ნახშირჟანგით მოწამვლა | მკურნალი.გე
  1. ნახშირჟანგით მოწამვლა
  2. დაზიანებები და მოწამვლები
ნახშირჟანგით მოწამვლა

  • ნახშირჟანგით მოწამვლა ხშირია;

  • სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, გულისრევას, ძილიანობას და გონების დაბინდვას;

  • დიაგნოზის დასმა სისხლის ანალიზებით ხდება;

  • ნახშირჟანგით მოწამვლის პრევენციას ხელს უწყობს ნახშირჟანგის დეტექტორების არსებობა და გაზქურის და სხვა საყოფაცხოვრებო ნამწვის ადეკვატური ვენტილაცია;

  • მკურნალობა მოიცავს სუფთა ჰაერზე გასვლას და მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის სუნთქვას.

ნახშირჟანგი უფერო, უსუნო აირია, ჩასუნთქვისას არღვევს სისხლით ჟანგბადის გადატანას და ქსოვილების მიერ ჟანგბადის ეფექტურად მოხმარებას. მცირე რაოდენობა, ჩვეულებრივ, საზიანო არაა. მოწამვლა ვითარდება, როცა სისხლში ნახშირჟანგის კონცენტრაცია ძალიან მოიმატებს. ნახშირჟანგი სისხლიდან რამდენიმე საათში ქრება.

ცეცხლის კვამლი, ჩვეულებრივ, შეიცავს ნახშირჟანგს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საწვავის არასრული წვა მიმდინარეობს. არასწორად ვენტილირებულმა ავტომობილებმა, გაზქურებმა, წყლის გამათბობლებმა, აირზე ან ნავთზე მომუშავე გამათბობლებმა, ღუმელებმა (მათ შორის შეშის და ქვანახშირზე მომუშავე ღუმელებმა) შეიძლება ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია გამოიწვიონ. თამბაქოს ნამწვის შესუნთქვა სისხლში ნახშირჟანგის რაოდენობას ზრდის, თუმცა, არა იმდენად, რომ მოწამვლის სიმპტომები გამოიწვიოს.

სიმპტომები და დიაგნოზი

ნახშირჟანგით მსუბუქი მოწამვლა იწვევს თავის ტკივილს, გულისრევას, თავბრუხვევას, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას, ღებინებას, ძილიანობას და კოორდინაციის დარღვევას. მსუბუქი ფორმის ინტოქსიკაციის დროს მოწამლულთა უმრავლესობა სუფთა ჰაერზე გასვლისას სწრაფად გამოჯანმრთელდება. საშუალო ან მძიმე მოწამვლა იწვევს აზროვნების დარღვევას, გონების დაბინდვას და დაკარგვას, კრუნჩხვებს, ტკივილს გულმკერდში, სუნთქვის უკმარისობას, სისხლის წნევის დაქვეითებას და კომას. დაზარალებულთა უმრავლესობას არ შეუძლია გადაადგილება და შველა ესაჭიროება. მძიმე მოწამვლა ხშირად სასიკვდილოა. იშვიათად, ნახშირჟანგით მძიმე მოწამვლის გავლისას და აშკარა გამოჯანმრთელების შემდეგ, რამდენიმე კვირაში, ვითარდება მეხსიერების გაუარესება, კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის გაუარესება (დაყოვნებული ნეიროფსიქიკური სიმპტომები).

ნახშირჟანგი სახიფათოა, რადგან ადამიანმა მოწამვლის ნიშანი, როგორიცაა ძილიანობა, შეიძლება ვერ ამოიცნოს. შედეგად, მსუბუქი მოწამვლის დროს, დასაძინებლად წავიდეს და გააგრძელოს ნახშირჟანგის სუნთქვა, სანამ მძიმე მოწამვლა ან სიკვდილი არ განვითარდება. ზოგჯერ, ხანგრძლივი და მსუბუქი მოწამვლისას, რომელიც გაზქურის ან გამათბობლების არასრული წვითაა განპირობებული, სიმპტომები შეცდომით სხვა მდგომარეობად აღიქმება, როგორიცაა გაცივება ან სხვა ვირუსული ინფექციები.

ნახშირჟანგით მოწამვლის დიაგნოზი სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრით ისმება.

პრევენცია და მკურნალობა

მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, საყოფაცხოვრებო ნამწვის წყარო, როგორიცაა გაზზე მომუშავე გამათბობლები და შეშის ღუმელი, სათანადო მონტაჟსა და ვენტილაციას საჭიროებს. არასათანადო ვენტილაციის შემთხვევაში, ფანჯრის გაღება შეამცირებს ნახშირჟანგის დაგროვებას და შენობიდან მის გასვლას შეუწყობს ხელს. გაზქურებსა და სხვა გამათბობელ მოწყობილობაზე არსებული გამწოვი მილები, პერიოდულად უნდა შემოწმდეს ნაპრალების არსებობის და მათგან აირის გაჟონვის გამოსავლენად. არსებობს სახლის პირობებში გამოსაყენებელი, სპეციალური ქიმიური დეტექტორები, რომლებიც შეიგრძნობენ ჰაერში ნახშირჟანგის არსებობას და სიგნალს გამოსცემენ. თუ სავარაუდოა სახლში ნახშირჟანგის დაგროვება, უნდა გაიღოს ფანჯარა და სახლიდან ევაკუაცია განხორციელდეს, ასევე დადგინდეს ნახშირჟანგის წყარო. დეტექტორების საშუალებით მუდმივი მონიტორინგით შესაძლებელია ნახშირჟანგის აღმოჩენა მანამ, სანამ მოწამვლა განვითარდება. კვამლის დეტექტორების მსგავსად, ნახშირჟანგის დეტექტორების დამონტაჟება ყველა სახლშია რეკომენდებული.

მსუბუქი მოწამვლისას, სავსებით საკმარისია სუფთა ჰაერზე გასვლა. უფრო მძიმე მოწამვლის შემთხვევაში, მკურნალობისათვის პაციენტს ნიღბით ეძლევა მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადი. ჟანგბადი აჩქარებს სისხლიდან ნახშირჟანგის გამოდევნას და ამცირებს სიმპტომებს. მაღალწნევიანი ჟანგბადით მკურნალობის (ჰიპერბარიულ კამერაში) ეფექტი ჯერჯერობით გაურკვეველია.