ამფეტამინები | მკურნალი.გე
  1. ამფეტამინები
  2. მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება
  3. საგანგებო საკითხები
ამფეტამინები

  • ამფეტამინები აძლიერებენ გონების სიმახვილეს, ფიზიკური აქტივობის უნარს, იწვევენ ეიფორიასა და გუნება-განწყობის გაუმჯობესებას;

  • ჰიპერდოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება, შფოთვა და სიცოცხლისათვის საშიში გულის შეტევა ან ინსულტი.

  • შარდის ანალიზში ამფეტამინების მომატება აღინიშნება;

  • ადამიანების უმეტესობის მკურნალობა მოიცავს მათი უსაფრთხოების დაცვას და მშვიდ გარემოცვას, თუმცა, შეიძლება საჭირო გახდეს სედაციური საშუალებების, მაგ., ბენზოდიაზეპინების, გამოყენება.

ამფეტამინები შეიცავს ამფეტამინს და მის სხვადასხვა სახეობას, როგორიცაა მეტამფეტამინი და მეთილენედიოქსიმეტამფეტამინი (მდმა, ექსტაზი და ადამი). მეტამფეტამინი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ამფეტამინია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი გამოყენების პოპულარობა კიდევ იზრდება. ამფეტამინები, ჩვეულებრივ, ორალურად გამოიყენება, მაგრამ იგი შეიძლება ფხვნილის ცხვირით შესრუტვის, მოწევის ან ინექციის გზით მიიღებოდეს.

ვინაიდან ამფეტამინები ფართოდ გამოიყენება ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობა, სიმსუქნე და ნარკოლეფსია, არსებობს მზაობა იმისათვის, რომ იგი არალეგალურად მოხმარებად პრეპარატად ჩაითვალოს. ზოგიერთი ამფეტამინი არ არის მიჩნეული სამედიცინო თვალსაზრისით გამოსაყენებლად, იგი ხელოვნურად იწარმოება და არალეგალურად გამოიყენება.

ამფეტამინის მომხმარებელი ზოგიერთი ადამიანი არის დეპრესიული და ამიტომ ეძებს გუნება-განწყობის გასაუმჯობესებელ ეფექტს ამ სტიმულანტებით, რომ დროებით შეამსუბუქოს დეპრესიული მდგომარეობა. ზოგიერთი მათ გამოიყენებს ძლიერ მოჭარბებული აქტივობის პერიოდში. ამფეტამინი იწვევს ტვინიდან დოპამინის გამონთავისუფლების გაძლიერებას (დოპამინი არის ნეიროტრანსმიტერი, სუბსტანცია, რომელიც ხელს უწყობს ნერვული უჯრედების ურთიერთქმედების პროცესს). ეს ეფექტი სავარაუდოდ იწვევს გუნება-განწყობის გაუმჯობესებას. მდმა განსხვავდება სხვა ამფეტამინებისგან იმით, რომ იგი მოქმედებს სეროტონინის (სხვა ნეიროტრანსმიტერი) თავის ტვინში გამომუშავებაზე. ამფეტამინების მომხმარებლებში ხშირად ვითარდება დამოკიდებულება.

სიმპტომები

სწრაფი ეფექტები: ამფეტამინები აძლიერებს აზროვნებას, ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, აქვეითებს მადას და აძლიერებს ფიზიკურ შესაძლებლობებს. მათ შეუძლიათ გუნება-განწყობილების გაუმჯობესება, ეიფორიის გამოწვევა და შეკავების უნარის შეფერხება. ასევე, ადამიანებს აღენიშნებათ ჭარბი ოფლიანობა და თვალის გუგების გაფართოება. მაღალი დოზები (ჰიპერდოზირება) იწვევს წნევისა და გულისცემის სიხშირის მომატებას. ეს მოვლენები შეიძლება საშიში იყოს. ადამიანები ძლიერ პარანოიდულები, მოძალადეები და არაკონტროლირებადი ხდებიან.

ეპიზოდური მომხმარებლები (შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში) ძლიერ აღგზნებულები არიან და უჭირთ დაძინება.

გართულებები: ადამიანებს შეიძლება აღენიშნოთ შფოთვა და განუვითარდეთ გულის შეტევები, ახალგაზრდებსაც კი. სისხლის წნევამ შეიძლება ისე მოიმატოს, რომ გასკდეს სისხლძარღვები და შედეგად ინსულტი განვითარდეს. სხვა გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია: თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კრუნჩხვები და სიცოცხლისათვის საშიშ ზღვრამდე ტემპერატურის მომატება (ჰიპერთერმია).

გართულებები უფრო ხშირად ვითარდება შემდეგ სიტუაციებში:

  • როდესაც ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა მდმა, მიიღება ცხელ ოთახში, ვენტილაციის არარსებობის პირობებში;

  • როდესაც მომხმარებელი ძალიან აქტიურია (მაგალითად, როცა სწრაფ ტემპში ცეკვავს);

  • როდესაც მომხმარებელი ძლიერ ოფლიანობს და არ იღებს საკმარისი რაოდენობით სითხეს, რათა აღიდგინოს დაკარგული სითხე. ეს კი იწვევს დეჰიდრატაციას.

მოგვიანებითი ეფექტები: თუ ადამიანები ეჩვევიან ამფეტამინის მიღებას, მათ მიმართ სწრაფად ვითარდება ტოლერანტობა, როგორც დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოხატულება. მათ ესაჭიროებათ ამფეტამინის უფრო და უფრო მეტი რაოდენობის მიღება, რომ პირველადი ეფექტი მიიღონ. საბოლოო ჯამში, მიღებული რაოდენობა შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე რამდენიმეჯერ მიღებული საწყისი დოზები. ადამიანების უმეტესობა მაღალი დოზების გამოყენებისას ხდება გონებადაბინდული და ფსიქიკურად აშლილი. ამფეტამინებს შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი აღგზნება, პარანოია და რეალობის შეგრძნების დაკარგვა. ფსიქოზური რეაქციები მოიცავს ისეთი რამის გაგებას და დანახვას, რაც მათ გარშემო არ არსებობს (სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები), ასევე, ყალბ წარმოდგენებს (დელუზია), როგორიცაა მაგალითად, შეუზღუდავი ძალაუფლების შეგრძნება (ომუნოპიტენცია) ან შეგრძნება იმისა, რომ მას დევნიან (პარანოია). შეიძლება დაზიანდეს მეხსიერება, მოხდეს გონების დაბინდვა, მეხსიერების დაკარგვა და შფოთვა, რაც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ეს ეფექტები, მართალია, შეიძლება ნებისმიერ მომხმარებელში გამოვლინდეს, მაგრამ ისეთი მენტალური დარღვევების მქონე ადამიანები, როგორიცაა შიზოფრენია, უფრო მოწყვლადნი არიან ამ მედიკამენტის მიმართ.

მომხმარებლებს შეიძლება ხშირად განუვითარდეთ კბილების დაზიანება, რომელმაც შეიძლება მრავალი კბილი მოიცვას. ამის მიზეზებია: სალივაციის დაქვეითება, მოსაწევ მასალაში კოროზიული ნივთიერებების არსებობა და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა.

მოხსნის სინდრომი: როდესაც ამფეტამინი უეცრად იხსნება, ვლინდება სხვადასხვა სიმპტომი. ამფეტამინზე დამოკიდებული ადამიანები ხშირად გრძნობენ დაღლილობასა და ძილიანობას – ეფექტი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 2-3 დღე მედიკამენტის მოხსნის შემდეგ. ამის შედეგად, სავარაუდოდ, მათ შეიძლება ადვილად მიიღონ დაზიანება. ზოგიერთი ადამიანი ძლიერ აღგზნებული და მოუსვენარია, ზოგიერთები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება დეპრესიისკენ, შეიძლება გახდნენ დეპრესიულები მედიკამენტის შეწყვეტის შედეგად. მათ შეიძლება გაუჩნდეთ თვითმკვლელობის სურვილი, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებათ ენერგიის ისეთი ნაკლებობა, რომ არ შეუძლიათ თვითმკვლელობის მცდელობა.

დიაგნოზი

ექიმები დიაგნოზის დასადგენად ეყრდნობიან არსებულ სიმპტომებს, გამოვლენილს იმ ადამიანებში, რომლებიც ცნობილია, რომ იღებენ ამფეტამინს. თუ დიაგნოზი არ არის ნათელი, კეთდება შარდის ანალიზი, თუმცა, ამ ანალიზით მდმა-ის გამოვლენა არ ხდება. სხვა ტესტები, როგორიცაა ელექტროკარდიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სისხლის ანალიზები, შეიძლება გაკეთდეს გართულებების არსებობის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად.

მკურნალობა

ადამიანების უმეტესობის მკურნალობა მოიცავს მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვას და მისთვის მშვიდი გარემოს შექმნას.

იმ ადამიანებს, რომლებსაც გამოხატული აქვთ მძიმე სიმპტომები – სისხლის მაღალი წნევა, ძლიერი აღგზნება ან კრუნჩხვები – ექიმები, ჩვეულებრივ, ინტრავენურად უკეთებენ ბენზოდიაზეპინებს, როგორიცაა ლორაზეპამი. თუ სისხლის წნევა მაღალი რჩება, ინტრავენურად შეიყვანება ნიტრატები ან სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები.

მკურნალობისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დეჰიდრატაციის, ჰიპერთერმიისა და სხვა გართულებების კორექცია.

მედიკამენტის მოხსნის პროცესში მედიკამენტის ხანგრძლივად მომხმარებლებს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, სადაც ისინი იქნებიან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ თვითმკვლელობის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით. თუ დეპრესია რჩება, შეიძლება ანტიდეპრესანტების გამოყენება. სხვა მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ მოხსნის სინდრომი, მკურნალობა არ ესაჭიროებათ.

კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ფორმა) ზოგიერთ ადამიანს ეხმარება ამფეტამინისგან განთავისუფლებაში.