1. ციტომეგალოვირუსული ინფექცია
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ციტომეგალოვირუსული ინფექცია

ციტომეგალოვირუსული ინფექცია ფართოდ გავრცელებული ჰერპესვირუსული ინფექციაა სიმპტომების ფართო სპექტრით: დაწყებული ისეთი სიმპტომებიდან, როგორიცაა ცხელება და დაღლილობა (ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი), მძიმე სიმპტომებით (თვალის, ტვინის და სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანების ჩათვლით) დამთავრებული.

  • ვირუსი ადვილად ვრცელდება სხეულის სეკრეტთან როგორც სექსუალური, ისე არასექსუალური კონტაქტის გზით;

  • ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობას სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა ზოგიერთი მათგანი თავს შეუძლოდ გრძნობს, აქვს ცხელება, ხოლო დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს ან ინფიცირებულ ნაყოფს შეიძლება განუვითარდეთ სერიოზული სიმპტომები დაბრმავების ჩათვლით;

  • ექიმები ინფექციის დიაგნოზს სვამენ ინფიცირებული ადამიანის სხეულის სითხის (როგორიცაა შარდი) ნიმუშის დათესვის გზით;

  • ხშირად მკურნალობა არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ ინფექცია მძიმედ მიმდინარეობს, ანტივირუსული მედიკამენტები ინიშნება.

ინფექცია, რომელსაც იწვევს ციტომეგალოვირუსი (ცმვ), ჰერპევირუსი, ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სისხლის ანალიზებით დადგინდა, რომ მოზრდილ ადამიანთა 60-დან 80%-ს გადატანილი აქვს ცმვ ინფექცია ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე. ჩვეულებრივ, ინფექცია არ იწვევს სიმპტომებს. ტიპურ შემთხვევებში შეიძლება სერიოზული სიმპტომები განვითარდეს ჩვილებში, რომლებიც მშობიარობამდე დაინფიცირდნენ, და იმ ადამიანებში, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ. ასეთები არიან შიდსის ვირუსით დაავადებულები ან ისინი, ვისაც ორგანოს ტრანსპლანტაცია ჩაუტარდათ. ის ადამიანები, რომლებსაც ჩაუტარდათ ორგანოს გადანერგვა, განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ინფექციის განვითარებისადმი, ვინაიდან ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციის მიზნით იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც იმუნურ სისტემას თრგუნავენ (იმუნოსუპრესორები).

ცმვ ძალიან ადვილად ვრცელდება. ინფიცირებული ადამიანები თვეების მანძილზე გამოყოფენ ვირუსს შარდით და ნერწყვით. ვირუსი ასევე ექსკრეტირდება საშვილოსნოს ყელის ლორწოვანში, სპერმაში, განავალში და ქალის რძეში. ამგვარად, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს როგორც სექსუალური, ისე არასექსუალური კონტაქტით. ცმვ ინფექცია შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებში, რომელთაც ინფიცირებული სისხლი გადაუსხეს ან ინფიცირებული ორგანო გადაუნერგეს. ცმვ საკმაოდ სწრაფად იწვევს სიმპტომებს ინფიცირების შემდეგ. ვირუსს აქვს უნარი დარჩეს სხვადასხვა ქსოვილში მთვლემარე მდგომარეობაში. სხვადასხვა გარეშე სტიმულმა შეიძლება გამოიწვიოს მთვლემარე ცმვ-ს რეაქტივაცია და შედეგად დაავადება.

სიმპტომები

ბევრ ადამიანს, რომლებიც ცმვ-თი არიან ინფიცირებულნი, სიმპტომები არ აღენიშნება. ადამიანების მცირე რაოდენობა თავს შეუძლოდ გრძნობს და აღენიშნება ცხელება. ცმვ ინფექცია მოზარდებში და ახალგაზრდებში იწვევს ცხელებას და დაღლილობის შეგრძნებას, რაც მონონუკლეოზის დროს არსებული სიმპტომების მსგავსია. თუ პიროვნებას გადასხმული აქვს ცმვ-ს შემცველი სისხლი, უვითარდება ცხელება და ზოგჯერ ღვიძლის ანთება გადასხმიდან 2-4 კვირის შემდეგ.

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ინფიცირებულ ადამიანებში ინფექცია შეიძლება მძიმედ მიმდინარეობდეს. ზოგჯერ იგი სერიოზულ ხასიათს იღებს და შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს. შიდსით დაავადებულებში ცმვ ინფექცია ხშირი ვირუსული გართულებაა. ვირუსმა შეიძლება დააზიანოს თვალი (ცმვ რეტინიტი) და სიბრმავეც გამოიწვიოს. ასევე შესაძლოა განვითარდეს ტვინის ანთება, პნევმონია, მტკივნეული წყლულების გაჩენა ნაწლავებსა და საყლაპავში.

თუ ცმვ ორსულიდან გადაეცა ნაყოფს, შეიძლება განვითარდეს თვითნებური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა ან ახალშობილის სიკვდილი. ეს უკანასკნელი გამოწვეულია სისხლდენით, ანემიით ან ღვიძლის და ტვინის მძიმე დაზიანებით. გადარჩენილ ახალშობილს შეიძლება აღენიშნებოდეს სმენის დაკარგვა და ინტელექტუალურ განვითარებაში ჩამორჩენა (მენტალური რეტარდაცია).

დიაგნოზი და მკურნალობა

ცმვ ინფექცია ზოგჯერ თანდათანობით ვითარდება და ამიტომ შეიძლება ვერ მოხერხდეს მისი დროულად ამოცნობა. ხშირად დიაგნოზის დასმა, დაავადების გამოვლენა ჯანმრთელ ახალგაზრდებში და ბავშვებში შეიძლება არც იყოს საჭირო, ვინაიდან ამ დროს მკურნალობა არ არის აუცილებელი. თუმცა ექიმები ყოველთვის ეჭვობენ ცმვ ინფექციის არსებობის შესაძლებლობას იმ ადამიანებში, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ ან აღენიშნებათ თვალის, ტვინის და კუჭ-ნაწლავის ინფექცია. ცმვ-ს ინფექციის არსებობაზე ეჭვის მიტანა ასევე შეიძლება იმ ახალშობილებში, რომლებსაც აქვთ ცხელება და ავადმყოფურად გამოიყურებიან.

როდესაც ეჭვობენ ცმვ ინფექციაზე, ექიმები ატარებენ ანალიზებს ვირუსის გამოსავლენად ორგანიზმის სხვადასხვა სითხესა და ქსოვილში. ახალშობილებში დიაგნოზი, ჩვეულებრივ ისმება შარდის დათესვის გზით. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში, ექიმებს შეუძლიათ ვირუსის იდენტიფიცირება სისხლის, ორგანიზმის სხვადასხვა სითხის, ფილტვების ან სხვა ქსოვილების ნიმუშებში. შეიძლება გაკეთდეს სისხლის ტესტი, რომლითაც დადგინდება ვირუსების რაოდენობა. ცმვ რეტინიტი შეიძლება გამოავლინოს ოფთალმოლოგმა, რომელიც ოფტალმოსკოპის გამოყენებით იკვლევს თვალის შიდა სტრუქტურებს დამახასიათებელი ცვლილებების აღმოსაჩენად.

მსუბუქი ცმვ ინფექციის დროს, ჩვეულებრივ, მკურნალობა არ ტარდება. იგი თავისთავად ქრება. თუ ინფექცია სიცოცხლისათვის ან მხედველობისათვის საშიშია, უნდა დაინიშნოს ანტივირუსული მედიკამენტები (ვალგანციკლოვირი, გენციკლოვირი, ციდოფოვირი, ფოსკარნეტი ან მათი კომბინაცია). იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ცმვ რეტინიტი, უკეთდებათ პატარა მოწყობილობის იმპლანტირება, რომლის საშუალებით ხდება მასში არსებული განციკლოვირის თანდათანობით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თვალში გადასვლა. ზოგჯერ კეთდება განციკლოვირის ან ფოსკარნეტის ინექცია უშუალოდ თვალში. ამ მედიკამენტებს სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვთ და მათ შეიძლება ვერ განკურნონ ინფექცია. თუმცა ასეთი მკურნალობა ანელებს დაავადების პროგრესირებას და პაციენტს უნარჩუნებს მხედველობას. თუ ცმვ ინფექცია აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც დასუსტებული ან დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ (დარღვევების არსებობის ან მედიკამენტების ზეგავლენის გამო), ინფექცია მკურნალობის გარეშე გაქრება, თუ იმუნური სისტემა აღდგება ან შეწყდება მედიკამენტების გამოყენება.

ადამიანებს, რომლებსაც გაუკეთდათ ორგანოს ტრანსპლანტაცია, ხშირად ეძლევათ ანტივირუსული მედიკამენტები (როგორიცაა განციკლოვირი, ვალგანციკლოვირი ან ვალაციკლოვირი) ცმვ ინფექციის პრევენციის მიზნით.