რენტგენის სხივები მაღალი ენერგიის მქონე ელექტრომაგნიტური ტალღებია, რომლებსაც ნივთიერებების უმრავლესობაში შეუძლიათ შეღწევა (სხვადასხვა ხარისხით). ისინი დაბალი დოზით გამოიყენება გამოსახულების გადასაღებად, რომლითაც შემდეგ ექიმები დაავადებების დიაგნოზს სვამენ, მაღალი დოზით კი მათ ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ იყენებენ (სხივური თერაპია). რენტგენის სხივებზეა დაფუძნებული რენტგენოგრაფიული კვლევა და უფრო მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ტომოგრაფიაც (კტ).
პროცედურის დროს პაციენტი (ან მისი სხეულის საკვლევი ნაწილი) რენტგენის სხივების წყაროსა და გამოსახულების მიმღებ მოწყობილობას შორის უნდა იყოს. თავად ექიმი რენტგენგაუმტარი ეკრანის უკან დგება და რამდენიმე წამით რთავს აპარატს. პაციენტი ამ დროს არ უნდა გაინძრეს. ზოგჯერ რამდენიმე გამოსახულებას იღებენ სხვადასხვა მხრიდან.
რენტგენის სხივები სხეულის იმ ნაწილში გაივლის, რომელსაც იკვლევენ. სიმკვრივის მიხედვით, სხვადასხვა ქსოვილი სხვადასხვა ხარისხით ატარებს მათ. ის სხივები, რომლებმაც სხეული გაიარეს და მის მიღმა გააღწიეს, სპეციალურ ფირზე ან რადიაციის მიმღებ ფირფიტაზე ეცემა და გამოსახულებას წარმოქმნის, რომელზეც ქსოვილების განსხვავებული სიმკვრივე აისახება. რაც უფრო მკვრივია ქსოვილი, მით უფრო ნაკლებად ატარებს იგი რენტგენის სხივებს და მით უფრო თეთრად ჩანს იგი გამოსახულებაზე.
რენტგენოგრაფია, როგორც წესი, პირველია, რაც კიდურების, ხერხემლის ან გულმკერდის გამოსაკვლევად ტარდება. სხეულის ამ ნაწილებში ძალიან განსხვავებული სიმკვრივის ქსოვილები, მნიშვნელოვანი სტრუქტურები ერთადაა განლაგებული, რაც გამოსახულებაზე მათ გარჩევას აადვილებს. შესაბამისად, რენტგენოგრაფია გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის:
რენტგენოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით: ზოგჯერ რენტგენის გადაღებამდე პაციენტის ორგანიზმში რენტგენოკონტრასტული საშუალება შეჰყავთ სწორ ნაწლავში, ინექციით ან დასალევად აძლევენ მას. ტრადიციული ანგიოგრაფიის შემთხვევაში პროცედურამდე საკონტრასტო საშუალება სისხლძარღვში შეიყვანება.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოგრაფიამდე პაციენტმა ბარიუმი ან გასტროგრაფინი (რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები) უნდა გადაყლაპოს სითხის ან საკვების ფორმით. ამის შემდეგ მიღებულ გამოსახულებაზე კარგად ჩანს საყლაპავის, კუჭისა და წვრილი ნაწლავის კონტურები. ზოგჯერ საჭიროა ჯერ საკონტრასტო საშუალების შეყვანა სწორ ნაწლავში სპეციალური მილით (ბარიუმის ოყნა), შემდეგ კი ჰაერისა – მსხვილ ნაწლავში, მის გასაფართოებლად. ბარიუმი წყლულებს, სიმსივნეებს, დახშობის უბნებს, პოლიპებსა და დივერტიკულებს უფრო გამოკვეთს და აადვილებს მათ შესწავლას. ბარიუმის ოყნამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ან საშუალო სიძლიერის მოვლითი ტკივილი და დეფეკაციის სურვილი.
ფლუოროსკოპია: ამ მეთოდით მიიღება მოძრავი გამოსახულება, ვიდეოკამერით გადაღებულის მსგავსი. მისი მეშვეობით ორგანოები ან სტრუქტურები მუშაობის პროცესში ჩანს: გულის შეკუმშვები, საკვების გადაადგილება ნაწლავებში ან ფილტვების გაბერვა და ჩაფუშვა. ფლუოროსკოპია ხშირად გამოიყენება იმის დასადგენად, ელექტროფიზიოლოგიური კვლევის (გულის რიტმის დარღვევის შესასწავლად) ან კორონარული არტერიების კათეტერიზაციის დროს კათეტერი სწორადაა თუ არა გულში მოთავსებული. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამოკვლევისას, როგორც წესი, პაციენტს დასალევად რენტგენოკონტრასტული საშუალება ბარიუმი ეძლევა.
თითოეული გამოსახულების, ანუ რენტგენოგრამის, გადასაღებად რადიაციის ძალიან მცირე დოზა გამოიყენება. გულმკერდის ერთი რენტგენოგრაფია ისევე ასხივებს ადამიანს, როგორც იგი გარემოში (ფონური რადიაცია) 2-4 დღეში დასხივდებოდა. თუმცაღა, ზოგჯერ საჭიროა რამდენიმე გამოსახულების გადაღება. თითოეული მათგანი უფრო მეტად ასხივებს პაციენტს და, შედეგად, რადიაციის საერთო დოზა უფრო მაღალი გამოდის. მაგალითად, წელის რამდენიმე რენტგენოგრამის გადაღებისას გამოსხივების საერთო დოზა იმდენივეა, რამდენიც 3 თვის ფონური რადიაციისა ერთად. მამოგრაფიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1-2 თვის ფონურ რადიაციას უდრის. ფლუოროსკოპიისას კიდევ უფრო მაღალი დოზით სხივდება ადამიანი, ამიტომ, თუ შესაძლებელია, მის ნაცვლად სხვა კვლევები ინიშნება.
ექიმები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ დასხივების შესამცირებლად. ქალებმა, რომლებიც არიან ან შეიძლება იყვნენ ორსულად, ექიმს უნდა შეატყობინონ ეს ფაქტი, რათა მან შეძლოს, მაქსიმალურად დაიცვას ნაყოფის უსაფრთხოება. ფეხმძიმე ქალის მუცლის ან მენჯის ორგანოების შესასწავლად, ექიმი ეცდება, დანიშნოს ისეთი კვლევა, რომელიც გამოსხივებას არ იყენებს, მაგალითად, ულტრასონოგრაფია. თუმცაღა, მენჯისა და მუცლის გარდა, სხეულის სხვა ნაწილების რენტგენოგრაფიის დროს ნაყოფი ძალიან მცირე დოზით სხივდება. ზოგ კვლევას სხვა რისკებიც ახლავს თან. მაგალითად, გადაყლაპულმა ან ოყნით შეყვანილმა ბარიუმმა შეიძლება შეკრულობა გამოიწვიოს.