ანგიოგრაფია რენტგენის სხივებს იყენებს სისხლძარღვების დეტალური გამოსახულების მისაღებად. მას ზოგჯერ ტრადიციულ ანგიოგრაფიასაც უწოდებენ, რათა განასხვაონ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული (კტ) ანგიოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიისგან. ამ პროცედურის მეშვეობით ექიმები ზოგჯერ სისხლძარღვების დაავადებებსაც მკურნალობენ.
ანგიოგრაფიის მეშვეობით მიიღება დროის რომელიმე მომენტის უძრავი ან დინამიკური, მოძრავი გამოსახულებები (კინეანგიოგრაფია). კინეანგიოგრაფია ექიმებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ სისხლის მოძრაობის სიჩქარე სისხლძარღვებში. ანგიოგრაფია ინვაზიური, მაგრამ მაინც შედარებით უსაფრთხო კვლევაა.
პაციენტებმა გამოკვლევამდე 12 საათით ადრე საკვები და სასმელი არ უნდა მიიღონ. თავად პროცედურის დროს ადამიანი რენტგენის მაგიდაზე წევს. მას შესაძლოა, ღვედები გადაუჭირონ გულმკერდსა და ფეხებზე, რადგან მაგიდა მოძრავია და ვერტიკალურად წამოყენებაც შეიძლება. რენტგენის კამერებს საჭიროების მიხედვით განალაგებენ. გულმკერდზე ელექტროდები თავსდება გულისცემაზე დასაკვირვებლად. ასევე, აღირიცხება არტერიული წნევა და ჟანგბადის შემცველობა სისხლში.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების შეყვანის შემდეგ, ექიმი პატარა განაკვეთს აკეთებს, ძირითადად, მკლავზე ან საზარდულის მიდამოში. შემდეგ თხელი, დრეკადი მილი (კათეტერი) შეიყვანება (როგორც წესი, არტერიაში) და მიიტანება საკვლევი უბნის სისხლძარღვებამდე. კათეტერის საჭირო ადგილას განთავსების შემდეგ, მასში შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება (რომელიც რენტგენის გამოსახულებაზე ჩანს). საკონტრასტო საშუალება გაივლის სისხლძარღვებს და მათ კონტურებს გამოკვეთს. გამოსახულება ვიდეოეკრანზე გამოდის და იწერება. შესაბამისად, ექიმებს ამ კვლევით შეუძლიათ, შეაფასონ სისხლძარღვების აგებულება და გამოავლინონ მათი რაიმე პათოლოგია.
ანგიოგრაფიამდე პაციენტს სედაციურ საშუალებას შეუყვანენ ვენაში მოდუნებისა და დამშვიდების მიზნით, მაგრამ პროცედურის ჩატარებისას ცნობიერება, სიფხიზლე მაინც შენარჩუნებულია. ექიმმა შესაძლოა სთხოვოს მას ღრმად ჩაისუნთქოს, შეაჩეროს სუნთქვა ან ჩაახველოს. რაიმე დისკომფორტის არსებობის შემთხვევაში პაციენტმა ეს სპეციალისტს უნდა შეატყობინოს. ანგიოგრაფიას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო ან რამდენიმე საათი დასჭირდეს, იმის მიხედვით, თუ სხეულის რომელ ნაწილს იკვლევენ და ზუსტად რა სახის გამოკვლევა ან პროცედურა ტარდება. ანგიოგრაფია, როგორც წესი, ამბულატორიულად ტარდება.
თუ კათეტერი არტერიაში ჩაიდგა, მისი ამოღების შემდეგ აუცილებელია მყარი ზეწოლა განაკვეთის ადგილას 10-20 წუთის განმავლობაში. ეს ამცირებს სისხლდენისა და სისხლნაჟღენთის განვითარების რისკს. პროცედურის შემდეგ სისხლდენის თავიდან ასაცილებლად ადამიანს შესაძლოა, რამდენიმე საათით წოლამ მოუწიოს. ზოგჯერ პაციენტები მეორე დღემდე რჩებიან საავადმყოფოში. პროცედურის შემდეგ მათ ურჩევენ, დაისვენონ და დიდი რაოდენობით სითხე მიიღონ საკონტრასტო ნივთიერების ორგანიზმიდან გამოყოფის გასაადვილებლად.
ანგიოგრაფია სისხლძარღვების პათოლოგიების დასადგენად გამოიყენება. ამაში შედის მათი დახშობა, შევიწროვება, არტერიებისა და ვენების დამაკავშირებელი პათოლოგიური სისხლძარღვების გროვები (არტერიოვენური მალფორმაციები), ანთება (ვასკულიტი), კედლის სუსტი უბნის გამობერილობა (ანევრიზმა) და დაზიანება (განშრევება).
ზოგჯერ პროცედურის დროს აღმოჩენილ პათოლოგიასაც მკურნალობენ:
არტერიოგრაფია არტერიების გამოსახულების მისაღებად კეთდება. ეს ანგიოგრაფიის ყველაზე ხშირად გამოყენებული სახეა.
ვენოგრაფიით ვენების გამოსახულება მიიღება.
ციფრული სუბსტრაქციული ანგიოგრაფიის დროს რენტგენის სხივების მეშვეობით არტერიების გამოსახულებას რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანამდე და შემდეგ იღებენ. შემდეგ კომპიუტერი ერთ გამოსახულებას მეორეს "აკლებს". ამით, არტერიების გარდა, სხვა ქსოვილები და ორგანოები (მაგ., ძვლები) წაიშლება და შედეგად სისხლძარღვების უფრო ზუსტი სურათი მიიღება.
ზოგი ადამიანისთვის პროცედურა არაკომფორტულია. პაციენტთა მცირე რაოდენობაში საკონტრასტო საშუალებაზე ალერგიული რეაქცია ვითარდება. ზოგჯერ ასევე ვლინდება სისხლდენა კათეტერის შეყვანის ადგილიდან, ინფიცირება ან ტკივილი. იშვიათად კათეტერი სისხლძარღვსაც აზიანებს. მძიმე გართულებები, როგორიცაა შოკი, გულყრა, თირკმლის დაზიანება და გულის უეცარი გაჩერება, ძალიან იშვიათია. ზოგჯერ კათეტერიზაციის დროს გულის რიტმი ირღვევა ან ცოტა ხნით ნელდება. გართულებების რისკი შედარებით მაღალია ხანში შესულებში, თუმცა მაშინაც კი საკმაოდ მცირეა.
ანგიოგრაფიისას გამოყენებული რადიაციის დოზა სხვადასხვაა და გულმკერდის ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიის დროს არსებულს 77-263-ჯერ აღემატება.
ანგიოგრაფია ყველგან და ყოველთვის ვერ ტარდება, რადგან პროცედურისთვის ძლიერ გამოცდილი სპეციალისტია აუცილებელი.