სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები | მკურნალი.გე
  1. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  2. საგანგებო საკითხები
სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები

სამკურნალო მცენარეები ბუნების მცენარეული სამყაროს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ და მათგან მომზადებული სამკურნალო საშუალებები, ფხვნილის ან ექსტრაქტის სახით ან სხვა ფორმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება. ნუტრიცეუტიკალები (არც ისე დიდი ხანია ეს ტერმინი აღიარეს და სულ უფრო ფართოდ გამოიყენებენ) განეკუთვნება ნატურალური სუბსტანციების ჯგუფს, რომელიც გარკვეული სახეობის მცენარეებს და ისეთ პროდუქტებს მოიცავს, როგორიცაა ქოლესტერინის დაბალი შემცველობის მარგარინი და ფსილიუმით გამდიდრებული პროდუქტები. ისინი კვებითი დანამატების სახით გამოიყენება და საკვებ პროდუქტებად ითვლება.

ტრადიციული მედიცინის სხვადასხვა სისტემა საუკუნეების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენებოდა. ზოგიერთი უძველესი, ანტიკური სამკურნალო სისტემა, როგორიცაა ჩინეთის ტრადიციული მედიცინა, ინდური არატრადიციული მედიცინა (მედიცინის ჰოლისტიკური სისტემა ინდოეთიდან) და ტიბეტური მედიცინა, დღემდე ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით, იმ ქვეყნებში, სადაც ისინი პირველად ჩამოყალიბდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული სისტემების მიმართ ინტერესი თანდათანობით იზრდება, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ასპექტში. ასეთ მეთოდებს, დაწყებული სამკურნალო მცენარეებიდან, აკუპუნქტურით და მასაჟით დამთავრებული, ჩვეულებრივ, დამატებითი ან ალტერნატიული მედიცინის სახელწოდებით მოიხსენიებენ. ამ მეთოდების უმრავლესობის მეცნიერული შესწავლა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და ამიტომ თითქმის არც ერთი მათგანის ეფექტიანობა მეცნიერულად არ არის დასაბუთებული.

ალტერნატიული თერაპიის მეთოდებს შორის ყველაზე ხშირად გამოიყენება დანამატები, რომლებიც მოიცავს სამკურნალო მცენარეებს ან ნუტრიცეუტიკალებს. გამომდინარე იქიდან, რომ კვებითი დანამატების გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული, 1994 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ინიციატივით, შემუშავდა სპეციალური დადგენილება – "კვებითი დანამატები, ჯანმრთელობა და განათლება". ამ დადგენილებაში კვებითი დანამატები განმარტებულია როგორც ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, მცენარეულ პროდუქტებს ან ამინომჟავებს და რომლებიც ნორმალურ დიეტაში დანამატების სახით ერთვება. დადგენილება მოითხოვს, რომ კვებითი დანამატის ეტიკეტებზე მითითებული იყოს საკვები დანამატის დასახელება და, ასევე, მოცემული იყოს ინფორმაცია კვებითი დანამატის შესახებ. ამავე დროს, კვებითი დანამატები არ უნდა იყოს შეფასებული "საკვებისა და მედიკამენტის ადმინისტრაციის" მიერ (სმა – FDA). ეტიკეტზე უნდა იყოს კვებით დანამატებში შემავალი თითოეული ინგრედიენტის ჩამონათვალი, მათი სახელწოდების, რაოდენობისა და საერთო წონის მითითებით, და, აგრეთვე, მითითებული უნდა იყოს იმ მცენარეების დასახელება, რომელთაგანაც არის იგი მიღებული.

კვებითი დანამატების უმეტესობა ალტერნატიულ მედიცინაში გამოიყენება და ისინი ძირითადად მცენარეებიდან მიიღება. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ცხოველური წარმოშობისაა. ვინაიდან კვებითი დანამატი ნატურალური პროდუქტია, ზოგიერთი თვლის, რომ მათი გამოყენება უსაფრთხო უნდა იყოს. თუმცა, ბევრი მათგანი პოტენციური შხამია, ხოლო ზოგიერთი, როგორიცაა გველის შხამი, არამცენარეული წარმოშობისაა და ცხოველებისგან მიიღება. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სუბსტანციები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედებს, იქნება ეს კვებითი დანამატი თუ მედიკამენტი, შეიძლება სმა-ის მიერ შეფასებული და გამოსაყენებლად რეკომენდებულიც იყოს. არ არის გამორიცხული, რომ მათ არასასურველი გვერდითი მოვლენები ჰქონდეთ.

უსაფრთხოება და ეფექტიანობა

გამომდინარე იქიდან, რომ კვებითი დანამატების უმეტესობა სმა-ის მიერ მედიკამენტად არ არის აღიარებული, მწარმოებლები თავს არ თვლიან ვალდებულად, დაამტკიცონ დანამატების უსაფრთხოება და ეფექტიანობა (თუნდაც მათ ჰქონდეთ გამოცდილება ამ დანამატების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით). ამიტომ კვებითი დანამატების მხოლოდ მცირე რაოდენობის უსაფრთხოება არის შედარებით კარგად შესწავლილი. უფრო მეტიც, მხოლოდ ბოლო წლებში მოითხოვება კვებითი დანამატების შეფასების ჩატარება ადამიანებზე აპრობაციის გზით, თუმცა, ჯერჯერობით არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ სფეროში მცირერიცხოვანი და არასისტემატიზებულია, ამიტომ რთულია მათი ზუსტი შეფასება. ამის საწინააღმდეგოდ, ყველა, რეცეპტით თუ ურეცეპტოდ ხელმისაწვდომ მედიკამენტს, მკვლევრები ინტენსიურად და სისტემატიზებულად შეისწავლიან. ეს კვლევები ტარდება ცხოველებზე მათში კიბოს ან სხვადასხვა ორგანოს დაზიანების შესაძლო განვითარების დასადგენად და ადამიანებზე მათი ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენის მიზნით.

დანამატების ეფექტიანობის შესახებ მტკიცებულებების რაოდენობა და ხარისხი მკვეთრად განსხვავებულია. ზოგიერთი დანამატის ეფექტიანობის დამამტკიცებელი მონაცემები საკმაოდ დამაჯერებელია, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში სამეცნიერო კვლევები არასაკმარისი ხარისხით არის შესრულებული იმისთვის, რომ ამ კვლევებით მიღებული შედეგები და პასუხები მკაფიოდ დადასტურებულად მივიჩნიოთ. ზოგიერთი დანამატის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მათ შედეგიანობას, მხოლოდ ერთეულ ინდივიდებზე ჩატარებულ კვლევას ან ცხოველებზე მათი ზეგავლენის შედეგებს ეფუძნება.

სისუფთავე და სტანდარტიზაცია

პრობლემის ერთ-ერთ საკითხს დანამატების სისუფთავე და სტანდარტიზაცია წარმოადგენს. მედიკამენტებისგან განსხვავებით, დანამატები არ კონტროლდება იმის დასადგენად, თუ რამდენად სუფთაა ისინი ან შეიცავენ თუ არა იმ ინგრედიენტებს ან აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც მათ უნდა გააჩნდეთ. ამის გამო დანამატი შეიძლება შეიცავდეს სხვა სუბსტანციასაც, როგორიცაა რეცეპტით ან ურეცეპტოდ ხელმისაწვდომი მედიკამენტები და ისეთი საშიში სუბსტანციაც კი, როგორიცაა ვერცხლისწყალი.

დანამატის მისაღებ დოზაში აქტიური ინგრედიენტის რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად ვარირებდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მცენარეების ნაკრებისაგან მომზადებული ფხვნილი და ექსტრაქტი გამოიყენება აბების, კაფსულის ან ხსნარის სახით. ამიტომ არსებობს რისკი იმისა, რომ მყიდველმა ასეთი დანამატის გამოყენებისას მიიღოს აქტიური ინგრედიენტის ნაკლები ან ჭარბი რაოდენობა ან, ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ ვერ მიიღოს აქტიური ინგრედიენტი. სტანდარტიზაციის მეთოდის შესაბამისად, მოითხოვება, რომ პროდუქტების ინდივიდუალური დოზა შეიცავდეს აქტიური ინგრედიენტის ან სხვა ინგრედიენტების ზუსტად განსაზღვრულ რაოდენობას, თუმცა, ბევრი მცენარეული პროდუქტი სხვადასხვა სუბსტანციის ნაკრებს წარმოადგენს და რომელი მათგანია უფრო მეტად აქტიური, უცნობია. ამიტომ იმის განსაზღვრა, თუ რომელი ინგრედიენტი ან ინგრედიენტები შეიძლება ჩაითვალოს აქტიურად და მოხდეს ზუსტი სტანდარტიზაცია, შესაძლოა, საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. ზოგიერთი დანამატი, რომელიც ევროპაშია შემუშავებული, შესაძლოა იყოს სტანდარტიზებული და ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შესაბამისი იყოს.

სხვადასხვა ექსპერტის რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შევარჩიოთ სუფთა, სტანდარტიზებული პროდუქტი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ექსპერტების უმეტესობის რეკომენდაციით, უმჯობესია კარგად ცნობილი მწარმოებლის პროდუქტებით სარგებლობა. ბევრი მათგანის რჩევით, მიზანშეწონილია გერმანიაში დამზადებული პროდუქტების შეძენა, ვინაიდან იქ დანამატებზე კონტროლი უფრო მკაცრია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მიუხედავად იმისა, რომ დანამატის შემადგენლობა არ არის სტანდარტიზებული, მეთოდი, რომლითაც ხდება დანამატის ქარხნული წესით წარმოება, უფრო მისაღებია. 2007 წელს სმა-მ შეიმუშავა "კარგი წარმოების პრაქტიკა" (კწპ), ანუ წესები, რომელთა შესაბამისად უნდა მოხდეს კვებითი დანამატების შეფუთვა, ეტიკეტირება და შენახვა. ამ წესების დანერგვა უზრუნველყოფს კვებითი დანამატების ხარისხიანობას და ამის შედეგად მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას უწყობს ხელს.

სხვა მედიკამენტებთან ურთერთქმედება

დანამატები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს რეცეპტით თუ ურეცეპტოდ ხელმისაწვდომ მედიკამენტებთან. ასეთმა ურთიერთქმედებამ შეიძლება გაააქტიუროს ან, პირიქით, შეასუსტოს მედიკამენტის ეფექტიანობა ან გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ამიტომ დანამატების მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამგვარი ურთიერთქმედების ნეგატიური შედეგები. დანამატისა და მედიკამენტის ურთიერთქმედების შესახებ კარგად შესრულებული კვლევა იშვიათია და ამგვარი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაციის უმეტესობა მხოლოდ სპორადული ხასიათისაა და ინდივიდუალური კვლევის შედეგებს ეფუძნება.