1. ეპშტეინ-ბარის ვირუსული ინფექცია
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ეპშტეინ-ბარის ვირუსული ინფექცია

ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს მთელ რიგ დაავადებებს ინფექციური მონონუკლეოზის ჩათვლით.

  • ინფექცია ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის კოცნით ან მასთან ახლო კონტაქტით;

  • სიმპტომები მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე ხშირად აღინიშნება ძლიერი დაღლილობა, ცხელება, ყელის ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება;

  • დიაგნოზის დასადგენად კეთდება სისხლის ტესტი;

  • აცეტამინოფენი ან არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტები ამცირებენ ცხელებასა და ტკივილს.

ეპშტეინ-ბარის ვირუსით (ებვ) გამოწვეული ინფექცია ხშირია ბავშვებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 50%-ს და მოზრდილების 95%-ს გადატანილი აქვთ ებვ ინფექცია. ამ ინფექციით გამოწვეული სიმპტომები მსგავსია გაციების ან სხვა მსუბუქად მიმდინარე ვირუსული ინფექციის სიმპტომებისა. თუმცა, ზოგიერთ მოზარდს და ზრდასრულ ადამიანს ებვ ინფექციისას შეიძლება განუვითარდეს განსხვავებული და უფრო მძიმე სიმტომები და ამ დაავადებას ეწოდება მონონუკლეოზი. ინფექციური მონონუკლეოზის სახელწოდება დაკავშირებულია სისხლის თეთრი უჯრედების (მონონუკლეარული უჯრედების) რაოდენობის მატებასთან. მოზარდებში და მოზრდილებში ჩვეულებრივ ამ ინფექციით ავადდებიან კოცნის გზით ან ებვ ინფექციის მქონე პიროვნებასთან ახლო კონტაქტის შედეგად.

პირველი ინფიცირების შემდეგ ებვ რჩება სხეულში, ძირითადად სისხლის თეთრ უჯრედებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დაინფიცირებული ადამიანები პერიოდულად ვირუსს გამოყოფენ ნერწყვით. ნერწყვის შხეფები შეიძლება გავრცელდეს სხვა ადამიანებზე და ასეთ შემთხვევებში სიმპტომები არ ვლინდება.

იშვიათად ებვ გარკვეულ როლს თამაშობს კიბოს ზოგიერთი, იშვიათი სახეობის განვითარებაში, როგორიცაა ბარკიტის ლიმფომა და ცხვირის და ყელის ზოგიერთი კიბო. ფიქრობენ, რომ სპეციფიკური ვირუსული გენი იწვევს ინფიცირებული უჯრედების გამრავლების ციკლის დარღვევას და ზოგიერთი ნორმალური უჯრედების კანცეროგენულად გარდაქმნას. ებვ არ იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, როგორც ამას ადრე მიიჩნევდნენ.

სიმპტომები და გართულებები

ებვ-ს შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომი, რომლებიც დამოკიდებულია ვირუსის შტამზე და ზოგიერთ სხვა მძიმე, ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობ ფაქტორზე. 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ინფექცია არ იწვევს რაიმე სიმპტომს. მოზარდებში და მოზრდილებში ხან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხანაც გარკვეული სიმპტომები ახასიათებს. ჩვეულებრივ, ინფიცირების მომენტისა და დაავადების სიმპტომების პირველად გამოვლენის პერიოდი 30-დან 50 დღემდე გრძელდება. ამ ინტერვალს ინკუბაციურ პერიოდს უწოდებენ. ინფექციური მონონუკლეოზისთვის დამახასიათებელი ოთხი ძირითადი სიმპტომია:

  • ძლიერი საერთო სისუსტე

  • ცხელება

  • ყელის ტკივილი

  • ლიმფური კვანძების გადიდება

ყველა ადამიანს არ უვლინდება ერთდროულად ოთხივე სიმპტომი. ჩვეულებრივ, დაავადება იწყება ზოგადად შეუძლოდ ყოფნით და ადვილად დაღლილობით, რაც გრძელდება რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე. ამის შემდეგ იწყება ცხელება, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება. ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 39ºC-ს, განსაკუთრებით შუა დღის შემდეგ ან საღამოს საათებში. ხშირად აღინიშნება ყელის ტკივილი და ყელის უკანა მიდამოში ჩნდება ჩირქის მსგავსი მასა. დიდდება კისრის ლიმფური კვანძები, თუმცა ნებისმიერი ლიმფური კვანძი შეიძლება გადიდდეს. ზოგიერთ ადამიანში ლიმფური კვანძების გადიდება შესაძლოა ერთადერთი სიმპტომი იყოს. დაღლილობის შეგრძნება ჩვეულებრივ აღინიშნება პირველი 2-3 კვირის განმავლობაში, თუმცა შეიძლება 6 კვირას ან მეტხანს გაგრძელდეს.

ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებული ადამიანების 50%-ს აღენიშნება ელენთის გადიდება. ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობაში ელენთის გადიდება მინიმალურ სიმპტომებს იწვევს ან შეიძლება საერთოდ არ გამოიწვიოს სიმპტომი, მაგრამ შეიძლება დაავადების მსვლელობის პროცესში მოხდეს ელენთის გასკდომა, თუ იგი დაზიანებულია. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის მცირედ გადიდება. იშვიათად ადამიანებს აღენიშნებათ სიყვითლე, თვალების ირგვლივ შეშუპება. არც ისე ხშირია გამონაყარი კანზე, თუმცა ებვ-ით ინფიცირებულ ადამიანებს, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს, განსაკუთრებით ამპიცილინს, ხშირად უვითარდებათ გამონაყარი. სხვა იშვიათი გართულებებიდან აღსანიშნავია კრუნჩხვები, ნერვული ღეროების დაზიანება, ქცევითი ცვლილებები, თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი) ან ტვინის მფარავი ქსოვილების ანთება (მენინგიტი), ანემია და აგრეთვე სასუნთქი გზების ბლოკირება გადიდებული ლიმფური კვანძების ზეწოლის შედეგად.

სიმპტომების ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია. ხშირად ორი კვირის შემდეგ სიმპტომები მცირდება და ბევრი ადამიანი ჩვეულ აქტივობებს უბრუნდება, თუმცა ზოგჯერ დაღლილობა რჩება რამდენიმე კვირას ან თვეების განმავლობაში ან უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს.

დიაგნოზი

ინფექციური მონონუკლეოზის სიმპტომები ბევრი სხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მსგავსია. ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოზის ამოცნობა ხშირად ვერ ხერხდება. ჩვეულებრივ, დიაგნოზის დასადგენად კეთდება სისხლის ანალიზი, რომელიც ცნობილია, როგორც ჰეტეროფილური ანტისხეულების ან მონოსპოტის ტესტი. ზოგჯერ ინფექციის საწყის ეტაპზე ან ბავშვებში მონოსპოტის ტესტის შედეგი შეიძლება ნეგატიური იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია სხვა სპეციფიკურ ანტისხეულებზე სისხლის ანალიზის გაკეთება დიაგნოზის დასადასტურებლად.

ხშირად კეთდება სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის დასადგენი ტესტი. მონონუკლეოზისათვის დამახასიათებელი სისხლის მონონუკლეარული უჯრედების რაოდენობის მომატება (ატიპური ლიმფოციტები) შეიძლება იყოს ძირითადი ნიშანი ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოზის დასადგენად.

მკურნალობა

არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა. მონონუკლეოზის მქონე პირები შეიძლება ისეთი აქტიურები იყვნენ, როგორც მათ სურთ. თუმცა ელენთის გასკდომის საშიშროების გამო ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ სიმძიმის აწევას, ადამიანების შეჯახების რისკის შემცველი სპორტის სახეობას ერთი თვის განმავლობაში, თუნდაც ელენთა არ იყოს შესამჩნევად გადიდებული. ასეთი აქტივობების თავიდან დაწყების წინ, ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ელენთა თავის ზომებს დაუბრუნდა.

აცეტამინოფენი ან არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები, როგორიცაა ასპირინი და იბუფროფენი ამცირებენ ცხელებას და ტკივილს. თუმცა ასპირინი არ უნდა მიეცეთ ბავშვებს რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო, რომელიც ფატალურია. ზოგიერთი გართულებისას, როგორიცაა სასუნთქი გზების შეშუპება, მკურნალობა უნდა ჩატარდეს კორტიკოსტეროიდებით. არსებული ანტივირუსული მედიკამენტები ნაკლებ ეფექტურად მოქმედებენ ინფექციური მონონუკლეოზის სიმპტომებზე, ამიტომ ისინი არ გამოიყენება.