მწვანე ჩაი მიიღება იმავე სახეობის მცენარის გამომშრალი ფოთლებისგან, რომლითაც ტრადიციული ჩაი. თუმცა, ტრადიციული ჩაი ფოთლების ფერმენტირების გზით მიიღება, ხოლო მწვანე ჩაი მუშავდება ორთქლზე, მაგრამ არ კეთდება მისი ფერმენტაცია. მწვანე ჩაი შეიძლება მოიხარშოს და ამ ფორმით იყოს დასალევად გამოყენებული, მისი მიღება შეიძლება აბების ან კაფსულების სახით. ფიქრობენ, რომ მწვანე ჩაის ეფექტიანობა გამოიხატება უჯრედების დაცვაში ჟანგბადის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან, ასევე, მათი მუტაციის და კიბოს განვითარების პრევენციის მიზნით. მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს, თუმცა, მისი ბევრი ექსტრაქტი დეკოფეინიზებულია. მასში დიდი რაოდენობითაა ფლავონოიდები და კატერინები.
სამედიცინო ეფექტიანობის მონაცემები: როგორც ამბობენ, მწვანე ჩაი ჯანმრთელობისთვის მრავალი სასარგებლო თვისებით ხასიათდება, თუმცა არც ერთი გამოქვეყნებული ინფორმაცია არ არის მეცნიერულად მყარი მონაცემებით დადასტურებული. ადამიანები მწვანე ჩაის იყენებენ ბევრი მიზეზით, მათ შორის, კიბოს, კორონარული არტერიის დაავადების და კბილების დაზიანების პრევენციის მიზნით. ჩაის გამოყენების სხვა მიზეზებია: კანის დაცვა მზის სხივებისაგან, ლიპიდების დონის შემცირება სისხლში, ოსტეოართრიტის დროს არსებული ტკივილების შემცირება და მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემსუბუქება. მწვანე ჩაის აგრეთვე იყენებენ წონაში კლების ხელშესაწყობად, მეხსიერების გაუმჯობესების მიზნით და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: მწვანე ჩაის გვერდითი მოვლენები კოფეინის გვერდითი მოვლენების მსგავსია. ეს მოვლენებია: უძილობა, აღგზნება, ხშირი შარდვა, გულისრევა, დიარეა, გაღიზიანება, მუცლის ღრუში დისკომფორტი, გულისცემის სიხშირის გაზრდა (ტაქიკარდია) და მსუბუქად გამოხატული ტრემორი. ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ კოფეინის ჭარბად მიღებას. კოფეინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის მომატება, ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები და გულის რიტმის დარღვევები.