ტროპიკული ცხელება | მკურნალი.გე
  1. ტროპიკული ცხელება
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ტროპიკული ცხელება

ტროპიკული ცხელება არის კოღოებისგან გამოწვეული ინფექცია, რომელიც იწვევს ცხელებას, სხეულის გენერალიზებულ ტკივილს და, მძიმე შემთხვევებში, გარე და შიდა სისხლდენას.

ტროპიკული ცხელება ხშირია მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ მიდამოებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. თუმცა ინფექციის შემთხვევები ასევე გახშირდა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშიც. დაავადებას იწვევს ფლავივირუსები და იგი ვრცელდება კოღოების საშუალებით.

ტროპიკული ცხელება სხვადასხვა სიმძიმით მიმდინარეობს. ბავშვებში დაავადება მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, როგორიცაა ტემპერატურის მცირედ მომატება, დაღლილობა, ცხვირიდან გამონადენი და ხველა. სიმპტომები უფრო მძიმედაა გამოხატული მოზრდილებში და მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს და სხეულის ძლიერ გენერალიზებულ ტკივილებს, განსაკუთრებით ზურგში, ქვედა კიდურებში და სახსრებში. ეს ტკივილები ზოგჯერ ისეთი ძლიერია, რომ დაავადებას "დამტვრეული ძვლების ცხელებას" უწოდებენ. შეიძლება ასევე განვითარდეს ლიმფური ჯირკვლების შეშუპება და სახეზე გაჩნდეს გამონაყარი. სიმპტომები ორი-სამი დღე გრძელდება და შემდეგ ქრება. თუმცა ისინი, ჩვეულებრივ, მეორდება, გამონაყარი უკვე ჩნდება კიდურებზე და ვრცელდება სხეულზე. პაციენტს ხელისგულები უწითლდება, უშუპდება და ექავება. ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს, შეიძლება განუვითარდეთ სისხლდენა ცხვირიდან, პირიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ტროპიკული ჰემორაგიული ცხელება). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება ტროპიკული ვირუსით მეორეული ინფექციის არსებობის შემთხვევაში. ზოგჯერ სისხლძარღვებიდან შეიძლება სითხის გამოჟონვა მოხდეს ფილტვებში, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას. ტროპიკული ცხელება ზოგჯერ ფატალურად მთავრდება.

ექიმები ვარაუდობენ ტროპიკული ცხელების არსებობას, როცა ტიპური სიმპტომები გამოვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობენ ან იმოგზაურეს ისეთ ადგილებში სადაც ეს ინფექცია ხშირია. დაავადება დიაგნოსტირდება სისხლის გამოკვლევით ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე.

მკურნალობა მიმართულია არსებული სიმპტომების შემსუბუქებისაკენ. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს ექსპერიმენტული ვაქცინის აპრობაცია ტროპიკული ცხელების პრევენციის მიზნით.