1. გართულებები სტაციონარში ყოფნისას
  2. XYY სინდრომი
  3. ქრომოსომული და გენეტიკური პათოლოგიები
  4. ბავშვთა ჯანმრთელობა
გართულებები სტაციონარში ყოფნისას

თავად საავადმყოფოში წოლასაც შეიძლება ახლდეს გართულებები, როგორიცაა ინფექციები, ნაწოლები და დეპრესია. ამ პრობლემებიდან მრავალის მიზეზი ხანგრძლივად წოლაა, ზოგ მათგანს კი უცხო გარემოში ყოფნა, ტკივილგამაყუჩებელი ან დაავადების სამკურნალო წამლები იწვევს. ხანდახან ერთ პრობლემას მეორე მოჰყვება თან. მათ, ვისაც ცნობიერების აბნევა, დეპრესია აქვთ, ცუდად ნაკვებნი ან ხანში შესულები არიან, ხშირად უფრო უჭირთ საავადმყოფოში თავის მოვლა. ხოლო იმ პაციენტებს, ვინც კარგად ვერ უვლის თავს, უფრო ხანგრძლივად უწევთ ხოლმე სტაციონარში ყოფნა და უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ გაწერის შემდეგ სპეციალური მზრუნველობის დაწესებულებებში (nursing home) მოხვდებიან.

თუ პაციენტი ან მისი ოჯახის წევრები მოსალოდნელად თვლიან რაიმე გართულებას, მათ პერსონალთან უნდა განიხილონ პრობლემების თავიდან აცილების საკითხი. მაგალითად, თუ კომუნიკაცია უჭირს პაციენტს ენის არცოდნის ან სმენის დაქვეითების გამო, ოჯახის წევრებმა ეს საავადმყოფოს პერსონალს უნდა შეატყობინონ. ისინი ეცდებიან, როგორმე მოაგვარონ პრობლემა, მაგალითად, მოიძიონ თარჯიმანი.

საავადმყოფოსშიდა ინფექციები

ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში არსებობს საავადმყოფოსშიდა ინფექციის განვითარების რისკიც. მათ ნოზოკომიალურ ინფექციებსაც უწოდებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაციონარში მყოფ პაციენტთა 5-10%-ს უვითარდება საავადმყოფოსშიდა ინფექცია და ამ მიზეზით ყოველწლიურად 90000 ადამიანი იღუპება. ინფიცირების რისკი უფრო მაღალია ჩვილებში, ხანში შესულებსა და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.

ნოზოკომიალურ ინფექციებს ბაქტერიები ან სოკოები იწვევს. ისინი საკმაოდ მძიმე და სასიკვდილოც შეიძლება იყოს.

საავადმყოფოსშიდა ინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმები ხშირად ძირითადი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულნი, ანუ გამძლენი არიან. სტაციონარებში ამ მედიკამენტების ხშირი გამოყენება ხელს უწყობს ასეთი მიკრობების ჩამოყალიბებას.

ნოზოკომიალურ ინფექციებში შედის: ფილტვების ანთება, საშარდე გზების, ჭრილობებისა და სისხლის ინფექციები.

ფილტვის ინფექციები: ხანგრძლივად მწოლიარე ადამიანების ფილტვები ისე აქტიურად არ მუშაობს და სასუნთქი კუნთებიც შეიძლება დასუსტდეს. შესაბამისად, მათ უჭირთ ხოლმე ღრმად ჩასუნთქვა და სასუნთქ გზებში ნახველის დაგროვებისას – ძლიერი დახველება მის გამოსადევნად. ნახველის დაგროვების შემთხვევაში ბაქტერიებისგან ისე კარგად ვეღარ იწმინდება სასუნთქი სისტემა და ფილტვების ანთება შეიძლება განვითარდეს.

ფილტვების ინფექციის რისკს ზრდის:

  • ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, რომლის გამოც რისკი ძლიერ იმატებს

  • ანტიბიოტიკებით მკურნალობა ბოლო პერიოდში

  • სხვა დაავადებები, მაგალითად, გულის, ფილტვის, ღვიძლის ან თირკმლის

  • 70 წელზე უფროსი ასაკი

  • მოხუცებულთა სახლში ცხოვრება

  • ოპერაცია მუცლის ან გულმკერდის ღრუზე

ფილტვების ინფექციის თავიდან ასაცილებლად კარგია ღრმად სუნთქვისა და ხველის სავარჯიშოები. მათი მეშვეობით ეს ორგანოები უკეთესად იშლება და სასუნთქი კუნთებიც არ სუსტდება.

საშარდე გზების ინფექციები: ზოგჯერ პაციენტებს საავადმყოფოში შარდის ბუშტში უდგათ კათეტერი – მილი, რომლიდანაც შარდი გარეთ გამოედინება. მას მაშინ იყენებენ, თუ ექიმებს სურთ, ზუსტად აღრიცხონ გამოყოფილი შარდის რაოდენობა, მაგალითად, ძლიერ ავადმყოფ პაციენტებში. წარსულში შარდის ბუშტის კათეტერებს იმ ადამიანებსაც უდგამდნენ, ვისაც შეუკავებლობა აწუხებდა. მაგრამ ეს მილები საშარდე გზების ინფექციების რისკს ზრდის, რადგან მათი მეშვეობით ბაქტერიები უფრო ადვილად აღწევენ შარდის ბუშტამდე. შესაბამისად, ექიმები ცდილობენ, რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენონ კათეტერი. თუ სხვა გზა არ არის, ის ყოველდღიურად იწმინდება და მოწმდება. თუ პაციენტს შარდის შეუკავებლობა აქვს, უმჯობესია მას საფენი ეკეთოს, რომელიც საჭიროებისამებრ შეიცვლება.

პრევენცია: ზოგადი ღონისძიებები, რომლითაც საავადმყოფოების პერსონალი ნოზოკომიალური ინფექციების პრევენციას ახორციელებს, შემდეგია:

  • ხელების ხშირი დაბანა

  • ხელების ხშირი დამუშავება სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებებით

  • დამცავი ხელთათმანებისა და ხალათების გამოყენება პროცედურების ჩატარებისას

რეზისტენტული ბაქტერიების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად ბევრ საავადმყოფოს ანტიბიოტიკების გამოყენების შეზღუდვის პროგრამებიც აქვს.

წოლითი რეჟიმით გამოწვეული გართულებები

ხანგრძლივად მწოლიარე მდგომარეობაში, რეგულარული ფიზიკური დატვირთვის გარეშე ყოფნამ შეიძლება მრავალი გართულება გამოიწვიოს:

თრომბები: ფეხის ტრავმის, ოპერაციის ან წოლითი რეჟიმის გამო ადამიანი შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში ქვედა კიდურებს არ იყენებდეს. როცა კიდურები არ მოძრაობს, ვენებში სისხლი უფრო ნელა მიედინება გულისკენ. სისხლის დინების შენელებისას კი თრომბების წარმოქმნის რისკი მეტია. ზოგჯერ ფეხების ვენებში წარმოქმნილი თრომბი ფილტვში ხვდება და სისხლძარღვს ახშობს. ამას ფილტვის ემბოლია ეწოდება და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

თრომბოზის თავიდან ასაცილებლად პნევმატური დამწოლი წინდები გამოიყენება. ისინი ელექტრულ ტუმბოზეა მიერთებული, რომლის მეშვეობითაც წინდები პერიოდულად იბერება, წვივებს აწვება და ვენებში სისხლის დინებას უწყობს ხელს. იმ პაციენტს, ვისაც თრომბის წარმოქმნის რისკი ძალიან მაღალი აქვს, უნიშნავენ ანტიკოაგულანტს (მაგ., ჰეპარინს), რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას.

შეკრულობა: ხანგრძლივად წოლა და ნაკლები ფიზიკური აქტიურობა იწვევს განავლოვანი მასების გადაადგილების შენელებას ნაწლავებში, სწორ ნაწლავში და მისი გამოყოფის შეფერხებას. შესაბამისად, შეკრულობაც უფრო იოლად ვითარდება. ეს შესაძლოა ზოგიერთმა წამალმაც გამოიწვიოს.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად პაციენტებს ურჩევენ, დიდი რაოდენობით მიიღონ სითხე და ბოჭკოვანი ნივთიერებები საკვებით ან დანამატის სახით. ზოგჯერ ასევე ინიშნება განავლის დამარბილებელი ან საფაღარათო საშუალებები.

დეპრესია: ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი ბევრ ადამიანში იწვევს დეპრესიას. ამას ხელს უწყობს სხვებთან კონტაქტის ნაკლებობა და უმწეობის შეგრძნებაც.

ნაწოლები: საწოლში ხანგრძლივად ერთ პოზაში ყოფნა იწვევს ზეწოლას კანის იმ უბნებზე, რომლებიც ლოგინს ეხება. შედეგად, მათში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ქსოვილები ზიანდება და ნაწოლები წარმოიქმნება (იგივე ზეწოლით გამოწვეული წყლული, გვ. 1434). მათი ჩამოყალიბება ერთ პოზაში წოლისას 2 საათშიც შეიძლება დაიწყოს. ნაწოლების განვითარების რისკი უფრო მეტია ცუდი კვებისა და შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში. საკვები ნივთიერებების ნაკლებობა კანის სიმშრალეს, ელასტიკურობის დაქვეითებას და დაზიანებისადმი მიდრეკილებას იწვევს. უნებლიე შარდვის გამო კანი მუდმივად სველდება, რბილდება და მისი მთლიანობაც უფრო ადვილად ირღვევა. ნაწოლები ყველაზე ხშირად წელზე, კუდუსუნზე, ქუსლებზე, იდაყვებსა და თეძოებზე ჩნდება. მათ შეიძლება გამოიწვიონ საკმაოდ სერიოზული გართულებები, სისხლის ინფექცია – სეფსისიც კი.

თუ პაციენტს მოძრაობა უჭირს, სამედიცინო პერსონალი პერიოდულად დაეხმარება მას საწოლში მდებარეობის შეცვლაში, რათა ნაწოლები არ განვითარდეს. კანს ყოველდღიურად ათვალიერებენ დაზიანების საწყისი ნიშნების აღმოსაჩენად. სხეულის იმ ნაწილების ქვეშ, რომლებიც საწოლს აწვება, შესაძლოა რბილი საფენები მოათავსონ.

ძვლების დასუსტება: ძვლები, რომლებზეც სხეულის სიმძიმის ძალა რეგულარულად არ მოქმედებს (როცა ადამიანი საკმარისად ხშირად არ დგება ფეხზე და არ დადის), სუსტდება და მიდრეკილი ხდება მოტეხილობებისადმი.

კუნთების დასუსტება და შებოჭილობა სახსრებში: კუნთები, რომლებიც არ მუშაობს, სუსტდება. წოლითმა რეჟიმმა, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს სახსრების – მათთან ერთად კუნთებისა და გარშემო არსებული ქსოვილების (იოგების, მყესების) – გახისტება, შებოჭილობა.დროთა განმავლობაში ეს სახსრები სამუდამოდ მოხრილ მდგომარეობაში რჩება, რასაც კონტრაქტურა ეწოდება. შედეგად იქმნება ე.წ. მანკიერი წრე: ადამიანს უწევს, იწვეს დაავადების გამო, რაც კუნთების დასუსტებასა და სახსრების შებოჭილობას იწვევს. ეს კი უფრო მეტად აძნელებს მოძრაობას (ადგომასა და სიარულს).

პრევენცია: წოლით რეჟიმთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები, ერთი შეხედვით, შემაწუხებელი და მომთხოვნია, მაგრამ ისინი აუცილებელია ადამიანის გამოსაჯანმრთელებლად. ამ პრობლემების უმრავლესობის, მათ შორის, შეკრულობის პრევენცია შეიძლება მოძრაობის რაც შეიძლება მალე და აქტიურად დაწყებით. პაციენტს ურჩევენ, რაც შეიძლება ადრე წამოდგეს ფეხზე. თუ ეს შეუძლებელია, ის უნდა წამოჯდეს, იმოძრაოს ან ივარჯიშოს საწოლშივე. კუნთების შეკუმშვა-მოდუნების სავარჯიშოები ხელს უშლის პაციენტების დასუსტებას. ვისაც თავისით ვარჯიში არ შეუძლია, ფიზიკური თერაპიის სპეციალისტი ან სამედიცინო პერსონალის რომელიმე წევრი ეხმარება კიდურების გამოძრავებაში. პაციენტების გააქტიურების გასაადვილებლად არსებობს სპეციალური აღჭურვილობები, როგორიცაა მოაჯირები, სააბაზანოს დასაყრდნობი სახელურები, მაღალი უნიტაზები, დაბალი საწოლები და იატაკის სრულად მფარავი ხალიჩები (carpeting).

ბავშვებისთვის საავადმყოფოებს ხშირად აქვთ სათამაშო ოთახები, რათა წაახალისონ მათი აქტიურობა და თავიდან აიცილონ მოწყენილობა ან დეპრესია.

ცუდი კვება

სტაციონარში პაციენტები ცუდად რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება იკვებებოდნენ:

  • თავად დაავადებით ან წამლებით გამოწვეული უმადობა;

  • უცნობი და არამიმზიდველი საკვები;

  • ექიმის დანიშნული მკაცრი დიეტა, მაგალითად, ნაკლებმარილიანი ან დაბალცხიმიანი, რაც ნაკლებად მადის აღმძვრელია;

  • საკვების მიტანისა და წაღების მკაცრად განსაზღვრული დროები;

  • საკვები, რომელიც პაციენტს არ მოსწონს ან ვერ ჭამს ფილოსოფიური ან რელიგიური მიზეზების გამო;

  • ზოგ ადამიანს, უბრალოდ, უჭირს საავადმყოფოს საწოლზე, ლანგრიდან ჭამა;

  • ხანდახან პაციენტებს უფრო დიდი დრო ან დახმარება ესაჭიროებათ საკვების მიღებისას. ხშირად, სანამ ვინმე მოვა მათ საშველად, საჭმელი უკვე გაცივებული და კიდევ უფრო ნაკლებად მადისაღმძვრელია;

  • კბილის პროთეზების სახლში დატოვების ან დაკარგვის, ცუდად მორგების შემთხვევაში ღეჭვის გაძნელება;

  • საწოლიდან წყლის რთულად მიწვდომა.

ცუდი კვება სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით კი ხანშიშესული და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის. ამ დროს ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლა უძნელდება. წყლულები და ჭრილობები უფრო ნელა ხორცდება, გამოჯანმრთელებაც ბევრად უფრო რთულია. ჰოსპიტალიზებულ ადამიანებში განსაკუთრებით ხშირია D ვიტამინის ნაკლებობა, რაც ზრდის დაცემისას მოტეხილობის განვითარების რისკს.

პრევენცია: სამედიცინო პერსონალი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მალე მოიხსნას მკაცრი დიეტა და ყოველდღიურად შეამოწმოს, რამდენი მიირთვა თითოეულმა პაციენტმა. საავადმყოფოში დაწოლისას თავად ადამიანს ან მის ოჯახის წევრებს შეუძლიათ, შეატყობინონ პერსონალს, რა საკვები ურჩევნიათ და რას არ მიირთმევენ. ზოგჯერ შესაძლებელია ხოლმე საავადმყოფოს მენიუს მეტნაკლებად შეცვლა. საყვარელი საჭმელი პაციენტს შეიძლება ახლობლებმა მოუტანონ. მათი იქ ყოფნა კვების საათებში უკეთესია, რადგან ადამიანები ზოგადად უფრო მეტს ჭამენ, როცა სხვებთან ერთად არიან. ოჯახის წევრები და პერსონალი უნდა დარწმუნდნენ, რომ იმ პაციენტს, რომელსაც კბილის პროთეზი სჭირდება, თან აქვს და უკეთია იგი.

ახალავსებული წყლის ჭურჭელი საწოლთან ახლოს უნდა იდოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაავადების გამო სითხის მიღება იზღუდება. ახლობლები და სამედიცინო პერსონალი უნდა ეცადონ, წაახალისონ პაციენტის მიერ მეტი სითხის მიღება და რეგულარულად შესთავაზონ მას რამე დასალევად.

თუ ადამიანს ჭამა არ შეუძლია, მას საკვები თხევადი სახით მიეცემა კუჭში ჩადგმული მილით (ცხვირიდან ან მუცლის წინა კედელზე არსებული პატარა განაკვეთიდან ან, უფრო იშვიათად, ვენაში გადაესხას საკვები ნივთიერებების შემცველი საშუალებები. ეს მეთოდები შესაძლოა, საჭირო იყოს ხანმოკლე დროის განმავლობაში, სანამ ადამიანისთვის ჭამა უსაფრთხო არ გახდება. თუ პაციენტს საკვების მიღება არ შეუძლია (დროებითაც კი), ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს პერსონალს უნდა მიმართონ და დარწმუნდნენ, რომ ცუდი კვების პრობლემა არ წარმოიქმნება.

ცნობიერების აბნევა და გონებრივი ფუნქციების გაუარესება

ავადმყოფობამ, განსაკუთრებით კი თუ ამ დროს ტკივილის ან შფოთვის საწინააღმდეგო წამლებიც გამოიყენება, ნებისმიერ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების აბნევა. საავადმყოფოს გარემო კიდევ უფრო უწყობს ხელს ამ პრობლემას. იქ პაციენტებს უწევთ, პირადი ნივთებისა და ტანსაცმლის – მათი პიროვნების გამომხატველი საგნების – ნაცვლად სპეციალური ხალათი ატარონ. ისინი უცხო ადგილას არიან, სადაც გარემოც და რეჟიმიც უცნობია. ხშირად საავადმყოფოებში გარემოდან სტიმულაციაც ნაკლებია (სანახაობა, ხმები, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა). პაციენტი შეიძლება იყოს მარტო ან არაკომუნიკაბელურ მეზობელთან ერთად პალატაში, რომლის კედლებიც და ავეჯიც თეთრია, ანუ არაფრით გამორჩეული, ასეთი დაწესებულებებისთვის სტანდარტული. დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მას შესაძლოა, არავინ ჰყავდეს გვერდით, ვისაც დაელაპარაკებოდა, და ერთადერთი ხმა, რომელიც დღის განმავლობაში ესმის, ტელევიზორიდან მოდიოდეს.

საავადმყოფოს პროცედურები და რეჟიმი ზოგჯერ დეზორიენტაციას იწვევს. მაგალითად, პაციენტები შესაძლოა ხშირად გააღვიძონ ღამით და ხელი შეუშალონ გამოძინებაში, რაც ასე სჭირდება ორგანიზმს. უცნობ, ცუდად განათებულ პალატაში მათ შეიძლება გაუჭირდეთ, გააცნობიერონ, სად არიან. უამრავი კვლევისა და სამედიცინო აღჭურვილობის უბრალოდ ატანაც კი ზოგჯერ მეტისმეტად რთულია ხოლმე პაციენტებისთვის.

ინტენსიური თერაპიის პალატები კიდევ უფრო ამაბნეველია. იქ ადამიანები მარტონი არიან და ზოგჯერ ოთახს ფანჯრები და საათიც კი არ აქვს ორიენტაციისთვის. მონიტორები მუდმივად წრიპინებენ, სინათლე კაშკაშებს, პაციენტებს ხელი ეშლებათ ძილში ხშირი პროცედურების – ანალიზების აღების, კათეტერის შეცვლის ან დანიშნული წამლების მიცემის – გამო. დაღლილი ადამიანი უფრო იოლად დეზორიენტირდება და ცნობიერებაც ადვილად ებნევა. ზოგჯერ ეს იმდენად მძიმეა, რომ დელირიუმის ერთ-ერთი სახე – ინტენსიური თერაპიის პალატის ფსიქოზი – ვითარდება.

თუ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში ცნობიერების აბნევა გრძელდება, პაციენტის ახლობლებმა ეს პერსონალს უნდა შეატყობინონ. დელირიუმი გაივლის, თუკი მისი გამომწვევი მიზეზი გამოსწორდა (დაავადება, წამალი ან სტრესული სიტუაცია).

პრევენცია: ოჯახის წევრები და საავადმყოფოს პერსონალი პაციენტს ორიენტაციის შენარჩუნებაში შეიძლება შემდეგნაირად დაეხმარონ:

  • უზრუნველყონ ოთახის კარგი განათება

  • წაახალისონ იგი, წამოდგეს საწოლიდან, რეგულარულად იაროს და რაც შეიძლება მეტი ჩვეული საქმე აკეთოს

  • ელაპარაკონ იმაზე, თუ რა ხდება საავადმყოფოს გარეთ, რათა მისმა გონებამ აქტიურად იმუშაოს

  • აუხსნან, რა კვლევები და მკურნალობა ტარდება, რათა პაციენტმა გააცნობიეროს, რა ხდება და რატომ

  • დარწმუნდნენ, რომ პაციენტს აქვს სათვალე და სასმენი აპარატი და უკეთია ისინი (თუკი სჭირდება)

  • დარწმუნდნენ, რომ პაციენტი საკმარისად იღებს საკვებსა და სითხეებს (დელირიუმი გაუწყლოებამაც შეიძლება გამოიწვიოს)

შარდისა და განავლის შეუკავებლობა

საავადმყოფოში მყოფ ადამიანს შესაძლოა შარდისა და განავლის შეუკავებლობა აწუხებდეს (უნებლიე შარდვა და დეფეკაცია), რისი მიზეზიც ზოგჯერ გარემოა და არა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ პრობლემების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • წოლითი რეჟიმი

  • შარდმდენების მიღება, რის გამოც შარდის ბუშტი მალე ივსება

  • საწოლიდან წამოდგომის გაძნელება საწოლის სიმაღლის, პაციენტის სისუსტის ან ავადმყოფობის გამო

  • ტკივილი ან სიარულის გაძნელება დაავადების ან ოპერაციის გამო

  • სამედიცინო აღჭურვილობა, მაგალითად, ინტრავენური და სხვა კათეტერები, ჟანგბადის ნიღაბი, მონიტორის სადენები

ყველა ამ მიზეზის გამო საჭირო ოთახამდე მისვლა უფრო რთულია ავადმყოფისთვის და უფრო დიდ დროსა და მომზადებას მოითხოვს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.

ალტერნატივის, ღამის ქოთნის (ე.წ. სუდნო) გამოყენება ზოგჯერ რთული ან მოუხერხებელია. ადამიანებს დახმარება სჭირდებათ ხოლმე ამაში ან საჭირო ოთახამდე მისასვლელად. პაციენტებმა, ვისაც დემენცია ან ცნობიერების აბნევის ეპიზოდები აქვს, ვინც ინსულტი გადაიტანა, შეიძლება ვერ მოახერხონ ღილაკით ექთნის გამოძახება დასახმარებლად ან მან მოსვლა მაშინვე ვერ შეძლოს. შედეგად ზოგჯერ შეუკავებლობა ვითარდება. ამის რისკს კიდევ უფრო ზრდის ზოგი დაავადება და წამალი.

პრევენცია: სამედიცინო პერსონალს შეუძლია რეგულარული დროები დააწესოს პაციენტების საჭირო ოთახით სარგებლობისთვის. უფრო მოსახერხებელია სპეციალური სკამის საწოლთან ახლოს მოთავსებაც. ზოგჯერ შესაძლებელია ლოგინის დადაბლება ან სამედიცინო აღჭურვილობის სხვანაირად განლაგება. მამაკაცებისთვის ამ საკითხს აადვილებს პისუარებიც. შეუკავებლობის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია იმაში დარწმუნება, რომ პაციენტებს კარგად შეუძლიათ გზის გაგნება საწოლიდან საჭირო ოთახამდე და ადვილად სცნობენ მის კარს.

დაცემა

საავადმყოფოში ყოფნისას წაქცევის რისკი იზრდება, განსაკუთრებით კი – მოხუცებში. ხანგრძლივად წოლის (წოლითი რეჟიმის) შემდეგ ფეხების კუნთები სუსტდება და ნაკლებად ძლიერად აწვება ვენებს, რაც აუცილებელია იქ არსებული სისხლის გულში დასაბრუნებლად. შესაბამისად, სისხლი ქვედა კიდურებში გროვდება წამოდგომისას, რაც არტერიული წნევის დაცემასა და თავბრუხვევას ან გაბრუებას იწვევს (ამას ორთოსტატული ჰიპოტენზია ეწოდება). პაციენტები ზოგჯერ, ასევე, იღებენ წამლებს, რომელთა გვერდითი ეფექტიც თავბრუხვევა, მოთენთილობა ან ცნობიერების აბნევაა. საწოლი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს ან მოაჯირები ჰქონდეს, რაც აძნელებს ადგომას. ზოგჯერ განათებაც ცუდია და ადამიანს უჭირს, დაინახოს გზაზე მდებარე საგნები. ცნობიერების აბნევა და დეზორიენტაცია წაქცევის რისკს კიდევ უფრო ზრდის.

სტაციონარში ყოფნისას ჩვეული რუტინა ირღვევა, ამიტომ ზოგჯერ მშობლებს, რომლებიც ავადმყოფ შვილთან რჩებიან, ავიწყდებათ ბავშვის საწოლის მოაჯირის ამოწევა, როცა პატარა იქ წევს.

პრევენცია: თუ თავად პაციენტი ან მისი ახლობლები მიხვდებიან, რამ შეიძლება გამოიწვიოს წაქცევა, ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე გზას შეიძლება მიმართონ. მაგალითად, კუნთების სისუსტის საწინააღმდეგოდ კარგია რაც შეიძლება მალე წამოდგომა ფეხზე და ვარჯიში. ოჯახის წევრებს ან სამედიცინო პერსონალს შეუძლიათ, დაეხმარონ პაციენტებს დერეფანში სიარულში, სანამ ისინი ბოლომდე აღიდგენენ ძალას.

ავადმყოფები, ძირითადად, საწოლიდან წამოდგომისას იქცევიან. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

  • თუ საწოლი ძალიან მაღალია ან მოაჯირები აქვს, გარკვევა, რამდენად საჭიროა ისინი და შეიძლება თუ არა ლოგინის დადაბლება;

  • დარწმუნება, რომ პაციენტმა იცის, რამდენად მაღალია საწოლი;

  • პაციენტის დარიგება, ფრთხილად წამოდგეს და ნელა იმოძრაოს საწოლიდან ადგომისას;

  • დარწმუნება, რომ ავადმყოფის ოთახის ან ჩვეულებრივი ფეხსაცმელს ძირები არ ცურავს;

  • პაციენტისთვის საჭირო ოთახის ჩვენება და გზის მისწავლება (წაბორძიკების ან ავეჯთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით);

  • პაციენტისთვის სწავლება, როგორ გამოუძახოს დახმარებას;

  • თუ პაციენტი ჩვილი ან პატარა ბავშვია, მისი საწოლის მოაჯირის ამოწევა.

ხშირად სამედიცინო პერსონალი თავად გამოარჩევს და დამატებით ეხმარება იმ ავადმყოფებს, ვისი წაქცევის საშიშროებაც უფრო მაღალია. მათ რეგულარულად უნდა მიაკითხონ ამ პაციენტებს პალატაში ან განათავსონ ისინი ექთნების პოსტთან ახლოს.

ოჯახის წევრებს შეუძლიათ ექიმს სთხოვონ, გადაამოწმოს, რა წამლებს იღებს ავადმყოფი და რომელიმე მათგანი წაქცევის რისკს ხომ არ ზრდის. თუ ასეთი მედიკამენტია დანიშნული, ზოგჯერ შესაძლებელია მისი დოზის შემცირება ან სხვა საშუალებით შეცვლა.