ჰემორაგიული ცხელებები | მკურნალი.გე
  1. ჰემორაგიული ცხელებები
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ჰემორაგიული ცხელებები

ჰემორაგიული ცხელებები სერიოზული ვირუსული ინფექციებია, რომელთაც ახასიათებს ცხელება.

  • ეს ინფექციები შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებული პირის კანთან ან სხეულის სითხეებთან კონტაქტით, მღრღნელების შარდთან ან ექსკრემენტთან შეხებით ან დაბინძურებული საკვების მიღებით;

  • სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, კუნთების და სხეულის ტკივილებს, თავის ტკივილებს და ღებინებას, ასევე სისხლდენას პირიდან, ცხვირიდან და შინაგანი ორგანოებიდან;

  • დიაგნოზის დასადგენად ექიმები აკეთებენ სისხლის ანალიზს ან ზოგჯერ დაზიანებულ ქსოვილს იკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ;

  • მკურნალობა მოიცავს სითხის მიღებას და სხვა მეთოდებს ორგანიზმის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

ვირუსების რამდენიმე ჯგუფი, ფილოვირუსების და არენავირუსების ჩათვლით, იწვევს ცხელებას და სხვა სიმპტომებს, რომლებსაც თან ახლავს სისხლდენა (ჰემორაგიული ცხელება). სისხლდენა ვითარდება იმის გამო, რომ ვირუსების ზემოქმედებით სისხლძარღვებიდან ხდება გაჟონვა. ეს ინფექციები ძირითადად გვხვდება აფრიკის და სამხრეთ ამერიკის გარკვეულ ნაწილებში და ისინი ხშირად ფატალურია.

ებოლას ვირუსი და მარბურგის ვირუსი: ეს ორი საშიში აფრიკული ვირუსი კლასიფიცირდება, როგორც ფილოვირუსები. ვირუსების საწყისი წყარო ბუნებაში (მასპინძელი) არ არის ცნობილი. თუმცა ფიქრობენ, რომ მარბურგის ვირუსით ადამიანის პირველი დაინფიცირება მოხდა მაიმუნებიდან. დღევანდელი მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანების დაინფიცირება არ მომხდარა.

ორივე ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებიდან ადამიანებზე, კანთან, სხეულის სითხეებთან (როგორიცაა სისხლი) ან სხვა დაინფიცირებულ ქსოვილებთან კონტაქტის გზით. ყველაზე ხშირად ინფიცირდებიან ოჯახის წევრები და ჯანდაცვის მუშაკები.

სიმპტომები იწყება დაინფიცირებიდან 2-დან 21 დღეში (ჩვეულებრივ 5-დან 10 დღეში). სიმპტომები მოიცავს ცხელებას, კუნთების ტკივილს, თავის ტკივილს, ღებინებას, დიარეას, ხველას, გამონაყარს და გადიდებულ ლიმფურ კვანძებს. კანქვეშ სისხლდენა ვლინდება მეწამული ფერის ლაქების სახით და ვითარდება სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, სწორი ნაწლავიდან და შინაგანი ორგანოებიდან, ასევე ნაჩხვლეტი ჭრილობიდან. ებოლას და მარბურგის ვირუსებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები, კომა, სისხლის წნევის დაქვეითება და ხშირად ფატალური გამოსავალი. ინფიცირებული ადამიანების 25-დან 90%-მდე კვდება. ებოლას ინფექციის დროს ფატალური დასასრულის ალბათობა უფრო დიდია.

ექიმებს ეჭვი მიაქვთ ინფექციებზე, როცა ადამიანებს ადვილად ეწყებათ სისხლდენა, გამოხატული აქვთ ტიპური სიმპტომები (ცხელება, სისხლის წნევის დაქვეითება, ჰალუცინაციები ან კომა) და როდესაც გაირკვევა, რომ მათ იმოგზაურეს ისეთ რეგიონებში, სადაც ეს ინფექციები გავრცელებულია. დიაგნოზის დადგენა ხდება სისხლის ანალიზით ვირუსის იდენტიფიცირების საფუძველზე. შეიძლება ჩატარდეს სისხლის ან ინფიცირებული ქსოვილების, განსაკუთრებით ღვიძლის ქსოვილის გამოკვლევა მიკროსკოპის ქვეშ.

ვაქცინა სადღეისოდ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ერთ-ერთი ვაქცინა შესწავლის პროცესშია. მკურნალობის ერთადერთი მეთოდია ზოგადი მკურნალობა, რომელიც მოიცავს სითხის ინტრავენურად შეყვანას და ორგანიზმის ფუნქციების შემანარჩუნებელ თერაპიას. გამოჯანმრთელებას ხანგრძლივი დრო სჭირდება. აუცილებელია პაციენტის მკაცრი იზოლირება ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით.

ლასას ცხელება და სამხრეთ ამერიკის ჰემორაგიული ცხელებები: არენავირუსებით გამოწვეული ეს ინფექციები ვრცელდება მღრღნელებიდან, მათი შარდის ან ექსკრემენტების წვეთების ადამიანზე მოხვედრისას, ასევე დაბინძურებული საკვების მიღებით. ისინი შეიძლება გავრცელდნენ ადამიანებიდან ადამიანებზე სხეულის სითხეებთან (როგორიცაა: ნერწყვი, შარდი, განავალი ან სისხლი) კონტაქტის შედეგად. ლასას ცხელება ძირითადად აღმოსავლეთ აფრიკაშია გავრცელებული. სამხრეთ-ამერიკული ცხელება ყველაზე ხშირია ბოლივიასა და არგენტინაში.

ინფექციები იწვევენ ცხელებას, ზოგად სისუსტეს, ტკივილს გულმკერდის არეში, სხეულის გაფანტულ ტკივილს და ღებინებას. პირიდან, ცხვირიდან, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა უფრო ხშირია სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების დროს. გარე სისხლდენა ნაკლებად ხშირია ლასას ცხელების დროს. მაგრამ ზოგჯერ ვითარდება სისხლდენა ნაჩხვლეტი ჭრილობიდან, ღრძილიდან ან ცხვირიდან და ხშირად – კანქვეშ. სიკვდილი ჩვეულებრივ განპირობებულია სისხლძარღვებიდან სითხის დიდი რაოდენობით გამოჟონვით. ეს ინფექციები ფატალურია. ლასას ცხელებით დაავადებული ადამიანების დაახლოებით 2%-დან 20%-მდე კვდება. ქალებში, რომლებიც არიან ორსულად ან ახლახან იმშობიარეს, სიკვდილის სიხშირე უფრო მაღალია (95%-ზე მეტი).

ინფექციის არსებობას ვარაუდობენ, თუ ადამიანს ვირუსთან ჰქონდა კონტაქტი და ამჟამად გამოხატული აქვს ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. დიაგნოზი დასტურდება, როდესაც სისხლის ანალიზით ვირუსის ან ვირუსების საწინააღმდეგო ანტიგენის აღმოჩენა მოხდება.

ამ დროს საჭიროა ინფიცირებული ადამიანის იზოლაცია, რათა ინფექცია არ გავრცელდეს ოჯახის წევრებზე და ჯანდაცვის მუშაკებზე. არსებობს ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტური აღმოჩნდა სამხრეთ ამერიკის ჰემორაგიული ცხელების დროს. ინფექციის მკურნალობა პირველ რიგში მხარდამჭერ ზრუნვაში გამოიხატება, კერძოდ – სითხით და ელექტროლიტებით ინფიცირებული ადამიანების დატვირთვის გზით. რეკომენდებულია ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება. ეს მედიკამენტები, მართალია, არ კურნავს ლასას ცხელებას, მაგრამ ამცირებს სიკვდილის რისკს. მათი გამოყენება შეიძლება აგრეთვე მნიშვნელოვანი იყოს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში.