ჩრდილოეთ ამერიკის ბინადარი მორიელების ნაკბენი იშვიათადაა მძიმე და ჩვეულებრივ, ტკივილს, მსუბუქად გამოხატულ შეშუპებას, მგრძნობელობის მომატებას და ნაკბენი ადგილის სიმხურვალეს იწვევს. მიუხედავად ამისა, არიზონულ მორიელს (Centruroides ecilicauda ansculpturatus),რომელიც არიზონაში, ახალ მექსიკასა და კოლორადოს მდინარის კალიფორნიის მხარესაა გავრცელებული, გაცილებით უფრო შხამიანი ნაკბენი ახასიათებს. დაზიანებული არე მტკივნეულია, ზოგჯერ ვლინდება დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება. მძიმე სიმპტომები, ძირითადად, ბავშვებს შორისაა და მოიცავს:
ზოგიერთ ადამიანს კუნთების უნებლიე, ძლიერი შეკუმშვები და კრუნჩხვები უვითარდება. სუნთქვა შეიძლება გაძნელდეს.
ჩრდილოეთ ამერიკის მორიელთა ნაკბენების უმრავლესობას სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. ტკივილს ამცირებს ჭრილობაზე ყინულის მოთავსება. ხშირად ეფექტურია ანტიჰისტამინური, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების და კორტიკოსტეროიდის ან მათი კომბინაციის შემცველი კრემის ან მალამოს წასმა.
Centruroides-ის ნაკბენის სამკურნალოდ, რომელიც მძიმე სიმპტომებს იწვევს, შეიძლება საჭირო გახდეს დამამშვიდებელი საშუალებების ინტრავენურად შეყვანა, მაგალითად, მიდაზოლამის. Centruroides-ის შხამსაწინააღმდეგო შრატი (ანტიდოტი) სწრაფად აუმჯობესებს სიმპტომებს, თუმცა, შესაძლოა მძიმე ალერგიული რეაქცია ან შრატისმიერი დაავადება გამოიწვიოს. აღნიშნული შხამსაწინააღმდეგო შრატი მხოლოდ არიზონაშია ხელმისაწვდომი და მხოლოდ მძიმე შემთხვევებში გამოიყენება.
დედამიწის იმ ადგილებში, სადაც ყველაზე შხამიანი მორიელები ბინადრობენ, მაგალითად, თურქეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში, ნაკბენის მკურნალობა მედიკამენტებით და სხვა ისეთი მეთოდებით ტარდება, რომლებიც სიმპტომებსა და გართულებებს ამცირებს. ზოგჯერ პრაზოზინი – ალფა-ადრენობლოკატორი გამოიყენება. არსებობს შხამის საწინააღმდეგო საშუალებები (ანტიდოტები) მორიელის სპეციფიკური სახეობების შხამის მიმართ, თუმცა, მათი ეფექტურობა დამტკიცებული არ არის.