ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანის ნაკბენები ხშირია მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე იკბინება ზოგიერთი სახეობის ჭიანჭველა. საშუალოდ, ზრდასრულმა ადამიანმა, შეიძლება გართულებების გარეშე გადაიტანოს 20 ნაკბენი სხეულის წონის ყოველ 1 კილოგრამზე. ეს ნიშნავს, რომ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია 1000 ნაკბენის ატანა, მაშინ, როდესაც 500-მა ნაკბენმა ბავშვის სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, თუ ადამიანი კონკრეტული ნაკბენის მიმართ ალერგიულია, ერთი ნაკბენიც კი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების გამო (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომლის დროსაც ეცემა სისხლის წნევა და სასუნთქი გზები იხშობა). ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუტკრის ნაკბენით 3-4-ჯერ უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გველისგან დაგესვლით. მეტად აგრესიულმა ფუტკარმა, რომელსაც გააფრიკელებულ მკვლელ ფუტკარს უწოდებენ, სამხრეთ ამერიკიდან აშშ-ის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებამდე მოაღწია. ისინი მსხვერპლს ჯგუფურად ესხმიან თავს და იწვევენ უფრო მძიმე რეაქციას, ვიდრე ფუტკრის სხვა სახეობები.
სამხრეთით, განსაკუთრებით მექსიკის ყურის მიმდებარე შტატებში, წითელი ჭიანჭველები ყოველწლიურად იქ მცხოვრებ ადამიანთა 40%-ს კბენენ, აქედან სიკვდილიანობა დაახლოებით 30 შემთხვევაში აღინიშნება.
ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანის ნაკბენები მაშინვე იწვევს ტკივილს, სიწითლეს, შესივებას და ზოგჯერ ქავილს დაზიანების ირგვლივ, დაახლოებით 1 სანტიმეტრის არეში. ცალკეულ შემთხვევაში, ნაკბენი შუპდება და მისი დიამეტრი, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში, 5 სმ-ს ან მეტს აღწევს. აღნიშნული შესივება, ზოგჯერ შეცდომით მიიჩნევა ინფიცირებად, რაც ძალიან იშვიათია ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაში. ალერგიული რეაქციის შედეგად, შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, ქავილი მთელ სხეულზე, მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება და შოკი.
წითელი ჭიანჭველას ნაკბენი, როგორც წესი, მაშინვე იწვევს ტკივილს, სიწითლეს და შესივებას, რომელიც 45 წუთის განმავლობაში ქრება. ამის შემდეგ ყალიბდება ბუშტუკები, რომლებიც 2-3 დღეში სკდება და ინფიცირდება. ცალკეულ შემთხვევაში, ბუშტუკების ნაცვლად წითელი, შესივებული ქავანა ლაქა წარმოიქმნება. შესაძლებელია იზოლირებული ნერვების ანთება და კრუნჩხვები.
კბენის შემდეგ, ფუტკარი კანში ტოვებს ნესტარს. ნესტარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოსცილდეს – ჩამოიფხიკოს თხელი, ბლაგვკიდიანი საგნით (მაგალითად, საკრედიტო ბარათის კიდით ან სამზარეულოს თხელი დანით). ტკივილს ამცირებს ნაკბენის არეში ყინულის მოთავსება. ხშირად, ეფექტურია ანტიჰისტამინური, ტკივილგამაყუჩებელი, კორტიკოსტეროიდის ან მათი კომბინაციის შემცველი კრემის ან მალამოს გამოყენება. მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში, მკურნალობა ტარდება კლინიკაში, ეპინეფრინის (ადრენალინის), ინტრავენური სითხეების და სხვა მედიკამენტების საშუალებით.
იმ პირებმა, რომლებიც ნაკბენების მიმართ ალერგიულნი არიან, ყოველთვის თან უნდა იქონიონ ეპინეფრინით, ანუ ადრენალინით (გაიცემა რეცეპტით) წინასწარ შევსებული შპრიცი, რომელიც ხელს უწყობს ანაფილაქსიური ან ალერგიული რეაქციების უკუგანვითარებას. სხვა ნაკბენების მკურნალობა ფუტკრის ნაკბენის მსგავსად ტარდება. პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში ანაფილაქსიური რეაქციები ან მწერების ნაკბენების მიმართ ალერგია აღენიშნებათ, უნდა ატარონ სპეციალური საიდენტიფიკაციო საშუალება, მაგალითად, სამედიცინო სამაჯური.
იმ პირებს, რომელთაც ოდესმე, ფუტკრის ნაკბენზე, მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქონიათ, ზოგჯერ დესენსიბილიზაცია (ალერგენით იმუნოთერაპია) უტარდებათ. ეს უკანასკნელი შესაძლოა დაეხმაროს შემდგომი ალერგიული რეაქციების თავიდან აცილებაში.