ნატურალური ძირტკბილა, რომელსაც ძალიან ტკბილი გემო აქვს, მიიღება ბუჩქის ფესვისგან და სამკურნალოდ გამოიყენება კაფსულის, აბისა და ექსტრაქტის სახით. ბევრი ე.წ. ძირტკბილას ტკბილეული, რომელიც მზადდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხელოვნურად არომატიზებულია და არ შეიცავს ნატურალურ ლიკორიცინს. გლიცირიზინი არის ნატურალური ძირტკბილას აქტიური ინგრედიენტი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გლიცირიზინის მიმართ, ხელმისაწვდომია ძირტკბილას ისეთი პროდუქტები, რომლებიც სპეციალურად არის დამუშავებული და შეიცავს გლიცირიზინის მინიმალურ რაოდენობას (დაახლოებით, ჩვეულებრივი რაოდენობის ერთ მეათედს). ასეთ პროდუქტებს უწოდებენ დეგლიცირიზებულ ძირტკბილას.
სამედიცინო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები ძირტკბილას ყველაზე ხშირად იყენებენ ხველების, ყელის ტკივილისა და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების შესამსუბუქებლად. ფიქრობენ, რომ ძირტკბილას გარეგანი აპლიკაციები შეამცირებს კანის გაღიზიანებას (მაგალითად, ეგზემას).
შესაძლო გვერდითი მოვლენები: გლიცერიზინი თირკმლებში მარილებისა და წყლის შეკავებას იწვევს, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, სისხლის წნევის მომატება გამოიწვიოს. აგრეთვე შესაძლოა თირკმლებიდან კალიუმის ექსკრეციის გაძლიერება მოხდეს, რაც სისხლში კალიუმის დონის დაქვეითებას იწვევს. კალიუმის ექსკრეციის გაძლიერებამ შეიძლება განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნას ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება, და მათ, ვინც იღებს დიგოქსინს ან დიურეტიკებს, რომლებიც, თავის მხრივ, აძლიერებენ კალიუმის ექსკრეციას შარდში. ამ ადამიანებმა და მათ, ვისაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა, თავი უნდა შეიკავონ ძირტკბილას მიღებისაგან.
ძირტკბილამ შეიძლება ნაადრევი მშობიარობის რისკი გააძლიეროს, ამიტომ ორსულმა ქალებმა თავი უნდა შეიკავონ ძირტკბილას გამოყენებისაგან.