ვალერიანის მცენარის გამომშრალი ფესვი შეიცავს ვალეპოტრიატებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი ახასიათებს.
სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები ვალერიანს ხშირად იღებენ, როგორც სედაციურ და საძილე საშუალებას, განსაკუთრებით, ევროპაში. ორი, შედარებით კარგად შესრულებული კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ ვალერიანი აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამცირებს დაძინების პროცესის დაწყების ხანგრძლივობას.
ზოგიერთი ადამიანი ვალერიანს იღებს თავის ტკივილის, დეპრესიის, გულის რიტმის დარღვევების ან კანკალის დროს. იგი, ჩვეულებრივ, ხანმოკლე დროის პერიოდში გამოიყენება (4-6 კვირა). ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი სამეცნიერო დასაბუთება იმისა, რომ ვალერიანის გამოყენება ნამდვილად ეფექტიანია აღნიშნული მდგომარეობების დროს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: არსებობს მონაცემები, რომ ვალერიანის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, აღგზნებადობა, შფოთვა და გულის მხრივ დარღვევები. ადამიანებმა, რომლებიც საჭეს მართავენ ან სხვა ისეთი აქტივობებით არიან დაკავებულნი, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, არ უნდა მიიღონ იგი. სხვა გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მონელების დარღვევები, თავბრუხვევა და დაღლილობა.
ვალერიანის მიღების შედეგად შეიძლება სხვა სედაციური საშუალებების (როგორიცაა ბარბიტურატები) ეფექტიანობა გაიზარდოს.
ვალერიანი არ არის რეკომენდებული ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის.