მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია | მკურნალი.გე
  1. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  2. ძირითადი გამოსახულებითი კვლევები
  3. საგანგებო საკითხები
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

მაღალი გარჩევადობის, დეტალური გამოსახულების მისაღებად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ძლიერ მაგნიტურ ველსა და ძალიან მაღალი სიხშირის რადიოტალღებს იყენებს. მრტ-ში რენტგენის სხივები არ გამოიყენება და ეს კვლევა, ზოგადად, ძალიან უსაფრთხოა.

პროცედურა

პროცედურის დროს პაციენტი წევს მოძრავ მაგიდაზე, რომელიც დიდი ზომის, ვიწრო, ცილინდრული ფორმის სკანერში შედის. აქ ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი წარმოიქმნება. ნორმაში პროტონებს (ატომის დადებითად დამუხტული ნაწილაკები) ქსოვილებში რაიმე განსაკუთრებული განლაგება არ აქვთ. მაგრამ ძლიერი მაგნიტური ველის მოქმედებით, მაგალითად, მრტ აპარატში, ისინი გასწვრივად განლაგდებიან. ამის შემდეგ სკანერი გამოყოფს რადიოტალღებს, რომლებიც მოწესრიგებულად დალაგებულ პროტონებს ისევ "აურ-დაურევს". მაგნიტური ველის მოქმედებით ისინი ხელახლა განლაგდებიან გასწვრივად და სწორედ ამ მომენტში გამოათავისუფლებენ ენერგიას (ე.წ. სიგნალებს). სხვადასხვა ქსოვილიდან სხვადასხვა სიძლიერის სიგნალი მოდის. მრტ სკანერი აღრიცხავს მათ, კომპიუტერი კი გადაამუშავებს მონაცემებს და გამოსახულებას ქმნის.

სპეციალისტს შეუძლია, შეცვალოს რადიოტალღების სიხშირე, მაგნიტური ველის მიმართულება, ძალა და სხვა მონაცემები, რითაც ქსოვილთა განსხვავებული გამოსახულებები მიიღება. მაგალითად, რომელიმე ქსოვილი შეიძლება მუქად ჩანდეს ერთ სურათზე და ღიად – მეორეზე. ამ მეთოდებით მიღებული ცნობები ერთმანეთს ავსებს, ასე რომ, ხშირად ერთზე მეტი სახის გამოსახულებას იღებენ.

გადოლინიუმის (პარამაგნიტური საკონტრასტო ნივთიერება) შემცველი საკონტრასტო საშუალება შესაძლოა ვენაში ან სახსარში შეუყვანონ პაციენტს. მისი მეშვეობით მაგნიტური ველი ისე იცვლება, რომ უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულება მიიღება.

პროცედურამდე პაციენტებმა თითქმის ყველაფერი უნდა გაიხადონ და ჩაიცვან სპეციალური ხალათი, რომელსაც არ აქვს ღილები, ელვა ან სხვა შესაკრავები და არანაირი მეტალი. მეტალის ყველა ნივთი (მაგ., გასაღები, სამკაული) და სხვა ნივთებიც, რომლებზეც მაგნიტურმა ველმა შეიძლება იმოქმედოს (თუნდაც საკრედიტო ბარათები) მრტ-ის ოთახის გარეთ რჩება. პაციენტი უმოძრაოდ უნდა იწვეს პროცედურის ჩატარებისას და ზოგჯერ ექიმის თხოვნით სუნთქვაც შეიკავოს. დანადგარი საკმაოდ ხმაურიანია, ამიტომ ადამიანებს ყურსასმენებს ან ყურის საცობებს აძლევენ. პროცედურა 20-60 წუთი გრძელდება. ამის შემდეგ ადამიანები ჩვეულ საქმიანობას დაუყოვნებლივ აგრძელებენ.

გამოყენება

ექიმები კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ-ს) მრტ-ს ამჯობინებენ, როცა უნდათ მიიღონ რბილი ქსოვილების – მაგალითად, თავის ტვინის, ზურგის ტვინის, კუნთებისა და ღვიძლის – დეტალური გამოსახულება. ეს კვლევა განსაკუთრებით გამოსადეგია ამ ქსოვილებში სიმსივნეების აღმოსაჩენად. მისი მეშვეობით შესაძლებელია, თავის ტვინში ზოგიერთი მოლეკულის მოძრაობის მიხედვით, სიმსივნის აბსცესისგან გარჩევა. მრტ, ასევე, გამოიყენება ქალის რეპროდუქციული ორგანოების დაავადებების, ბარძაყის ძვლისა და მენჯის მოტეხილობის დასადგენად. იგი ეხმარება ექიმებს, გამოიკვლიონ სახსრების პათოლოგიები (მაგ., მუხლის სახსრის იოგების გაწყვეტა ან ხრტილის დაზიანება) და მყესების დაჭიმულობა. მრტ-ის მეშვეობით იკვლევენ სისხლდენასა და ინფექციებსაც სხეულის ზოგ უბანში. ეს კვლევა მაშინაც გამოიყენება, თუ კტ-ის ჩატარება სარისკოა: ორსულებში (ნაყოფის დაზიანების საშიშროების გამო) და, ასევე, იმ პაციენტებში, ვისაც წარსულში რეაქცია ჰქონდა კტ-ის რენტგენოკონტრასტულ ნივთიერებაზე.

გადოლინიუმით, საკონტრასტო საშუალებით ჩატარებული მრტ-ის მეშვეობით ექიმები იკვლევენ ანთებას, სიმსივნეებსა და სისხლძარღვებს. ამ ნივთიერების სახსარში შეყვანა კი საშუალებას იძლევა, შეფასდეს მისი პათოლოგიები, განსაკუთრებით კი – რთულ შემთხვევებში (მაგ., მუხლის სახსრის იოგებისა და ხრტილის დაზიანება, დეგენერაცია, მალთაშუა დისკის გასკდომა ან თიაქარი).

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სახეები

ფუნქციური მრტ: ამ მეთოდის საშუალებით აღირიცხება თავის ტვინის მეტაბოლური ცვლილებები მისი აქტიურად მუშაობისას. შესაბამისად, ექიმს შეუძლია დაადგინოს, ტვინის რომელი ნაწილი მუშაობს რაიმე საქმის შესრულების დროს, მაგალითად, კითხვისას, წერისას, დამახსოვრებისას, ანგარიშისას ან კიდურის გამოძრავებისას.

პერფუზიული მრტ: ამ მეთოდით ექიმები ტვინის რომელიმე უბანში სისხლის მიმოქცევას აფასებენ. შედეგად, მიღებული ინფორმაცია გამოსადეგია ინსულტის დროს, რათა დადგინდეს, ტვინის რომელ უბანს არ მიეწოდება საკმარისი სისხლი.

დიფუზური მრტ კვლევა: მისი მეშვეობით დგინდება წყლის მოლეკულების მოძრაობის ცვლილება თავის ტვინის დაზიანებულ უჯრედებში. იგი, ძირითადად, ინსულტის ადრეულ პერიოდში დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება.

მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპია: ამ შემთხვევაში ტრადიციული მრტ-ისგან განსხვავებით, წყვეტილის ნაცვლად, უწყვეტად გამოთავისუფლებული რადიოტალღები გამოიყენება. კვლევის ამ სახეს მიმართავენ თავის ტვინის პათოლოგიების, მაგალითად, გულყრებით მიმდინარე დაავადების, ალცჰაიმერის დაავადების, სიმსივნისა და აბსცესების დიაგნოსტიკისთვის. მისი მეშვეობით ერთმანეთისგან განირჩევა აბსცესში არსებული მკვდარი ქსოვილების ნარჩენები და სიმსივნის შემადგენელი გამრავლებადი უჯრედები. ეს მეთოდი, ასევე, გამოიყენება კუნთებისა და ნერვული სისტემის მეტაბოლური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.

მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (მრა): მრა-ის მეშვეობით, ისევე, როგორც ტრადიციული ანგიოგრაფიისა და კტ ანგიოგრაფიის შემთხვევაში, სიხლძარღვების დეტალური გამოსახულება მიიღება. თუმცა, ეს კვლევა ბევრად უსაფრთხო და იოლი ჩასატარებელია. ხშირად იგი საკონტრასტო ნივთიერების გარეშეც კეთდება.

მრა საშუალებას იძლევა, შევისწავლოთ სისხლის დინება არტერიებსა და ვენებში ან დინება მხოლოდ ერთი მიმართულებით, რის შედეგადაც გამოსახულებაზე მხოლოდ არტერიები ან მხოლოდ ვენები ჩანს. ისევე, როგორც კტ ანგიოგრაფიის დროს, ამ შემთხვევაშიც კომპიუტერი ამუშავებს მიღებულ მონაცემებს და გამოსახულებიდან, სისხლძარღვების გარდა, ყველა სხვა ქსოვილს შლის.

ზოგჯერ ვენაში გადოლინიუმის შემცველი საკონტრასტო ნივთიერება შეიყვანება სისხლძარღვის უკეთ გამოსაკვეთად. ექიმი ზუსტად შეარჩევს სკანირების დროს ისე, რომ გამოსახულება გადოლინიუმის საკვლევ სისხლძარღვებში კონცენტრირების მომენტში გადაიღოს.

მრა გამოიყენება თავის ტვინის, გულის, თირკმლებისა და კიდურების სისხლძარღვების გამოსაკვლევად. მისი მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი პათოლოგიების აღმოჩენა:

  • აორტის ანევრიზმა

  • აორტის დისექცია

  • კიდურების არტერიების შევიწროება

  • თრომბები კიდურებისა და მენჯის ვენებში

მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფია: ეს ტერმინი კონკრეტულად ვენების მრა-ს აღნიშნავს. კვლევა ხშირად გამოიყენება თავის ტვინიდან სისხლის გამომტან ვენებში თრომბების აღმოსაჩენად (თავის ტვინის ვენების თრომბოზი) და ამ პათოლოგიის მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად.

ექო-პლანარული ტომოგრაფია: ამ ძალიან სწრაფი მეთოდით გამოსახულებები წამებში მიიღება. მისი გამოყენება შეიძლება თავის ტვინის, გულისა და მუცლის ღრუს საკვლევად. სისწრაფის მეშვეობით, პროცედურის განმავლობაში ადამიანის გამოძრავება გამოსახულების დაბურვას არ იწვევს. იგი ასევე გვაწვდის ინფორმაციას ქსოვილთა ფუნქციონირების შესახებ.

უარყოფითი მხარეები

მრტ უფრო ხანგრძლივი პროცედურაა, ვიდრე კტ. შესაბამისად, გადაუდებელ სიტუაციებში კტ უფრო გამოსადეგია, მაგალითად, მძიმე ტრავმების ან ინსულტის დროს. მრტ ასევე უფრო ძვირია, ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფია.

მრტ დანადგარში სივრცე ძალიან ვიწროა, რაც ზოგ ადამიანში კლაუსტროფობიას იწვევს, მათშიც კი, ვისაც ზოგადად დახურული სივრცის შიში არ აქვს. ზოგჯერ ჭარბწონიანი პაციენტები სკანერში ძნელად ეტევიან. არის ისეთი მრტ აპარატებიც (ე.წ. ღია მრტ აპარატები), რომელთაც ცალი მხარე გახსნილი აქვთ და შიგნითაც უფრო მეტი სივრცეა. ისინი კლაუსტროფობიის შეგრძნებას ამცირებენ და ჭარბწონიანი პაციენტებისთვისაც უფრო მოსახერხებელია. ღია მრტ აპარატით მიღებული გამოსახულება შესაძლოა, უფრო ნაკლები ხარისხის იყოს, რაც მაგნიტის ძალაზეა დამოკიდებული, მაგრამ დიაგნოზის დასასმელად მაინც გამოდგება. იმ ადამიანებს, ვინც ღელავს, პროცედურამდე 15-30 წუთით ადრე ზოგჯერ შფოთვის საწინააღმდეგო წამალს, მაგალითად, ალპრაზოლამს ან ლორაზეპამს უკეთებენ.

მრტ, როგორც წესი, არ გამოიყენება, თუ ადამიანს ორგანიზმში უცხო სხეული (მაგ., შრაპნელი – საარტილერიო ჭურვი) აქვს ჩარჩენილი ან რაიმე ისეთი აპარატი აქვს ჩაყენებული, რომელზედაც ძლიერი მაგნიტური ველი იმოქმედებს. ამ აპარატებში შედის ზოგი პეისმეიკერი, დეფიბრილატორი, ყურის ლოკოკინას იმპლანტები და ანევრიზმის სამკურნალო მაგნიტური მეტალის მომჭერები. მრტ-ის მაგნიტური ველის მოქმედებით სხეულში არსებული აპარატი შესაძლოა გადაადგილდეს, გადახურდეს ან მოიშალოს. ამის რისკი კიდევ უფრო მეტია, თუ იგი 6 კვირაზე ნაკლები დროის წინ ჩაიდგა (რადგან ამ პერიოდში ვერ ესწრება ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩამოყალიბება, რომელმაც აპარატი უნდა დააფიქსიროს). ჩანერგილ მოწყობილობებს მრტ გამოსახულების გაფუჭებაც შეუძლია. არის ისეთებიც, მაგალითად, კბილის იმპლანტები, მენჯ-ბარძაყის ხელოვნური სახსარი ან ხერხემლის გასასწორებელი ჩხირები, რომლებზეც მაგნიტური ველი არ მოქმედებს. შესაბამისად, კვლევის ჩატარებამდე ადამიანებმა, რომელთაც რაიმე მოწყობილობა ან აპარატი აქვთ ჩადგმული, ექიმს უნდა შეატყობინონ ეს ფაქტი, რათა დადგინდეს, უსაფრთხოა თუ არა მრტ-ის გაკეთება.

კვლევისთვის გამოყენებული მაგნიტური ველი ძალიან ძლიერი და ყოველთვის ჩართულია. შესაბამისად, თუ მეტალის საგანი (მაგ., ჟანგბადის ბალონი ან შტატივი) მრტ-ის ოთახის შესასვლელთანაა, იგი შეიძლება დიდი სიჩქარით მიიზიდოს დანადგარმა. შედეგად, შესაძლოა პაციენტი დაშავდეს ან საგნისა და მაგნიტის განცალკევება ვეღარ მოხერხდეს.

გადოლინიუმის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებები ზოგჯერ თავის ტკივილს, გულისრევას, გემოს ცვლილებას, თავბრუხვევას, ტკივილსა და შეყვანის ადგილას სიცივის შეგრძნებას იწვევენ. მძიმე რეაქციების განვითარების რისკი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ტრადიციული და კტ ანგიოგრაფიის დროს გამოყენებული რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შემთხვევაში. თუმცაღა, გადოლინიუმის შემცველმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში გართულება – ნეფროგენული სისტემური ფიბროზი – იმ ადამიანებში, ვისაც უკვე აქვს თირკმლის მძიმე დაავადება ან იტარებს დიალიზს. ამ დაავადების დროს კანი, შემაერთებელი ქსოვილი და ორგანოები სქელდება. შედეგად, კანზე შესაძლოა წითელი ან მუქი ლაქები განვითარდეს, მისი გამაგრების შეგრძნება გაუჩნდეს ადამიანს, მოძრაობა გაუძნელდეს და ორგანოების ფუნქციონირება მოიშალოს.