ძირითადი გამოსახულებითი კვლევები | მკურნალი.გე
  1. ძირითადი გამოსახულებითი კვლევები
  2. საგანგებო საკითხები
ძირითადი გამოსახულებითი კვლევები

გამოსახულებითი კვლევების მეშვეობით შესაძლებელია ორგანიზმის შიგნიდან დათვალიერება – მთლიანად ან მისი ნაწილის. ამ კვლევათა უმრავლესობა უმტკივნეულო, შედარებით უსაფრთხო და არაინვაზიურია (რაც ნიშნავს, რომ კანი არ იჭრება და არ არის საჭირო სამედიცინო ინსტრუმენტის სხეულის შიგნით შეყვანა). გამოსახულებითი კვლევები იყენებს:

  • გამოსხივებას – რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და რადიონუკლიდური კვლევა;

  • ბგერით ტალღებს – ულტრასონოგრაფია;

  • მაგნიტურ ველს – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ);

  • ნივთიერებებს, რომლებსაც ყლაპავს პაციენტი, ან ინექციითა ან სხვა გზით შეიყვანება, რათა საკვლევი ქსოვილები, ორგანოები ან მათი კონტურები უკეთესად გამოჩნდეს.

რადიაციის/გამოსხივების საფრთხეები

დიაგნოსტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გამოსხივებას (ძირითადად, რენტგენის სხივებს). სხვადასხვა კვლევას სხვადასხვა ინტენსივობის რადიაცია ესაჭიროება, მაგრამ მათ უმრავლესობაში დაბალი დოზები გამოიყენება, რაც, ზოგადად, უსაფრთხოდ ითვლება. მაგალითად, გულმკერდის რენტგენოგრამის გადაღებისას გამოსხივების დოზა ასჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე გარემოში არსებული რადიაციის საშუალო წლიური დოზა (კოსმოსური და ბუნებრივი იზოტოპების რადიაცია). თუმცაღა, თუ ადამიანს სუსტი გამოსხივების მქონე მრავალი კვლევა ან რამდენიმე და ძლიერად დამასხივებელი უტარდება, შეიძლება მის ორგანიზმზე რადიაციის საკმაოდ დიდმა დოზამ იმოქმედოს. გამოსხივების მოქმედება კუმულაციურია, ანუ ჯამდება, იმის მიუხედავად, თუ რა დრო გავიდა ერთი კვლევიდან მეორემდე. იგი ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის რისკს და ზოგჯერ ქსოვილებსაც აზიანებს. დიაგნოსტიკური გამოკვლევების დაგეგმვისას ექიმები ითვალისწინებენ რადიაციის იმ დოზას, რაც პაციენტზე მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში იმოქმედებდა – ე.წ. რადიაციის საერთო დოზას (total radiation dose). თუმცაღა, ამ კვლევებისგან მიღებული სარგებელი ხშირად გადაწონის მოსალოდნელ რისკებს.

გამოსახულებითი კვლევებით გამოწვეული დასხივების 70% კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მოდის. ამ დროს დოზა მარტივი რენტგენოგრაფიის დროს არსებულზე რამდენიმე ასეულჯერ მეტია. ამის მიუხედავად, კტ-ის გადაღებისას საფრთხე ზრდასრულებისთვის მაინც მცირეა და ჯანმრთელ ადამიანებში რაიმე დაზიანება, როგორც წესი, არ ვითარდება. თუმცაღა, რისკი იმატებს ზოგ შემთხვევაში: ადრეულ ბავშვობაში, ორსულობისას (განსაკუთრებით, ადრეულ პერიოდში) და ზოგი ქსოვილის დასხივებისას (სარძევე ჯირკვლის ქსოვილი ქალებში, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილები).

საფრთხის მაქსიმალურად შესამცირებლად, ექიმები ცდილობენ:

  • თუ შესაძლებელია, დანიშნონ კვლევები, რომლებშიც რადიაცია არ გამოიყენება, მაგალითად, ულტრასონოგრაფია ან მრტ;

  • გამოკვლევები, რომელთა დროსაც პაციენტი სხივდება, განსაკუთრებით მაღალი დოზით (მაგ., კტ) და, განსაკუთრებით, ბავშვებში მხოლოდ მაშინ დანიშნონ, როცა სხვა გზა არ არის;

  • თუ შესაძლებელია, დაიცვან სიფრთხილე კვლევების დროს დასხივების შესამცირებლად (დაფარონ სხეულის მოწყვლადი ნაწილები, მაგ., ფარისებრი ჯირკვალი და ორსული ქალის მუცელი).

ბავშვობის ადრეული პერიოდი: გამოსხივება პატარა ბავშვებისთვის უფრო სახიფათოა, რადგან მათი შემდგომი ცხოვრება უფრო ხანგრძლივია და ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისთვისაც მეტი დროა. ამასთანავე, მათი უჯრედები უფრო სწრაფად იყოფა, სწრაფად გამრავლებადი უჯრედები კი უფრო მოწყვლადია რადიაციული დაზიანებისადმი. ყოველი 10000 ბავშვიდან, ვისაც 1 წლის ასაკში მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია გაუკეთდა (გამოსხივების ყველაზე მაღალი დოზა ამ კვლევას ახასიათებს), 18-ს ოდესმე ამ დასხივებით გამოწვეული ავთვისებიანი სიმსივნე უვითარდება.

თუ ბავშვს დიაგნოსტიკური კვლევა ესაჭიროება, მშობლები ექიმს უნდა გაესაუბრონ მოსალოდნელ სარგებელსა და ზიანზე, აგრეთვე, იმაზე, არის თუ არა შესაძლებელი, დაინიშნოს სხვა გამოკვლევა, რომელიც გამოსხივებას არ იყენებს. თუ მაინც რადიაციული კვლევაა აუცილებელი, რისკების შესამცირებლად მშობლებმა უნდა იკითხონ, შეიძლება თუ არა:

  • დიაგნოზის დასასმელად უმცირესი დოზის გამოყენება (მაგ., ამისთვის ზოგჯერ საკმარისია დაბალი გარჩევადობის გამოსახულებითი კვლევებიც, რომელთა დროსაც რადიაციის მცირე დოზა მოქმედებს პაციენტზე);

  • სხეულის რაც შეიძლება პატარა ნაწილის დასხივება;

  • ამ კვლევის ჩატარების ჯერადობის შემცირება.

ორსულობისას: ორსულებმა უნდა იცოდნენ, რა საფრთხეს შეიცავს გამოსახულებითი კვლევებისას გამოყენებული რადიაცია ნაყოფისთვის. თუ ქალი ორსულადაა ან შეიძლება იყოს, ასეთი გამოკვლევის ჩატარებამდე იგი ექიმს უნდა გაესაუბროს. თუმცაღა, თუ აუცილებელია, ორსულებში რენტგენოგრაფია მაინც ტარდება. პროცედურის განმავლობაში, ექიმი ქალის მუცელს ტყვიის შემცველი წინსაფრით ფარავს, რაც იცავს ნაყოფს დასხივებისგან.

ზიანის საშიშროება დამოკიდებულია იმაზე, თუ ორსულობის რა ვადაზე ტარდება კვლევა. რისკი ყველაზე მაღალია ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბების პერიოდში, მე-5-დან მე-10 კვირამდე. ამ დროს მოქმედმა რადიაციამ შესაძლოა განვითარების თანდაყოლილი მანკები გამოიწვიოს. ორსულობის კიდევ უფრო ადრეულ პერიოდში დასხივებისას ყველაზე მოსალოდნელი გართულება თვითნებური აბორტია. 10 კვირის შემდეგ ამ მიზეზით განვითარებული აბორტი და თანდაყოლილი მანკები იშვიათია.

ნაყოფის ზიანის საშიშროება დამოკიდებულია იმაზეც, თუ დედის სხეულის რომელ ნაწილზე იმოქმედებს რენტგენის სხივები. თუკი რადიაცია მუცლისგან მოშორებულ უბნებზე, მაგალითად, მაჯების ან კოჭებისკენ იყო მიმართული, ნაყოფი ნაკლებად დასხივდება, ვიდრე წელის მიდამოს გადაღებისას. ასევე, სხეულის პატარა ნაწილების, მაგალითად, ხელის ან ფეხის თითების რენტგენოგრაფიას უფრო ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე დიდ უბნებს – ზურგს ან მენჯს. სწორედ ამის გამო, რენტგენოგრაფია, რომლის დროსაც მუცელი არ სხივდება, ნაკლებად სარისკოა ორსულისთვის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საშვილოსნო გარედან ტყვიის შემცველი წინაფრითაა დაფარული. შესაბამისად, თუ ეს კვლევა საჭიროა (მაგ., მოტეხილობის დიაგნოსტიკისთვის), მისგან მიღებული სარგებელი მოსალოდნელ საფრთხეებს გადაფარავს.

საკონტრასტო ნივთიერებები

გამოსახულებითი კვლევისთვის ზოგჯერ საკონტრასტო ნივთიერებებსაც იყენებენ, რათა უკეთესად მოხერხდეს გარშემო არსებულიდან ერთი ქსოვილის ან ორგანოს გარჩევა და უფრო დეტალური გამოსახულება მიიღონ. საკონტრასტო ნივთიერებებში შედის ის ნივთიერებები, რომლებიც რენტგენოგრამაზე ჩანს (რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის გამოიყენება (პარამაგნიტური საკონტრასტო ნივთიერებები).

რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები შთანთქავს რენტგენის სხივებს და შესაბამისი ადგილი თეთრად ჩანს გამოსახულებაზე. ეს ნივთიერებები, როგორც წესი, სისხლძარღვების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სანაღვლე ან საშარდე გზების ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება. ეს ნივთიერებები, როგორც წესი, შეჰყავთ ვენაში (ინტრავენური კონტრასტი), სწორ ნაწლავში (რექტალური კონტრასტი) ან პაციენტი მათ სვამს (პერორალური კონტრასტი). ზოგი კვლევის შემთხვევაში კი ნივთიერება არტერიაში შეიყვანება კათეტერით ან სახსარში – ნემსით. იმის მიხედვით, თუ სხეულის რომელ ნაწილს იკვლევენ, სხვადასხვა საშუალებას გამოიყენებენ.

ინტრავენური რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების უმრავლესობა იოდს შეიცავს (იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებები). ბარიუმი კი მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საკვლევ საშუალებებში შედის.

პაციენტებს სთხოვენ, არ მიიღონ საკვები საკონტრასტო ნივთიერების შეყვანამდე რამდენიმე საათით ადრე და არ დალიონ წყალი 1 საათით ადრე. კვლევის შემდეგ კი დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხის მიღებაა რეკომენდებული.

ზოგი ნივთიერების შეყვანისას ადამიანს შესაძლოა, წამოხურების შეგრძნება გაუჩნდეს, ზოგი კი სიცივის შეგრძნებას იწვევს ინექციის ადგილას. დასალევ საკონტრასტო საშუალებას შეიძლება უსიამოვნო გემო ჰქონდეს.

პარამაგნიტური საკონტრასტო ნივთიერებები ნაწილაკების მაგნიტურ თვისებებს ცვლის, რაც ზრდის ქსოვილთა შორის კონტრასტს და უფრო დეტალური გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. ისინი, როგორც წესი, გადოლინიუმს შეიცავს.

გვერდითი მოვლენები: რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები საკმაოდ უსაფრთხოა. თუმცა, ზოგ ადამიანს შესაძლოა, ალერგიული რეაქცია ან თირკმლის დაზიანება განუვითარდეს მათი შეყვანის შემდეგ (როგორც წესი, ინტრავენური გზით).

ალერგიული რეაქციები შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს:

  • მსუბუქი – გულისრევა, წამოწითლება, ქავილი;

  • საშუალო სიმძიმის – გამონაყარი, ღებინება, შემცივნება;

  • მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში (ანაფილაქტოიდური) – ხორხის შეშუპება, რაც სუნთქვას უშლის ხელს, ვიზინგი (მსტვინავი ამოსუნთქვა), არტერიული წნევის დაცემა ან გულის რიტმის დარღვევა

გვერდითი მოვლენების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა წყდება. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის რეაქციების სამკურნალოდ ანტიჰისტამინური საშუალება დიფენჰიდრამინი ინიშნება ინტრავენურად. მძიმე შემთხვევაში ჟანგბადი, ვენაში სითხეების გადასხმა, ეპინეფრინი ან სხვა მედიკამენტებია საჭირო, რეაქციის ტიპის მიხედვით.

ალერგიული რეაქციის გამოვლენის რისკი მეტია იმ ადამიანებში, ვისაც ბევრ რამეზე აღენიშნება ალერგია, აქვს ასთმა ან ადრე ჰქონია ასეთი გართულება რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანაზე. თუ პაციენტს ადრე რამდენჯერმე ჰქონდა მძიმე რეაქცია საკონტრასტო საშუალებებზე, ისეთი კვლევა უნდა ჩატარდეს, რომლისთვისაც მათი გამოყენება საჭირო არ იქნება. მაგრამ თუკი სხვა გამოსავალი არ არის, გამოკვლევამდე წამლები (დიფენჰიდრამინი და კორტიკოსტეროიდი) ინიშნება ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად. ადამიანებმა, რომელთაც წარსულში საკონტრასტო ნივთიერებაზე რაიმე გვერდითი მოვლენა ჰქონდათ, ეს ექიმს კვლევამდე უნდა შეატყობინონ.

თირკმლის დაზიანება (კონტრასტით გამოწვეული ნეფროპათია) შესაძლოა განვითარდეს შემდეგი მდგომარეობებისას:

  • თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

  • გაუწყლოება

  • 70 წელზე უფროსი ასაკი

  • შაქრიანი დიაბეტი

  • გულის უკმარისობა

  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

  • მრავლობითი მიელომა

  • თირკმლის დამაზიანებელი წამლების მიღება

პაციენტთა 99%-ში თირკმლის დაზიანება სიმპტომებით არ ვლინდება და დაახლოებით 1 კვირაში თავისით გაივლის. 1%-ზე ნაკლებში კი ეს პრობლემა რჩება, მაგრამ დიალიზი მხოლოდ ზოგიერთს ესაჭიროება.

თუ კვლევისთვის რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებაა აუცილებელი, პაციენტებს ვენაში სითხეებს უსხამენ პროცედურამდე და შემდეგ, თან ცდილობენ, საკონტრასტო საშუალების მაქსიმალურად მცირე დოზა შეიყვანონ. იმ ადამიანებს, რომელთაც თირკმლის ფუნქცია დიდი ხანია დაქვეითებული აქვთ, აცეტილცისტეინს უნიშნავენ პროცედურამდე ერთი დღით ადრე და პროცედურის დღეს.

პარამაგნიტური საკონტრასტო ნივთიერებები, როგორც წესი, გვერდით მოვლენებს არ იწვევს. თუმცაღა, ზოგ პაციენტში, ვისაც თირკმლის დაავადება აქვს ან დიალიზს იკეთებს, შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება – ნეფროგენური სისტემური ფიბროზი – განვითარდეს.