ყვითელი ცხელება | მკურნალი.გე
  1. ყვითელი ცხელება
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ყვითელი ცხელება

ყვითელი ცხელება კოღოებით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ტროპიკებშია გავრცელებული.

ყვითელ ცხელებას იწვევენ ფლავივირუსები. კოღოები ყვითელი ცხელების გამავრცელებლები არიან. ყვითელი ცხელება ყველაზე მეტად ცნობილი და ისტორიულად მნიშვნელოვანი ინფექციაა. წარსულში ყვითელი ცხელების დიდმა ეპიდემიებმა ათიათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ადრე იგი ხშირი იყო ტროპიკული და ზომიერი კლიმატის მქონე რეგიონებში მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად იგი მხოლოდ ცენტრალური აფრიკის და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ მიდამოებშია გავრცელებული.

ზოგიერთ ინფიცირებულ ადამიანს სიმპტომები არ უვლინდება. ტიპურ შემთხვევებში პირველი სიმპტომები, როგორიცაა: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ზომიერად მომატებული ტემპერატურა – მოულოდნელად იწყება. ხშირია გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, ძლიერი დაღლილობა და შფოთვა. ყველა ეს სიმპტომი რამდენიმე დღეში ქრება. ამის შემდეგ ზოგიერთი ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდება. თუმცა სხვებს შეიძლება გამოუვლინდეთ მაღალი ცხელება, გულისრევა, ღებინება და მძიმე გენერალიზებული ტკივილი. სიმტომების ჩაცხრობიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღის შემდეგ კანი იღებს ყვითელ ფერს ღვიძლის დაზიანების გამო. ხშირად აღინიშნება სისხლდენა პირიდან, ცხვირიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ადამიანები აპათიურები ხდებიან. ზოგიერთს აღენიშნება არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება (შოკი). ინფექციის მძიმე მიმდინარეობის დროს შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები, ზოგიერთი ორგანოს ფუნქციის დაქვეითება და კომა, მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტთა 10%-ზე მეტი კვდება.

ექიმები ვარაუდობენ ყვითელი ცხელების არსებობას, თუ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც ხშირია ყვითელი ცხელების შემთხვევები, ამჟამად გამოხატული აქვთ დაავადებისათვის დამახასიათებელი ტიპური შემთხვევები. დიაგნოზი დასტურდება სისხლის ნათესში ვირუსის ან ანტისხეულებში აღმოჩენის საფუძველზე.

კოღოების კბენისაგან დაცვა ძირითადი პრევენციული მეთოდია. ამჟამად ხელმისაწვდომია ვაქცინა, რომელიც ყვითელი ცხელების პრევენციის მიზნით გამოიყენება და იგი 95% შემთხვევებში არის ეფექტური. ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს ვაქცინაციის ჩატარებას იმ მოგზაურებში, რომლებიც ბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში ისეთი ადგილებიდან, სადაც ყვითელი ცხელებაა გავრცელებული.

მკურნალობა გამოიხატება მხარდამჭერ ზრუნვაში, რომელიც მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას ან სისხლდენის პრევენციას. ინფექციის სპეციფიკური მკურნალობის მეთოდები არ არსებობს.