კაუსტიკური საშუალებებით მოწამვლა | მკურნალი.გე
  1. კაუსტიკური საშუალებებით მოწამვლა
  2. დაზიანებები და მოწამვლები
კაუსტიკური საშუალებებით მოწამვლა

  • გადაყლაპვის შემთხვევაში კაუსტიკურმა ნივთიერებებმა შეიძლება მასთან შეხებაში მყოფი ყველა რბილი ქსოვილის (ტუჩებიდან – კუჭამდე) დამწვრობა გამოიწვიოს;

  • სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს (განსაკუთრებით ყლაპვისას), ხველას, სუნთქვის უკმარისობას და ღებინებას;

  • ექიმები, დამწვარი კერების შესაფასებლად და დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის საყლაპავის დასათვალიერებლად პირის ღრუდან სპეციალურ დრეკად მილს – ენდოსკოპს, დგამენ;

  • მკურნალობა დაზიანების გავრცელების მიხედვით განისაზღვრება და შეიძლება ქირურგიულ ჩარევასაც გულისხმობდეს.

კაუსტიკური ნივთიერებების (ძლიერი მჟავები ან ტუტეები), გადაყლაპვის შემთხვევაში, შესაძლებელია ენის, პირის ღრუს, საყლაპავის და კუჭის დამწვრობის განვითარება. დამწვრობის შედეგად, შეიძლება საყლაპავი ან კუჭი გაიხვრიტოს (პერფორაცია). პერფორაციული ხვრელიდან საკვების და ზოგჯერ ნერწყვის გაჟონვამ, შესაძლოა გულმკერდის (მედიასტინიტი ან ემპიემა) ან მუცლის ღრუს (პერიტონიტი) მძიმე, სასიკვდილო ინფექციის განვითარება გამოიწვიოს. დამწვრობამ, რომელიც არ იწვევს პერფორაციას, შესაძლოა საყლაპავსა და კუჭში ნაწიბურის განვითარება განაპირობოს.

მაღალი კონცენტრაციის გამო, სამრეწველო პროდუქტები, ჩვეულებრივ, ყველაზე მეტად დამაზიანებელი თვისებებით ხასიათდება. თუმცა, ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტი, მათ შორის მილებისა და ტუალეტის ნიჟარის საწმენდები და ზოგიერთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დამაზიანებელ კაუსტიკურ ნივთიერებებს შეიცავს, როგორიცაა ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გოგირდმჟავა.

კაუსტიკური საშუალებები არსებობს როგორც მყარი, ასევე თხევადი სახით. მყარი ნაწილების სველ ზედაპირთან მიწებების (მაგალითად, ტუჩები) გამო განვითარებულმა წვის შეგრძნებამ, შეიძლება აიძულოს ადამიანი, აღარ მიიღოს ნივთიერების მეტი რაოდენობა. ვინაიდან თხევადი საშუალებები ლორწოვან გარსებს არ ეწებება, უფრო ადვილია მათი მეტი რაოდენობით გადაყლაპვა და საყლაპავის მთლიანად დაზიანება. ასევე შესაძლებელია თხევადი საშუალების ინჰალაცია (ასპირაცია), რაც ზედა სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს.

სიმპტომები

ნივთიერების მიღებიდან ძალიან სწრაფად, ჩვეულებრივ, რამდენიმე წუთში ვითარდება პირის ღრუსა და ყელის ტკივილი და შეიძლება ძალზე ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ყლაპვის დროს. აღინიშნება ხველა, ნერწყვდენა, ყლაპვის შეუძლებლობა, ღებინება, სისხლიანი ღებინება და სუნთქვის უკმარისობა. მძიმე შემთხვევებში, როდესაც დაზიანება ძლიერი კაუსტიკური საშუალებებითაა გამოწვეული, შესაძლებელია წნევის დაქვეითება (შოკი), სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულმკერდში, რამაც შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს. სასუნთქი გზების დამწვრობა იწვევს ხველას, სუნთქვის აჩქარებას ან ჰაერის უკმარისობას.

საყლაპავის ან კუჭის პერფორაცია შეიძლება ნივთიერების გადაყლაპვიდან რამდენიმე საათში ან პირველი კვირის განმავლობაში განვითარდეს და ხშირად მის პროვოცირებას ღებინება ან ძლიერი ხველა იწვევს. საყლაპავის გახვრეტა შესაძლებელია ფილტვებს შორის (შუასაყარში) ან ფილტვების ირგვლივ არსებულ სივრცეში მოხდეს (პლევრის ღრუ). ნებისმიერ შემთხვევაში, იწვევს ძლიერ ტკივილს გულმკერდში, ცხელებას, გულისცემის და სუნთქვის აჩქარებას, სისხლის წნევის დაქვეითებას და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. პერიტონიტის შემთხვევაში, მუცლის ძლიერი ტკივილი აღინიშნება.

საყლაპავში ნაწიბურის (სტრიქტურა) განვითარება ავიწროებს მას, რაც ყლაპვის გაძნელებას იწვევს. სტრიქტურები, ჩვეულებრივ, დამწვრობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარდება, ზოგჯერ ისეთი დამწვრობების დროს, რომელიც მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს. საყლაპავის დაზიანების და ნაწიბურების მქონე პირებს, ხშირად, დაზიანებიდან წლების შემდეგ, საყლაპავის კიბო უვითარდებათ.

დიაგნოზი და მკურნალობა

ქიმიური დამწვრობის გამოსავლენად თვალიერდება პირის ღრუ. ზოგჯერ, საყლაპავისა და კუჭის დამწვრობა შესაძლებელია პირის ღრუს დაზიანების გარეშე განვითარდეს. ამიტომ ექიმი საყლაპავში დგამს ენდოსკოპს და ათვალიერებს დამწვრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზარალებულს გაძლიერებული ნერწყვდენა ან ყლაპვის გაძნელება აღენიშნება. პირდაპირი დათვალიერება ექიმს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს დაზიანების სიმძიმე, შემდგომში – საყლაპავის შევიწროების რისკი და ქირურგიული ჩარევის საჭიროება საყლაპავის მთლიანობის აღსადგენად.

მკურნალობა განისაზღვრება დაზიანების გავრცელების მიხედვით. მძიმე დამწვრობის შემთხვევაში, ზოგჯერ, დაზიანებული ქსოვილების მოსაცილებლად, გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. შეხორცებებისა და ინფექციის პრევენციისათვის კორტიკოსტეროიდები და ანტიბიოტიკები გამოიყენება, თუმცა, აღნიშნული საშუალებების ეფექტურობა ბოლომდე ნათელი არ არის.

კაუსტიკურმა საშუალებებმა შესაძლებელია დაზიანება საყლაპავში უკან ამობრუნების დროსაც გამოიწვიოს, ამიტომ ამგვარი საშუალებების გადაყლაპვისას, ღებინების გამოწვევა მიზანშეწონილი არ არის. ასევე არ ინიშნება იპეკაკუანის სიროფი და გააქტიურებული ნახშირი.

მსუბუქი დამწვრობის შემთხვევებში დაზარალებულმა კუჭში არსებული კოროზიული საშუალების გასაზავებლად მალევე რძე ან წყალი უნდა დალიოს. სითხის მიღება სახლშივე ან კლინიკისაკენ გზაში უნდა დაიწყოს. თუ დაზარალებულს სმა არ შეუძლია, სითხეები ვენური გადასხმების სახით ინიშნება, სანამ ყლაპვა შესაძლებელი გახდება. პერფორაციის მკურნალობა ანტიბიოტიკებით და ქირურგიული ჩარევით ხორციელდება. შეხორცებების განვითარების შემთხვევაში, საყლაპავის დახურვის თავიდან ასაცილებლად შევიწროებულ ადგილას მილი (ე.წ. სტენტი) იდგმება, რაც შემდგომი საყლაპავის გაფართოების (დილატაცია) შესაძლებლობას იძლევა. საყლაპავის გაფართოება შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაში რამდენჯერმე გახდეს საჭირო. მძიმე შეხორცების დროს, შესაძლებელია, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა საყლაპავის აღდგენის მიზნით.