1. მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება
  2. საგანგებო საკითხები
მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება

მედიკამენტები ბევრი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია (ლეგალურად ან არალეგალურად). მედიკამენტების გამოყენების სიხშირე მოზარდებში საკმაოდ მაღალია.

ზოგიერთი მედიკამენტის ლეგალობა და საზოგადოების მიერ მათი მიმღებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის გამოიყენება ეს მედიკამენტები, როგორია მათი ეფექტიანობა და ვინ იყენებს მათ. მაგალითად, მედიცინაში ბევრი ნარკოტიკული მედიკამენტი მკურნალობის მიზნით ლეგალურად გამოიყენება:

  • ამფეტამიცინი: ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სამკურნალოდ;

  • ბარბიტურატები: აღგზნების და უძილობის სამკურნალოდ;

  • კოკაინი: ორგანიზმის ზედაპირის მგრძნობელობის დასაქვეითებლად (როგორიცაა ტოპიკური საანესთეზიო საშუალებები);

  • კეტამინი: საანესთეზიოდ;

  • მარიხუანა: მეტასტაზირებული კიბოს დროს, გულისრევის მოსახსნელად;

  • ოპიოიდები: ტკივილების შესამცირებლად და საანესთეზიოდ.

თუმცა, ამ მედიკამენტების გამოყენება არასამედიცინო თვალსაზრისით, სიამოვნების მიღების მიზნით არალეგალურად ითვლება და საფრთხის შემცველია. მედიკამენტის ლეგალურობა და საზოგადოების მიერ მისი მიმღებლობა სხვადასხვა ქვეყანასა და საზოგადოებაში ერთმანეთისგან განსხვავებულია. მედიკამენტების ლეგალობის და მიმღებლობის პრობლემა ქვეყნებისა და საზოგადოებების შიგნით დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, როგორც ეს მოხდა ალკოჰოლთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ბევრი მედიკამენტი, ლეგალური თუ არალეგალური, ზემოქმედებს ადამიანის გონებაზე. ზოგიერთი, მენტალობის შემცვლელი (ფსიქოაქტიური) მედიკამენტის ყოველი მიღება, მედიკამენტის რაოდენობის მიუხედავად, ტვინის ფუნქციაზე ახდენს ზეგავლენას. ზოგიერთი მედიკამენტი ზემოქმედებს ტვინის ფუნქციაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქნება გამოყენებული. ზოგი მედიკამენტი ისეთი ფორმით ზემოქმედებს ტვინზე, რომ ადამიანს უჩნდება მისი კვლავ და კვლავ მიღების სურვილი (დაუოკებელი მოთხოვნილება). ზოგიერთი ისეთ სიმპტომს იწვევს, როგორიცაა ეიფორია.

მედიკამენტებზე, როგორც ნარკოტიკულ საშუალებებზე ფიქრი მაშინ იწყება, როდესაც მედიკამენტების არაადეკვატური მოხმარება სადისკუსიო თემა ხდება. ეს ტერმინი ეხება იმ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევს აღქმისა და ემოციის უნარის დაკარგვას, გათიშულობას და ძილიანობას. ამ ტერმინის ქვეშ, ძირითადად, იგულისხმება ოპიოიდები (მედიკამენტები, რომლებიც უჯრედების ოპიატურ რეცეპტორებს უკავშირდება). თუმცა, ტერმინი ნარკოტიკი უფრო ფართო გაგებითაც (არასწორად) გამოიყენება და გულისხმობს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც არალეგალურია ან კანონდარღვევით გამოიყენება.

დეფინიციები

მედიკამენტებით გამოწვეული პრობლემების განმარტებისათვის სხვადასხვა ტერმინი გამოიყენება. თუმცა, ექიმები და ექსპერტები ხშირად ვერ თანხმდებიან ამ ტერმინების ზუსტი მნიშვნელობის თაობაზე.

ტოლერანტობა: ეს ტერმინი ნიშნავს, რომ ადამიანებს ესაჭიროებათ მეტი და მეტი რაოდენობის მედიკამენტი იმისთვის, რომ მიიღონ ის ეფექტი, რომელიც პირველად მისი მცირე რაოდენობით მიღების დროს განიცადეს. ადამიანებს ხშირად მაქსიმალური ტოლერანტობა უვითარდებათ ალკოჰოლის მიმართ და, ასევე, ისეთი მედიკამენტების მიმართ, როგორიცაა ოპიოიდები.

ინტოქსიკაცია: ეს ტერმინი ეხება სპეციფიკურ მედიკამენტზე განვითარებულ მოულოდნელ და დროებითი ხასიათის რეაქციებს. ინტოქსიკაციის შემთხვევაში ადამიანებს აღენიშნებათ მენტალური ფუნქციისა და აზროვნების დაქვეითება და გუნება-განწყობის შეცვლა. ინტოქსიკაციის შემთხვევაში ადამიანები, მიღებული მედიკამენტის სახეობის შესაბამისად, შეიძლება გახდნენ აღგზნებულები და ეიფორიული ან პირიქით, მშვიდი და რელაქსირებული, შეიძლება დაეძინოთ კიდეც. ბევრი მედიკამენტი აქვეითებს ფიზიკური აქტივობის უნარს კოორდინაციის უნარის დაქვეითებით, რის გამოც ადამიანი შეიძლება დაეცეს ან საავტომობილო ინციდენტი შეემთხვეს. ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს აგრესიულობას, სიფიცხეს, რამაც შეიძლება ჩხუბამდე მიიყვანოს ადამიანი. მედიკამენტის ჭარბი რაოდენობით გამოყენებისას (რასაც ჰიპერდოზირებას უწოდებენ) გვერდითი მოვლენები უფრო გამოკვეთილია, რამაც შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და სიკვდილის რისკი გაზარდოს.

მედიკამენტზე დამოკიდებულება: მედიკამენტზე დამოკიდებულების ტერმინის ქვეშ იგულისხმება ისეთი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს, შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება. ეს ფაქტორები მოიცავს: ერთი მხრივ, მედიკამენტის მიღების მძაფრ სურვილს და, მეორე მხრივ, მისი გამოყენების შეწყვეტის სირთულეებს (მოხსნის სინდრომი). მედიკამენტზე ასეთი დამოკიდებულება შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური.

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება: გულისხმობს მენტალობის შემცვლელი მედიკამენტის მიღებით სასიამოვნო გამოცდილების განმეორების გადაულახავ სურვილს ან მედიკამენტის მიღების შეწყვეტით გამოწვეული განცდისაგან თავის არიდებას. მედიკამენტით მიღებული სიამოვნება შეიძლება იყოს ერთადერთი მიზეზი, რაც ადამიანს მის განმეორებით მიღებას აიძულებს. ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გამომწვევი მედიკამენტების გამოყენების ფონზე შეიძლება განვითარდეს შემდეგი:

  • აღგზნებისა და დაძაბულობის შემცირება;

  • ამაღლებული გუნება-განწყობა, ეიფორია ან ხასიათის სასიამოვნო ცვლილება;

  • მენტალური და ფიზიკური აქტივობის უნარის გაძლიერება;

  • რეალობისგან დროებით თავის დაღწევა;

  • გარემოს აღქმის შეცვლა (მაგალითად, სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები).

მედიკამენტის მიღების ძლიერმა სურვილმა ან მისი მიღების იძულებამ შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტის უფრო მეტი რაოდენობით, მეტი სიხშირით ან უფრო ხანგრძლივად გამოყენების აუცილებლობა. ადამიანები, რომლებიც მედიკამენტზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებულნი არიან, თავს ანებებენ საზოგადოებრივ ან სხვა სახის აქტივობებს. ისინი აგრძელებენ მედიკამენტის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ იციან მისი დამაზიანებელი გავლენის შესახებ ჯანმრთელობასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის, ოჯახსა და სამსახურზე.

ფიზიკური დამოკიდებულება ნიშნავს, რომ მედიკამენტის შეწყვეტა იწვევს არასასიამოვნო, ზოგჯერ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებულ სიმპტომებს (მედიკამენტის მოხსნის სინდრომი). სიმპტომები ვითარდება იმის გამო, რომ ადამიანები ადაპტირებული არიან ორგანიზმში მედიკამენტის მუდმივად არსებობასთან.

ადამიანები, რომლებსაც უვითარდებათ მედიკამენტის მოხსნის სინდრომი, თავს ცუდად გრძნობენ და შეიძლება აღენიშნებოდეთ სხვადასხვა არასასიამოვნო სიმპტომი გამოყენებული მედიკამენტების თავისებურებების შესაბამისად. ზოგიერთი მედიკამენტის (როგორიცაა ბარბიტურატები) და, აგრეთვე, ალკოჰოლის მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარება.

მედიკამენტზე დამოკიდებულების განვითარების მიზეზები მრავალია და ბოლომდე არ არის შესწავლილი. იგი შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორის ურთიერთქმედებებით:

  • მედიკამენტები: მედიკამენტები ერთმანეთისგან განსხვავდება იმით, თუ რამდენად და როგორ შეუძლიათ ადამიანის მათზე დამოკიდებულების გამოწვევა.

  • მომხმარებელი: მომხმარებლის პიროვნული თავისებურებები, ჯანმრთელობა, ფიზიკური მახასიათებლები (გენეტიკური ფაქტორების ჩათვლით) და ემოციური მდგომარეობები განაპირობებს მედიკამენტზე დამოკიდებულების განვითარების შესაძლებლობას. მაგალითად: მუდმივი ტკივილის არსებობა იძულებულს ხდის ადამიანს, მედიკამენტები შეუსაბამოდ ჭარბად გამოიყენოს, როგორც ეს ემოციური სტრესის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუმცა, გამოკვლევებით არ დადასტურდა ადამიანებში ისეთი ბიოქიმიური და ფიზიკური განსხვავებების არსებობა, რომლებითაც აიხსნებოდა, თუ რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანი მედიკამენტზე დამოკიდებული და სხვები – არა.

  • კულტურული და სოციალური ფაქტორები: თანატოლების ან სხვადასხვა ჯგუფის ზეგავლენამ და სტრესმა (მაგალითად, სამსახურის ან ოჯახის მიმართ შეუსრულებელმა ვალდებულებებმა) შეიძლება გარკვეული წვლილი შეიტანოს მედიკამენტებზე დამოკიდებულების განვითარებაში. ეს ასევე შეიძლება მოხდეს მასმედიაში რეცეპტით ხელმისაწვდომი მედიკამენტების, როგორც ყველა სახის სტრესულ სიტუაციაში გამოსაყენებელი უსაფრთხო საშუალების, რეკლამირების შედეგად.

მედიკამენტების არაადეკვატური გამოყენება: მედიკამენტის არაადეკვატური გამოყენება გულისხმობს საზოგადოების მხრივ ამა თუ იმ მედიკამენტისადმი მიმღებლობის არარსებობას და პიროვნების სოციალურ ან ემოციურ მდგომარეობაზე მედიკამენტის უარყოფით ზემოქმედებას. მედიკამენტების არაადეკვატური გამოყენება მოიცავს შემდეგს:

  • მედიკამენტების (ჩვეულებრივ, არალეგალური მედიკამენტების) რეკრეაციული (არასამედიცინო ჩვენებით) გამოყენება;

  • მენტალობის შემცვლელი მედიკამენტების გამოყენებას სამედიცინო პრობლემებისა და სიმპტომების შესამსუბუქებლად, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის გარეშე;

  • მედიკამენტების იძულებით გამოყენება, როდესაც გამოუვალი მდგომარეობა არსებობს მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულების არსებობის გამო.

არალეგალური მედიკამენტების გამოყენება ხშირად განიხილება, როგორც მედიკამენტების არაადეკვატური მოხმარება, მათი არალეგალური გზით მოპოვების გამო. თუმცა, მედიკამენტები, რომლებიც ითვლება, რომ არაადეკვატურად გამოიყენება, შეიძლება არ იყოს არალეგალურად მოპოვებული. ისინი შეიძლება მენტალობაზე არც მოქმედებდეს და არც მასში შემავალი პროდუქტები (როგორიცაა, წებო ან საღებავი) წარმოადგენდეს მედიკამენტებს ან არალეგალურ მედიკამენტებს. მედიკამენტების არაადეკვატური გამოყენების შემთხვევები სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ჯგუფში შეიძლება შეგვხვდეს.

ზოგიერთი ადამიანი არაადეკვატურად მოიხმარს მედიკამენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იყენებს მის დიდ რაოდენობას ან ხანგრძლივად. ამის გამო შეიძლება დაზიანდეს მათი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ხარისხი ან ამან იმოქმედოს მათ და სხვა ადამიანების უსაფრთხოებაზე. თუმცა, ბევრი ადამიანი აკონტროლებს მედიკამენტის არაადეკვატურად გამოყენების პროცესს ისე, რომ ამან არ იმოქმედოს დამღუპველად მათ ჯანმრთელობასა და ფუნქციონირებაზე, და გვერდითი მოვლენები ნაკლებად თვალსაჩინოა ხოლმე. არ არის აუცილებელი, რომ მედიკამენტის არაადეკვატური გამოყენება ყოველთვის გულისხმობდეს მედიკამენტზე დამოკიდებულების არსებობას.

რეკრეაციული მედიკამენტების გამოყენება: მედიკამენტების რეკრეაციული გამოყენება მოიცავს მედიკამენტების ეპიზოდურ გამოყენებას შედარებით მცირე დოზებით. აქედან გამომდინარე, იგი ხშირად არც არის დამაზიანებელი მომხმარებლისთვის. მათ არ უვითარდებათ ტოლერანტობა და ისინი არ ხდებიან მედიკამენტებზე ფიზიკურად დამოკიდებულნი. მედიკამენტი ორგანიზმს ფიზიკურად არ აზიანებს (მცირე დროის განმავლობაში მაინც). მედიკამენტები, რომლებიც რეკრიაციულ მედიკამენტებად განიხილება, შემდეგია: ოპიუმი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, მარიხუანა, კოფეინი, ჰალუცინოგენური სოკოები და კოკაინი.

რეკრეაციული მედიკამენტები, ჩვეულებრივ, მიიღება ორალური ან ინჰალაციური გზით.

მედიკამენტის გამოყენების მავნე ჩვევა (მიდრეკილება, ნარკომანია). მედიკამენტის გამოყენების მავნე ჩვევას არ აქვს უნივერსალური, ყველასთვის მისაღები დეფინიცია. იგი ხასიათდება დაუოკებელი სწრაფვით მედიკამენტისადმი და ხშირად უკონტროლოდ გამოიყენება. მან შეიძლება დააზიანოს მომხმარებელი და სხვა პიროვნებებიც. ასეთი მავნე ჩვევების მქონე ადამიანები უფრო და უფრო მეტ დროს ხარჯავენ მედიკამენტის მოპოვების, მისი გამოყენებისა და მედიკამენტის დამაზიანებელი ზემოქმედებით გამოწვეული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ამგვარად, ეს მავნე ჩვევა უარყოფით გავლენას ახდენს მუშაობის უნარზე, სწავლაზე და ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობებზე. ტერმინი – მავნე ჩვევა მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტის აუცილებლობას გულისხმობს, დამოუკიდებლად იმისა, თვით ნარკომანს ესმის თუ არა ეს ან თანხმდება თუ არა იგი ამის გაკეთებაზე.

ნარკომანია მოიცავს არალეგალურ და ლეგალურ მედიკამენტებს, თუმცა, არალეგალურად მედიკამენტის მოპოვება და მოხმარება დიდად განსხვავდება ლეგალური მედიკამენტების მოპოვებისა და მოხმარებისგან. ეს უკანასკნელი შეიძლება განხორციელდეს უბრალოდ ექიმთან ვიზიტით, შესაბამისი რეცეპტის მიღებით და აფთიაქიდან მედიკამენტის აღებით. არალეგალური მედიკამენტის ან არასამედიცინო საჭიროებისთვის ლეგალური მედიკამენტის მოპოვების მიზნით პიროვნება შეიძლება იძულებული გახდეს, მოიტყუოს ან იქურდოს. მაგალითად, ექიმთან ვიზიტის დროს ადამიანები იგონებენ ყალბ სიმპტომებს ან მიდიან სხვადასხვა ექიმთან მოგონილი სიმპტომებით, რათა მოიპოვონ რამდენიმე რეცეპტი. როდესაც კიბოს შორსწასული ფორმით დაავადებული ადამიანები ძლიერი ტკივილის არსებობის დროს დამოკიდებული ხდებიან (ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად) ოპიოიდებზე, როგორიცაა მორფი, მათი მუდმივი მოთხოვნილება ასეთ მედიკამენტებზე, ჩვეულებრივ, არ განიხილება როგორც ნარკომანია, თუმცა, როდესაც ჰეროინზე დამოკიდებული ადამიანები იწყებენ ქურდობას ჰეროინის შესასყიდად საჭირო თანხის საშოვნელად და ატყუებენ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, მათი ეს ჩვევა განიხილება როგორც ნარკომანია.

დროთა განმავლობაში ოჯახის წევრები ან მეგობრები შეიძლება ისე იქცეოდნენ, რომ ნარკომანმა შეძლოს მედიკამენტების ან ალკოჰოლის გამოყენება და მათი მოხმარების გაგრძელება. ასეთ ადამიანებს "დამხმარეებს" უწოდებენ. ისინი განიხილებიან, როგორც თანადამოკიდებულები, რადგან ზოგჯერ მათი საჭიროებები გადაეჯაჭვება ნარკომანის სურვილს – მუდმივად გააგრძელოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ასეთმა "დამხმარემ" შესაძლოა ნარკომანის სამსახურშიც დარეკოს და განაცხადოს, რომ იგი ავადაა და ვერ მივა, და ბოდიში მოიხადოს ნარკომანის ამგვარი ქცევის გამო. მართალია, მათ, აგრეთვე, შეუძლიათ ემოციურად სთხოვონ ნარკომანს, შეწყვიტოს მედიკამენტების ან ალკოჰოლის მიღება, მაგრამ ისინი იშვიათად იქცევიან ისე, რომ რეალურად დაეხმარონ ნარკომანს, შეწყვიტოს ნარკოტიკის მიღება.

ორსულობის პერიოდში მედიკამენტების არაადეკვატური გამოყენების შედეგად ხდება ნაყოფზე ორსული ქალის მიერ გამოყენებული მედიკამენტის ექსპოზიცია. ხშირად ორსული ნარკომანები არ მიმართავენ ექიმს და არ ამხელენ, რომ მედიკამენტს და ალკოჰოლს იღებენ. ამ დროს ნაყოფი შეიძლება გახდეს მედიკამენტზე დამოკიდებული და მას განუვითარდეს სერიოზული დეფექტები. მშობიარობის შემდეგ ახალშობილს შეიძლება მალევე გამოუვლინდეს მძიმე და ზოგჯერ ფატალური შედეგი – მოხსნის სინდრომის სახით განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექიმი არ იყო ინფორმირებული დედის მავნე ჩვევის შესახებ.

გამოყენების მეთოდები

მედიკამენტი შეიძლება იყოს გადასაყლაპი, მოსაწევი, საინჰალაციო (ცხვირიდან), ფხვნილის სახით ან საინექციო. როდესაც მედიკამენტი ინექციის გზით გამოიყენება, ეფექტი უფრო სწრაფი და ძლიერია.

მედიკამენტი შეიძლება შეყვანილ იქნას ინექციის გზით ვენაში (ინტრავენურად), კუნთებში (ინტრამუსკულარულად) ან კანქვეშ (სუბკუტანურად). ინტრავენური ინექციების გაკეთების ტიპური ადგილია იდაყვის ვენები, მაგრამ, თუ ამ ადგილებში განვითარდა ძლიერი დანაწიბურება, მედიკამენტის შეყვანა შეიძლება სხეულის ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა, ბარძაყები, კისერი ან იღლიის მიდამოები.

მედიკამენტის ინექციის გზით გამოყენების გართულებები: მედიკამენტების ინექციის გზით გამოყენება უფრო სარისკოა, ვიდრე სხვა მეთოდები. ადამიანებს შეიძლება გამოუვლინდეთ როგორც მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, ასევე თვითონ ინექციით გამოწვეული პრობლემები, როგორიცაა:

  • მინარევები: მინარევები წარმოადგენს ნივთიერებებს, რომლებიც მედიკამენტს ემატება მისი ხარისხის შეცვლის მიზნით ისე, რომ მომხმარებელმა არ იცის ამის შესახებ. ამ გზით, ასევე, შესაძლებელია ფასის დაწევა და შედეგად მედიკამენტი უფრო იოლად ხელმისაწვდომია. მომხმარებელმა ხშირად არც იცის, რა ხარისხის მედიკამენტის ინექციას იკეთებს. ქუჩებში მოხმარებულ მედიკამენტებს, როგორიცაა ჰეროინი და კოკაინი, შეიძლება დამატებული ჰქონდეს მინარევები მენტალობის შეცვლის გასაძლიერებლად ან როგორც ნარკოტიკების შემცვლელი. ქვინინმა, როგორც გავრცელებულმა ჰეროინის შემცვლელმა, შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის გაორება, დამბლა და ნერვის დაზიანების სხვა სიმპტომები, ჯულიან-ბარის სინდრომი.

  • ფილერები: ზოგიერთი ადამიანი რეცეპტით აღებულ აბს ამსხვრევს და სრესს, შემდეგ მას გააზავებს და მიღებული ხსნარი შეჰყავს ინტრავენურად. ამ დროს ორგანიზმში შეიყვანება ე.წ. ფილერები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, შეიცავს აბები (როგორიცაა ცელულოზა, ტალკი და ღიღილო). ფილერები შეიძლება ჩაიჭედოს ფილტვებში და გამოიწვიოს ანთება. ფილერებმა შეიძლება დააზიანოს გულის სარქველები, რის შედეგადაც იმატებს ინფექციის განვითარების რისკი (ენდოკარდიტი).

  • ბაქტერიები და ვირუსები: მედიკამენტის არასტერილური ნემსებით ინექციის დროს, განსაკუთრებით, ისეთი ნემსების გამოყენებისას, რომლებიც სხვამ უკვე იხმარა, შეიძლება მოხდეს ბაქტერიებისა და ვირუსების შეყვანა ორგანიზმში. ამის შედეგად ინექციის ადგილთან შეიძლება განვითარდეს აბსცესი ან ბაქტერიებმა და ვირუსებმა სისხლის ნაკადით შეაღწიოს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში, როგორიცაა: ფილტვები, გული, ტვინი ან ძვლები და გამოიწვიოს ინფექციური პროცესის განვითარება. გულის სარქვლის ინფექცია (ენდოკარდიტი) არის ყველაზე გავრცელებული სერიოზული გართულება, გამოწვეული ბაქტერიებით დაინფიცირებული საინექციო მედიკამენტებითა და დაბინძურებული ნემსების გამოყენების შედეგად. ნემსების გაცვლის შედეგად შეიძლება ისეთი სერიოზული ინფექციების განვითარება, როგორიცაა B და C ჰეპატიტი და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული (აივ) ინფექცია.

  • ნემსის გამოყენების შედეგად განვითარებული დაზიანებები: ე.წ. მედიკამენტის არაადეკვატური გამოყენების იდაყვი (myositis ossificans) გამოწვეულია საინექციო ნემსების განმეორებითი, ზოგჯერ არასწორად გამოყენების შედეგად. დაზიანებული იდაყვის ქსოვილის კუნთები ნაწიბურდება. კანქვეშა ინექციებმა შეიძლება კანის ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს. ხშირი ინტრავენური ინექციების შედეგად შეიძლება ვენების დანაწიბურება განვითარდეს, ვენების კედლების გამკვრივების გამო ინექციების გაკეთება სულ უფრო და უფრო რთული გახდეს და შედეგად ვენაში სისხლის დინება შეფერხდეს.

სკრინინგი

სკრინინგი მოიცავს იმ ადამიანების კონტროლს, რომლებსაც არ გამომჟღავნებიათ მედიკამენტის არაადეკვატური მოხმარების რაიმე ნიშანი. სკრინინგი შეიძლება სისტემატურად ან რანდომიზებულად ჩაუტარდეს:

  • ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, როგორიცაა სტუდენტები, ათლეტები და პატიმრები;

  • ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ან უკვე დაკავებული არიან სამუშაოს გარკვეული ტიპის სახეობით (როგორიცაა მფრინავები და კომერციული სატვირთო მანქანის მძღოლები);

  • ადამიანებს, რომლებსაც შეემთხვათ ავარია ავტომობილის მართვის ან ნიჩბოსნობის დროს, ან უბედური შემთხვევა სამუშაოზე;

  • ადამიანები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩართულნი არიან სამკურნალო პროგრამაში მედიკამენტების არაადეკვატური მოხმარების გამო;

  • ადამიანები, რომლებიც მედიკამენტების მოხმარებაზე უარის თქმის პირობით ადრე ან გამოსაცდელი ვადით არიან განთავისუფლებულნი და საჭიროებენ მათ მიერ მიცემული პირობის შესრულების მონიტორინგს;

  • ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა ნივთიერების არაადეკვატური მოხმარების სამკურნალო პროგრამაში – მათი კონტროლისა და მკურნალობის უკეთესი გეგმის შემუშავების მიზნით.

ტიპურ შემთხვევებში ადამიანები იძულებით თანხმდებიან სკრინინგის ჩატარებას, გარდა გარკვეული სიტუაციებისა, როგორიცაა საავტომობილო ავარიები. სკრინინგით ვერ განისაზღვრება, თუ რა სიხშირით იყო გამოყენებული ესა თუ ის ნივთიერება და ამიტომ შეუძლებელია განასხვავო შემთხვევითი მომხმარებლები იმათგან, რომლებსაც უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ. ასევე, მედიკამენტის სკრინინგი გამიზნულია მხოლოდ ზოგიერთი ნივთიერების გამოსავლენად და ამიტომ ბევრი სხვა ნივთიერების აღმოჩენა ვერ ხერხდება. ნივთიერებები, რომელთა აღმოჩენა უფრო ხშირად არის გამიზნული, შემდეგია: ალკოჰოლი, მარიხუანა, კოკაინი, ოპიოიდები, ამფეტამინები, ფენციკლიდინები, ბენზოდიაზეპინები და ბარბიტურანტები.

შეიძლება ჩატარდეს შარდის, სისხლის, ამოსუნთქული ჰაერის, ნერწყვის, ოფლისა და თმის ნიმუშების ტესტირება. ყველაზე ხშირად შარდის ტესტირება კეთდება, რადგან იგი არაინვაზიურია, სწრაფი და არაძვირი მეთოდია და მისი საშუალებით შეიძლება ბევრი მედიკამენტის აღმოჩენა. აღნიშნული ტესტით შეიძლება განისაზღვროს 1-დან 4 დღის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებული მედიკამენტები, მათი თავისებურებების შესაბამისად. თმის ტესტირება არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი. მისი საშუალებით შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ზოგიერთი მედიკამენტი მისი წინა 100 დღის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში.

დიაგნოზი

ზოგჯერ მედიკამენტის არაადეკვატური მოხმარების ფაქტი ვლინდება, როდესაც ადამიანები მიდიან ჯანდაცვის მუშაკებთან იმ მიზნით, რომ შეწყვიტონ მედიკამენტების მიღება. სხვები ამის დამალვას ცდილობენ.

პრაქტიკოს ექიმებს ეჭვი უჩნდებათ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობაზე, როდესაც შეამჩნევენ ხასიათობრივ ან ქცევით ცვლილებებს. მათ შეუძლიათ ადამიანის საფუძვლიანი ფიზიკური გამოკვლევა. მედიკამენტის არაადეკვატური გამოყენების ნიშნები შეიძლება თვალსაჩინოდ იყოს გამოხატული. მაგალითად, მედიკამენტების განმეორებითი ინტრავენური ინექციების ადგილას შეიძლება ჩანდეს ინექციის კვალის ნიშნები. ისინი წარმოადგენენ პატარა, შავ წერტილებს (ნემსის ჩხვლეტის ადგილებში), რომლებიც შემოფარგლულია მუქი ან მკრთალი ფერის კანით. კანქვეშა ინექციების შედეგად ვითარდება ნაწიბურები ან წყლულები. ნარკომანები ცდილობენ არსებული ნიშნები ახსნან სხვა მიზეზებით, როგორიცაა სისხლის ხშირი დონაცია, მწერის ნაკბენები ან სხვა დაზიანებები.

ექიმები ხშირად იყენებენ სხვა მეთოდებსაც (როგორიცაა სპეციალური კითხვარი) იმისათვის, რომ მედიკამენტების ან სხვა ნივთიერებების არაადეკვატური გამოყენების ფაქტი დაადგინონ, განსაზღვრონ მისი ხანგრძლივობა და გვერდითი მოვლენები. შარდის და ზოგჯერ სისხლის ტესტირება შეიძლება გაკეთდეს მედიკამენტის არსებობის გასაკონტროლებლად.

თუ მედიკამენტის გამოყენების პრობლემის არსებობა დადასტურდა, განსაკუთრებით, თუ მედიკამენტი ინექციის სახით გამოიყენებოდა, საჭიროა ადამიანების საფუძვლიანად გამოკვლევა ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და სხვა ინფექციებზე, რომლებიც ხშირად ვითარდება მედიკამენტების ინექციის გზით გამოყენების შემთხვევებში.

მკურნალობა

სპეციფიკური მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მედიკამენტი იყო გამოყენებული. იგი, ჩვეულებრივ, მოიცავს კონსულტაციას და სამკურნალო მედიკამენტის გამოყენებას. ოჯახისა და დამხმარე ჯგუფების მხარდაჭერა ეხმარება ადამიანებს, შეინარჩუნონ მედიკამენტის მიღების შეწყვეტის სურვილი.

გართულებების მკურნალობა სხვა მიზეზებით გამოწვეული გართულებების მკურნალობის იდენტურია. მაგალითად, აბსცესის შემთხვევაში საჭიროა გაკეთდეს მისი დრენირება და ინფექციების მკურნალობა ანტიბიოტიკებით ჩატარდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ნემსების გაცვლა აივ ინფექციის ხშირი მიზეზია, უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. მისი მიზანია მედიკამენტის დამაზიანებელი ეფექტის შესუსტება იმ მომხმარებლებში, რომლებმაც ვერ შეძლეს მედიკამენტის მიღების თავიდან აცილება. კერძოდ, მომხმარებლები უნდა უზრუნველყოფილ იქნენ სუფთა ნემსებით და შპრიცებით და მათ აღარ დასჭირდეთ სხვისი ნემსების გამოყენება. ეს სტრატეგია ხელს უწყობს ინფექციებისა და ჰეპატიტების გავრცელების შემცირებას.