რკინით მოწამვლა | მკურნალი.გე
  1. რკინით მოწამვლა
  2. მოწამვლები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
რკინით მოწამვლა

  • სიმპტომები სტადიებად ვითარდება და გულისრევით, დიარეითა და მუცლის ტკივილით იწყება;

  • ღვიძლის უკმარისობა რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება განვითარდეს;

  • დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზს, სიმპტომებსა და სისხლში რკინის რაოდენობის განსაზღვრას;

  • რკინით მოწამვლის შემთხვევაში, საჭიროა კლინიკაში მოთავსება.

რკინის შემცველი აბები ხშირად გამოიყენება გარკვეული სახის ანემიების სამკურნალოდ. ის, მრავალი ვიტამინის კომპლექსის შემადგენლობაშიც შედის. პირებს, განსაკუთრებით ჩვილებს, რომლებიც ჭარბად მიიღებენ აღნიშნულ საშუალებებს, რკინით მოწამვლა შეიძლება განუვითარდეთ. ვინაიდან მრავალ ოჯახში ინახება მოზრდილთათვის განკუთვნილი ვიტამინური დანამატები, რომლებიც რკინას შეიცავს, ხშირია რკინის ჭარბი დოზირების შემთხვევები. თუმცა, რკინის შემცველი ვიტამინების კომპლექსი, განსაკუთრებით ბავშვების საღეჭი ფორმები, ძირითადად, რკინას ისეთი დოზით არ შეიცავს, მძიმე მოწამვლა რომ გამოიწვიოს. რკინით მძიმე მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს სუფთა რკინის შემცველმა დანამატებმა. პრენატალური ვიტამინები (ორსულებისთვის განკუთვნილი) დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს და პატარა ბავშვის მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს.

რკინით მოწამვლა 5 წლამდე ასაკის ბავშვების ფატალურ მოწამვლებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. დასაწყისში იგი კუჭის გაღიზიანებას, ზოგჯერ სისხლდენას იწვევს. რამდენიმე საათში რკინა წამლავს უჯრედებს, გავლენას ახდენს რა მათში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე. რამდენიმე დღეში შესაძლებელია ღვიძლის დაზიანება. გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე კვირაში კუჭში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და ღვიძლში შესაძლებელია ნაწიბურები განვითარდეს.

სიმპტომები

რკინით მძიმე მოწამვლის სიმპტომები ჭარბი დოზირებიდან 6 საათში ვითარდება. რკინით მოწამვლის სიმპტომები 5 სტადიად აღმოცენდება:

  • სტადია 1 (ჭარბი დოზირებიდან 6 საათის შემდეგ) – სიმპტომები მოიცავს ღებინებას, სისხლიან ღებინებას, დიარეას, მუცლის ტკივილს, გაღიზიანებას, ძილიანობას, უგონო მდგომარეობას და კრუნჩხვებს. თუ მოწამვლა მძიმეა, შესაძლებელია სწრაფი სუნთქვა, გულისცემის აჩქარება, კომა და წნევის დაქვეითება განვითარდეს.

  • სტადია 2 (ჭარბი დოზირებიდან 6-48 საათი) – მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს.

  • სტადია 3 (ჭარბი დოზირებიდან 12-48 საათი) – შეიძლება განვითარდეს სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (შოკი), ცხელება, სისხლდენა, სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა და კრუნჩხვები. სისხლში მცირდება შაქრის რაოდენობა.

  • სტადია 4 (ჭარბი დოზირებიდან 2-5 დღე) – ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და პაციენტი შეიძლება დაიღუპოს შოკის, სისხლდენის და სისხლის შედედების დარღვევების განვითარების გამო. ასევე შესაძლებელია გონების დაბინდვა და ძილიანობა (ლეთარგია) ან კომა განვითარდეს.

  • სტადია 5 (ჭარბი დოზირებიდან 2-5 კვირა) – შეხორცებითი ნაწიბურების განვითარების გამო, იხშობა კუჭი ან ნაწლავები. რომელიმე მათგანში ნაწიბურების განვითარებამ მუცლის სპაზმური ტკივილი და ღებინება შეიძლება გამოიწვიოს. ღვიძლის მძიმე დანაწიბურება (ციროზი) მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს.

დიაგნოზი და მკურნალობა

რკინით მოწამვლის სიმპტომები პაციენტისგან ინფორმაციის შეკრების, სიმპტომებისა და სისხლში რკინის რაოდენობის განსაზღვრის მიხედვით ისმება. ბევრი აბის გადაყლაპვის შემთხვევაში, ზოგჯერ მათი გამოვლენა შესაძლებელია კუჭის ან ნაწლავების რენტგენოლოგიური კვლევით.

სიმპტომების ან სისხლში რკინის მაღალი მაჩვენებლების დროს, საჭიროა კლინიკაში მოთავსება. ღებინების მიუხედავად, რკინის დიდი რაოდენობა შეიძლება კუჭში დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტურობა ბოლომდე დადგენილი არ არის, კუჭისა და ნაწლავების ამოსარეცხად (სრული ნაწლავის ირიგაცია), დასალევად ან კუჭში მოთავსებული მილის საშუალებით ეძლევა პოლიეთილენგლიკოლის სპეციალური ხსნარი. ასევე კეთდება დეფეროქსამინის ინექცია, რომელიც სისხლში რკინის შებოჭვას იწვევს.