავალ ხანდაზმულს, მოწამვლა თანდათან, რამდენიმეკვირიანი გამოყენების შემდეგ შეიძლება განუვითარდეთ. ასპირინის დოზა, რომელიც კორონარული არტერიების დაავადების მქონე პირებისთვისაა რეკომენდებული გულის შეტევის რისკის დასაქვეითებლად (1 ტაბ. ბავშვის ასპირინი, ან 1/2 ტაბ. მოზრდილის ასპირინი დღეში), ძალიან მცირეა იმისათვის, რომ თანდათანობით მოწამვლა გამოიწვიოს.

სალიცილატების ყველაზე მეტად ტოქსიკური ფორმაა მცენარე მსხალიჭადან (ლათ. Pyrola) მიღებული ზეთი (მეთილსალიცილატი). მეთილსალიცილატი შედის ცხელი ორთქლის ინჰალატორში გამოსაყენებელი თხელი მალამოებისა და ხსნარების შემადგენლობაში. პატარა ბავშვის გარდაცვალება შესაძლებელია 1 ჩაის კოვზზე ნაკლები სუფთა მეთილსალიცილატის გადაყლაპვის შემთხვევაში. შედარებით ნაკლებად ტოქსიკურია ურეცეპტოდ გასაცემი ბისმუტის სუბსალიცილატი (გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციების სამკურნალოდ), რომელმაც ტოქსიკურობა რამდენიმე დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს.

სიმპტომები

ასპირინით მოწამვლის პირველადი ნიშნებია გულისრევა და ღებინება, რომელსაც მოსდევს სუნთქვის აჩქარება, ყურებში ხმაური და ოფლიანობა. თუ მოწამვლა მძიმეა, მოგვიანებით, შესაძლებელია თავში სიმსუბუქის შეგრძნების, ცხელების, ძილიანობის, ჰიპერაქტიურობის, გონების დაბინდვის, კრუნჩხვების, კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების (რაბდომიოლიზი), თირკმლების უკმარისობისა და სუნთქვის გაძნელების განვითარება.

ასპირინით თანდათან მოწამვლის ნიშნები დღეებისა და კვირების განმავლობაში ვითარდება. ყველაზე ხშირია ძილიანობა, გონების დაბინდვა და ჰალუცინაციები. შეიძლება განვითარდეს თავში სიმსუბუქის შეგრძნება, სწრაფი სუნთქვა, ცხელება, გაუწყლოვნება, სისხლის წნევის დაქვეითება, სისხლში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება (ჰიპოქსია), სისხლში რძემჟავას დაგროვება (ლაქტაციდოზი), სითხის ჩადგომა ფილტვებში (ფილტვების შეშუპება), კრუნჩხვები და ტვინის შეშუპება.

დიაგნოზი და მკურნალობა

სისხლის ნიმუშს იღებენ მასში ასპირინის რაოდენობის განსაზღვრისათვის. მოწამვლის სიმძიმის შეფასებაში ექიმს სისხლის pH-ის (სისხლში მჟავების რაოდენობა) და სისხლში ნახშირორჟანგის ან ბიკარბონატების რაოდენობის განსაზღვრა ეხმარება. მკურნალობის პროცესში კვლევები, ჩვეულებრივ, რამდენჯერმე მეორდება, რითაც გამოჯანმრთელების პროცესი ფასდება.

რაც შეიძლება დროულად უნდა დაინიშნოს გააქტიურებული ნახშირი და შემცირდეს ასპირინის ათვისება. საშუალო სიმძიმის ან მძიმე მოწამვლის დროს, ინტრავენურად ინიშნება ნატრიუმის ბიკარბონატის შემცველი სითხეები. თუ თირკმლები დაზიანებული არაა, სითხეებში კალიუმი ემატება. აღნიშნულ ხსნარებს ასპირინი სისხლიდან შარდში გადააქვთ. თუ მდგომარეობა მკურნალობის მიუხედავად უარესდება, ასპირინის, სხვა სალიცილატების და მჟავების სისხლიდან მოცილება ჰემოდიალიზით (შხამის გასაფილტრად ხელოვნური თირკმლის [დიალიზის აპარატი] გამოყენება) არის შესაძლებელი. სათანადოდ ტარდება სხვა სიმპტომების მკურნალობა, როგორიცაა ცხელება ან კრუნჩხვები.